Home რუბრიკები პოლიტიკა ომი და მშვიდობა და თავისუფალი ვაჭრობა

ომი და მშვიდობა და თავისუფალი ვაჭრობა

832

მალე რუსეთის ბაზარზე ახალი პრობლემები შეგვექმნება. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მეზობელი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოქმედების შეჩერებას ითვლისწინებს. უკლებრივ ყველა მიმომხილველი მოსკოვის ამ ნაბიჯს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას უკავშირებს. როგორც ჩანს, მალე მთავრობას მოუწევს დისკუსია უკმაყოფილო მოქალაქეებთან, რომელთათვის შეუფერხებული ექსპორტი რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პრობლემა სცდება ვიწრო ეკონომიკურ ჩარჩოებს და, ალბათ, გაცილებით ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.


ევროასოცირებული დაზარალებულები

თუ თვალს გადავავლებთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდის პუბლიკაციებს, ვნახავთ, რომ პოლიტიკოსები და ექსპერტები ორ დიდ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი ამ შეთანხმებას ლამის სამოთხეში მოხვედრას ადარებდნენ და უარყოფდნენ ნებისმიერ ვარაუდს მოსალოდნელი გართულებების თაობაზე. მეორე, შედარებით ფრთხილი და წინდახედული ნაწილი მიანიშნებდა, რომ საწყის ეტაპზე ქართულ ეკონომიკაში შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნას, თუმცა ოპტიმისტურად ასკვნიდა, რომ ამის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. და მხოლოდ რამდენიმე ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოგვიტანს.

ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში სახელისუფლო პროპაგანდა აქაც «გადადებული ჯილდოს» პრინციპს ეფუძნება. ბოლოდროინდელ თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი სამხედროების გაგზავნა მოჰყვა (ეს მისია საქართველოში ფრიად არაპოპულარულია), ხოლო ეკონომიკურ შეთანხმებას _ პრობლემები რუსულ ბაზარზე, თუმცა ხელისუფლება ოპტიმისტურად გვარწმუნებს, რომ ეს დროებითი და, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელო უსიამოვნებებია, სამაგიეროდ, მომავალში «დიდი პრიზი» გველოდება.

ტაქტიკური თვალსაზრისით, ქართულმა დიპლომატიამ, კერძოდ კი პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთის საპასუხო დარტყმას საქართველოსთვის რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოეტანა. ამის შედეგად, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, «ევროასოცირების» ხელმოწერის პერიოდმა მძიმე ბრალდებების ისტერიული გაცვლის გარეშე ჩაიარა. შესაძლოა, ამის შედეგია ისიც, რომ რუსეთი მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის გაუქმებაზე ფიქრობს და არა სანქციების დაწესებაზე ამა თუ იმ საქონლის რუსეთში შეტანის აკრძალვით, როგორც ეს ორი ზემოთ ნახსენები ქვეყნისა და რუსეთის ზოგიერთი სხვა მეზობლის შემთხვევაში ხდება. 7 ივლისის კონსულტაციებმა პრაღაში ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლებს შორის სავსებით კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოხერხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლმა უარი არ თქვა ძირითად პრინციპზე: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას გამორიცხავს რუსეთთან.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთში 134 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიტანა (9,4% ექსპორტის მოცულობიდან). რუსეთში გადის ქართული ღვინის დაახლოებით ორი მესამედი. სანქციების მოხსნის შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართველი მეღვინეების წინსვლის ტემპმა დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა ექსპერტების ყველაზე თამამ პროგნოზებს (ეს ერთგვარი «პატარა სასწაული» იყო). თუ რუსეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას შეაჩერებს, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ფასი შეიძლება დაახლოებით 20%-ით გაიზარდოს. ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაუარესდება. ეს იქნება მტკივნეული დარტყმა, უპირველეს ყოვლისა, გლეხებისთვის და ღვინის ექსპორტიორებისთვის. ახალი ხელისუფლების მოსვლისა და სანქციების გაუქმების შემდეგ უამრავმა ადამიანმა საკუთარი ეკონომიკური წარმატება რუსულ ბაზარს დაუკავშირა, აიღო კრედიტი და წარმოების გაფართოებას მოახმარა. მთავრობა ირწმუნება, რომ «ზარალი არც ისე დიდი იქნება», ზოგიერთი ექსპერტი კი მეწარმეებს ევროპული ბაზრისკენ წასვლას ურჩევს. მაგრამ ის, ვინც ამტკიცებს, რომ შეიძლება უპრობლემოდ გადაამისამართო ექსპორტი რუსული ბაზრიდან ევროპულზე, უპასუხისმგებლო დემაგოგია. ევროკავშირში სულ სხვა, გაცილებით მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და გადაწყობა მათ მიმართ ქართული ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების საფუძვლიან რეკონსტრუქციას მოითხოვს და არ არსებობს გარანტია, რომ ის დასრულდება წარმატებით და არა კრახით.

