Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების ბოინგი

განხეთქილების ბოინგი

614

გლობალიზაციის ეპოქამ მოიტანა იმის გაცნობიერება, რომ დედამიწა სინამდვილეში ძალიან პატარაა; თანამემამულეს მეორე ნახევარსფეროში შეგახვედრებს, იქ მომხდარის გამოძახილს აქვე, ყურისძირში გაჩვენებს, მოვლენებისა და ტენდენციების თანხვედრას თვალნათლივ დაგანახებს, თუმცა… ყოველდღიურ საზრუნავს მიყოლილი ადამიანების უმრავლესობა დამთხვევებსა და ანალოგიებს ვერ გრძნობს, ან, უბრალოდ, არც სცალია ამის გააზრებისთვის.


«ბოინგი» უდავო ჩემპიონია მსოფლიოში კატასტროფებისა და გაურკვეველი ინციდენტების მხრივ. რამდენიმე თვის წინათ გაუჩინარებული იმავე «მალაიზიის ავიახაზების» კუთვნილი «ბოინგის» თაობაზე არაფერი გარკვეულა – ცამ უყო პირი თუ დედამიწამ, უცნობია. შორეულ 80-იანებში ჩამოგდებული კორეული «ბოინგი» დიდხანს გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდაში და მაშინაც, როგორც ახლა უკრაინის ცაში, მას სამხედრო გამანადგურებელი უმშვენებდა გვერდს. ალბათ, დამთხვევაა!

უკრაინული «სუ 25»-ის პილოტმა აღიარა, რომ მალაიზიის ავიახაზების «ბოინგი» სწორედ მან ჩამოაგდო. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Fahrhreit fuer Deutshland ავრცელებს. ოფიციალური კიევის დაჟინებული მტკიცების შემდეგ, რომ სამგზავრო ლაინერი ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, ეს ინფორმაცია ნამდვილ სენსაციად იქცა. მფრინავმა აღიარა, რომ საბორტო ქვემეხიდან გაისროლა. სწორედ მისი თვითმფრინავი ჩანდა ფოტოებზე, რომლებიც რუსეთის გენშტაბმა წარმოადგინა.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში _ ნავი პილეიმ «ბოინგის» ჩამოგდებას სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა. «უკიდურესად აუცილებელია გადაუდებელი, სკრუპულოზური, ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება», – განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.

ამ ტრაგედიას სამასამდე ადამიანი ემსხვერპლა და ალბათ, არც ერთ სხვა კატასტროფას არ მოჰყოლია ამდენი ვერსია, მისტიფიკაცია თუ ფეიკი. ანალოგიაც ბევრი იყო, 11 სექტემბრის ტერაქტებიდან დაწყებული, ერაყში ინტერვენციის ამერიკული «მტკიცებულებებით» დასრულებული. პენტაგონში დამდნარი თვითმფრინავის სიახლოვეს აღმოჩენილი ახალთახალი პასპორტები დეჟავიუსავით გამეორდა გრაბოვოსთან ჩამოვარდნილ «ბოინგთან»; ახლაც, როგორც მაშინ, არარსებული მტკიცებულებების ფონზე გაცხადებული ვერსია, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე რუსეთია. მერე რა, რომ ერაყში არავითარი მასობრივი განადგურების იარაღი არ არმოჩნდა, შეერთებულმა შტატებმა თავის მიზანს მიაღწია! ტონი ბლერს მთელი ეს ისტორია კინაღამ ძვირი დაუჯდა, რადგან მხურვალედ დაუჭირა მხარი ამერიკულ «ვერსიას», მაგრამ საბოლოოდ «გამოძვრა» თუ გამოაძვრინეს და ყველაფერი ასე, ტაატით მიდიოდა.

შეერთებული შტატები იმდენად გაათამამა დაუსჯელობამ, რომ დროთა განმავლობაში «მტკიცებულებების» შექმნაზეც აღარ იწუხებდა თავს და მსოფლიო ჰეგემონის მანტიამოსხმული იმას აცხადებდა, რაც სურდა. დღეს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯენ ფსაკის ინტელექტის ამარაა დარჩენილი და მისი «მორიგი ფსაკი» მწყაზარი სახით აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან აქვს და არა მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სპეცსამსახურებიდან!

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კი ამასობაში ომი მიმდინარეობს. ტრაგედიაა 300 მგზავრის დაღუპვა, მაგრამ ტრაგედიად არ მიიჩნევენ ძალოვანი ოპერაციის დაწყებიდან, ანუ აპრილიდან დაღუპულ 1129, დაშავებულ 3442 ადამიანს და 100 ათასზე მეტ ლტოლვილს. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და არა, მაგალითად, ნიდერლანდებისა.

