Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ წამოიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და რატომ არავინ აგო პასუხი მის...

ვინ წამოიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და რატომ არავინ აგო პასუხი მის შედეგებზე?

ამა წლის 7 აგვისტოს სრულდება ექვსი წელი ცხინვალის რეგიონში მოჩვენებითი მშვიდობის დასრულებისა და ომის დაწყებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე არსებობს ეუთოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც კონკრეტულად არის მითითებული, ვინ გახსნა ცეცხლი და ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები, აგრეთვე, საქართველოს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიას მიერ კულუარებში ნათქვამი, რომ «ამათ დაიწყეს ომი» (არაერთხელ მომისმენია ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში), დღეს მრავალი პოლიტიკოსი და, რა თქმა უნდა, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები უარყოფენ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში სროლა პირველმა დაიწყო ქართულმა მხარემ.


2008 წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, ქობულეთიდან სტუმრად ჩამოვიდნენ მეუღლის ნათესავები და მომიყვნენ, რომ 05:00 საათზე გამოსულებმა თბილისში ძლივს ჩამოაღწიეს და რომ გორის შესასვლელთან მათი და სხვა მოქალაქეების ავტომობილები საპატრულო პოლიციამ გააჩერა, რადგან ქალაქში შესასვლელი ქუჩები გადატვირთული იყო ცხინვალისკენ მიმავალი სამხედრო ტექნიკითა და ჯარისკაცებით.

მე, როგორც ყოფილ სამხედროს (საბჭოთა ჯარში ვიმსახურე 31 წელი, ხოლო ქართულში _ 5), ჯარის ასეთი დემონსტრაციული გადაადგილება ცხინვალისკენ (შენიღბვის გარეშე) ცუდად მენიშნა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ იყო გამოცხადებული არც საგანგებო და არც საომარი მდგომარეობა.

მაშინვე გამახსენდა: ხელისუფლების წარმომადგენლების თავდაჯერებული და მუქარის შემცველი ტონით გაკეთებული განცხადებები კოკოითის მისამართით; ცნობები იმის თაობაზე, რომ ცხინვალიდან ოსებს გაჰყავთ ქალები და ბავშვები; აგრეთვე, «ნაცმოძრაობის» ლიდერების გამონათქვამები, რომ სამაჩაბლოს ბედი უკვე გადაწყვეტილია და «ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის»… გავიფიქრე, ნუთუ ისევ ჩაიდენდნენ სისულელეს, როგორც ეს მოხდა 1992-1993, 1998, 2004 წლებში, ნუთუ ისევ ომს წამოიწყებენ-მეთქი?

ასეა თუ ისე, ქართულმა ჯარმა თავი მოიყარა ცხინვალის რეგიონში, რაზეც საქართველოს მთავრობამ ასეთი განმარტება გააკეთა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით:

«სამხრეთ ოსეთის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიარაღებული თავდასხმების აღსაკვეთად საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ადეკვატური ზომები»;

ჯარის შეყვანის მიზანი განმარტა თემურ იაკობაშვილმა:

«საქართველოს მიზანია, არა დაიპყროს აუღიარებელი რესპუბლიკა, არამედ ბოლო მოუღოს «კრიმინალურ რეჟიმს»;

ამოცანა ახსნა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა:

«დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა».

ანუ, 2008 წლის 7 აგვისტოს, გვიან ღამით, ცეცხლი უკვე გაიხსნა და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული და ოსური მხარეები და არა რუსეთის მხარე, ამას ადასტურებს სამივე ეს განცხადება.

გამოდის, რომ რუსულ მხარეს, . . სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, და რომ ქართულმა მხარემ პირველმა წამოიწყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა რუსეთმა _ სამაჩაბლოს ოკუპაცია.

2008 წლის 7 აგვისტოს, გვიან ღამით, ცხინვალის რეგიონში ცეცხლი გაიხსნა და ომიც დაიწყო. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვიტალი ჩურკინმა (და არა ქართულმა ან სხვა წარმომადგენელმა) მყისვე მოითხოვა უშიშროების საბჭოს მოწვევა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე, რაზეც დასავლეთის კოლეგებისგან დაუსაბუთებელი უარი მიიღო.

ამ ქმედებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ორგანოს წარმომადგენლებმა, რომლებზეც წესდებით დაკისრებულია პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, და რომლებსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ . . სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, უარი თქვეს შექმნილი სიტუაციის განხილვაზე, . . ცეცხლის შეწყვეტაზე.

