Home რუბრიკები პოლიტიკა მართლმადიდებლობა _ ყველაზე დევნილი რელიგია

მართლმადიდებლობა _ ყველაზე დევნილი რელიგია

989

მსოფლიოში ქრისტიანების დევნა კატასტროფულ მასშტაბს აღწევს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად დევნას განიცდის ქრისტეს სწავლების 100 მილიონამდე მიმდევარი, ყოველწლიურად კი იღუპება 100 ათასი ქრისტიანი, მათ დევნიან და კლავენ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკასა და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, არამედ ევროპის სახელმწიფოებშიც, სადაც ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში საფუძვლად ედო მათ ცივილიზაციას. დღეს ქრისტიანებს უპირისპირდებიან… თვითონ ქრისტიანები.


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Open Doors-ის მიერ გამოქვეყნებული 2013 წლის მონაცემებით, უკვე 12 წელიწადია, ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ქრისტიანების შევიწროების პრობლემა ძალიან მწვავედაა, სათავეში უდგას კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკა (ცხოვრობს 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი), სადაც ქრისტეს სწავლების 70 ათასი მიმდევარი ბანაკებსა და ციხეებშია გამომწყვდეული. ამ ქვვეყანაში  არა მხოლოდ ქრისტიანულ ტაძარში შესვლისთვის შეიძლება დაგაპატიმრონ, არამედ სახლში ბიბლიის ქონისთვისაც.

მეორე ადგილზეა სომალი (არც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი). ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ქრისტიანების განადგურება ლამის ღირსების საქმედ ითვლება. ქრისტიანობას აღიარებს მცირერიცხოვანი ბანტუს ტომი (სომალის მოსახლეობის 95 პროცენტი მუსლიმანია), რომელიც საუკუნეებია, დევნას განიცდის, მათ უფლება არ აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ და განათლება მიიღონ.

ქრისტიანთა მდევნელ ქვეყნებს შორის მესამეა სირია (1.4 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 7,5%). მხოლოდ 2013 წელს სირიაში 1200 ქრისტიანი მოკლეს, 600 ათასი კი იძულებული შეიქნა, ქვეყანა დაეტოვებინა. ქრისტიანული ტაძრების 30 პროცენტი დანგრეულია.

2013 წელს ეგვიპტეში (18 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 0,002%) ქრისტიანების დევნის უპრეცედენტო დევნა დაიწყო. 38 ტაძარი მიწასთან გაასწორეს, 23 _ დააზიანეს, ქრისტიანი კოპტების 58 სახლი გაძარცვეს და დაწვეს. 6 ქრისტიანი მოკლეს, 7 გაიტაცეს. ცნობები ქრისტიანების მკვლელობისა და დევნის შესახებ მოდის ერაყიდან, ირანიდან, ავღანეთიდან, საუდის არაბეთიდან, პაკისტანიდან, ლიბიიდან, ერითრეიდან, იემენიდან, სუდანიდან, მალდივის კუნძულებიდან. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიგერია (4 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 0.003%), სადაც მოქმედებს დაჯგუფება «ოკო ჰარამი» («დასავლური განათლება ცოდვაა»). ამ დაჯგუფებამ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 500 ქრისტიანი მოკლა, გაიტაცა 16-18 წლის 276 გოგონა და ისლამი მიაღებინა.

ქრისტიანოფობიის გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანა «არაბულმა გაზაფხულმაც»: რევოლუციური გარდაქმნების ტალღაზე რეგიონში გაძლიერდნენ ტერორისტები და ისლამისტები.

არაბულ ქვეყნებში ქრისტიანების დევნა შეიძლება გაიგო, მაგრამ ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყნებშიც დევნიან.

აი, რამდენიმე ფაქტი:

* ესპანეთში (60 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 0,13%) მოსამართლე ფერნანდო კალამატი სამსახურიდან 18 წლით დაითხოვეს იმის გამო, რომ ჰომოსექსუალ წყვილს ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ მისცა. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰომოსექსუალებისთვის ბავშვის შვილად დაკანონება მის რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგებოდა.

* გერმანიაში (1.5 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 1,8%), კიოლნის უნივერსიტეტში, ჰომოსექსუალმა სტუდენტებმა ფილოსოფიის პროტესტანტი პროფესორის _ ედიტ დიუზინგის, ლექცია ჩაშალეს. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ 2009 წელს ფრაუ დიუზინგი მათ შორის იყო, ვინც ფსიქოლოგთა კონგრესზე წინააღმდეგი იყვნენ იმ ლექციების გაუქმებაზე, რომელთა ავტორიც ჰომოსექსუალიზმისგან განკურნების შესაძლებლობებს იკვლევდა.

