Home რუბრიკები პოლიტიკა ელისო კილაძე «ოცნების» წარმომადგენლებს «კუდის» მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობაში ამხელს

ელისო კილაძე «ოცნების» წარმომადგენლებს «კუდის» მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობაში ამხელს

1097

გაზეთ «ქრონიკა+»-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ «ქართული ოცნების» წარმომადგენლებზე ცოტა ხნის წინათ სკანდალური ინფორმაცია გამოქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების სათავეში «ნაცმოძრაობის» ყოფნის პერიოდში «ქართული ოცნების» წევრები: დავით საგანელიძე, ირინა იმერლიშვილი, ანი მიროტაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი მელაშვილი, ალი ბაბაევი, არმაზ ახვლედიანი და სხვები  თურმე სპეცსამსახურებთან  თანამშრომლობდნენ. 


მიუხედავად იმისა, რომ «აგენტობაში ბრალდებულები» ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და რამდენიმე მათგანმა პროკურატურაში სარჩელიც კი შეიტანა. ელისო კილაძე დოკუმენტების სინამდვილეში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალასაც აქვს. როდის გამოქვეყნდება სკანდალური ვიდეოკადრები და რატომ არ მოჰყვა მმართველი კოალიციის რეაგირება გამოქვეყნებულ ინფორმაციას _ ამ საკითხზე «საქართველო და მსოფლიოს» ელისო კილაძე ესაუბრება.

_ სპეცსამსახურებთან «ქართული ოცნების» წარმომადგენლის თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, რატომ  არ მოჰყვა რეაგირება თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას «ოცნების» ლიდერების მხრიდან?

_ დავით საგანელიძემ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა, რის შემდეგაც დამიკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი და მთხოვა, ჩვენება მიმეცა. წარვადგინე გაზეთში გამოქვეყნებული დოკუმენტები. ამის შემდეგ რა ბედი ეწია ამ საქმეს, არ ვიცი, ვინაიდან სხვა საგამოძიებო ქმედებებში ჩემთვის მონაწილეობა აღარ შემოუთავაზებიათ. სასამართლოს მიმართა ალი ბაბაევმაც, თუმცა, პროცესი დაიხურა _  მას გრიფი «საიდუმლო» დაადეს. ეს პროცესი 11 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რაც შეეხება რეაგირებას, ვფიქრობ, დასახელებულ პირთაგან ბევრი პოლიტიკურ პროცესებს, ფაქტობრივად, ჩამოშორდა, მაგალითად, არმაზ ახვლედიანი, თუნდაც დავით საგანელიძე, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკიდან წავალო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს, გარკვეულწილად, ელისო ჩაფიძეც ჩამოაშორეს. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ «ქართულ ოცნებაში» იყო კულუარული გარჩევები და ბიძინა ივანიშვილმა კატეგორულად მოითხოვა რეაგირება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მაინც «სირაქლემას პოზაში» ყოფნა არჩიეს. არადა, მიმაჩნია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ერთია ის დოკუმენტი, რომელიც მე გამოვაქვეყნე და მეორე და უმთავრესი _ რა დავალებებს ასრულებდნენ ეს ადამიანები.

საზოგადოდ, როდესაც საქმე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა მიუღებელი და სამარცხვინო არ არის, მაგრამ ახალაიას უწყება, ჩემთვის საქართველოს სპეცსამსახური არ არის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის რეჟიმის ძალოვან უწყებასთან თანამშომლობდნენ. ეს ხდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე და, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რა დავალებებს ასრულებდნენ.

_ გარდა ამ დოკუმენტების ასლებისა, რომლებიც გამოაქვეყნეთ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებებლი კიდევ რა მტკიცებულებები გაქვთ?

_ მე ვენდობი იმ ადამიანს, რომელმაც ეს მასალები გადმომცა. მათი შეხვედრის ადგილიც ვიცი _ პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან, ყოფილ სამხედრო ყაზარმაში ხვდებოდნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და იქვე იღებდნენ დავალებებს. მგონია, რომ ხელისუფლებამ «არშემჩნევის პოზა» აირჩია, რადგან ეს არის თემა, რომლის გამოძიებაც ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას…

_ თუმცა ეს პირები დღესაც ძველებურად განაგრძობენ კოალიციაში მუშაობას, მაგალითად, როდესაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეთ, ჩვენ დავუკავშირდით «ქართული ოცნების» ერთერთ ლიდერს _ მანანა კობახიძეს და ვკითხეთ, რატომ არ მოჰყვა აღნიშნულ ინფორმაციას რეაგირება კოალიციის მხრიდან. ქალბატონმა მანანამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა: «თუ კუდის აგენტმა საგანელიძემ არჩევნები მოგვაგებინა, ბარაქალა მაგას, კუდს მისთვის კარგი დავალება მიუცია» (იხ. «საქართველო და მსოფლიო», #226). როგორ ფიქრობთ, რატომ არ აღმოჩნდა  ეს ინფორმაცია დამაჯერებელი «ქართული ოცნების» ლიდერებისთვის?

