Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს ბრალი აგვისტოს ომის გამოც უნდა წაუყენონ

სააკაშვილს ბრალი აგვისტოს ომის გამოც უნდა წაუყენონ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს და პატიმრობაც შეუფარდეს. კასკადი დანაშაულებისა, რომლებიც მან და მისმა თანაგუნდელებმა ჩაიდინეს, ჩამოთვლილია, ოღონდ ჩამონათვალში არსად არის ნახსენები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაული. ექვსი წელი გადის აგვისტოს 2008 წლის ომიდან და დღემდე უცნობია, რამ გამოიწვია ომი ორ სახელმწიფოს შორის; ომი, რომლის მონაწილე ჯარისკაცებს შესაბამის დოკუმენტებში «სამხედრო წვრთნების მონაწილე» უწერიათ.


მკითხველისთვის ცნობილია, რას ედავებიან იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრსა და ქვეყნის მთავარსარდალს საჰაერო ჯარების მაღაჩინოსნები _ სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია, კეზერაშვილი და შემდეგ უკვე ბაჩანა ახალაია იარაღს უკრაინაში რომ ყიდულობდნენ და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში ჰყიდდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამ ამბავს თავდაპირველად არ იჯერებდა და ბოდვას უწოდებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმით ჰილარი კლინტონი დაინტერესდა, დაიჯერა და საზოგადოებას საქმის გამოძიებასაც დაჰპირდა. გვესაუბრებიან 2008 წლის აგვისტოს ომის უშუალო მონაწილეები:

რევაზ სახვაძე, სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დივიზიის ვიცეპოლკოვნიკი:

_ აგვისტოს ომის დეტალები გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, სააკაშვილს ბრალი აგვისტოს ომის გამოც უნდა წაუყენონ.

_ «ნაცები» ამბობენ, მოწინააღმდეგის მხრიდან პროვოკაციები განხორციელდაო. თუ ასე იყო, საქართველოს პასუხი არ უნდა გაეცა?

_ ეს საკითხი გამოსაძიებელია, იყო თუ არა ნამდვილად პროვოკაციები. ომი დაიწყეს, წააგეს, რაღაც საშინელ უბედურებაში გაგვხვიეს და ახლა თავს იმართლებენ, პროვოკაციები იყოო. მოკლედ, ეს საქმე გამოსაძიებელია, რათა  სიმართლე გაირკვეს.

_ გჯერათ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აგვისტოს ომის დეტალებს გამოიძიებს და თქვენ თუ დაგკითხეს?

_ დაკითხვაზე ჯერ არავის დავუბარებივარ, მაგრამ მჯერა, რომ გამოიძიებენ, უნდა გამოიძიონ, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

_ რატომ თვლით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

_ იმიტომ, რომ სიმართლე უნდა გაირკვეს და დამნაშავე აუცილებლად დაისაჯოს. აგვისტოს ომი «ნაცმოძრაობის» უმთავრესი დანაშაულია, ამ სისაძაგლეს ხალხი და ტერიტორიები გადააყოლეს. ომის ორგანიზატორებმა კი, საკუთარი დანაშაული რომ დაეფარათსამხედრო მოსამსახურეები ციხეებში გამოამწყვდიეს, გახსოვთ, ალბათ, 2008 წლის შემდეგ მასობრივი დაპატიმრებები რომ დაიწყეს.

_ დანაშაულს რომ ამბობთ, რას გულისხმობთ?

_ დაკარგულ და მავთულხლართებით შემორაგულ ჩვენს ტერიტორიას.

ვაჟა ხაჭაპურიძე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი:

_ ბატონო ვაჟა, ექვსი წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. დღემდე გამოძიებული არ არის, რატომ და როგორ დაიწყო ეს ომი ან ვინ დაიწყო, რა წვლილი აქვს სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის საინტერესო?

_ ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინვე მივმართე არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ვუთხარი: თუ თქვენ საქმის მასალები არ გაქვთ, ჩემს მეგობრებთან ერთად მეგზურობას გაგიწევთ ცხინვალისკენ და დოკუმენტურ მასალებს გაგაცნობთ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას ამ საქმის დეტალების შესწავლა არ აძლევს ხელს.

აგვისტოს ომით სააკაშვილს, უბრალოდ, კი არ გაუფუჭებია საქმე, მან კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული. საკუთარ ქვეყანაში უშიშროების საბჭოსთან ერთად ვანდალიზმი ჩაიდინა. როდესაც აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სააკაშვილის დანაშაულზე არ უნდა ვილაპარაკოთ, დამნაშავეა ყველა, ვინც ამ საკითხზე იმსჯელეს და შემდეგ ომის დაწყებაზე თანხმობა განაცხადეს.

_ ამბობენ, სააკაშვილი იძულებული შეიქნა, თავისი ხალხი დაეცვაო

_ მტკნარი სიცრუეა. სრულიად საქართველოს ახსოვს, რომ 2006 წელი შერიგების წლად გამოცხადდა. ეს იყო უპირობო შერიგება, სტატუსზე მოგვიანებით ვიმსჯელებდით. იმ პერიოდში არ ყოფილა ადამიანის გატაცების ფაქტები, ასეთი რამ თავში აზრად არავის მოუვიდოდა. ასე რომ ყოფილიყო, შერიგებაზე ვისაუბრებდით?

_ შემდეგ რა მოხდა?

_ რა მოხდა და შერიგებაზე საუბრის დასრულებისთანავე სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიყვანა ჯერ გოგა ხაინდრავა და რაღაც სისულელეები ალაპარაკა, მერე კი ირაკლი ოქრუაშვილმა გამოაცხადა, 1 იანვარს ცხინვალში შევხვდებით და საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით დავლევთო.

_ რისთვის სჭირდებოდა სააკაშვილს ამ ომის დაწყება?

_ ზუსტად ამიტომ არის საჭირო ამ საქმის გამოძიება. რა მოხდა? რა გახდა იმის მიზეზი, რომ ნახევარი ცხინვალი დაანგრია და უამრავი ხალხი დახოცა?

სააკაშვილი აგვისტოს ომის გამოც უნდა დაისაჯოს და არა მხოლოდ ის _ მის გარშემო ყველა, ვინც ფართომასშტაბიანი ბრძოლის დაწყებას ხელი შეუწყო და მწვანე შუქი აუნთო.

შეცდომისგან დაზღვეული არავიანაა, მაგრამ როგორ შეიძლება, პატარა პროვინციაში, ვიღაც პროვინციელის სულელური გამოხდომის გამო (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მოხდა), სახელმწიფოს მეთაურმა ფართომასშტაბიანი ბრძოლა დაიწყოს, თანაც ვისთან? სახელმწიფოსთან, რომელსაც ვერასოდეს მოერევი.

კიდევ ვიმეორებ: მზად ვარ, მეგზურობა გავუწიო აგვისტოს ომით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, მათ შორის თქვენც _ ჟურნალისტებსაც, მაგრამ, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის გამოძიება, მათ დაინტერესებას ვერ ვამჩნევ. არაერთხელ მივმართე ახალ მთავრობას პრესით თუ უშუალოდ, მაგრამ აქამდე პასუხი არ არის. დღეს თუ ხვალ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და 2008 წელს მომხდარ ვანდალიზმს თავისი სახელი დაერქმევა.

ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს, ომი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც ცხინვალის დაბომბვა საარტილერიო დანაყოფებმა დაიწყეს და რამდენიმე საათში დაასრულეს. 8 აგვისტოს, გარიჟრაჟზე, ყველაფერი დასრულებული იყო, მოსახლეობა კი უპატრონოდ დარჩა, ოჯახებში მკვდრები ესვენათ, ჩვენი პატრონი არავინ იყო. მადლობა უნდა ვუთხრათ რუსებს, რომ გაცოფებულები არ შემოცვივდნენ და დიდი და პატარა ლიახვის ხალხი ერთიანად არ ამოგვჟუჟეს.