რა, მათ არ დაიჯერეს, რომ ომი დაწყებულია? _ გამორიცხულია!

ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით (დღისით, მზისით) უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურებს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ, ელექტრონულ ან კოსმოსურ დაზვერვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

25 წელზე მეტი ვიმსახურე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გე-რე-უ) სისტემაში და ვიცი, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ყველა ქვეყანაში,  საელჩოების ჭერქვეშ მუშაობენ მზვერავები და რომ ისინი სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებენ არა მხოლოდ მათდამი მტრულად განწყობილ ან არაკეთილმოსურნე ქვეყნებზე, არამედ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორებზეც, ამიტომ არც საქართველო იქნებოდა მათთვის გამონაკლისი. ჰეიდი ტალიავინის მოხსენებაშიც ხომ არის აღნიშნული, რომ იმხანად ქართულ ჯარში ასობით უცხოელი ინსტრუქტორი იმყოფებოდა. მათ ხომ არაფერი არ გამოეპარებოდათ?

ბოლოს და ბოლოს, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს იმის დადგენა, რა ხდებოდა სინამდვილეში სამაჩაბლოში, ჩვენი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიასგან ან აშშ-ში საქართველოს ელჩისგან ხომ მაინც შეეძლოთ?

მოგვიანებით (ჩვენი დროით _ 8 აგვისტოს დილით), ისევ ვიტალი ჩურკინის დაჟინებული მოთხოვნით, მაინც გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მან კვლავ დასვა საკითხი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.

და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წინადადებას ცეცხლის შეწყვტის შესახებ, დასავლეთის ქვეყნების უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად, მხარი არ დაუჭირა საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამაც.

ვსვამ შეკითხვებს:

1. თუ რუსეთმა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები, საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა რატომ არ მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და მასზე რუსეთის მხრიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნის საკითხის დაყენება?

2. თუ რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას 7 აგვისტოს (ან უფრო ადრე), მაშინ რატომ არ გამოაცხადა პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 7 ან 8 აგვისტოს (ან უფრო ადრე)? ამას ხომ კონსტიტუციის 73- მუხლი მოითხოვს.

ე. ი. რა გამოდის? სამაჩაბლოში ომია და მის გაგრძელებას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა?

ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა და სხვებმა იმიტომ ხომ არ დაუჭირეს მხარი, რომ იმ დროისთვის:

* «ცხინველის სამხრეთით სოფლების უმრავლესობას საქართველოს მხარე აკონტროლებს»?

* «ჯავის რაიონისთვის ალყის შემორტყმის ოპერაცია დასრულებულია»?

* «როკის გვირაბიდან შემოსვლა ვერ მოახერხეს»?

* «კოკოითიმ ცხინვალი დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთში ჩავიდა»?

. . 8 აგვისტოს 12 საათამდე სამაჩაბლოში შექმნილი ვითარება საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს ხელს აძლევდათ და ამიტომაც დაადეს ვეტო რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომლითაც ხელი შეუწყვეს რუსის ჯარის შემოყვანას და შემდგომში ქვეყნის დაშლას, ისევე, როგორც უკრაინის დაშლას 2014 წელს (რა ეჩქარებოდათ? თუ დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა მის ევროინტეგრაციას და შემდგომში ნატოში გაწევრებას, დაეცადათ 2015 წლამდე და საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყდებოდა ეს საკითხი მშვიდობიანად, სისხლისღვრისა და ტერიტორიული დანაკარგების გარეშე, მაგრამ დარწმუნებული არ იყვნენ).

და რადგანაც ცხინვალის რეგიონში ცეცხლი არ შეწყდა, 1992 წლის სოჭის შეთანხმებისა და 1996 წლის მემორანდუმის თანახმად, რუსეთმა წამოიწყო ოპერაცია «იძულება მშვიდობისათვის»:

«გუშინ, თორმეტი საათისთვის, ცხინვალის გარშემო მდებარე სოფლებს, რომელთაც უკვე ქართული მხარე აკონტროლებდა, რუსეთის ავიაცია ინტენსიურად ბომბავდა»;

«გუშინ, დაახლოებით 12 საათზე, რფ-ის 58 არმიის მსხვილმა დანაყოფმა როკის გვირაბის გავლით ჯავის რაიონის მიმართულებით გადაადგილება სცადა»;

«საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია».

