Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება საქართველოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება

რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება საქართველოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება

583

რუსეთმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეაჩერა, რომელიც, ექსპერტთა აზრით, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს და, შესაძლოა, მისი ექსპორტირებაც გაართულოს. როგორ აისახება ეს ყველაფერი ქართული პროდუქციის კონკურენტულობაზე და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური ზარალის ასაცილებლად? _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიო» ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.


მამუკა ჩხეიძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი:

_ რუსეთმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეაჩერა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი, რა თქმა უნდა, არ არის. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პირველი სიგნალია და მომავალში, შესაძლოა, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი საერთოდ დაიხუროს. სამწუხაროდ, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამას მსოფლიო პრაქტიკაც ადასტურებს. მაგალითად, ვიცით, რომ რუსეთმა უკრაინული პროდუქციისთვის თავისი ბაზარი დახურა და დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. ისტორიული მაგალითის მოყვანაც შეიძლება: 50 წელიწადზე მეტია, ამერიკას ეკონომიკური ბლოკადა აქვს კუბისთვის გამოცხადებული. «ნაციონალურმა მოძრაობამ» საქართველო რუსეთთან ომის, დაპირისპირების არიერგარდად აქცია. ვფიქრობ, ეს უბედურებაც აქედან დაიწყო.

ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებდა, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, მოგვარებული არაფერია.

_ ჯერ კიდევ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ აუცილებელია, საქართველომ მთავარ ექსპორტიორ რუსეთთან პარალელურ რეჟიმში აწარმოოს მოლაპარაკება, რათა რუსეთის ბაზარი კვლავ არ დაიხუროს საქართველოსთვისო. ასე რომ არ მოხდესხელისუფლება რაიმე ზომას თუ მიმართავს?

_ რასაკვირველია, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი, ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, ისე დარეგულირდეს, რომ ამით რუსეთის ბაზარს არაფერი დაემუქროს. როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, ეკონომიკა პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი იარაღია. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ ახალმა ხელისუფლებამ იმედიანად განაწყო ბიზნესმენები. ხელისუფლება ხშირად ამბობდა, რუსეთთან ურთიერთობას ვაგვარებო. ეს  ბევრმა დაიჯერა და აიღო კრედიტი იმ იმედით, რომ საქონლის რეალიზაციას რუსეთის ბაზარზე მოახერხებდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, ვისაც ასიათასობით და მილიონობით კრედიტი აქვს აღებული. ჩვენი მთავრობა კი აცხადებს, საბაჟო ტარიფს დავაწესებთ და ბიუჯეტში მეტი თანხა შემოვაო.

_ ხელისუფლება ამბობს, რომ დიდი ფინანსური ზარალი არ მიადგება საქართველოს. აცნობიერებს კი ხელისუფლება ვითარებას?

_ საქართველოს წლიური ექსპორტის 9%-ზე მეტი რუსეთზე მოდის და აღსანიშნავია, რომ ეს 9% მოიცავს ყველა იმ საქონელს, რომლებიც საქართველოშია წარმოებული და არ არის რეექსპორტირებული. ამ 9%-ის შესაქმნელად ქვეყანაში უამრავი ადამიანია დასაქმებული და, როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრმა კრედიტი აიღო იმ იმედით, რომ რუსეთის ბაზარი იმუშავებდა.

რაც  შეეხება კონკრეტულ ზარალს, 2008 წელს ომის შემდგომ დასავლეთმა გრანტებისა და კრედიტების მეშვეობით დიდი მატერიალური დახმარება გაგვიწია. ფაქტობრივად, ამან გადაფარა ჩვენი ომითა თუ იმჟამინდელი გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული სირთულეები. თუ დასავლეთი ახლაც მოგვცემს მილიარდებს, რასაკვირველია, საქართველო ამ სირთულეებს ადვილად გადალახავს, მაგრამ საკითხავია, მოგვცემს? მგონია, რომ არ მოგვცემს. ამას გარდა, ახლა საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ეს დასაქმებული 9%, რომელიც ზემოთ ვახსენე, უმუშევარი დარჩება. ასე რომ, თუ საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი დაიხურება, ცუდ შედეგებს მივიღებთ.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ ჩვენს პროდუქციას უფრო დიდი მომავალი აქვს და, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროპულ ქვეყნებში დიდი გასაღების ბაზარი ექნება.

_ გაიკითხონ, რა მდგომარეობაა ლიტვაში. ეს ქვეყანა რძის პროდუქტების ერთ-ერთი წარმატებული მწარმოებელი იყო მსოფლიოში და ნახონ, როგორია ლიტვის ექსპორტი ევროკავშირში. ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა ძალიან რთულია. რასაკვირველია, ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. მსოფლიო რუსულ ბაზარზე შესასვლელად ფულს ხარჯავს, ჩვენ კი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში პირიქით, იქიდან გამოსასვლელად დავხარჯეთ ფული.

_ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება, ბუნებრივია, ფასების ზრდას გამოიწვევსროგორ აისახება ეს ქართული პროდუქციის კონკურენტულობაზე?