* საფრანგეთში (240 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 2%) ფრანგი კათოლიკეების 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ სკოლებში მათი შვილების სარწმუნოებრივი უფლებები ირღვევა.

* საბერძნეთში (10,5 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 99%) მართლმადიდებელ მღვდელს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს იმისათვის, რომ «ძალიან ხშირად და ძალიან ხმამაღლა» რეკდა ზარს.

* დიდ ბრიტანეთში (450 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 0,8 %) ერთ-ერთი ავიაკომპანიის სტიუარდესები _ შირლი ჩაპლინი და ნადი ევეიდი  სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ უარი თქვეს სამუშაო დღეებში ყელიდან ჯვრის მოხსნაზე. ფსიქოლოგი ჰარი მაკფერლინი და რეგისტრატორი ლილიან ლადენი დისციპლინარული სასჯელით დასაჯეს ერთსქესიანთა ქორწინების რეგიტრაციაზე უარის თქმის გამო. დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ათასობით ასეთი შემთხვევა ხდება.

ევროპაში რელიგიური მრწამსის გამოვლენის აკრძალვა დაკავშირებულია ტოლერანტულობის იდეასთან. ქრისტიანულ სიმბოლოებზე უარის თქმას სკოლებში ხსნიან იმით, რომ «სხვა სარწმუნოების მიმდევრები არ განაწყენდნენ», ზოგჯერ ეს კომიკურ შედეგს იწვევს. მაგალითად, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის (სადაც ევროკავშირის შტაბბინაა) ცენტრში შობის წინ ტრადიციულად იდგმებოდა ნაძვის ხე, მაგრამ 2012 წელს ის აბსტრაქტული კონსტრუქციით (აქ, ალბათ, გაგახსენდებათ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დადგმული ნაძვის ხის ფორმის აბსტრაქციული კონსტრუქცია) შეცვალეს. შედეგად უკმაყოფილო დარჩა ყველა: ქრისტიანებმა ჩათვალეს, რომ მათ ტრადიციული სიმბოლო წაართვეს. მუსლიმებმა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, განაცხადეს, რომ, ჩვეულებრივის ნაცვლად, მათ ავანგარდული ნაძვი დაუდგეს, ადგილობრივი ესთეტების აზრით კი, ინსტალაცია ჰარმონიულად არ ერწყმის რატუშას.

ზოგიერთი ევროპელი მორწმუნე ხშირად იძულებულია, საკუთარი მრწამსის წინააღმდეგ წავიდეს და ევროპის ხელისუფლების ანტიქრისტიანულ პოლიტიკას დაემორჩილოს. მაგალითად, ირლანდიაში (3 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 0,07%) თითქმის ყველა ეკლესია ვალდებულია, ერთსქესიანთა ქორწინების ცერემონია ჩაატაროს.

ნორვეგიის (2,5 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანიმოსახლეობის 0,05%) ქრისტიან ექიმებს, კანონით, უარის თქმის უფლება არ აქვთ აბორტის გაკეთებაზე. უფრო მეტიც, თუ ისინი პაციენტს უარს ეტყვიან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოწერაზე, ექიმის ლიცენზიას დაკარგავენ. ანალოგიური რამ ხდება შვედეთშიც (94 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი,  მოსახლეობის 1%).

დღეს ქრისტიანებს ავიწროებენ არა მხოლოდ ათეისტურად და ანტირელიგიურად განწყობილი პოლიტიკოსები, არამედ თვითონ ქრისტიანებიც. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში (არც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი) დღემდე მოქმედებენ პროტესტანტული და კათოლიკური გასამხედროებული ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან, ხოცვა-ჟლეტა მოაწყონ თავიანთი პოლიტიკური იდეების დასაცავად.

ქრისტიანთა შორის თანხმობა არ არის უკრაინაშიც (26,7 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოსახლეობის 58,5%). 2 ათეული წლის განმავლობაში ნაციონალისტური ტენდენციების გაძლიერებამ და ეკლესიის შიგნით წარმოქმნილმა განხეთქილებამ მართლმადიდებლურ ეკლესიას პრობლემები შეუქმნა. ამჟამად მიმდინარე პროცესებმა კი კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში (3,2 მართლმადიდებელი ქრისტიანიმოსახლეობის 78,1%), სადაც სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების («თავისუფლების ინსტიტუტი» და სხვ.) მეშვეობით გააფთრებით უტევდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას?