ასე რომ, მთავრობას მოუწევს სერიოზული დაფიქრება იმაზე, თუ როგორ აუხსნას აგრარული სექტორის უკმაყოფილო წარმომადგენლებს, რატომ გაუარესდა მათი მდგომარეობა და კარგი რატომ არის ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირთან. ეს მით უფრო პრობლემური იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური ბონუსები «ევროასოცირებისგან» შედარებით შორეულ პერსპექტივას უკავშირდება, ხოლო რუსულ ბაზარზე შეღწევის გართულებით გამოწვეული პრობლემები არა ერთ ოჯახს უახლოეს მომავალში შეეხება.

რუსეთსა და თურქეთს შორის

ყველაზე სულელური, რაც შეიძლება განხილულ სიტუაციაში გაკეთდეს, თავზე ნაცრის დაყრაა ან ერთმანეთთან დაპირისპირება ისტერიული შეძახილებით «ხომ გეუბნებოდით!». საჭიროა გამოსავლის ძიება და ამ მხრივ საინტერესო შეიძლება თურქეთის გამოცდილება გამოდგეს.

თურქეთს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აკავშირებს, ხოლო ივლისის შუა რიცხვებში თურქეთისა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრების _ ნიხატ ზეიბეკჩისა და ალექსეი ულიუკაევის შეხვედრაზე თურქული მხარე გამოვიდა ინიციატივით «საბაჟო კავშირთან» (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი) თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის თაობაზე. ცხადია, ეს საკითხი იოლი გადასაწყვეტი არ არის და მხარეები შეთანხმდნენ, საგანგებო ჯგუფი შეექმნათ, რომელიც მუშაობას სექტემბერში შეუდგება, თუმცა მთავარი აქ, ალბათ, სხვა რამ არის _ თურქეთი ცდილობს, მიაღწიოს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის პრივილეგირებული ეკონომიკური პარტნიორის სტატუსს.

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს კარგი გამოსავალია საქართველოსთვის, ვინაიდან, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ისე ეკონომიკური მდგომარეობა თითქოს უბიძგებს მას, რომ მომავალში შეუერთდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს თურქეთსა და «საბაჟო კავშირის» ქვეყნებს შორის. ეს შეიძლება, აგრეთვე, განვიხილოთ, როგორც «შემოვლითი გზა» რუსულ ბაზარზე მაქსიმალურად კომფორტული მდგომარეობის დაბრუნებისთვის. მაგრამ აქ არის ერთი ნიაუნსი _ «საბაჟო კავშირთან» თანამშრომლობის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში (ისე, როგორც ეს თურქეთის ხელისუფლებამ გააკეთა), ჩვენს მთავრობას ადგილობრივი ოპონენტების მწვავე კრიტიკის მოგერიება მოუწევთ, რომელნიც «საბაჟო კავშირს» ცალსახად იმპერიალისტურ პროექტად განიხილავენ. მას კი (ჯერჯერობით?) ურჩევნია, საქმე აქამდე არ მიიყვანოს, ამიტომ, სავარაუდოდ, მკვეთრ მოძრაობებს მოერიდება. მოკლედ, ჩვენ, ალბათ, დავრჩებით იქ, სადაც ვართ, ხოლო მაქსიმალურ ბონუსებს თურქეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა მიიღებენ, რომლებიც ცდილობენ, საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი რთული მდგომარეობით ისარგებლონ.

