Home რუბრიკები პოლიტიკა ბრალდებული ჯამბაზი

ბრალდებული ჯამბაზი

675

დიალოგი წარსულთან საკმაოდ რთული რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ წარსულს მიხეილ სააკაშვილი განასახიერებს. ან როგორ გინდა, მოუსმინო ადამიანს, რომელიც სრული სერიოზულობით თავს «ქართული სახელმწიფოს შემქმნელს» უწოდებს, ისე, რომ არ გაგახსენდეს გარესამყაროსგან იზოლირებული ბაღი ასათიანის ქუჩაზე, სადაც ძველად შეძლებისდაგვარად დინჯად სეირნობდნენ თვითგამოცხადებული ფარნავაზები, ნაპოლეონები და მაკედონელები. რატომ დახურა სააკაშვილმა ფსიქიატრიული ასათიანის ქუჩაზე? ეს «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რომლის უკან, შესაძლოა, რაღაც ძალიან პირადული იმალებოდეს.

საზოგადოდ, მენტალურად აშლილი ადამიანის დაცინვა ვერაფერი ვაჟკაცობაა, ხოლო მისი მოსმენა და მით უმეტეს, მისი იდეების განხილვა, დროის ფუჭი ხარჯვაა. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მის ბოლოდროინდელ კომენტარებზე ითქვას (ცხადია, ეს სუბიექტური მოსაზრებაა), ის არის, რომ სააკაშვილი ძალზე ანერვიულებულია და, როგორც ჩანს, საკუთარი უსაფრთხოების გარდა, ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებს. შესაბამისად, ის მოსაწყენია, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კონცენტრირებულია ერთადერთ საკითხზე.

ფიგურანტს წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით და, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ, თუ დასავლური სამყაროს ყველა ლიდერი, სპეცსამსახურების შეფებთან ერთად, მივა სააკაშვილთან, რათა დაამშვიდოს და უთხრას, რომ მას ქართველ სამართალდამცავებს 99%-იანი ალბათობით არ გადასცემენ, მისი მშფოთვარე გონება ჩაებღაუჭება იმ ერთადერთ დარჩენილ პროცენტს და მის საფუძველზე კოშმარული სცენარების კონსტრუირებას დაიწყებს. ჩვენ არაერთგზის დავრწმუნდით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიშს არაპროპორციულად დიდი თვალები აქვს და, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან ეს შიში მძიმე შეცდომას დააშვებინებს.

ცნობილი კაციჭამია დიქტატორი ცენტრალური აფრიკიდან _ ჟან-ბედელ ბოკასა მშვიდად ცხოვრობდა საფრანგეთში, როდესაც სამშობლოში დაუსწრებლად გაასამართლეს. 1986-ში კი ბოკასამ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც, ძალიან ძნელია, ლოგიკური ახსნა მოუძებნო და იმის იმედით, რომ ხალხი ტახტზე დააბრუნებდა, მოულოდნელად ჩაფრინდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუყონებლივ დააპატიმრეს. ცხადია, სააკაშვილი მსგავსს არაფერს გააკეთებს; ბოკასა, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღარი დიქტატორი იყო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ და პიროვნული სიმამაცის დეფიციტს არ უჩიოდა, ხოლო ეს ჩვენი «დედიკოს ბიჭი» ამდენს ნამდვილად ვერ გაბედავს. აქ მთავარია სხვა რამ: რეალობის ტრანსფორმირება გაქცეული დიქტატორის გონებაში და არაკორექტული, სიტუაციის შეუსაბამო სცენარების შემუშავება. პერუს ყოფილი მმართველი ალბერტო ფუხიმორი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ იაპონიაში ცხოვრობდა, სადაც ექსტრადიცია ნამდილად არ ემუქრებოდა. მაგრამ რაღაც გაუგებარი, უცნაური გათვლების საფუძველზე ჩაფრინდა ჩილეში, სადაც დააპატიმრეს და პერუს გადასცეს. ორივე დიქტატორმა, სავარაუდოდ, ვერ გააცნობიერა სხვაობა თავის ძველ და ახალ შესაძლებლობებს შორის, ხოლო ემოციურმა აღტკინებამ სიტუაციის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა არ მისცა. სააკაშვილის შემთხვევაში ამას პანიკური შიში ემატება, სწორედ ის შიში, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში გორის ცენტრში იმ სამარცხვინო გარბენისკენ უბიძგა (და არა მხოლოდ მისკენ). ადრე თუ გვიან მძიმე შეცდომას, სავარაუდოდ, ისიც დაუშვებს, არა ზუსტად ისეთს, როგორსაც ბოკასა და ფუხიმორი, არამედ სხვას, განუმეორებელსა და დაუვიწყარს. თუ მისი თანაგუნდელების ინტერვიუებს ყურადღებით გავაანალიზებთ, დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ იმ ამაზრზენი რეპრესიებისა და სისასტიკის უკან, უპირველელ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი, სავსებით არალოგიკური შიში იდგა. მას მუდამ ეშინოდა ოპოზიციის, პატარკაციშვილის, ივანიშვილის, გადატრიალების, რევოლუციის და ა. შ. და, რაც მთავარია, ეშინოდა ხალხის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილი ქართულ საპატიმროში არ მოხვდება და სადღაც უცხოეთში დაიმალება, სიცოცხლის ბოლო წუთამდე სწორედ შიში შეასრულებს მისთვის ყველაზე მკაცრი რეჟიმის კარცერის როლს. სინამდვილეში, ის უკვე დაპატიმრებული და დასჯილია, თუმცა, შესაძლოა, ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს.