_ ქართული ბაზრის პროგნოზირება ფასწარმოქმნის მექანიზმის მიმართ თითქმის შეუძლებელია. საქართველოში მონოპოლიური კაპიტალიზმია. უბრალო მაგალითს გეტყვით: 1 სექტემბრიდან ევროკავშირთან საბაჟო გადასახადები უქმდება, ანუ ევროკავშირის პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაუქმდება, ამან, წესით, ევროპული პროდუქციის გაიაფება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება, რადგან ქართული ბაზარი სპეციფიკურია და არც ანტიმონოპოლიური სამსახური მუშაობს.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი:

_ საქართველოში ეს გადაწყვეტილება არასწორად გაიგეს. საუბარია, 1994 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის იმ ნაწილის შეჩერებაზე, რომელიც ნულოვან საბაჟო განაკვეთებს ეხება და ამ გადაწყვეტილების მოტივიც გასაგებია, მიზეზი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა. ამიერიდან საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა, ყოველგვარი შეღავათების გარეშე, ჯერჯერობით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისად გაგრძელდება და საბაჟო განაკვეთები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისი იქნება.

_ ექსპერტთა აზრით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გასვლის გამო, რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია გაძვირდება, რაც, ბუნებრივია, პროდუქციის კონკურენტულობაზეც აისახება.

_ ცხადია, საბაჟო ტარიფების დაწესება ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კატასტროფა არ არის. ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, ხარისხი უნდა გავზარდოთ და მაშინ მასზე რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენს კომპანიებს მოგება, ალბათ, ცოტა შეუმცირდებათ, ვიდრე პროდუქციის მოცულობას გაზრდიან. ვინაიდან არ გვინდა რუსეთთან ინტეგრაცია და ევროპისკენ მივდივართ, თავისთავად ცხადია, რუსეთი შეღავათებს აღარ გვიწესებს და ის მზად არის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სატარიფო ბადის შესაბამისად ივაჭროს საქართველოსთან.

 _ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ გაიხსნება კი  ევროპული ბაზარი საქართველოსთვის?

_ ევროპული ბაზარი დღესაც გახსნილია, მაგრამ, იქ რომ შეხვიდე, რაღაცას უნდა აწარმოებდე. გარკვეული პროდუქცია ამ ხელშეკრულების გარეშეც გადიოდა ევროპის ბაზარზე. არაფერს ვაწარმოებთ და რა უნდა გავიტანოთ ექსპორტზე? თუმცა აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს მიმართულებას, თუ 7-10 წელი ინტენსიურად ვიმუშავებთ, შევძლებთ, ჩვენი ეკონომიკა მოვამზადოთ იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებით ვისარგებლოთ. დღეს საუბარი რომელიმე ბაზრის ჩანაცვლებაზე პროფანაცია და დილეტანტიზმია. ერთი ბაზარი მეორეს არ ანაცვლებს. თუ სადმე რაიმე გეყიდება, უნდა გაყიდო. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, რომელიც ეკონომიკისა და ვაჭრობის არსიდან გამომდინარეობს.

_ რამდენიმე დღის წინათ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, მესამე ტალღის სანქციების შედეგად, 2014 წლის ბოლოს, შესაძლოა, რუსეთის ზარალმა _ 23 მილიარდს, ევროკავშირის ზარალმა კი 40 მილიარდს მიაღწიოსო. როგორ აისახება მსოფლიოში არსებული ვითარება საქართველოზე?

_ ეს სანქციები რუსეთს დიდად ვერ დააზარალებს, პირიქით _ თუ შეძლებენ, გონივრულად მართონ კრიზისული სიტუაციები, მათზე დადებითადაც აისახება. რუსების ხასიათიდან გამომდინარე, რაც უფრო უჭირთ, მით მეტად მობილიზებულები არიან, ამიტომ ეს სანქციები რუსეთს დიდად ვერ აზარალებს, მაგრამ, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას შეცვლის და საპროცენტო განაკვეთების ზრდას დაიწყებს, ეს მტკივნეულად აისახება რუსეთზე, ვინაიდან რუსული კომპანიების კორპორაციული ვალი 700 მილიარდს შეადგენს, რომელსაც რესტრუქტურიზაცია სჭირდება და მათთვის ფულის მოძიება გაჭირდება.

ცხადია, მსოფლიოში ფულის გაძვირება საქართველოშიც გამოიწვევს საპროცენტი განაკვეთების ზრდას, რაც ჩვენი, როგორც იტყვიან, ისედაც დაქცეული ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნება.

იოსებ არჩვაძე, პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკის სპეციალისტი:

_ 1990-იან წლებში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველო პროდუქციის ექსპორტს დღემდე ყოველგვარი ბაჟის გარეშე აწარმოებდა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როდესაც რუსეთმა ემბარგო დააწესა ჩვენს პროდუქციაზე, ეს ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა. 2006-2012 წლებშიც კი საქართველო რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციის ბრუნვას ეწეოდა რუსეთის ბაზარზე. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ აუკრძალავს ქართული პროდუქციის შეტანა თავის ბაზარზე, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერება ჩვენს პროდუქციაზე ფასების მომატებას გამოიწვევს. მაგალითად, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე ღვინო გადის დაახლოებით 4 დოლარად, რუსულ ბაზარზე კი საშუალოდ 14 დოლარად იყიდება, ვინაიდან საწყის ფასს ემატება საბაჟო მოსაკრებელი, სააქციზო გადასახადი და ა. შ.

რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების თაობაზე ქართული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ვფიქრობ, დაახლოებით 12-15%-ის ფარგლებში მოიმატებს ფასი ქართულ პროდუქციაზე.

იმპორტიორები იძულებულები იქნებიან, შეინარჩუნონ ხარისხი და ფასი დაწიონ. თუ აქამდე შუამავლები და ვაჭრები ღვინის იმპორტზე უფრო დიდ მოგებას იღებდნენ, ამიერიდან, რადგან საბაჟო გადასახადი იზრდება, შეიძლება მოგების მარჟა შემცირდეს.                                        

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here