უკრაინაში ომი გრძელდება და აშშ-ის შემდეგ მასშტაბურ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიც (და, შესაძლოა, იაპონიაც) წავიდნენ. ეს აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას (სრულს თუ მხოლოდ ნაწილობრივს, მომავალი გვიჩვენებს) და ვაჭრობის მოცულობის შემცირებას რუსეთსა და დასავლეთის წამყვან ქვეყნებს შორის, რითაც შეიძლება «მეორე ეშელონის» ქვეყნებმა ისარგებლონ და წინასწარ თადარიგი დაიჭირონ, რათა რუსულ ბაზარზე გამოთავისუფლებული ნიშების თუნდაც ნაწილი დაიკავონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, დაინახოს საკუთარი ადგილი ამ პროცესებში _ თურქეთის მსგავსად მოვიქცევით თუ ალტერნატიულ სტრატეგიას ავირჩევთ.

ბოლო წლებში რუსეთთურქეთის ურთიერთობას დადებითი დინამიკა ახასიათებს და გამორიცხული არაა, სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების ახალ ფორმულამდე მივიდნენ, თუმცა სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, თუ მდგომარეობა ყარაბაღში მკვეთრად გაუარესდება. გასულ კვირას იქ სერიოზული შეტაკებები მოხდა და ათეულობით მებრძოლი დაიღუპა. საქართველოში ამ კონფლიქტის მიმართ ორი ძირითადი მიდგომა არსებობს. კომენტატორების მცირე ნაწილი (ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მომხრეები) ახალ ომს მოუთმენლად ელოდება, რადგან მიიჩნევს, რომ ის «აჭრის» სიტუაციას რეგიონში, შეცვლის ძალთა ბალანსს, რომლითაც შეიძლება საქართველომაც იხეიროს. მეორე, შედარებით დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ ახალი ომი ყარაბაღში საქართველოს უსაფრთხოებას ძალზე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რომელსაც შეიძლება ვერ გავუმკლავდეთ.

არ შეიძლება მშვიდად ელოდო ომს და ისეთი რეალობის შექმნას, როდესაც საქართველო გახდება უმოკლესი დამაკავშირებელი გზა, ერთი მხრივ, სომხეთსა და მის მთავარ მოკავშირე რუსეთს შორის; მეორე მხრივ კი, _ აზერბაიჯანსა და მის მთავარ მოკავშირე თურქეთს შორის. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ კონტროლი ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ კომუნიკაციებზე ყარაბაღის ახალი ომის ბედს გადაწყვეტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის დიდხანს, მხარეთა გამოფიტვამდე გაგრძელდება. ორივე მხარისთვის სტრატეგიული ტვირთების გადასროლა საქართველოს ტერიტორიის გავლით რაღაც მომენტში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ასეთ ვითარებაში თუნდაც ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ახალი ტერიტორიების ან, სულაც, სახელმწიობრიობის დაკარგვის ფასად დაგვიჯდეს.

ცხადია, რომ საქართველოს ინტერესებშია (ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით), ხელი დეესკალაციას შეუწყოს, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამასთანავე, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა ან სხვა ინიციატივა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ დამატებითი ბონუსების მიღების საშუალებაა, არამედ ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების და გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ალბათ, სასურველია, მთავრობამ სიტუაციას ამ კუთხით შეხედოს, რუსეთ-თურქეთის პოზიციების ბოლოდროინდელ დაახლოებაში საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები დაინახოს და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას შეუდგეს.

ბინძური თამაში

ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმრავლესობა, რამდენიმე მარგინალის გამოკლებით, თანხმდება იმაზე, რომ სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტში ერთადერთი შესაძლებელი პოზიცია საქართველოსთვის მკაცრი ნეიტრალიტეტია. საინტერესოა, რომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად შეინიშნება სხვადასხვა ჯგუფის მცდელობა, გააღვივონ კონფლიქტი, ერთი მხრივ, ქართველებსა და სომხებს, მეორე მხრივ, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, ამიტომ სახელმწიფომ ამ საგანგაშო სიმპტომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