პრინციპში, ყოველივე აღწერილი უფრო მისი პრობლემაა, ვიდრე ჩვენი. ეკამათოს პროკურატურას, დაიცვას თავი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროცესი ძალიან საინტერესო იქნება, თანდათან, სავარაუდოდ, საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე გადაინაცვლებს. ცხადია, უფრო გვიან, ვიდრე ეს ახალაიასა და მერაბიშვილის პროცესების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ მაინც. საქმე ისაა, რომ კონცენტრირება წარსულზე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლებელია, სააკაშვილი კი წარსულია, თან (მისი ბოლო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უიმედო წარსული. ასე რომ, მისი გასამართლება გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნებს მნიშვნელოვან ადგილს საზოგადოებრივ დისკუსიებში, თუმცა მთავარი თემა მალე აღარ იქნება. მაგრამ დამშვიდობება წარსულთან, მის გადახაზვას როდი ნიშნავს, სააკაშვილის გასამართლება უკავშირდება მისი მმართველობის პერიოდის შეფასებას და საქართველოს უახლეს ისტორიაში მისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნას. რა იყო ეს? რისთვის იყო? რა დასკვნები გამოვიტანეთ? ამ (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა) ისტორიული გამოცდილების კრიტიკული გააზრების გარეშე, ისევ «წრეზე სიარული» მოგვიწევს.

«ნაციონალები» მიიჩნევენ, რომ 2003 წელს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, უახლოეს წარსულთან მის კავშირს უარყოფენ. ამავე დროს, ისინი, ასევე ემოციურად, უარყოფენ კავშირს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ რეალობასთანაც. ამას შეიძლება ერთგვარი «ისტორიული სეპარატიზი» ვუწოდოთ. წარსულისა და აწმყოს უარყოფა უბიძგებს მათ იმისკენ, რომ «საკუთარი ეპოქა» სრულიად განსხვავებულ, ცალკე მდგომ მოვლენად განიხილონ და, რაც მთავარია, სხვებისგან მისი ცალსახა შეფასება მოითხოვონ. ეს მიდგომა ისტორიულ პროცესს არა მდინარის დინებას (ცნობილი მეტაფორაა), არამედ ნახტომების სერიას ამსგავსებს.

ამას, პარადოქსულად, მოაქვს «სააკაშვილის ეპოქის» სრული უარყოფა საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ. უამრავ ადამიანს ურჩევნია, უბრალოდ, გადახაზოს «სააკაშვილის ეპოქა» ზუსტად ისე, როგორც «ნაციონალებმა» «შევარდნაძის ეპოქა» გადახაზეს. მათი ლოგიკა გასაგებია _ თუ «ნაციონალებს» სურთ, მიიღონ ცალსახა შეფასება «ცუდიკარგი»- პრიმიტიულ კოორდინატთა სისტემაში, აგერ, ბატონო, ცალსახა შეფასება. არადა, ისტორიაში არ არსებობს არაფერი ცალსახა და შეუძლებელია კავშირის სრული გაწყვეტა სხვადასხვა პერიოდს შორის. შეუძლებელია, გაიგო «სააკაშვილის ეპოქა» «შევარდნაძის ეპოქასთან» კავშირის გაანალიზების გარეშე, ან «ივანიშვილის ეპოქა» «სააკაშვილის ეპოქაზე» დაკვირვების გარეშე და ა. შ.

საბოლოო ჯამში, ისტორიული გამოცდილების გააზრების ნაცვლად, აბსურდის თეატრს ვიღებთ. ვინაიდან საქართველოში ფართოდ გავრცელებულია კოგნიტური ხარვეზი, რომელიც ერთი დეტალის შეფასებაზე დაყრდნობით მთელი სისტემის შეფასებას ითვალისწინებს, პოლემიკა ფრიად უცნაურ ხასიათს იძენს. «ნაციონალები» ამბობენ, რომ პოლიციელებმა შეწყვიტეს ქრთამის აღება და დაუყონებლივ გადადიან იმის მტკიცებაზე, რომ, აქედან გამომდინარე, «მათი ეპოქა» მთლიანობაში მშვენიერი იყო. მათი ოპონენტები კი ამბობენ, რომ ამავე პოლიციელებმა დაიწყეს თანამოქალაქეების (გაცილებით მასშტაბური, ვიდრე «მექრთამეობის პერიოდში») წამება, დახოცვა და გაუპატიურება და იქვე ასკვნიან, რომ განხილული ეპოქა სრული კოშმარი იყო. იგივე ეხება ეკონომიკას, პოლიტიკას, სამხედრო საქმეს, კულტურას და . .

