Home რუბრიკები სამართალი რატომ არ უბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას მფლობელებს?

რატომ არ უბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას მფლობელებს?

680

სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს კანონმდებლობა საკუთარ თავზე ჰქონდათ მორგებული და «ნაცების» 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის პერიოდში უამრავ ადამიანს უკანონოდ ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც დღესაც ვერ დაუბრუნებიათ; დიახ, დღესაც, როცა ხელისუფლებაში «ქართული ოცნებაა» და არა «ნაციონალური მოძრაობა».


მთავარ პროკურატურაში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ ათასობით განცხადებაა შესული, მაგრამ იქიდან პასუხი ერთია _ იმისთვის, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს. ისმის კითხვა: რატომ არ შეაქვთ ცვლილებები «ნაცების» მიერ დამახინჯებულ კანონებში, რატომ არ ასწორებენ ხარვეზებს? არადა, ათასობით დაზარალებულს იმედი ჰქონდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებოდა, ხმის მიცემისას ამიტომაც შემოხაზეს #41, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. უფლებადამცველები და ადვოკატები კანონმდებლობის დახვეწასა და მასში ცვლილებების შეტანას ითხოვენ; იმასაც ამბობენ, რომ ქონების სამართლებრივი მართვის სფეროში კვლავ პრობლემებია, კერძოდ, ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კვლავ მერაბიშვილისა და მისი კადრების მიერ იმართება. «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე უფლებადამცველსა და ადვოკატს ესაუბრა.

მამუკა ტუსკაძე, უფლებადამცველი

_ ვანო მერაბიშვილს საქართველოში იცნობდნენ, როგორც პირველ პოლიციელს,  არადა, პირველი თაღლითია, თანაც _ მაღალი დონის. მერაბიშვილმა უძრავი ქონების სამართლებრივი მართვა ხელში ჩაიგდო და დაიწყო უძრავი ქონების მართვის პოლიტიკა, რომელიც პირად ინტერესებზე ჰქონდა მორგებული კანონმდებლობით. ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ევალებოდათ ქონების მართვა, ვანოსა და მისი გუნდის კადრებით იყო დაკომპლექტებული და დღესაც იქ არიან თავიანთი პოლიტიკური ფუნქციის შესასრულებლად. ორ ძირითად ორგანიზაციაში, რომლებიც ქონებას მართავს, დღესაც მერაბიშვილის კადრები არიან მოკალათებულნი, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ორ დაწესებულებაში მხოლოდ თავმჯდომარეები და რამდენიმე პერსონა შეიცვალა, ძველი კადრები კი  ჩანერგილები არიან. მაგალითად, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში აზომვით ნახაზებზე გამოცხადებულ ტენდერებს დღესაც მერაბიშვილის კომპანია იგებს. ეს იმიტომ, რომ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ, რომელიც მერაბიშვილმა, გიგა ბოკერიამ, დათო გიორგაძემ და ჯაბა ებანოიძემ 1995 წელს დააფუძნეს, უძრავი ქონების ბაზარზე მოიპოვა მონოპოლია. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების მართვის საგენტოს დღესაც შეუძლია, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე, ერთი ფარატინა ქაღალდით დაარეგისტრიროს სახელმწიფოს სახელზე კერძო მესაკუთრის ქონება, მათ შორის, ტექბიუროში ამ მესაკუთრეზე აღრიცხულიც, და მერე ურცხვად გაგიშვას სასამართლოში,_ მედავე თუ ბიჭი ხარო. ეს კიდევ არაფერი, სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება რომ გამოჰქონდეს საქმეზე. აი, ასეთ რაღაცებს სჩადიან «ვანიჩკას» კადრები. პირველი ექვს თვეს ეშინოდათ, ამბობდნენ, _ ვაიმე, ნეტავ, გადავრჩეთ დაჭერასო; მეორე ექვს თვეს, შეხედეს, რომ ლიბერალური პოლიტიკა მიმდინარეობდა და ცოტა გათამამდნენ; მესამე ექვსი თვის შემდეგ კი კვლავ ის მეთოდები გამოიყენეს, რომლებსაც ვანოს პერიოდში იყენებდნენ. მათ ჰპირდებიან, «ქართული ოცნების» წარმომადგენლები სამსახურიდან ვერ გაგაგდებენ და, თუ მაინც მოხდა მსგავსი რამ, პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე ისევ დავბრუნდებით და სამსახურის პრობლემა არ გექნებათო. მოკლედ, ქონების მართვის სააგენტოში საშინელება ხდება.

_ ხელისუფლება რატომ ეგუება ამას, რატომ არ ათავისუფლებს სამსახურიდან ჩანერგილ ადამიანებს და, საერთოდაც, რატომ არ ატარებს საკანონმდებლო ცვლილებებს?

_ მე რამდენიმეჯერ მივმართე ხელისუფლებას და თითქოს რაღაც კონტურები გამოიკვეთა, რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა. თუნდაც კანონები  სარეგისტრაციო სახელმწიფო საკუთრების შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შესახებ, საჯარო რეესტრის შესახებ, სასოფლო სამეურნეო მიწებისა და არასასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ და კიდევ უამრავი კანონი, რომლებიც უნდა არეგულირებდეს ამ საკითხებს, შესაცვლელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამისთვის ვერ მოიცალეს, ალბათ, ჯერ სხვა რაღაცებია ქვეყანაში მოსაგვარებელი, მაგრამ ვფიქრობ, მოვიდა დრო, ამასაც მიხედონ.

