Home რუბრიკები პოლიტიკა მესამე მსოფლიო ომის ქართული ფრონტი

მესამე მსოფლიო ომის ქართული ფრონტი

675

ასი წლის წინათ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იმედებისა და აღმოჩენების ბრწყინვალე ეპოქა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ ჰქონდა, სრული კოშმარით დაგვირგვინდა. ამ ეპიკურმა სასაკლაომ შეცვალა პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო საქმე, ხელოვნება და ფსიქოლოგია. იმ დროის  მოღვაწეები თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ «ეს ომი ყველა ომს დაასრულებდა», მაგრამ შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომიც, დღეს კი გაზეთები მესამე მსოფლიო ომის მოახლოებაზე წერენ, ზოგიერთი ექსპერტი კი უკრაინაში მალაიზიური «ბოინგის» ჩამოგდებას ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობას ადარებს და განიხილავს მას, როგორც შეუქცევადი პროცესების დეტონატორს. რამდენად რეალურია საფრთხე და რას მოუტანს ახალი გლობალური დაპირისპირება საქართველოს?


ქარიშხალი ახლოვდება

არსებობს არაერთი თეორია, რომელთა ფარგლებში მსოფლიო ომი განიხილება, როგორც გლობალური ეკონომიკური კრიზისის გარდაუვალი შედეგი. კრიზისი სახეზეა, ისევე, როგორც ელიტების სრული უუნარობა, გამოიყვანონ ჩიხიდან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე მთელი მსოფლიო. მსგავსი თეორიების ნიაგადაგზე ხშირად კეთდება უაპელაციო დასკვნები, რომელთა შინაარსი დაახლოებით ასეთია: «ომი გარდაუვალია, მისი დაწყება მხოლოდ დროის საკითხია». ამავე დროს, არსებობენ ოპტიმისტები, რომელნიც მიუთითებენ, რომ დიდი ომი დიდი კოალიციების ფორმირებას მოითხოვს, ხოლო დღესდღეობით ეს პროცესი დასრულებული არაა. ამასთანავე, ბაზრების გადანაწილების მშვიდობიანი მეთოდები ჯერჯერობით ამოწურული არ არის. და, რაც მთავარია, წინა მსოფლიო ომებისგან განსხვავებით, ძირითადი მოთამაშეები ბირთვულ იარაღს ფლობენ, რომელიც უმნიშვნელოვანეს შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს. არის კიდევ ერთი გარემოება _ სამხედროების დაბალი მზადყოფნა შესაძლო გლობალური დაპირისპირებისთვის. ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია; თუ პირველი მსოფლიო ომის წინ წამყვანი ქვეყნების სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ ძლიერების პიკზე იმყოფებიან და პოლიტიკოსებს «რაც მალე, მით უკეთესი» პრინციპიდან გამომდინარე ესაუბრებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის წინ ისინი, პირიქით _ ფეხს ითრევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მზად არ არიან. დღეს საქმე, ალბათ, უფრო მეორე შემთხვევასთან გვაქვს.

გენერლებზე ხშირად ხუმრობით ამბობენ, რომ ისინი «წინა ომისთვის ემზადებიან», თუმცა იგივე, ალბათ, შეიძლება ითქვას პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებზე. მათი წარმოდგენები მსოფლიო ომზე ხშირად პარალელების უხეშ გავლებას ეფუძნება და აუცილებლად ზესახელმწიფოების შეიარაღებული ძალების უშუალო დაპირისპირებას გულისხმობს. უკრაინისა და სირიის მსგავსი მოვლენები კიდევ ასიოდე ქვეყანაში რომ დაიწყოს, ისინი მაინც არ ჩათვლიან ამას მსოფლიო ომად, არამედ ერთმანეთისგან იზოლირებული ლოკალური კონფლიქტების სერიად, თუნდაც ამ დაპირისპირებებში მილიონობით ადამიანი დაიღუპოს. თუმცა, ჩვენ ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომების ხასიათი დროთა განმავლობაში იცვლება და არ შეიძლება არსებობდეს შაბლონი, რომელიც ამა თუ იმ შეიარაღებული დაპირისპირების მომენტალური კლასიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს. რაღაც მომენტში ზღვარი მსოფლიო ომსა და გლობალურ ქაოსს შორის შეიძლება ძალზე პირობითი გახდეს ან სრულიად წაიშალოს.

