Home რუბრიკები პოლიტიკა The New York Times ნატოს მატყუარა გენმდივანს იცავს

The New York Times ნატოს მატყუარა გენმდივანს იცავს

641

კრიზისებს შორის, დაწყებული ერაყის ომიდან, დამთავრებული სამოქალაქო ომებით სირიასა და უკრაინაში, გაზეთმა The New York Times  -მა ნელ-ნელა განიცადა ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა პროპაგანდის ორგანოდ, რომელიც, ამერიკელი ჟურნალისტის, რობერტ პერის* აზრით, დაკავებულია აშშ-ის ხელისუფლების ტყუილების გავრცელებით და არა იმით, რომ თავის მკითხველს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

ძირითადი მეთოდი, რომლითაც მოქმედებს «ნიუ იორკ თაიმსი» და სხვა დიდი ამერიკული გამოცემები თავიანთი პროპაგანდის წარმოებისას, ეს არის ამორჩევა იმისა, რომელიც ფაქტები უნდა გამოქვეყნდეს. და რომელი _ არა. ეს სიტუაცია ნათლად ჩანს «ნიუ იორკ თაიმსში» გამოქვეყნებულ სტატიაში ინტერვიუს შესახებ, რომელშიც ნატოს გენმდივანი რუსეთს აკრიტიკებს უკრაინის მიმართ დამოკიდებულების გამო.

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს «ორმაგი თამაშის» წარმოებაში ადანაშაულებს, დასავლეთს ვლადიმერ პუტინის ყალბ სამშვიდობო ინიციატივებზე აფრთხილებს და ამბობს, რომ «რუსეთი თანამიმდევრულად ეწევა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას და მომავალშიც გეგმავს ასეთი მოქმედებების გაგრძელებას».

იმის გათვალისწინებით, რომ რასმუსენს თავისი განცხადებები მტკიცებულებებით არ გაუმაგრებია, ამ სტატიის ძირითადი საკითხი სწორედ რასმუსენისადმი ნდობა უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად კორესპონდენტები მარკ ლენდლერი და მაიკლ გორდონი შემოიფარგლნენ მხოლოდ დოზირებული ინფორმაციით რასმუსენის ბიოგრაფიის შესახებ, კერძოდ, აღნიშნეს, რომ ის ნატოს გენერალურ მდივნობამდე დანიის პრემიერმინისტრი იყო.

«ნიუ იორკ თაიმსში» გამოქვეყნებულ სტატიაში არაფერი იყო ნათქვამი იმ საკითხებზე, რომლებიც მკითხველს კითხვებს გაუჩენდა რასმუსენის პატიოსნებასთან დაკავშირებით. ლენდლერსა და გორდონს არ უხსენებიათ, რომ ეს ის ანდერს ფოგ რასმუსენია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჯორჯ ბუშის დანაშაულებრივ ინტერვენციას ერაყში.

2003 წელს, ერაყში აშშის შეჭრის წინ, რასმუსენმა მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ «ერაყს აქვს მასობრივი განადგურების იარაღი. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. ერაყმა აღიარა, რომ მას აქვს იპრიტი _ ნერვულმაპარალიზებელი გაზი, ციმბირის წყლულის სპორები, მაგრამ ჰუსეინმა ისინი გაეროს ინსპექტორებს არ აჩვენა. მან ჩვენ არ გვითხრა, სად არის ეს იარაღი და როგორ შეიძლება მისი განადგურება. ეს ჩვენ გაეროს ინსპექტორებმა გვაცნობეს და, ვფიქრობ, ერაყს უეჭველად აქვს მასობრივი განადგურების იარაღი».

რა თქმა უნდა, რასმუსენის იმჟამინდელი განცხადების დიდი ნაწილი სიცრუეა, მაგრამ მან შეძლო დანიის პარლამენტის დარწმუნება და ეს ქვეყანა შეუერთდა კოალიციას, რომელიც ერაყში შეიჭრა. მოგვიანებით რასმუსენი ორპირობისა და ნატოსთან სათანამშრომლოდ მზადყოფნისათვის დააჯილდოვეს, დანიის დაზვერვის ერთერთი თანამშრომელი ფრენკ გრევილი კი იმ დოკუმენტის გამომზეურებისთვის, რომელიც რასმუსენს სიცრუეში ამხელდა, 4 თვით დააპატიმრეს.

რასმუსენის ტყუილი ერაყის მიმართ და მისი როლი დანაშაულებრივ შეჭრაში ის ფაქტებია, რომლებიც, აუცილებლად უნდა წარედგინოს «ნიუ იორკ თაიმსის» მკითხველებს და ისინი შეაფასებენ, იმსახურებს თუ არა ნდობას რასმუსენის სიტყვები უკრაინის შესახებ.

ამის ნაცვლად კი ლენდლერი და გორდონი ცდილობენ, არაფერი თქვან ამ უსიამოვნო ისტორიაზე და დაიცვან ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისში დამნაშავე რუსეთია.

ჟურნალისტების კარიერა

მაიკლ გორდონი დიდი ხანია, აშშ-სა და ნატოს პროპაგანდის მსახურია. 2002 წლის 8 სექტემბერს მან ჯუდიტ მილერთან ერთად დაწერა ცნობილი სტატია ალუმინის მილების შესახებ, რომელსაც საფუძვლად ედო აშშ-ის დაზვერვისა და ერაყიდან გაქცეული მეცნიერების მონაცემები. ამ სტატიით მან ამერიკელები შეაშინა, რომ, თუკი ისინი მხარს არ დაუჭერენ ჯორჯ ბუშს ერაყში შეჭრის საკითხში, ატომურ აფეთქებებს თავიდან ვერ აიცილებდნენ. ეს სტატია ძალიან დაეხმარა ბუშის ადმინისტრაციას კამპანიაში, რომლის მიზანიც ერაყში ომის გასაჩაღებლად საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება იყო.

