Home რუბრიკები საზოგადოება ჯამბულ გამცემლიძე: სააკაშვილი რომ ამაყობს თავისი შვილებით, მათი განათლებით და რომ ამბობს,...

ჯამბულ გამცემლიძე: სააკაშვილი რომ ამაყობს თავისი შვილებით, მათი განათლებით და რომ ამბობს, ძალიან მენატრებაო, მეც მენატრება ჩემი შვილი

საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ბატონმა ჯამბულ გამცემლიძემ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული წერილით (რომელსაც აქვე გთავაზობთ) მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ბატონი ჯამბული იმედოვნებს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება და მიხეილ სააკაშვილს საბრალდებო სკამზე დასვამს.


_ დღეს მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ოდნავ შეშფოთებულია მოსალოდნელი დაპატიმრების გამო; ოდნავ იმიტომ, რომ ეს კაცი ყოველთვის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სრულად ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს. ბოლო ხანს, ალბათ, ნერვი შეუტოკდა, რადგან ძველებური რიხით ვეღარ საუბრობს, თუმცა დადარდიანებული მაინც არ ჩანს, რადგან იმხელა საცეცები აქვს გადგმული ევროპისა და ამერიკის წამყვან ფიგურებთან, რომ ჰგონია, მაკკეინი და სხვები დაიცავენ, მაგრამ ცდება. სააკაშვილი მის მიერ გამწარებული ხალხისგან ვერ დაიცავს თავს. საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამწარებული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ისეთები, რომლებსაც შვილები ბეღურებივით დაგვიხოცეს სააკაშვილის მიერ ადამიანებზე სანადიროდ გაშვებულმა პოლიციელებმა. სააკაშვილი უნდა გასამრთლდეს, როგორც დამნაშავე, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა ფაშისტური რეჟიმი. ის თავისი მმართველობის პერიოდში იყო სადამსჯელო რაზმების მეთაური და თავისი ქვეყნის მოქალაქეების გამწარებითა და შეურაცხყოფით ტკბობას განიცდიდა. მგონია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, ჩემნაირი ადამიანების ტკივილს გულთან მიიტანს.

_ დასავლეთის სახელმწიფოების, განსაკუთრებით _ აშშის, მაღალი თანამდებობის პირები თავგამოდებით იცავენ მიხეილ სააკაშვილს, მათ მართლა ადარდებთ საქართველოს ექსპრეზიდენტის ბედი?

_ არ მგონია, ვინმეს სააკაშვილის დარდი ჰქონდეს. ეს ადამიანები სააკაშვილმა წლების განმავლობაში იყიდა, ფულით დაიმეგობრა. ადამიანები, რომლებსაც გავლენა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაზე, სააკაშვილისთვის არ მოიცლიან. სააკაშვილისთვის ჩვენმა პროკურატურამ უნდა მოიცალოს. მან პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი აღიარებითი ჩვენება მისცა. მაგალითისთვის საკმარისია აფრასიძეების ოჯახის ამოჟლეტის ბრძანების გაცემაც, რითაც თავს იწონებდა. მხოლოდ ეს ბრძანება ეყოფა მრავალწლიანი პატიმრობის მისასჯელად. ჩვენ, სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ხალხი მანამ ვერ მოვისვენებთ, სანამ მას საბრალდებო სკამზე არ ვნახავთ. მგონია, რომ სამართალი პურს ჭამს, უფლის დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს საკადრისი მიეზღვება. დაპატიმრებული სააკაშვილის მონახულება ციხეში ნამდვილად არ მინდა, ისევე, როგორც ჩემი შვილის მკვლელი არ მინახავს. სასამართლოზე ვერ მივედი, ვერ შევძელი… ის კი არა, სააკაშვილის ფოტოსაც ვერ ვუყურებ, მეზიზღება. სააკაშვილის გარეშე ქვეყანაში არაფერი ხდებოდა და სწორედ ეს გარეწარია თავიდათავი ყველა იმ ცოდვისა და უზნეობის, რომლებიც კი იმხანად საქართველში დამკვიდრდა.