მიჩნეულია, რომ (ფარდობითად) სუსტი ქვეყნების პოზიციას წინასაომარ პერიოდში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამ კონტექსტში ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ბელგია, რომლის ბედი ორივე მსოფლიო ომში მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა. მაგრამ იმის თქმა, რომ რუმინეთსა და ბულგარეთს (ორივე მსოფლიო ომის წინ) ან უნგრეთსა და ფინეთს (მეორე მსოფლიო ომის წინ) არჩევანისა და მანევრის შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდათ, ალბათ, სიტუაციის გაუმართლებელი გამარტივება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზესახელმწიფოების ზეწოლა ძალზე სერიოზული იყო და მათ თავისუფლად შეეძლოთ სუსტ სატელიტ ქვეყნებში გადატრიალებისთვის მხარი დაეჭირათ, ჩამოთვლილთაგან თითოეულ სახელმწიფოში დროდადრო იხსნებოდა «შესაძლებლობების ფანჯარა», ჩნდებოდა წინაპირობა დამოუკიდებელი მანევრისთვის და ამ ეპიზოდებში მათ არჩევანს ომის ან მშვიდობის  სასარგებლოდ მნიშვნელობა ნამდვილად ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ერთგვარი «გეოპოლიტიკური ფატალიზმი» შესაბამისი განწყობით «ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხება», ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე მრისხანე პერიოდებშიც კი პატარა ქვეყნებს შეუძლიათ თავისი გაიტანონ.

საქართველოში დიდი გეოპოლიტიკური გარჩევების მიმართ ორი ძირითადი მიდგომა ჩამოყალიბდა. ერთერთის თანახმად, ქვეყანამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი რომელიმე ძლიერ მოთამაშეს და საკუთარი მომავალი მის წარმატებებს დაუკავშიროს. მეორე მიდგომა ფრთხილ მანევრირებას და ნეიტრალიტეტის შეძლებისდაგვარ ერთგულებას გულისხმობს. მის ფარგლებში წარმატების მიღწევა უკავშირდება მშვიდობას და არა ომს, დაპირისპირებულ ძალებს შორის შემაკავშირებელი რგოლის როლის შესრულებას. ორივე მიდგომას თავის დროზე საქართველოსთვის, როგორც დიდი წარმატება, ისე მძიმე მარცხი მოუტანია და ქართველებს ერთ-ერთის სასარგებლოდ საბოლოო აჩევანი გაკეთებული არ აქვთ, თუნდაც იმავე ფინელებისგან განსხვავებით, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, «მშვიდობიანი ვარიანტის» გარდა, სხვა ვარიანტების განხილვა, უბრალოდ, აღარ სურს და დღესდღეობით, როდესაც დასავლური სამყაროს ნაწილი მკვეთრად უპირისპირდება მოსკოვს, უაღრესად ფრთხილად მოქმედებენ. ქართველები კი ჯერჯერობით ყოყმანობენ; საზოგადოების ნაწილი (მცირე და, შესაძლოა, მარგინალური, მაგრამ მაინც) ქვეყნის მომავალ წარმატებას კვლავინდებურად რუსეთთან მკვეთრ კონფრონტაციას უკავშირებს.