სააკაშვილმა უდიდესი დანაშაული ჩაიდინა თავისი ხალხის წინაშე.

ტრისტან წითელაშვილი, გენერალი:

_ სააკაშვილს აგვისტოს ომის გამო ბრალი აუცილებლად უნდა წაუყენონ და თანაც _ რამდენიმე კუთხით. პირველი _ სწორედ სააკაშვილის პროვოცირებულია 2008 წლის აგვისტოს ომი. ჩვენ, რამდენიმე ადამიანი, ამ საკითხზე ვმუშაობდით და ვიცით, როგორ და რანაირად დაიწყო ყველაფერი. სააკაშვილმა ეტაპობრივად, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო პროვოკაციები _ საქართველოდან ორი ჯგუფი ცხინვალის მხარეს, როგორც ქართულ, ასევე ოსურ სოფლებში დივერსიულ აქტებს ატარებდა. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ბრძოლაში გამოეწვია. ამის შემდეგ კი აკეთებდა განცხადებებს და აფრთხილებდა რუსეთს, რომ შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს, განცხადებების შემდეგ დასკვნითი ქმედება სწორედ 2008 წლის აგვისტოს 7-ში დაწყებული ომი იყო. ის მოულოდნელად დაესხა თავს სოფლებს. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, დავით კეზერაშვილი დასხდნენ და საბრძოლო გეგმა შეცვალეს.

სააკაშვილს ხელს არ აძლევდა არსებული გეგმით მოქმედება, რადგან ავანტიურაზე მიდიოდა, ყველაფერი შეცვალა სულელური გეგმით, განგაშის საფუძველზე გაიყვანა საბრძოლო ბრიგადები და პირდაპირ ცხინვალის რაიონში შეიყვანა, რითაც საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა. მინდა პროკურატურას ვუთხრა, რომ სასაცილოა, სააკაშვილს ბრალი წაუყენო «იმედთან» დაკავშირებით ან რიყის პარკის საქმეზე, მას ბრალი უნდა წაუყენონ ომის პროვოცირებისთვის და იარაღის კონტრაბანდისთვის. მან და მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ აგვისტოს ომით მილიარდები ჩამოწერეს და გაათეთრეს.

_ დაიწყება თუ არა ამ საქმის გამოძიება?

_ ჩვენ, აგვისტოს ომის მონაწილე რამდენიმე ადამიანი, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ, საქმეში სააკაშვილის დანაშაულის მამხილებელი ყველა ფაქტი დევს და ვიცი, რომ მოკვლევა მიმდინარეობს. უცხოელი პროკურორები, რომლებიც სააკაშვილის საქმეების შესასწავლად ჩამოვიდნენ, აგვისტოს ომის დეტალებსაც იკვლევენ, რადგან ეს ფაქტი მხოლოდ საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების პრეროგატივა არ არის. წინა ხელისუფლების ქმედებები საერთაშორისო სამართლის საქმეა. წინა ხელისუფლების ბანდიტები უკრაინაშიც წარმატებით ახორციელებენ ბინძურ საქმეებს.

სააკაშვილი და მისი ბანდა არიან ამერიკული სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი ჯგუფი, რომელსაც, რასაც დაუკვეთენ შემქმნელები, ყველაფერს პირნათლად ასრულებენ. მათ სხვადასხვა ქვეყანაში გადაისვრიან ხოლმე სწორედ ისე, როგორც ახლა უკრაინაში გადაისროლეს, სააკაშვილისნაირი იყო თავის დროზე ბენ ლადენი. დიახ, ის და მისი ბანდა ამ ტიპის დამნაშავეები არიან. სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ვირუსია, რომელიც საზოგადოებას წამლავს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here