სააკაშვილი, აგრეთვე, უნდა გასამართლდეს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვისა და სამშობლოს ღალატისთვის. ციხეში მხოლოდ იმიტომ არის ამოსალპობი, რომ მან და მისმა გუნდმა აჭარაში 37 000 თურქი ჩამოასახლეს და მათგან 28000- საქართველოს მოქალაქეობა უბოძა. გარდა ამისა, სააკაშვილი და მისი გუნდი უნდა გასამართლდნენ 7 ნოემბრისთვის, 26 მაისისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომისთვის. ჯერ რამდენი უდანაშულო ბიჭი დახოცა ქუჩაში და შემდეგ _ ამ უაზრო ომში! ეს კაცი არის სატანა, რომელიც საქართველოს მოევლინა და დიდება უფალს, რომ მოვიშორეთ, მაგრამ, ვიდრე საბრალდებო სკამზე არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ. სააკაშვილთან ერთად ბოკერიები, თარგამაძეები და მისი სხვა დამქაშებიც უნდა გასამართლდნენ. მათ ერთობლივად ჩადენილი დანაშულები აერთიანებთ და ამიტომ იცავენ ერთმანეთს თავგამოდებით, ერთმანეთის ეშინიათ, რომელიმემ არ დააბეზღოს… სააკაშვილს და მის გუნდს ქართველმა ხალხმა ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყოს. აი, ამ სასამართლოზე კი აუცილებლად მივალ.

_ ერეკლე კოდუას განცხადებებს როგორ შეაფასებთ?

_ მგონია, რომ ეს კაციც ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და, რას მიედ-მოედებოდა, თვითონაც არ იცოდა. ბადრი პატარკაციშვილს ახლოს ვიცნობდი და, რაც მასზე იბოდიალა, აბსურდია. ეს ყველაფერი სააკაშვილის გაცემულ დარიგებას ჰგავდა, რადგან კოდუას ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ იყო არგუმენტით გამყარებული. რაც უნდა ინტრიგები ხლართონ და ასე აბსურდულად იმართლონ თავი, სააკაშვილი და მისი გუნდი ქუჩაში თავისუფლად ვერ ივლიან. ამის საშუალებას მათ მიერ წლების განმავლობაში გამწარებული ხალხი არ მისცემს!

 დღეს სააკაშვილი რომ ამაყობს თავისი შვილებით, მათი განათლებით და რომ ამბობს, ძალიან მენატრებაო… მეც მენატრება ჩემი შვილი, ჩემი შვილიც სწავლობდა ამერიკაში, ატლანტის უნივერსიტეტში; გარეგნობით იყო ვინმეზე ნაკლები, გვარიშვილობით თუ განათლებით? მეც ორ ვაჟს ვზრდიდი, უკან დავდევდი მთელი ცხოვრება… ცოტა ხნის წინათ გიორგის სკოლასთან გავიარე და დავინახე, მამას ორი პატარა ბიჭი მოჰყავდა, ერთი წინ გაექცა, ისევე, როგორც მე გამექცეოდა ხოლმე ჩემი გიორგი პატარაობისას, მივბრუნდი და ტირილი დავიწყე… მეტი აღარ შემიძლია, დედა მიტირა ამ კაცმა!..

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

ჯამბულ გამცემლიძის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

«მიშა სააკაშვილს!

შენს სურათთან ერთად მინდოდა ეს წერილი გამომექვეყნებინა, მაგრამ ვერ ავიტანე სურათი და მოვაშორე აქაურობას. შენ ხარ ჩემი და ყველა იმ მშობლის შვილის მკვლელი, რომლებიც ბეღურებივით დაახოცინე ქუჩაში გამოსულ პოლიციელ «მონადირეებს». ვერ ასცდები სასამართლოსა და ხალხის რისხვას, ვერა! ბოკერია და მისი ცოლი ვერ გიშველიან, მათ თავისი გასჭირვებიათ, ვერც გივი თარგამაძე გამოგადგება ვექილად და ვერც კოტე გაბაშვილი თავისი ოჯახით, ვერც შენი ნაცაქტივი გიშველის, რომელიც შენთან მხოლოდ დანაშაულებრივად არის დაკავშირებული. ასე რომ, გაემზადეშენი დაჭერით კი არ დაშავდება რამე, არამედ «გათეთრდება». ძალიანაც არ გინდა, რომ ციხეში ჩაჯდე, მაგრამ, აბა, ჰკითხე ჩვენს შვილებს, _ უნდათ მიწაში წოლა? აცხადებ, შეცდომები შეიძლება მოუვიდეს პრეზიდენტსო და ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვ. მითხარი, ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, სამუდამოდ რომ გაუშვი მოუსავლეთში _ ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, ზურა ვაზაგაშვილი, გია კრიალაშვილი, თეთრაძე, შავაძე, გურამ შარაძე, ზურა ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, გიორგი გამცემლიძე და კიდევ რამდენი, უფალმა უწყის. ეს ადამიანები ხომ შენი ხუშტურების მსხვერპლნი არიან. შენ ციხეში უნდა ჩალპე, ქუჩაში ვერასდროს გაივლი _ ეს  გარანტირებული გაქვს, სამუდამოდ დაიმსახურე ზიზღი ხალხისა, რომელიც ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც, გეგონა, რომ სულ იქნებოდი. წყეული იყავ შენ და შენი მოდგმა უკუნისი უკუნისამდე, ამინ!».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here