არც ომი, არც მშვიდობა

«ქართულმა ოცნებამ», ყველა მისი მინუსის მიუხედავად, რუსეთთან დაპირისპირების გრადუსის დაგდება მოახერხა და ამომრჩევლებს თანდათან გაუქრა იმის განცდა, რომ ახალი ომი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს. მოსახლეობა ამას აფასებს და ეს სოციოლოგიურ მონაცემებშიც აისახება. «ნაციონალური მოძრაობა», თავის მხრივ, რჩება ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც რუსეთთან მუდმივ დაპირისპირებას მოითხოვს. გასულ კვირას მან შესთავაზა ხელისუფლებას, მალაიზიურ «ბოინგთან» დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გაეკეთებინა და რუსეთი ცალსახად დაედანაშაულებინა (და ეს მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო მოთმინებით ელოდება ექსპერტების დასკვნას) და, აგრეთვე, საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამ უკანასკნელ წამოწყებას, ერთი შეხედვით, არანაირი აზრი არ აქვს, ხელისუფლებამ მხარი რომც დაუჭიროს (არადა, არ დაუჭერს), ის გადაულახავ წინააღმდეგობაში შევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შინაარსთან და სულისკვეთებასთან; მსგავსი შეზღუდვის შემოღების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა, შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და, დიდი ალბათობით, აკრძალვის გაუქმებას მიაღწიოს. თუმცა აქ, ალბათ, მთავარია სხვა რამ _ ყოფილი მმართველი პარტია კვლავინდებურად აქტიურად ცდილობს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაამწვავოს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, რას იზამდა სააკაშვილი, მისი რეჟიმი უკრაინის კრიზისის დაწყებამდე რომ არ დამსხვრეულიყო. დიდი ალბათობით, ის გახსნიდა «მეორე ფრონტს» ან დონბასში რამდენიმე ათას «მოხალისეს» გაგზავნიდა, მიაწვდიდა კიევს მოიერიშე თვითმფრინავებს, რათა ნაწილობრივ მაინც აენაზღაურებინა უკრაინული ავიაციის მძიმე დანაკარგები და .. ყოველივე ამას, სავარაუდოდ, რუსეთის საპასუხო დარტყმები მოჰყვებოდა. სააკაშვილი, რომელიც ოცნებობდა იმაზე, რომ დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოეხდინა, ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. ამერიკელებს რომც შეეჩერებინათ, ადრე თუ გვიან, ალბათ, დაუსხლტებოდა, როგორც ფსიქიატრიულის პაციენტი _ ექიმებს, და რაღაცას მაინც იზამდა.

მიუხედავად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ» ეკონომიკაში განსაკუთრებული ვერაფერი შეცვალა და ძველი პრობლემების დიდი ნაწილი კვლავინდებურად მოუგვარებელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პრინციპული ხასიათის ცვლილებები მოხდა. ამომრჩევლები დარწმუნდნენ, რომ ახალი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობაში კონფრონტაცია თავიდან აიცილოს, მაგრამ აქ ერთი საინტერესო პრობლემა გაჩნდა: იმის განცდა, რომ ახალი ომი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს, გაქრა და ამას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება იმის ჩვენება, რომ არაკონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას სხვა სარგებელიც მოაქვს, რომ ის ნაყოფიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ამ პოლიტიკას უშედეგოს უწოდებენ, ხოლო საზოგადოების ნაწილში გაჩნდება ლტოლვა სააკაშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო დემაგოგების მიმართ, რომელნიც აგრესიულ რიტორიკას გამოიყენებენ.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ფინეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის დინამიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ პარალელების გავლება, ალბათ, უადგილო იქნება, რადგან ფინეთის ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ ბონუსებს მოსკოვისგან, რომელმაც ქვეყნის აყვავებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკას ხშირად «არაკონფრონტაციულს» ვუწოდებთ, ეს, ალბათ, მაინც არაკორექტულია. რიტორიკა და პოლიტიკა ერთი და იგივე ნამდვილად არ არის, ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ნატოში გაწევრიანების იდეა იკავებს და ეს მომავალ დაპირისპირებას რუსეთთან პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის. დღეს საკითხი გადაწეულია უკანა პლანზე და, ფაქტობრივად, დაბლოკილია გერმანიისა და ალიანსის «ძველევროპელი» წევრების პოზიციის გამო, მაგრამ, თუ მომავალში ვითარება შეიცვლება, მოსკოვი შეტევაზე გადმოვა, მიუხედავად იმისა, რა რიტორიკას მიმართავს ჩვენი ხელმძღვანელობა, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუშვებლად მიიჩნევს. ასეთ ვითარებაში კრემლი არასოდეს მოეპყრობა საქართველოს, როგორც ფინეთს, შესაბამისად, საუბარი რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურ შეღავათებზე ან უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე ამ ეტაპზე უადგილოა.