ამ ხმაურში იკარგება ერთი მნიშვნელოვანი იდეა _ სააკაშვილის რეჟიმის ფორმირება ყველა იმ საზიზღრობით, რომლებიც მას უკავშირდება, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საზოგადოებაში ფართოდ წარმოდგენილი არაკორექტული წარმოდგენები და ბნელი ინსტინქტები. რეჟიმი, უპირველესად, ამაზე იდგა და არა უცხოელების მხარდაჭერაზე, რომელნიც, მათი საეჭვო მოტივების მიუხედავად, არასოდეს დაუჭერენ მხარს იმას, რასაც მოსახლეობაში დასაყრდენი საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბერში ეს «ბნელი მხარე» საზოგადოების (ქვე)ცნობიერებაში არსად გამქრალა. სააკაშვილი მარსიდან არ ჩამოფრენილა, ის ქართულმა საზოგადოებამ შვა და მანვე შესაძლებელი გახადა მისი მახინჯი რეჟიმის ჩამოყალიბება. ამიტომ, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის გასამართლებას საზოგადოებამ საკუთარ თავში გარკვევის თუნდაც მინიმალური მცდელობა დაუკავშიროს და «მთელ ამ ისტორიაში» საკუთარი როლი გაიაზროს. ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის ისტორია ან წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორია, ეს თითოეული ჩვენგანის (და საზოგადოების მთლიანობაში) მტკივნეული ტრანსფორმაციის, იმედებისა და იმედგაცრუების, სიყვარულისა და სიძულვილის ისტორია იყო. დღეს გერმანია, შესაძლოა, იმიტომაა მსოფლიოს ერთერთი ყველაზე განვითარებული და ამაყი ქვეყანა, რომ თავის დროზე არ შეშინდა და საკუთარ წარსულს თვალებში ჩახედა.

ზოგს მსგავსი პარალელების გავლება შეიძლება გაუმართლებლად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, ეს სწორედ რომ ფაშიზმი იყო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიკითხოს ლოურენს ბრიტის «ფაშიზმის 14 ნიშანი» და თქვას, რომელი ერთი არ იყო წარმოდგენილი სააკაშვილის დროინდელ საქართველოში (ან გაეცნოს «საქართველო და მსოფლიოს» გასული წლის 15 მაისის სტატიას «მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი», სადაც ეს საკითხი, ასე ვთქვათ, «კონსპექტურად» განიხილება). ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას «პროტოფაშიზმი», «კვაზიფაშიზმი», «უტვინო და არშემდგარი ფაშიზმი», მაგრამ პრობლემის არსს ეს არ შეცვლის. ასეთი უპატივცემულობა ადამიანების უფლებების მიმართ შესაძლებელია მხოლოდ ფაშისტური რეჟიმის პირობებში და მწარე სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეჟიმის ჩამოყალიბება შესაძლებელი ქართულმა საზოგადოებამ გახადა. ამ ნიადაგზე სასურველია თვითგვემის (მოკლე და თეატრალიზებული) სეანსი კი არ მოვაწყოთ, არამედ გავერკვეთ, რა დაგვემართა.

სააკაშვილი ვერ მოიქცევა ისე, როგორც ძველი ყაიდის ზოგიერთი დიქტატორი დახვრეტის წინ: «გულში მესროლეთ, ჯარისკაცებო! გაუმარჯოს ჩვენს დიად სამშობლოს!», ასე მას არ შეუძლია. ბოლო დროს ის იქცევა, როგორც უკანასკნელი კლოუნი და, შესაძლოა, ორი მიზნის მიღწევას ცდილობს. მას, სავარაუდოდ, სურს, ხაზი გაუსვას პროცესის არასერიოზულობას და აუდიტორიაში თანაგრძნობა აღძრას. მართლაც, შეუძლებელია, სრული სერიოზულობით მიუდგე კლოუნს, თუნდაც ხელები სისხლში ჰქონდეს გასვრილი და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი რომც გაუტანოს, იმის ალბათობა, რომ საზოგადოება ზიზღით ზურგს შეაქცევს და შეეცდება, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს (ეს კი შესაძლებლობას მისცემს, სადღაც შორს გახოხდეს და დაიმალოს), საკმაოდ დიდი იქნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ არაფრის დავიწყების უფლება არ გვაქვს და წარსული სრული მოცულობით უნდა გავიაზროთ, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ.

დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here