არადა, სტატია, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ატომური იარაღის არსებობის იდეის საწინააღმდეგოდ, თავიდან ბოლომდე სიცრუე აღმოჩნდა _ ალუმინის მილები სინამდვილეში არტილერიისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა სტატია ძლიერი სტიმული იყო ერაყში ომის დასაწყებად, რომელმაც 4500 ამერიკელი ჯარისკაცისა და ასობით ათასი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა.

გორდონი, აგრეთვე, მონაწილეობდა დაუდევრად დაწერილ «ვექტორულ ანალიზში», რომელიც «ნიუ იორკ თაიმსში» 2013 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა და რომელმაც აშშ კინაღამ ჩაითრია ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ომში, ამჯერად სირიაში, ამ სტატიაში აღწერილი იყო გზა ზარინიანი ორი რაკეტისა, რომლებიც 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ჩამოცვივდა. ავტორები წერდნენ, რომ ეს რაკეტები შემთხვევის ადგილიდან 9,5 კმ-ით დაშორებული სირიის სამხედრო ბაზიდან იყო გაშვებული.

ისევე როგორც ალუმინის მილების ისტორიაში, «ნიუ იორკ თაიმსის», «ვექტორულ ანალიზში» გათვალისწინებული არ იყო საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სახელდობრ, ის, რომ რაკეტებს, რომლებიც სირიის სამხედრო ბაზიდან იყო გაშვებული, მხოლოდ 2 კილომეტრით დაშორებული ობიექტის დაზიანება შეეძლო და ის 9 კმ-ს ვერანაირად ვერ დაფარავდა.

აპრილში გორდონი კიდევ ერთ ჟურნალისტურ ფიასკოში მონაწილეობდა. მან და კიდევ ორმა კორესპონდენტმა თავის წერილს დაურთეს ვითომ რუსეთში გადაღებული უხარისხო ფოტო, რომლებიც აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან.

ორი დღის შემდეგ კი «ნიუ იორკ თაიმსი» იძულებული შეიქნა, უარეყო თავისი წერილი, რადგან ფოტო, რომელზეც ვითომ რუსი სამხედროები იყვნენ აღბეჭდილი, სინამდვილეში უკრაინაში იყო გადაღებული, რის გამოც სტატიის აზრი მთლიანად შეიცვალა.

ლენდლერი _ «ნიუ იორკ თაიმსის» კორესპონდენტი თეთრ სახლში _ კიდევ ერთი პროპაგანდისტია, რომელიც უცხო ქვეყნებში მომხდარ კონფლიქტებს ისე წარმოაჩენს, როგორც ეს აშშსა და მის მოკავშირეებს აძლევს ხელს. მაგალითად, 2012 წლის 5 მარტს ტელეარხ NBCის ეთერში მან ასე გამოხატა თავისი თვალსაზრისი ირანისა და ისრაელის მიმართ: «ისრაელელები გრძნობენ, რომ ირანისთვის ატომური იარაღის დამზადების შესაძლებლობის წართმევის ფანჯარა იხურება და თუკი ისინი ამ ფანჯრის დახურვის ნებას დართავენ, აღმოაჩენენ, რომ ირანს უკვე აქვს ატომური იარაღი. გასათვალისწინებელია, რომ ეს ქვეყანა უკვე ემუქრებოდა ისრაელს ატომური იარაღის გამოყენებით. ისრაელი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის მის არსებობას, რასაც ჩვენ აშშში ყოველთვის ვერ ვგრძნობთ».

ლენდლერის ნათქვამით, რომ ირანი «უკვე ემუქრებოდა ისრაელს ატომური იარაღის გამოყენებით», თმა ყალყზე დაგიდგებათ. გასაგებია, რატომ თვლის ისრაელზე მუქარას «საფრთხედ, მისი არსებობისთვის». მაგრამ ლენდლერის განცხადება, უბრალოდ, სიცრუეა. ირანის ხელისუფლება გამუდმებით უარყოფს, რომ ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს, ლაპარაკი აღარ არის მის გამოყენებაზე ისრაელის წინააღმდეგ.

საერთოდ კი, ირანის მუქარა, თავისი წარმოსახვითი ატომური იარაღით «გაანადგუროს» ისრაელი, უცნაური მუქარაა მსოფლიოს ისტორიაში. რას ვხედავთ: ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ატომური იარაღი და მისი ლიდერი უარყოფს ატომური იარაღის შექმნის სურვილსაც კი, მისი გამოყენებით ემუქრება ქვეყანას, რომელსაც აქვს ატომური იარაღის არსენალი.

ასე რომ, გასკვირი არ არის, როცა «ნიუ იორკ თაიმსი» თავის მკითხველს არ ძაბავს ნატოს მეთაურის ბიოგრაფიის დეტალებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, «მთავარმა გაზეთმა» უნდა ახსნას, რატომ ანდობს მნიშვნელოვანი სტატიების დაწერას ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, გაავრცელონ ინფორმაცია ისეთი მეთოდებით, რომლებითაც მათ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

რობერტ პერი

Consortiumnews.com (აშშ)

* რობერტ პერი განთქმულია ჟურნალისტური გამოძიებით ირანისა და ნიკარაგუას შესახებ, რომლებიც თავის დროზე «ასოშიეიტედ პრესსა» და «ნიუსუიკშიდაიბეჭდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here