ნიდერლანდების უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევი ხელს უშლის ტრაგედიის გამოძიებას, არადა, ამ საქმეში ყველაზე დიდი დაინტერესება სწორედ ამ ქვეყანას აქვს, ხოლო გამოძიებისთვის ხელის შეშლა რასაც მოასწავებს, ნათელია. როგორც ჩანს, კიევს რაღაც აქვს დასამალი. ასეც რომ არ იყოს, ნებისმიერი დანაშაულისას, პირველ რიგში, ის უნდა გაირკვეს, თუ ვის აძლევდა ეს ხელს. სრულიად ნათელია, რომ ორი სუბიექტი, რომელსაც არანაირად არ აძლევდა ხელს სამგზავრო ლაინერის ჩამოგდება, მალაიზია და რუსეთია. პირველს იმიტომ, რომ მოკლე ხანში ეს უკვე მეორე მსხვილმასშტაბიანი ტრაგედიაა მის ავიახაზებზე, მეორეს კი იმიტომ, რომ მას ისედაც ადანაშაულებენ უკრაინის მოვლენებში.

მთელი ამ ისტორიის უკან ბაჭიას ყურებივით მოჩანს უკრაინის ხელისუფლების მრჩევლად გამწესებული სააკაშვილის ყურები, რომელსაც რუსეთის დაშლა მიზნად აქვს დასახული და რაც საქართველოს დააკლო, ახლა უკრაინას უსრულებს. მისტიფიკაციების, ფალსიფიკაციების და, უბრალოდ, ტყუილის მიმართ მისი მიდრეკილება უკრაინაშიც კარგად მუშაობს. რა რჩევებსაც აძლევს იგი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულ ახალ ხელისუფლებას, ჩვენთვის ნათელი უნდა იყოს; ისიც ამ გზით დაეპატრონა ძალაუფლებას საქართველოში და, როგორც აქ მოიტანა იმ «ხავერდოვანმა რევოლუციამ» ტერორი, უკრაინაშიც იმავე ტენდენციით ვითარდება მოვლენები. უახლოეს მომავალში უკრაინაში ისეთივე სისასტიკეს უნდა ველოდოთ, როგორიც საქართველოში დაამკვიდრა «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ. ამასობაში კი სააკაშვილის ნარჩენები პარლამენტში უკრაინის საკითხზე რეზოლუციის მიღებას მოითხოვენ. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არ შეუცვლია, მაგალითად, საქართველოსთვის აფხაზეთის საკითხში რაიმე და რა უნდა შეცვალოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციამ? თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დამძიმდეს! ის, რაც დააშავა წინა ხელისუფლებამ, ასე ნაკლებად «იყვირებს».

«პუტინი მტერია»! – პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სამგზის ნათქვამი ეს ფრაზა ირონიულად ჟღერდა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, მან სააკაშვილის ნარჩენებს მაინც ასიამოვნა. მართალია, ამ სახის «სიამოვნებას» ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ნაჩვევი, მაგრამ «ოცნების» წარმომადგენლისგან წარმოთქმულს სულ სხვა ფასი აქვს, მით უფრო, რომ ეს არც მატებს ქვეყანას რამეს და არც აკლებს, იმასთან შედარებით, რაც მას სააკაშვილის ნარჩენებმა დააკლეს!

კაცმა რომ თქვას, ყველამ თავის «ბოინგს» რომ მოუაროს, ურიგო არ იქნებოდა; ამერიკელებმა 1988 წელს ჩამოაგდეს ირანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 300 ადამიანი ემსხვერპლა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე მალაიზიური «ბოინგის» ჩამოგდებას. ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს სამგზავრო რეისი იყო, მაგრამ მაინც ჩამოაგდეს.  მაშინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა უტიფრად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბოდიშს არ იხდის. კომპენსაცია გადაიხადეს და ყველაფერი ამით დამთავრდა. ისე, მართლაც საინტერესოა, ადამიანის სიცოცხლის ღირებულება რამდენად განსხვავდება მისი მოქალაქეობის მიხედვით? რა ღირს ერთი დაღუპული ირანელის სიცოცხლე და რამდენად მაღალია, მაგალითად, ნიდერლანდების მოქალაქის სიცოცხლის საფასური?

