Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ და ნატო, როგორც სიცრუის სამეფო

აშშ და ნატო, როგორც სიცრუის სამეფო

646

მცირე შემოკლებით გთავაზობთ ესპანელი ისტორიკოსისა და პუბლიცისტის, ბარსელონის უნივერსიტეტის დოქტორის _ იხინიო პოლოს ანალიტიკურ წერილს, რომელიც ესპანურმა ინტერნეტგამოცემა Rebelion-მა გამოაქვეყნა.


უკრაინაში 2014 წლის 22 თებერვალს განხორციელებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ (ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური, მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით) გამოიწვია სერიოზული კრიზისი, რომელიც ქვეყანას ქაოსში ჩაძირვითა და სამოქალაქო ომით ემუქრება.

კრიზისის შესახებ კამათმა ევროკავშირის, აშშისა და რუსეთის დიპლომატებს შორის, აგრეთვე, ურთიერთბრალდებებმა და საერთაშორისო პრესაში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ შექმნა მრუდე სარკე, რომელშიც ვაშინგტონი მოსკოვის პასუხისმგებლობის დანახვას ცდილობს. თეთრი სახლის მიერ გაღვივებული ანტირუსული ისტერია მიმართულია სიმართლის დამალვისკენ, არადა, ობამასა და ნატოს მაღალჩინოსანთა უსირცხვილო და თავხედურმა ტყუილებმა წალეკა დასავლური გაზეთები და ტელევიზორების ეკრანები. ობამას ერთერთი ასეთი უსირცხვილო ტყუილი იყო მისი განცხადება ამა წლის 2 მაისის პრესკონფერენციაზე (მერკელთან ერთად), როდესაც კიეველ პუტჩისტებს «კანონიერად არჩეული» მთავრობა უწოდა. არადა, ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული უკრაინის ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უკანონობაზეა დაფუძნებული, საპროტესტო აქციები კი, რომლებიც პუტჩს მოჰყვა, სწორედ იმ პრინციპების მიუღებლობით იყო გამოწვეული, რომლებსაც ხელისუფლება მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებით  ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში, თავზე ახვევდა.

უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციისა და იანუკოვიჩის მთავრობის 21 თებერვლის შეთანხმება მეორე დღესვე დაირღვა. კიევის ქუჩებიდან სამართალდამცველების გაყვანამ (ამ შეთანხმების შესასრულებლად) ხელი ვერ შეუწყო გარდამავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც _ ყველა სამთავრობო დაწესებულება მემარჯვენე რადიკალებმა ჩაიგდეს ხელში. შემდეგ კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებაც შეწყვიტეს. უზენაესმა რადამ, რომლის დეპუტატებსაც გაფაციცებით აკვირდებოდნენ ნეოფაშისტური ორგანიზაციების _ «მემარჯვენე სექტორისა» და «თავისუფლების» წარმომადგენლები, 328 ხმით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. პუტჩისტებმა რეგიონების პარტიის რამდენიმე დეპუტატიც კი მოისყიდეს. დარღვევებით აღადგინეს 2009 წლის კონსტიტუცია, მაგრამ უკანონობაზე ყველა თვალს ხუჭავდა. ვაშინგტონმა მწვანე შუქი აუნთო ახალ მთავრობას იაცენიუკის მეთაურობით, რომელიც მაიდნელ ყოჩაღ ბიჭებზე უფრო «ცივილიზებული» ჩანდა.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადასაყენებლად უზენაეს რადას უნდა შეექმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც წარმოადგენდა მოხსენებას. თუ ამ მოხსენებას დეპუტატების ორი მესამედი დაუჭერდა მხარს, რადას შეეძლო, უზენაესი სასამართლოსთვის მიემართა ხელისუფლებიდან პრეზიდენტის ჩამოშორების შესახებ. და, თუ ამ წინადადებას სასამართლოც მხარს დაუჭერდა, რადას შეეძლო, კვლავ განეხილა აღნიშნული საკითხი და ხმების 3/4-ით პრეზიდენტი გადაეყენებინა. კონსტიტუციის ეს მოთხოვნები არ შესრულებულა. უზენაეს რადაშიც კი, რომელსაც ნეონაცისტი «ბოევიკები» აკონტროლებდნენ, იანუკოვიჩის გადაყენებას მხოლოდ 328-მ დაუჭირა მხარი, ნაცვლად საჭირო 338-ისა. ნათლად ჩანდა, რომ იანუკოვიჩის გადაყენება შეუძლებელი იყო, თუმცა ვაშინგტონს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერი გზით მოეშორებინა კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება. და აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება. დასავლური პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით მოუხერხებლად ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალება დემოკრატიის საბურველში გაეხვიათ, ვაშინგტონი კი განკარგულებებს გასცემდა იმ პირებზე, რომლებიც სათავეში უნდა ჩასდგომოდნენ უკრაინის ხელისუფლებას. ამ მომენტიდან მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა შეწყვიტეს პუტჩისტების მთავრობაზე წერა, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურმა უწყებებმა კი ისე დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალების მთავარი ფიგურების მიღება, თითქოს ისინი სახელმწიფო მოღვაწეები ყოფილიყვნენ. მათ მოვალეობას დროებით შემსრულებლებს უწოდებდნენ ან, უბრალოდ, კიევის ხელისუფლებას.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოპოზიციონერთა დევნა დაიწყო. ეს გამოიხატებოდა შენობების დაწვაში, დაპატიმრებებსა და მკვლელობებშიც კი. უკრაინაში შიში გამეფდა. 27 აპრილს ლვოვში, უკრაინელი ნაციონალისტების დედაქალაქში, მემარჯვენე რადიკალებმა მარშით აღნიშნეს ფაშისტური გერმანიის ეს-ეს-ის დივიზია «გალიციის» დაარსებიდან 71-ე წლისთავი. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში სახელმწიფო გადატრიალებამ სახალხო მღელვარება გამოიწვია, ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ეს ნახევარკუნძული რუსეთს მიუერთდა. ამის პარალელურად, აზვირთდა საპროტესტო ტალღა დონეცკში, ხარკოვში, ლუგანსკში, ოდესასა და სხვა ქალაქებში. რეპრესიებმაც არ დააყოვნა, თუმცა დასავლური პრესა არაფერს ამბობდა ახალი ხელისუფლების თავაშვებულობაზე.