მ. სააკაშვილი.

გაზეთი «საქართველოს რესპუბლიკა»,  9 აგვისტო.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამაჩაბლოში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ უკვე დაწყებული იყო საომარი მოქმედებები (7 აგვისტოდან) და მხოლოდ მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა (აშშ, ინგლის, საფრანგეთი) და საქართველომ მხარი არ დაუჭირეს რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

და თუ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი იმაში, ვინ წამოიწყო ომი, შევახსენებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ნათქვამს:

«მე გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება არაპროპორციული პასუხის გამო და ვთქვი, რომ ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ დაბომბვას…»

ხომ სავსებით გასაგებია ამ წინადადების შინაარსი, მაგრამ ზოგიერთს მაინც უნდა ავუხსნა:

აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ დასასჯელები (პასუხგასაცემი) კი ვიყავით, მაგრამ პროპორციულად (ალბათ, გულისხმობდა სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ), ე.ი. მათრახის მაგივრად ჩვენზე ჯოხი არ უნდა გადაემტვრიათ, და რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენი სამხედრო ნაწილების დაბომბვას არ აპროტესტებს.

მეორე საკითხი ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესაძლებლობის პრობლემას.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცხინვალის რეგიონში ცეცხლი გახსნილია და კონფლიქტი დაწყებულია:

* პირველი შესაძლებლობა, როდესაც შეგვეძლო რუსის ჯარის შემოსვლა თავიდან აგვეცილებინა, იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე;

* მეორე შესაძლებლობა კი მოითხოვდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მთელი შემადგენლობით გადადგომას და რიტორიკის შეცვლას ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად არც ერთი შესაძლებლობა არ გამოიყენა, პირიქით დამარცხება იზეიმა კიდეც, სინანულის გარეშე.

მე კარგად მესმის ბევრი ქართველი პატრიოტის აღშფოთება იმის თაობაზე, რატომ ერევა რუსეთი ჩვენს საქმეებში და რატომ არ გვაძლევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებას. თვითონ ხომ ორჯერ წამოიწყო ომი ჩეჩნეთში და ნებართვა არავისგან აუღია?

მაგრამ რა ვქნათ? რუსეთი დიდი და ბირთვული ქვეყანაა, ანგარიშგასაწევი სახელმწიფო. დადებული ხელშეკრულებითა და მემორანდუმით ჩვენ თვითონ მივეცით რუსეთს უფლება, რეგიონებში მოაგვაროს კონფლიქტი.

მხოლოდ ჩვენ კი არა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა ჩინეთმა. როდესაც მან ამის გაკეთება სცადა გასული საუკუნის 90-იან წლებში, აშშ-მა ტაივანის სრუტეში თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩააყენა და არ მისცა ჩინეთს უფლება, კუნძულზე დესანტი გადაეხსნა.

ჩინეთის ხელმძღვანელობამ გონიერება გამოიჩინა და ტაივანის შემოერთებისგან თავი შეიკავა.

ჩვენ?

მესამე საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, შეეხება იმ ქვეყნების ისტორიას, რომელთა თანამდებობის პირების გულგრილობისა თუ დაუდევრობის ან დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შეილახა ქვეყნის ავტორიტეტი; როგორ იქცეოდნენ ასეთ შემთხვევებში თავმოყვარე ქვეყნების თავმოყვარე თანამდებობის პირები და როგორ დასაჯეს ავანტიურისტები?

დავიწყოთ 1973 წლის ომით არაბეთის ქვეყნებსა (ეგვიპტე, სირია და სხვები) და ისრაელს შორის.

იმის გამო, რომ ეგვიპტის ჯარმა ისრაელისთვის მოულოდნელად გადალახა სუეცის არხი და მოკლე დროით კონტროლი დაამყარა სინაის ნახევარკუნძულის ნაწილზე (თუმცა შემდგომში ისრაელმა სწრაფად გამოასწორა მდგომარეობა), თავმოყვარე ისრაელის მთავრობა გადადგა, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თანამდებობების პირები გაასამართლეს ან ჯარიდან დაითხოვეს.

ცეცხლი შეწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნით და მხარეები დაუბრუნდნენ ადრინდელ პოზიციებს.

