Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკო ბელიაშვილი: ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ისრაელის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე...

ნიკო ბელიაშვილი: ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ისრაელის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე იდგა

907

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ისრაელმა, ჰამასის დაჯგუფების მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. უკვე ორ კვირაზე მეტია, ისრაელზე ავიაიერიშები  გრძელდება, ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, შეჩერებას კი არც ერთი მხარე არ აპირებს. «საქართველო და მსოფლიო» ისრაელში მცხოვრებ ნიკო ბელიაშვილს დაუკავშირდა.


_ ბატონო ნიკო, რა ვითარებაა ისრაელში და უშუალოდ თელავივში, სადაც თქვენ იმყოფებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს მოსახლეობა?

_ პირველი ოთხი დღის განმავლობაში ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი შოკში იყო. ხელისუფლება და ჯარი ყველანაირად ცდილობდა მოსახლეობის თავშესაფრებით უზრუნველყოფას, მაგრამ უმრავლესობას არ შეეძლო, თავშესაფრებამდე მიეღწია, რადგან საგანგაშო სიგნალის ჩართვის შემდეგ რაკეტის აფეთქებამდე სულ წუთ-ნახევარი გაქვს დრო, ამიტომ ბევრი მხოლოდ სადარბაზოს აფარებდა თავს. პირველ დღეს ერთი ჯარისკაცი დაგვეღუპა, მეორე დღეს _ ორი, მესამე დღეს _ 5 ჯარისკაცი და დღეს, როდესაც ამ ინფორმაციას გაწვდით, 13 ჯარისკაცის დაღუპვისა და 50 სამხედროს დაჭრის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია… ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მთლიანად ისრაელს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ პალესტინასა და ღაზას არ ჰქონდა შორს სატყორცნი რაკეტები და მხოლოდ გარკვეული რადიუსის ფარგლებში შეეძლოთ ისრაელის დაბომბვა. დღეს კი მათი საბრძოლო აღჭურვილობა განახლებული და სახიფათო აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, ისრაელის ყველა რეგიონი დაიბომბა. ყოველ ხუთ-ათ წუთში ირთვება საგანგაშო სიგნალი, რომლის ხმაც იმდენად შემზარავი და პანიკის მომცველია, რომ ჯერ მარტო ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, სიმშვიდე შეინარჩუნო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პირველ დღეებში ისრაელის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე იდგა.

_ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლას არ დაემორჩილება და ღაზას სექტორზე ისრაელის არმიის იერიშებს ვერ შეაჩერებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი იქამდე გააგრძელებს თავდახმებს, სანამ პალესტინელების მხრიდან სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება. შეჩერებას არ აპირებენ არც ჰამასის წევრები

_ მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბული საომარი ვითარებაა. ამ დღეების განმავლობაში მოსახლეობისა და ხელისუფლების აზრი ორად  გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პასუხი უნდა გაეცა ისრაელს. საზოგადოების ნაწილი სახმელეთო ჯარების შეყვანისა და სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების მომხრე იყო, ნაწილი კი _ საჰაერო წერტილოვანი დარტყმებით ტერორისტების ბაზებისა და მათი ხელმძღვანელობის განადგურების მომხრე. მე, როგორც ისრაელის მოქალაქე, სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვიცოდი, ეს დიდ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული. ისრაელს უნდა გაეძლიერებინა საინფორმაციო ბრძოლა სიმართლისთვის და, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, საჰაერო წერტილოვანი დაბომბვების შედეგად გაენადგურებინა ტერორისტები და მათი ბაზები, მაგრამ მხოლოდ მეხუთე დღეს დაიწყო ისრაელის ავიაციამ იმ წერტილების დაბომბვა, საიდანაც ისრაელის ქალაქებს ბომბავდნენ. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ პალესტინელი ტერორისტების («ჰამასი») საბრძოლო და სასაწყობო ბაზები სკოლებში, მეჩეთებში, საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებში იყო განთავსებული. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის მთავრობას, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს მათი ეფექტური მუშაობის გამო; ვამაყობ, რომ ისრაელს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჯარი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვითი სისტემა გააჩნია, მას «კიპათ ბარზელ»-ს, ანუ რკინის ქუდს უწოდებენ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვუწუნებ ისრაელის ხელისუფლებას, საინფორმაციო ომში პასიურობაა. არადა, საინფორმაციო ომის წაგების შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ისრაელს გაამტყუნებს.

მოწინააღმდეგეები ყველა რესურსს იყენებენ, რათა თავიანთი უაზრო ფანატიზმი გაამართლონ. ფაქტობრივად, თვითმკვლელობაზე, საკუთარი ერის განადგურებაზე აწერენ ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ხალხთან მშვიდობაზე საუბარი და სამუდამო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია.

_ ეგვიპტემ დაპირისპირებულ მხარეებს «დაზავება» შესთავაზა, ისრაელი დათანხმდა, ჰამასმა კი შეთავაზება უარყო და ზავზე დათანხმება დანებებად შეაფასა. ასეთ ვითარებაში როგორ ესახებათ კონფლიქტის მოგვარების გზა ისრაელში?

_ ისრაელი დაზავებაზე თანახმა იყო, მაგრამ ჰამასმა ეს შეთავაზება უარყო. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინათ ისრაელი და პალესტინა მხოლოდ 5 საათით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ჰამასმა ამ პერიოდშიც გახსნა ცეცხლი ისრაელის მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოებამ და ეგვიპტემ კი მაშინღა დაიწყეს ჰამასის კრიტიკა. მანამდე საინფორმაციო ბრძოლაში გამუდმებით ისრაელს ადანაშაულებდნენ.

პალესტინაში მსხვერპლი უკვე რამდენიმე ასეულს აჭარბებს, მაგრამ «ჰამასი» შეჩერებას მაინც არ აპირებს. შექმნილ ვითარებაში ისრაელს ორი ვარიანტი აქვს: ან გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფებები და ღაზაში კონტროლის მექანიზმები პალესტინის ხელმძღვანელობას გადასცეს მაჰმუდ აბასის ხელმძღვანელობით, რომელიც ისრაელს 5 წლით მაინც მშვიდობას მოუტანს, ან ისრაელი, ფაქტობრივად, შემოიერთებს ღაზას სექტორს, რათა შეძლოს მისი გაკონტროლება და აღარ აღმოცენდეს მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებები. თუ რომელ ვარიანტს აირჩევს ისრაელის სახელმწიფო და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს სამომავლოდ გადაწყდება.

მარტივი ლოგიკაა _ პალესტინელებმა რომ იარაღი დაყარონ, მშვიდობა იქნება, ხოლო ისრაელმა რომ იარაღი დაყაროს, ისრაელი და ებრაელი ხალხი აღარ იქნება. ამიტომ ისრაელი იძულებულია, თავისი ძალა აჩვენოს ტერორისტებს, რათა მათ არ გაუჩნდეთ ილუზიები, რომ ოდესმე ისრაელს დედამიწის რუკიდან გააქრობენ, როგორც ზოგიერთი რადიკალი აცხადებს.

_ თქვენი აზრით, ამ ვითარებაში რა შეიძლება მოიმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოებამ შეიარაღებული კონფლიქტის დასასრულებლად?

_ პალესტინასა და ისრაელს შორის მრავალჯერ შედგა მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ეგვიპტის, რუსეთის მონაწილეობით, მაგრამ რატომღაც ეს პრობლემა არ გვარდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here