დასავლეთის კარგად გამართულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ სიცრუის, ორაზროვნებისა და ბუნდოვანი გამონათქვამების გამოყენებით მყისვე ატეხა ანტირუსული ისტერია ახალი ცივი ომის თაობაზე, რომლის დაწყების არავითარი სურვილი მოსკოვს არ ჰქონია, იმიტომ, რომ რუსეთის ამჟამინდელი შესაძლებლობები შორს არის იმ შესაძლებლობებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც, ვაშინგტონის მტკიცებით, უკრაინაში შევიდნენ, არავის უნახავს, ყირიმში კი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთუკრაინის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან და სამხედრო სამსახურს სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე გადიან.

გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურმა უწყებებმა და მათმა მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა არაფერი თქვეს ორ მნიშვნელოვან საკითხზე: კიევში სნაიპერების მიერ 20 ადამიანის დახოცვაზე მაიდნელი აქტივისტების პასუხისმგებლობის შესახებ. იმხანად პასუხისმგებლობა იანუკოვიჩის მთავრობას დააკისრეს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სნაიპერები ე. წ. ევროინტეგრაციის მომხრეთა ინსტრუქციებით მოქმედებდნენ. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაკიმენკომ განაცხადა, რომ სნაიპერები ე. წ. მაიდნის კომენდანტ ანდრეი პარუბიისა და აშშ-ის საელჩოს მითითებით მოქმედებდნენ. აღსანიშნავია, რომ ახლა კიევის ხელისუფლება, ევროკავშირი და აშშ უარს ამბობენ კომისიის შექმნაზე, რომელიც ამ ფაქტებს გამოიძიებს.

მეორე საკითხია დასავლელი დაქირავებულების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. ევროპელი მინისტრებისა და ამერიკელი სენატორების უხეშ ჩარევასთან ერთად, რომლებიც დაუფარავად მოუწოდებდნენ იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობისკენ, დაქირავებულთა ჯგუფი ყველანაირად ცდილობდა დაპირისპირების გაღვივებას და ხელს უწყობდა ქაოსის წარმოქმნას სახელმწიფო გადატრიალების გასამართლებლად. შემდეგ დაქირავებულები უკრაინელ ნაციონალისტებს ქვეყნის სხვადასხვა ოლქში დაწყებული სახალხო გამოსვლების დასათრგუნად ეხმარებოდნენ. შეტაკებებში მონაწილეობდა კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-თან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანია Greystone-ს 50 თანამშრომელი. Blackwater-მა კი სახელი გაითქვა ერაყში ჩადენილი სისხლიანი მხეცობებით. ეს სააგენტოები დაქირავებულთა ცინიკური ენით სთავაზობენ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს «მომსახურებას და საკითხების გადაწყვეტას უსაფრთხოების სფეროში». სინამდვილეში კი ისინი არიან პროფესიონალი მკვლელები, რომლებსაც ხშირად აფინანსებს აშშ-ის ადმინისტრაცია.