1974 წელს საბერძნეთის მმართველმა სამხედრო ხუნტამ, ე. წ. შავმა პოლკოვნიკებმა, კვიპროსზე მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, რომლის საპასუხოდაც თურქეთმა კუნძულზე შეიყვანა თავისი მე-11 საარმიო კორპუსი და კუნძულის ტერიტორიის 40% დაიცვა, არადა, თურქები კუნძულის მოსახლეობის 18%-ს შეადგენდნენ. თურქეთმა იქ შექმნა კვიპროსის  თურქული რესპუბლიკა, რომელიც დღემდე ასე იწოდება. მას მხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი ცნობენ.

«შავი პოლკოვნიკები» დააპატიმრეს და გაასამართლეს. ქვეყანაში აღდგა დემოკრატიული მმართველობა.

1982 წელს არგენტინის სამხედრო ხუნტამ დესანტი გადასხა ინგლისთან სადავო ტერიტორიაზე _ ფოლკლენდის კუნძულებზე და ის თავის ტერიტორიად გამოაცხადა (ეს კუნძულები დიდმა ბრიტანეთმა არგენტინას 1833 წელს წაართვა).

საპასუხოდ ინგლისმა გაგზავნა შესაბამისი ძალები კუნძულებისაკენ, დაამარცხა არგენტინის ჯარი და ტერიტორია დაიბრუნა.

არგენტინის სამხედრო ხუნტა, პრეზიდენტ გალტიერის ჩათვლით, დააპატიმრეს და გაასამართლეს.

ქვეყანაში  აღდგა დემოკრატიული მმართველობა.

1987 წელს გერმანელმა მოყვარულმა პილოტმა მათიას რუსტმა თავისი სპორტული თვითმფრინავი მოსკოვში, წითელ მოედანზე დასვა.

იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ მიიღო შესაბამისი ზომები საზღვრის დამრღვევის მიმართ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი . სოკოლოვი და გენერალური შტაბის უფროსი . ოგორკოვი გადადგნენ, ხოლო უშუალო პასუხისმგებელი თანამდებობების პირები კი დააქვეითეს ან ჯარიდან დაითხოვეს.

ასე იქცევიან ის ადამიანები, რომლებსაც სინდისი აქვთ, სამშობლოსა და ხალხს პატივს სცემენ, და ის ქვეყნები, რომლებშიც კანონი კანონობს.

საქართველოში კი?

ჩვენმა ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომები დაუშვა, რომელთა შედეგადაც ქვეყნის ტერიტორია შეამცირა, მოსახლეობა ლტოლვილად აქცია, ერი კი შეარცხვინა და ამაზე პასუხი არავის უგია.

ერთი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ყველა დანაშაული შერჩა. მისი დანაშაულებრივი ქმედებები «მემკვიდრემაც» გაიმეორა, და, როგორც ჩანს, მასაც შეიძლება შერჩეს.

ერთს «მსოფლიო დონის პოლიტიკოსი» უწოდეს, მეორეს _ «დემოკრატიის შუქურა», მესამეს?

და რისთვის?

«მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა» ჩაბარებულ ქვეყანას უღალატა და დაშალა. შემდეგ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დაამხობინა, ხალხი ქუჩაში ჩახოცა, საპრეზიდენტი არჩევნები გააყალბა და საქართველოს დაშლაც წამოიწყო, რომელიც «დემოკრატიის შუქურამ» დააგვირგვინა; სამაგიეროდ, ერთმა ნატოს კარზე მიაკაკუნა, მეორემ _ მიაბრახუნა, მაგრამ კარი მაინც არ გაუღეს, და ვერცა ხვდებიან, რატომ.

ეს არის და ეს მათი «დამსახურება».

და თუ ასეთი ქმედებები ვიღაცებს დამსახურებად მიაჩნიათ, მაშინ რა უნდა დავარქვათ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მოქმედებას . . გეკაჩეპეს პერიოდში?! იმხანად ხომ პირველმა პრეზიდენტმა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იმუშავა გეკაჩეპეს მთავარ წარმომადგენელთან საქართველოში და ღირსეულად დაიცვა ქვეყნის ინტერესები _ თავმოყვარეობის შელახვის გარეშე და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.

იმიტომ ხომ არ ეწინააღმდეგებიან მთავრობები მისთვის ღირსეული ადგილის მიჩენას და მისი ღვაწლის შესაბამის დაფასებას ერისა და ქვეყნის წინაშე, რომ ის იყო აქტიური ნეიტრალიტეტის მომხრე?

ალექსანდრე ტოლსტოი,

თადარიგის პოლკოვნიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here