ეს ყოველივე, დიდი ხანია, გასცდა ცინიზმის ფარგლებს. როგორც ირკვევა, ცინიზმიც შეიძლება იყოს ზღვარგადასული. მნიშვნელოვანია არა თავად ტრაგედია, არამედ ის, თუ რამდენად მოხერხდება მისი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. «გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინისთვის» სააკაშვილის ლოზუნგის – «გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის» ზუსტი ანალოგია. «მისი ბრძოლა» მალევე დაემსგავსა «მაინ კამპფს», ანუ ჰიტლერის ბრძოლას. რით დამთავრდა ის ბრძოლა, ყველამ იცის. უკრაინაში იგი სწორედ ამ გაკვალული ბილიკით მიდის და სააკაშვილი, რომელიც «ოლიგარქის წინააღმდეგ» ისვრის დღეს ლოზუნგებს, სულაც არ გრძნობს უხერხულობას იმით, რომ უკრაინაში ყველაზე ოდიოზურ ოლიგარქებს უდგას გვერდით!

ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი! _ ქირქილებს მავანი და უკრაინაში დანთებულ ცეცხლზე ხელებს ითბობს. რა «ბოინგი», რის დაღუპულები! გეოპოლიტიკურ ომში ადამიანები ნაფოტებივით ცვივა, ქვეყანა იშლება, მაგრამ ამერიკელები საკუთარ მიზანს ადგანან: ევროპა მთლიანად მისი კარნახით უნდა იმართებოდეს! აშშ დაჟინებით ითხოვს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას, ევროპას კიდევ უფრო სერიოზულ კრიზისში შესვლა სულაც არ უხარია, თუმცა მთელ ამ ამბავში ერთი რამ არის მთავარი: თუ აშშ მოახერხებს ევროპისა და რუსეთის საბოლოოდ დაპირისპირებას, მისი ჰეგემონიის ხანა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს კიდეც. «ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე» შეერთებული შტატებს არათუ ჰეგემონობის, ზესახელმწიფოს სტატუსის დაკარგვით ემუქრება. იგი ცდილობს, არ დაუშვას ეს პროექტი, რომელიც ადამიანური და მატერიალური რესურსებით უმძლავრესი წარმონაქმნი შეიძლება გახდეს. რა არის 300 ადამიანის სიცოცხლე ამასთან შედარებით? ისევე, როგორც ახალი «ჯვაროსნული ომისთვის» არაფერს წარმოადგენდა 11 სექტემბრის ტერაქტებში დაღუპული სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე! და ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მოაწყო ის ტერაქტები. მთავარია, ადამიანური ტრაგედიის საშენოდ გამოყენება შეძლო. ადრე ადამიანი ჭანჭიკი იყო კომუნიზმის მშენებლობაში, ახლა ადამიანი ნაფოტია გეოპოლიტიკურ ომში.

სიცრუის ტირაჟირების პრაქტიკა ამჯერად აღარ მუშაობს. აღარავის სჯერა აშშის არარსებული მტკიცებულებების. მალაიზიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა მაჰატჰირ მოჰამადმა პირდაპირ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია აშშისა და ევროკავშირის ქმედებით, რომლებიც გამოძიების დასრულებამდე იშვერენ თითს რუსეთისკენ და ისე იქცევიან, თითქოს საბაბს ეძებენ სანქციებისთვის. მაჰატჰირი კი სააკაშვილი არ არის; მან საკუთარი ქვეყანა ფეხზე დააყენა და არც ერთი ზესახელმწიფოს ინტერესებისთვის არ შეუწირავს სამშობლო.

რუსეთს თავის დაცვა არ გაუჭირდება. ამ წერილის მიზანი სულ სხვაა _ სიცრუეს მხარი არ უნდა დაუჭირო, რადგან ხვალ ასეთივე სიცრუის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, უკრაინა ამ გზას ახლა გადის, თანაც ბრმა და ყრუ მეგზურის კარნახით, რომელმაც საკუთარ ქვეყანას მეოთხედი დააკარგვინა. არც იმას იდარდებს, უკრაინა თუ სულაც დაიშლება; მრჩევლად კიდევ სადმე გაამწესებენ და გზის ფულსაც შეუგროვებენ _ ღარიბი ქვეყნის მილიარდერი პრეზიდენტისთვის გზის ფული «პრობლემას» რომ წარმოადგენს, ესეც იმავე სიცრუის ნაწილია, როგორც სხვა ყველა ეპიზოდი უკრაინის «გაევროპელებაში».

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here