ანტირუსული ისტერია აიტაცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც, რომელმაც მსოფლიოში გაავრცელა ტყუილი, რომ «საომრად გამზადებული ათიათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას და მხოლოდ ბრძანებას ელოდება. ფაქტების მიუხედავად, რასმუსენი უარყოფს 1990-იან წლებში მოსკოვთან შეთანხმების დარღვევით ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით. რასმუსენის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელ ჩაკ ჰეიგელისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრის რიგი დადგა, რომლებმაც გადაწყვიტეს, ანტირუსული ისტერიისთვის მხარი დაეჭირათ და რამდენიმე შეუსაბამო განცხადება გააკეთეს რუსეთის თითქოს აგრესიულ განზრახვებზე. ამით ისინი ნატოს გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების გადასროლის გამართლებას შეეცადნენ. თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რფ-ში ალექსანდრე ვერშბოუმ, ამჟამად ნატოს გენერალურმა მდივანმა, რუსეთს მტერი უწოდა და დასძინა, რომ «რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად ნატო უკრაინის, მოლდოვას, სომხეთისა და საქართველოს არმიებს მოდერნიზაციაში დაეხმარება». ამით, ისე, რომ არც უფიქრია, ვერშბოუმ ნატოს გაფართოების პროგრამა გაამჟღავნა. ამასთანავე, ფრანგული, ამერიკული და კანადური გამანადგურებლებიც კი რუმინეთსა და პოლონეთში გადააფრინეს, რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო გადაიყვანეს პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ნატოსა და პენტაგონის მატყუარა ხელმძღვანელები სინდისის ქენჯნის გარეშე გაჰყვირიან რუსეთის ექსპანსიის შეჩერების აუცილებლობაზე და ამით ნატოს ახალ პოლიტიკას უყრიან საფუძველს.

ამერიკული ორპირობის ნათელი მაგალითია აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის _ ჯონ ბრენანის ჩასვლა კიევში (თავდაპირველად ვაშინგტონი ცდილობდა, დაემალა ვიზიტის ფაქტი, მაგრამ შემდეგ იძულებული შეიქნა, ეღიარებინა) აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მომზადების მიზნით. ამას მოჰყვა აშშის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევის მემარჯვენერადიკალი ხელისუფლების მხარდასაჭერად. სწორედ ასეთ მხარდაჭერას ელოდნენ კიეველი პუტჩისტები. ამის შემდეგ მათ დაიწყეს მზადება ქვეყნის აღმოსავლეთში სახალხო მღელვარების იარაღით ჩასაცხრობად. მაისის დასაწყისში კიევის ხელისუფლებამ ამ ოლქებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გაგზავნა, რასაც კრამატორსკისა და სლავინსკის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. საშინელი ხოცვაჟლეტა მოხდა ოდესაშიც, სადაც რადიკალებმა 46 ადამიანი დაწვეს.

ევროპა, განსაკუთრებით _ გერმანია, უფრო წინდახედულად იქცევა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამოკიდებულია რუსეთიდან ენერგორესურსების მიწოდებაზე, არამედ იმიტომაც, რომ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ომის მანქანის ამუშავებას, თუმცა ვაშინგტონი მაინც მოახერხებს მათ დათანხმებას ნატოსა და პენტაგონის პროგრამის განხორციელებაზე. მეორე მხრივ, ქვეყნები (პოლონეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები), რომლებიც აშშ-ის ფარვატერს მიჰყვებიან, აგრეთვე, საფრანგეთი და ბრიტანეთი ვაშინგტონის გადაწყვეტილებების უსიტყვოდ შესრულებისკენ იხრებიან. მოსკოვის მიმართ მუქარები და ეკონომიკური სანქციები, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის იზოლაციას ისახავს მიზნად და ნამდვილი პროვოკაციაა, _ განაცხადეს გერმანიის ყოფილმა კანცლერებმა: ჰელმუტ კოლმა, ჰელმუტ შმიდტმა და გერჰარდ შრედერმა.

რა არის მიზეზები, რომელთა გამოც აშშმა და ევროკავშირმა ასეთი ფსონი დადეს უკრაინაზე და რაც ნამდვილ პროვოკაციად უნდა განვიხილოთ?