_ როგორც ჩანს, ქალბატონმა მანანამ ვერ გაარკვია, საგანელიძის მიმართ არ ყოფილა ბრალდება კუდის აგენტობაზე, მას გაცილებით მძიმე ბრალდება აქვს. საგანელიძე იყო სამხედრო პოლიციის დაზვერვის ღრმა დაშიფვრის ოფიცერი. აგენტსა და ღრმა დაშიფვრის ოფიცერს შორის დიდი განცხვავებაა და ქალბატონმა კობახიძემ, როგორც იურისტმა, ეს უნდა იცოდეს. ან რას ნიშნავს, სანგანელიძემ მოაგებინათ არჩევნები? მართლა ჰგონიათ, რომ ან კობახიძემ, ან საგანელიძემ, ან სხვამ მოიგო არჩევნები? არჩევნები მოიგო ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მაგრამ, სამწუხაროდ, კოალიციის შემადგენლობაში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ, თუმცა, ვფიქრობ, მომდევნო პარლამენტში ისინი აღარ იქნებიან.

შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, საგანელიძის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე სასამართლოში. მოსამზადებელი სხდომა უკვე გაიმართა, მოსამართლემ მორიგება შემოგვთავაზა, რომელზეც მეორე მხარემ ორი კვირა ითხოვა მოსაფიქრებლად, მე კი მორიგებაზე კატეგრული უარი ვთქვი. სასამართლო დავა გრძელდება და საგანელიძისგან ვითხოვ ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დადასტურებას ან სიმბოლურ თანხას _ 41 ლარს. 

დიდხანს ვიფიქრე, გამომექვეყნებინა თუ არა ეს მასალები და, სხვათა შორის, გარკვეული კომპრომისი იყო ჩემი მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მასალების გამოქვეყნების შეწყვეტა, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ ამას გარკვეული კონფრონტაცია მოჰყვებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლითაც დამთავრებულიყო. ეს კი ნამდვილად არ ღირდა.

_ განაცხადეთ, ვიდეომტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებო, უკვე საკმაო დრო გავიდა ამ განცხადების შემდეგ, რას აპირებთ?

_ დიახ, ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია, გამოვაქვეყნო თუ არა, ვინაიდან, ქვეყანაში უკიდურესად რთული სიტუაციაა _ «ქართული ოცნების» რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ეს ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, როდესაც მოსახლოების 65% არჩევნებზე, უბრალოდ, არ მივიდა. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური რყევების გამოწვევა ღირს თუ არა, დასაფიქრებელია. არ მინდა, «ნაციონალური მოძრაობის» წისქვილზე დავასხა წყალი და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებაში შევუწყო ხელი.

ამ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა,  ვფიქრობ, აღარ აქვს, ვინაიდან მომდევნო არჩევნებში ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მაქვს, პოლიტიკაში აღარ იქნებიან.

_ შეგიძლიათ თქვათ, რა არის ამ ვიდეოფირებზე?

_ დეტალებზე არ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი მასალა არსებობს, რომელიც თავის დროზე ჩემამდე მოვიდა და რომელიც ეხებოდა ცნობილი ადამიანების, მათ შორის, «ქართული ოცნების» წარმომადგენლების, დეპუტატების, მინისტრების პირად ცხოვრებას და მართლა მიკვირს, რატომ თავად არ ითხოვენ გამოძიებას ეს პირები?! რატომ არ დაისვა არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ ფირების გადაღებაზე პასუხისმგებელნი, მით უმეტეს, ბევრი მათგანი ბოლომდე  თანამდებობებზე მუშაობდა. მაგალითად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი _ გიორგი ყავლაშვილი, რომელიც ზედამხედველობდა ამ გადაღებებს, ბოლო პერიოდამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა; აგრეთვე, დათა ახალაიას ყოფილი მოადგილე _ ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც დღემდე თავისუფალია და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ჩემს ხელთ არსებული ვიდეოკადრები ადასტურებს «ქართული ოცნების» წარმომადგენლების თანამშრომლობას კუდის მაღალჩინოსნებთან.