ფინელი ეგერის რჩევა

2002-ში «იზვესტიასთან» საუბარში ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა (1982-1994 წლებში) მაუნო კოივისტომ  განაცხადა: «უნდა შევიდეს თუ არა ფინეთი ნატოში და რისთვის? ჩვენ არავინ გვემუქრება. მე ყოველთვის ვიცავდი უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის ორ პრინციპს. პირველი _ ფინეთის არმიას უნდა შეეძლოს საკუთარი ქვეყნის დაცვა; მეორე _ ფინეთის ტერიტორია არავინ უნდა გამოიყენოს, როგორც პლაცდარმი რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ». სხვათა შორის, ჰალსტუხების მოყვარულისგან განსხვავებით, კოივისტომ მშვენივრად იცის, რა არის ომი, 1941-44 წლებში ის ლაური ტერნის ეგერთა ლეგენდარულ დივერსიულ ასეულში მსახურობდა. ომსა და მშვიდობაზე, ფინეთის უსაფრთხოებაზე ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი, რაც კარგად ჩანს მისი მემუარებიდან და, ვიდრე ამ ორ, ერთი შეხედვით, მარტივ პრინციპამდე მივიდა, ძალიან გრძელი გზა გაიარა.

საინტერესოა, რატომ არის მიუღებელი ეს მიდგომა ქართული ელიტის დიდი ნაწილისთვის? რა არის ამაში ცუდი? ან რატომ უნდა ემსგავსებოდეს ჩვენი არმია სულ უფრო მეტად დამხმარე საექსპედიციო კორპუსს აშშ-სა თუ ევროპული ქვეყნების მისიებისთვის შორეულ «ჯანდაბისტანებში»?  რატომ არ შეიძლება, სამხედრო აღმშენებლობაში ფინელებს მივბაძოთ? ასეთი არჩევანი, ალბათ, უფრო მიგვაახლოებს მშვიდობას, ვიდრე ომს, ლოკალური კონფლიქტი იქნება თუ გლობალური მასშტაბის დაპირისპირება.

ფინელმა სამხედროებმა თავისი სიმტკიცით სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს, ჩვენ კი ამდენი მარცხის შემდეგ მძიმე დეპრესიაში ჩავვარდით, მაგრამ, ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რომ დიდგორის ბრძოლა ფინელებს როდი მოუგიათ, ხოლო საქართველოს სამხედრო ისტორიაში არსებობს გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების არაერთი მაგალითი; ბევრი მათგანი მიღწეულია იმ პერიოდში, როდესაც ფინელები შვედი ფეოდალების შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მაგრამ შემდეგ ქართველებმა დაკარგეს საკუთარი ძალის რწმენა, ფინელებმა კი, პირიქით, მოიპოვეს. ალბათ, ესაა მთავარი სხვაობა ქართველ და ფინელ პოლიტიკოსებსა თუ სამხედროებს შორის. ჩვენ არ გვჯერა საკუთარი ძალების და წარმატებას მხოლოდ ზესახემწიფოების სატელიტობას და მათ სამხედრო დახმარებას ვუკავშირებთ. მათ კი თამაში «გეოპოლიტიკურ კაზინოში» ჯერ კიდევ 1944-ში დაასრულეს და დღესდღეობით საკუთარ ძალებსა და სიტუაციის ობიექტურ შეფასებას ეყრდნობიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო, ფინეთს თავისუფლად შეეძლო, ნატოს წევრი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ის რჩება დასავლური სამყაროს განუყოფელ ნაწილად, მაგრამ უსაფრთხოების სფეროში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარეობს.    

კოივისტოს მეორე პრინციპზე საუბრისას შეიძლება გაგვახსენდეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისა და ექსპერტის უცნაური აღტაცება, როდესაც ისინი საქართველოში ნატოს ძალების (ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების და ა. შ.) შესაძლო განლაგებაზე მსჯელობენ (თანაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გარეშე). საერთოდ, ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, ალბათ, არავის უნახავს ადამიანი, რომელიც ბედნიერი სიცილით შუბლზე სამიზნეს იხატავს. ფინელები ასე არასოდეს გააკეთებენ და დასვამენ ერთ ძალიან მარტივ კითხვას: რისთვის?

ძალიან ძნელია შეგუება იმ მოსაზრებასთან, რომ კრიტიკულ მომენტში მოკავშირეები დასახმარებლად არ მოვლენ (ან დაიგვიანებენ), თუმცა, შესაძლოა, ამის შემდეგ კრიტიკული აზროვნების უნარი და საკუთარი ძალების რწმენა დაგვიბრუნდეს. რომელიც, ალბათ, დაგვეხმარება საბოლოო არჩევანის გაკეთებაში საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კი ამაზე საუბარი ნაადრევი ჩანს და, ახალი ხელისუფლების სიფრთხილის მიუხედავად, კვლავინდებურად მაღალია იმის ალბათობა, რომ ქვეყანა ახალი კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here