პირველი _ ევროკავშირისა და აშშის გავლენის ზონების გაფართოება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზემოქმედების გაგრძელება, მათზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კავშირის საბოლოო გადაწყვეტა იმ რესპუბლიკებს შორის, რომლებიც 20 წლის წინათ ერთ სახელმწიფოში არსებობდნენ. თუ აშშ-ის ძალიან თავისებურ მსჯელობას გავყვებით, ევროკავშირის სწრაფვა თავისი წევრების რაოდენობის გაზრდისკენ სრულიად გამართლებულია, მაგრამ, თუკი მსგავს მიზნებზე რუსეთი ალაპარაკდება და საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ განაცხადებს, ეს უკვე «ექსპანსიაა», რომელიც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ეს აიხსნება იმით, რომ ვაშინგტონი რუსეთის იზოლაციისკენ მიილტვის. უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება კიდევ ერთ ფარულ მიზანს ემსახურებოდა: გაუქმებას რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულებისა სევასტოპოლში (ყირიმი) რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განლაგების შესახებ. თუმცა ამ გეგმას უკვე განხორციელება აღარ უწერია _ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდა.

მეორე _ აშშ სურს ნატოს სამხედრო სტრუქტურის განახლება და ალიანსისთვის ახალი როლის მინიჭება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს სოციალისტური ბანაკის ყველა ქვეყნის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში. არ უნდა დაგვავიწყდეს გადაიარაღების მასშტაბური პროგრამაც, რომლის განხორციელებაც ევროპელი მოკავშირეებისგან სამხედრო ხარჯების გაზრდას ითხოვს.

ნატოში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესვლა ნიშნავს, რომ რუსეთი ალიანსის წევრი ქვეყნების წრეში მოექცევა და დაკარგავს გავლენას არა მხოლოდ თავის პერიფერიებზე, არამედ რეგიონის ლიდერი სახელმწიფოს როლის შესასრულებლად იქნება განწირული. თუ ნატო განაახლებს თავის სტრუქტურას და შეპყრობილი იქნება საომარი ისტერიით (დღეს მას ანტირუსული მიმართულება აქვს, ხვალ კი შეიძლება ანტიჩინური იყოს), ხოლო ევროკავშირი და რუსეთი კონფლიქტში ჩაეფლობიან, აშშ ამ პირობებით ისარგებლებს და შეეცდება, უახლოეს ათწლეულებში თავისი მთავარი კონკურენტი _ ჩინეთი _ შეაჩეროს.

მესამე _ ვაშინგტონს სურს, აიძულოს ევროკავშირი, დაიკისროს სამხედრო ხარჯების დიდი წილი: რაც უნდა გამოგონილი იყოს ხმაური რუსულ ექსპანსიაზე, ის საკმაოდ ეფექტიანია იმისთვის, რომ ბერლინი, პარიზი და ლონდონი აიძულო, ნატოსთვის მეტი სახსრები გამოყონ, რომელთაც ვაშინგტონი გამოიყენებს (ისევე, როგორც ავღანეთში) ახალი კონფლიქტებში, თუმცა ეს ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება. მოკავშირეებზე ზეწოლისთვის ობამა და პენტაგონი იყენებენ მათზე დამოკიდებული ქვეყნების მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პოლონეთის თავდაცვის ულტრამემარჯვენე მინისტრ ტომაშ სემონიაკს, რომელიც მსჯელობს «რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაზე, რომლისთვისაც მისაღებია უხეში ჩარევა სხვა სახელმწიფოების საქმეებში», მაგრამ შორსმჭვრეტელი მინისტრი რატომღაც ხმას არ იღებს ამერიკელთა სამხედრო ჩარევაზე სხვა ქვეყნების საქმეებში.

მეოთხე _ აშშ ცდილობს, დაარღვიოს კავშირები, რომლებიც მოსკოვმა და პეკინმა ბოლო წლებში განამტკიცეს ენერგეტიკასა და სამხედრო სფეროებში, თუმცა ამ ამოცანის გადაწყვეტა ვაშინგტონისთვის იოლი არ იქნება, რადგან ზემოქმედება მოსკოვს აიძულებს, უფრო დაუახლოვდეს აზიას. ყველაფრის მიუხედავად, პენტაგონი და თეთრი სახლი მაინც არ წყვეტენ ფიქრს მოსკოვის იზოლაციაზე, ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, რუსული სტრატეგიული სისტემების ნეიტრალიზაციაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით და რუსეთის გადაქცევაზე მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ…