ფეხბურთი, ერთი შეხედვით, შორსაა პოლიტიკისგან (1969 წლის «საფეხბურთო ომი» ჰონდურასსა და სალვადორს შორის დროებით გვერდზე გადავდოთ), მაგრამ ის, რაც 31 ივლისს ბაქოში საჩხერის «ჩიხურასა» და ბაქოს «ნეფტჩის» მატჩზე მოხდა, უდავოდ, დაკვირვებას საჭიროებს. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრიბუნაზე, სადაც ქართველი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, გამოფინეს საქართველოს დიდი რუკა, რომელზეც ზაქათალა და კახი აღბეჭდილი იყო, როგორც საქართველოს ტერიტორია (ისევე, როგორც სხვა ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად მეზობელი ქვეყნების შემადგენლობაში შედის). ამას აზერბაიჯანელი გულშემატკივრების აღშფოთება და დიდი შეხლა- შემოხლა მოჰყვა, რომელშიც პოლიცია ჩაერთო. «იქ ძალიან ცუდი ვითარება იყო, _ განუცხადა «ინტერპრესნიუსს» საქართველოს კონსულმა აზერბაიჯანში ნიკოლოზ გოგიტიძემ, _ შეიძლება ხალხი დაღუპულიყო. ამაზე არავინ ფიქრობს. იქ იყო ათიათასიანი ბრბო, რომლის შეჩერება ძალიან ძნელი იქნებოდა. ორი ქვეყანა დიდ უბედურებას გადავრჩით, რომ არავინ დაიღუპა, არავინ დაიჭრა და დაშავდა». საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეს ინციდენტი ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

მიუხედავად იმისა, რა და როდის შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, აშკარაა, რომ ის, ვინც ბაქოში ხსენებული რუკა გამოფინა, ან ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, ან მიზნად დიდი პროვოკაციის მოწყობას ისახავდა. ვის შეიძლება აძლევდეს ხელს მსგავსი პროვოკაცია?

თუ დავუბრუნდებით ადგილობრივი არჩევნების წინარე პერიოდს, შეიძლება გაგვახსენდეს უპრეცედენტო მოვლენა ქართული პოლიტიკის ისტორიაში _ მმართველმა კოალიციამ გამგებლობის კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნა. «ქართული ოცნების» განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მისმა პოლიტსაბჭომ ეს იმიტომ გააკეთა, «რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება» (ოპოზიციურ პარტიებში, უპირველეს ყოვლისა, «ნაციონალური მოძრაობა» იგულისხმებოდა). «ოცნებამ» არჩევნები მარნეულში მაინც მოიგო, მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა რამ: ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესებს მარნეულში, დიდი ალბათობით, დაადასტურებენ იმას, რომ «ნაციონალების» კამპანია მართლაც შეიცავდა ეროვნული გრძობებით მანიპულირების ბინძურ ელემენტს და მასშტაბური დაპირისპირების ხელშეწყობა შეეძლო; კომენტატორებმა ამაზე არაერთგზის მიუთითეს. ამასთანავე, ძალიან ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, «ნაცმოძრაობა» ვერაფერს აკლებს ივანიშვილის ბლოკს «კონვენციური» პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით (და ამას როგორც არჩევნების შედეგები, ისე რეიტინგები ადასტურებს) და სულ უფრო ხშირად მიმართავს ისეთ მოქმედებებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე სახელმწიფოს სტაბილურობას შეუქმნას. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები არაერთგზის დაადანაშაულეს, რომ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა თუ აჭარაში ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობენ.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» თავის დროზე ცდილობდა, ფეხბურთის გულშემატკივრების რიგებში დასაყრდენი მოეძებნა და შეექმნა ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც მის დაკვეთებს შეასრულებდნენ. უდანაშაულობის პრეზუმფცია, რა თქმა უნდა, ხელშეუხებელია, მაგრამ კარგი იქნება, თუ დამოუკიდებელი მკვლევარები გამოიძიებენ, კონკრეტულად ვინ გამოფინა რუკა ბაქოში, გულშემატკივრების რომელ ჯგუფში შედიოდა ის და ა. შ. (იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეში სამართალდამცავების ჩარევისთვის ფორმალური საფუძველი არ არსებობს). იმედია, ადრე თუ გვიან შევიტყობთ, «ნაციონალური მოძრაობის» ინტერესები იდგა ამ პროვოკაციის უკან თუ რომელიმე სხვა ძალის.

მთავარია, რომ ეს «სასარგებლო იდიოტები» (ლენინის თქმის არ იყოს) «ნაცმოძრობიდან» მათზე გაცილებით ჭკვიანმა და გამოცდილმა მანიპულატორებმა არ გამოიყენონ სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში ყარაბაღის ახალ კონფლიქტში დაზარალებული მხარის დანაკარგების კომპენსირება სუსტი და პრაქტიკულად დაუცველი საქართველოს ხარჯზე მოახდინონ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here