გთავაზობთ საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებიც თეოლოგმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ლაშა ცაიშვილმა გაავრცელა:

1) 2004 წლის 23 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა მანგლისის ეპარქიის ტერიტორია, სადაც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მდებარეობდა. ახალმა მეპატრონემ ტაძარში ღვთისმსახური მამა გიორგი არ შეუშვა;

2) 2004 წელს, აღდგომის დიდმარხვაში, ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მდებარე ქეთევან წამებულის ტაძრის კარიბჭეზე ადგილობრივმა მუსლიმანმა ფანატიკოსებმა ცხვრის ლეში დაკიდეს, რითაც მართლმადიდებლური სიწმინდე შეურაცხყვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დღეს 60 ადგილობრივი მუსლიმანი მართლმადიდებლად მოინათლა;

3) 2004 წლის 1 ივნისს, კუმურდოსა და ახალქალაქის ეპარქიის სოფელ ფოკაში, როცა ღია ცის ქვეშ მდებარე ტრაპეზზე საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ღვთისმსახურებას ატარებდა, ადგილობრივი სომხები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნოდა და მათ იქაურობა უნდა დაეტოვებინათ. ამ პროვოკაციას კონფლიქტი მოჰყვა _ სომხებმა მრევლის ავტობუსები ამოაყირავეს და საქართველოს პატრიარქზეც გაიწიეს.

4) 2004 წელს თბილისში, ვერაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში სტუმრად ბრძანდებოდნენ ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებმაც მოლოცვის შემდეგ საკურთხეველში შესვლის სურვილი გამოთქვეს, რაზეც, მართლმადიდებლური კანონიკის თანახმად, უარი მიიღეს. მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით, საკურთხეველში შესვლა კურთხევის გარეშე მართლმადიდებლებისთვისაც დაუშვებელია. მიუხედავად ამისა,  მეორე დღესვე ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე» სახალხო დამცველისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის» წარმომადგენლებმა საქართველო რელიგიურ შეუწყნარებლობაში დაადანაშაულეს, თუმცა მართლმადიდებელთა უფლებები არავის გახსენებია;

5) 2005 წელს რუსთავში, აღდგომის დიდმარხვაში, უცნობმა პირებმა შებღალეს საძმო სასაფლაო, შეურაცხყვეს ქრისტიანული სიწმინდეები და დაამტვრიეს ორმოცამდე საფლავის ჯვარი. ამ ვანდალიზმის გამოძიებით არავის მოუკლავს თავი.

6) 2005 წელს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა, განათლების სამინისტრომ და ადვენტისტთა დახმარებისა და განვითარების სააგენტომ, ერთდროულად ანტინიკოტინური აქცია განახორციელეს, რომლებიც თვალის ასახვევად გამოიყენეს ადვენტისტებმა. 3-4 ლექციის შემდეგ ისინი თავიანთ მოძღვრებას ქადაგებდნენ და ნიკოტინი საერთოდ აღარ ახსოვდათ;

7) 2005 წლის 31 მარტს ისტორიის მუზეუმ ,,ქარვასლაში» გაიხსნა მხატვართა ერთი ჯგუფის გამოფენა, სახელწოდებით ,,სადილი ყველას». საგამოფენო დარბაზში იდგა უნიტაზი, რომელზეც წმინდა სახარება იდო

8) 2008 წლის დეკემბერში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი _ სერჟ სარგსიანი. მან, სხვა სომეხმა სტუმრებმა და პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ შეამტვრიეს ერთ-ერთი ეკლესიის კარი, რომელსაც სომხები იჩემებენ;

9) 2008 წლის 10 აგვისტოს მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში, უცნობმა პირებმა წმინდა გიორგის ტაძარი შეურაცხყვეს. ქანდაში საკმაოდ ბევრი სექტანტი ცხოვრობს და, სავარაუდოდ, ეს საშინელება მათ ჩაიდინეს;

10) 2009 წლის ოქტომბერში ,,თავისუფლების ინსტიტუტის» აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ ინტერნეტში გაავრცელა პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლები. ხალხი აღშფოთდა. სახალხო დამცველთან ეკლესიასთან დაპირისპირებული  პირები და ადამიანის უფლებათა დამცველები შეიკრიბნენ და დაასკვნეს, რომ თუთბერიძის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა ყოფილიყო. ეს სადავო არ არის, მაგრამ თუთბერიძემ თავისი გამოხატვის უფლებით მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობები რომ შეურაცხყო, ამაზე არაფერი უნდა ითქვას?!

მოამზადა

ნიკა მაისურაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here