დასავლური მედიის ანტირუსული ისტერიის მიუხედავად, მოსკოვი დაინტერესებული არ არის უკრაინაში ვითარების გამწვავებით და იქ სამოქალაქო ომის გაჩაღებით. უკრაინის ეკონომიკა კრახის ზღვარზეა, სიტუაცია სულ უფრო უმართავი ხდება, სახელმწიფო ვერ ახერხებს მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდასაც კი, ასიათასობით მშრომელი ხელფასს ვერ იღებს, ფასები ყველაფერზე გაიზარდა, შიმშილის პერსპექტივა კი უფრო რეალური ხდება. ამასთანავე, დასავლეთის დაპირება ეკონომიკური დახმარების შესახებ, დაპირებად რჩება, ხოლო ვაშინგტონის, ბრიუსელისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნეოლიბერალური რეკომენდაციები ნიშნავს იმას, რომ უკრაინა თავისი ბიზნესის განვითარებისთვის პირობებს ვერ შექმნის, დასავლური კომპანიებისთვის კი ეს პირობები საუცხოო იქნება.

ნატოს მოქმედება ლიბიასა და სირიაში, რომელმაც ამ ქვეყნებში ომი გამოიწვია, ძალიან ჰგავს იმ მოქმედებას, რომელმაც ნიადაგი მოამზადა სახელმწიფო გადატრიალებისთვის უკრაინაში. შემდეგ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს კიევის ხუნტას («დროებითი მთავრობა» _ ასე უწოდებენ მას თავიანთ მატყუარა ენაზე), რომელსაც ისეთი შეუსაბამო პერსონაჟი მეთაურობდა, როგორიც არის იაცენიუკი, რომელსაც სინდისის ოდნავი ქენჯნის გარეშე შეუძლია განაცხადოს, მოსკოვს სურს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მსოფლიოს დაავიწყდა ვაშინგტონისა და ნატოს გამუდმებული ტყუილები, აშშ-ის სისხლიანი ინტერვენციები, განცხადებები იმის შესახებ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს, ავღანეთში შეჭრის გამოგონილი მიზეზები, სეიმურ ჰერშის აღიარება,  თუ ვინ იდგა სინამდვილეში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების უკან, აგრეთვე, სიმართლე პროვოკაციებისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ კიევში. ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის მმართველი წრეები კვლავაც განაგრძობენ მსოფლიოში სიცრუის გავრცელებას ჟურნალისტებისა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულატორების მთელი ლეგიონის დახმარებით.

ვაშინგტონი და ნატო ცდილობენ, დამალონ სიმართლე, რომ უკრაინაში კრიზისი მათი მხარდაჭერით მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალებამ გამოიწვია, რომ მათმა შეგირდებმა არ შეასრულეს პირველი შეთანხმება უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომ კიევის ახლანდელი მმართველი ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, რომ პუტჩისტებმა არ შეასრულეს ჟენევის ხელშეკრულება და დაიწყეს მხოლოდ სახალხო ლაშქრის განიარაღება ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთში, მაიდნელ  ექსტრემისტებსა და «მემარჯვენე სექტორის» ფაშისტებს კი, რომლებმაც ოდესაში ხოცვაჟლეტა მოაწყეს, ხელი არ ახლეს. ეს ვაშინგტონისა და ნატოს ერთადერთი ტყუილი არ არის. აქამდე ბარაკ ობამა ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ჯაშუშობის მასშტაბის შესახებ, რომელსაც აშშის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო (ნუს) და ამ ქვეყნის სხვა სპეცსამსახური ეწეოდა. ახლა გაირკვა, რომ ობამა ამ საკითხშიც ცრუობდა: 2014 წლის 15 აპრილს გაზეთმა «ნიუ იორკ თაიმსმა» გამოაქვეყნა წერილი, რომ ობამამ უფლება მისცა ნუს, ეთვალთვალა მილიონობით ადამიანისთვის, აგრეთვე, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

სიცრუის სამეფოს შექმნით, უკრაინაში კრიზისის გამოწვევით, რომელიც შეიძლება, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, ვაშინგტონი და ნატო საფთრთხეს უქმნიან მსოფლიოს. სიცრუე და ორპირობა მათი ხელმძღვანელებისა მომაკვდინებელია. ან რად ღირს ობამას განცხადება მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც კიეველ პუტჩისტებს ცინიკურად უწოდა «კანონიერად არჩეული» ხელისუფლება?! ცილისწამების, სიცრუისა და ისტერიკული განცხადებების მღვრიე ნაკადმა რუსეთის აგრესიულ განზრახვებზე, ნატო და აშშ პროფესიონალი მატყუარების შტაბბინად გადააქცია, რომელიც ომის ცეცხლზე ნავთს ასხამს.

Rebelion.org. (ესპანეთი)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here