_ ქალბატონო ელისო, როდესაც აღნიშნული  დოკუმენტები გამოაქვეყნეთსაუბრობდნენ, რომ თქვენც თანამშრომლობდით კუდთან, სხვა შემთხვევაში ეს დოკუმენტები მის ხელში ვერ აღმოჩნდებოდაო

_ ამ მასალების ავტორებმა, როგორც ჩანს, ჩემი ისტორია კარგად არ იციან. მე გაზეთშიც დავწერე იმის შესახებ, თუ როგორ შემომთავაზეს სპეცსამსახურებმა თანამშრომლობა. პირველად სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა შემომთავაზეს თანამშრომლობა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში ვიყავი. მითხრეს, შექმენი პოლიტიკური პარტია და პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული გექნებაო, მაგრამ უარი ვთქვი. მეორედ ასეთი შემოთავაზება მივიღე 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნეთ. იმხანად საკმაოდ სოლიდური თანხა შემომთავაზეს. მინდა, განვაცხადო: არ არსებობს კომპრომატი, რომლისაც მეშინია და, საერთოდ, არანაირი მასალა არ არსებობს, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ. არადა, ამის მცდელობა იყო, როგორც ძველი ხელისუფლების, ასევე ახალი ხელისუფლების დროს.

ასე რომ, ამ ჭორების ავტორმა უნდა იცოდეს, რომ აგენტებს ასეთ მასალებს არ აძლევენ. პირადი თემებით სპეკულირება არ მჩვევია, მაგრამ ჩემი მეუღლე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და სამსახური ვანო მერაბიშვილთან პირადი დაპირისპირების გამო დატოვა. ჩემს შვილზე ზემოქმედებდნენ, ცდილობდნენ, პროვოკაცია მოეწყოთ. დღეს ვინც ჩემზე ასე საუბრობს, მინდა ვკითხო _ სად იყვნენ იმ წლებში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი გააფთრებით ებრძოდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?

_ თქვენ ჯერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოაქვეყნეთ ინფორმაცია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ისაუბრეთ. რა ვითარებაა ახლა, როცა «ნაციონალების» საბოტაჟზე ბევრს საუბრობენ, თუ ემუქრება საფრთხე ხელისუფლებას?

_ ეს მოხდა 2013 წლის იანვარში, როცა ბიძინა ივანიშვილი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და რევანშის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა. ერთ-ერთი უწყების სპეცრაზმის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ 25 კაცს ამზადებდნენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით. კონკრეტული ადგილიც დამისახელა, სადაც მზადება მიმდინარეობდა. მან მითხრა, რომ არ ჰქონდა საშუალება შსს-ში მისულიყო, რადგან სამინისტროში ისევ «ნაციონალების» ზონდერები მუშაობდნენ და მხოლოდ პრემიერის სიმამრთან შეხვედრა მოითხოვა. ღამის ოთხ საათზე, ჩვენს ოფისში შედგა შეხვედრა და შემდეგ ურთიერთობა  ჩემ გარეშე გაგრძელდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლოება. მან დაასახელა იმ პირთა გვარები, რომელთაც ამზადებდნენ, აგრეთვე, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა მათი მომზადება ივანიშვილის სალიკვიდაციოდ.

ასევე მქონდა ინფორმაცია, რომ 5 მინისტრი გადადგებოდა და მზადდებოდა შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ეს სცენარი აღარ გამოვა, რადგან ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. ახლა ღარიბაშვილის მთავრობა სრულ ნდობას მიიღებს პარლამენტისგან და შემოდგომაზე დანარჩენ მინისტრებს, მათ შორის, შეთქმულ მინისტრებსაც, გადააყენებს თანამდებობიდან.

«ნაციონალური მოძრაობა» ყველანაირად ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ «ნაციონალები» ხელისუფლების წარმომადგენლებს თურქეთში ხვდებოდნენ. ამ შეხვედრებში გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილის ფრთა და ირაკლი ალასანიას წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ირაკლი ალასანია შემოდგომაზე აღარ იქნება თანამდებობაზე. 

ჩემი ინფორმაციით, ახლა ერთადერთ საფრთხედ ციხეებში არსებული ვითარება რჩება, ვინაიდან,  თუ ახალი მინისტრი შეეცდება, ციხეში ვითარება მოაგვაროს და «მაყურებლის ინსტიტუტი» ალაგმოს, შესაძლებელია, ციხეში ბუნტი დაიგეგმოს. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას «ბეწვის ხიდზე» გავლა მოუწევს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here