_ თუ იცით შემთხვევა, რომ ადამიანს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა?

_ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება არათუ დაუბრუნდა ვინმეს, არამედ ჯერ კიდევ მიმდინარეობს უძრავი ქონების წართმევა. ვიმეორებ, უკანონოდ წართმეული ქონება არავის დაბრუნებია და ვერც დაუბრუნდება, რადგან ამის საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. აი, ასეთი პასუხი აქვს პროკურატურას.

ნონა ფილაური, ადვოკატი

_ ამ საკითხში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა. თავდაპირველად ხდებოდა ქონების უკანონო გადაფორმება ნოტარიუსის მეშვეობით. წინა ხელისუფლებას თავისი ნოტარიუსები ჰყავდა. მათი მეშვეობით, იძულებით ხდებოდა ამ ქონებების გადაფორმება ჩუქების თუ ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. შემდეგ ეს საკითხი უფრო დახვეწა წინა ხელისუფლებამ და, ფაქტობრივად, საჯარო რეესტრს მისცა ნოტარიუსის უფლება. საჯარო რეესტრის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, მხარეებს ნოტარიუსთან აღარ გაეფორმებინათ იპოთეკის ხელშეკრულება და პირდაპირ წასულიყვნენ საჯარო რეესტრში. ეს ავბედითი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელიც ხაფანგი აღმოჩნდა, სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ უკანონობისა. ანუ კანონით დაკანონდა უსამართლობა. მაგალითად, იპოთეკარს შეეძლო, არ დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში მსესხებელი კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, თუ მითითებულ ვადაში არ დააბრუნებდა ვალს. პროცენტებიც რომ ყოფილიყო გადახდილი, იპოთეკარი უკვე ხდებოდა მესაკუთრე და ნებისმიერ საბაზრო ფასში შეეძლო გაეყიდა მევალის ქონება. ამით ძალიან დაზარალდა მოსახლეობა. საჯარო რეესტრმა, ფაქტობრივად, შეითავსა არა მხოლოდ ნოტარიუსის, არამედ სასამართლოს ფუნქციაც.

ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ზურაბ ადეიშვილი იყო იუსტიციის მინისტრი. სხვათა შორის, ამ საქმეში გიგი უგულავაც იყო გარეული და, დღეს რომ ატეხეს აჟიოტაჟი,  უკანონოდ დააკავესო, სასაცილოა. სწორედ უგულავა იღებდა ადეიშვილისგან კონსულტაციებს და ყველა კანონი, ყველა ბრძანება საჯარო რეესტრის შესახებ მასთან კონსულტაციით ყალიბდებოდა. აქედან გამომდინარე, დღეს კანონი საჯარო რეეესტრის შესახებ შესაცვლელია. უნდა გადაიხედოს არა მხოლოდ კანონი, არამედ პროკურატურამ ნებისმიერ საჩივარზე უნდა მოახდინოს რეაგირება, საზოგადოებამ საკუთარი ქონების თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც დაბრუნება რომ შეძლოს. ეს კაბალური კანონები წინა ხელისუფლებისა და მათი მომხრეების სასარგებლოდ იქნა შემოღებული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაქვს ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრში ცდილობენ, კიდევ ერთხელ მოასწრონ ამ ყველაფრის სათავისოდ გამოყენება და სჩადიან უკანონობას. თუმცა ეს მარტო საჯარო რეესტრში არ ხდება, ეს, საზოგადოდ, ყველა სტრუქტურის სენია, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების კადრები ისევ იქ არიან. რა თქმა უნდა, ამ კადრებშიც არის თითო-ოროლა პატიოსანი, მაგრამ  ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. მაქვს ინფორმაცია, რომ «ნაცები» მათ ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, არავინ შეგეხებათ, მალე დავბრუნდებითო. ვფიქრობ, ეს ხალხი არ არის ის ძალა, რომელსაც შეიძლება რომელიმე სტრუქტურა დაეყრდნოს, რადგან ისინი არ არიან პროფესიონალები, კვალიფიციურები. ისე, თითქმის ყველა სტრუქტურაში ერთნაირი სქემა მუშაობს, ანუ ზედა ეშელონი შეცვლილია, ქვედაში კი ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს ავადსახსენებელი კოაბიტაციის შედეგია.

_ რატომ არ იწყება საკანონმდებლო ცვლილებები?

_ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არაფერი შეცვლილა. სხვაობა ერთ რამეშია: თუ ადრე ამას დაუფარავად აკეთებდნენ, ახლა შედარებით ფარულად, მაგრამ მაინც აკეთებენ. რაც შეეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, შემიძლია ვთქვა, რომ არავის დაბრუნებია. სასამართლოში დავა კი მიმდინარეობს, მაგრამ მოსამართლეები შეზღუდულები არიან, დადებითი გადაწყვეტილება ვერ გამოაქვთ დაზარალებულების სასარგებლოდ. პროკურატურაში 10-15 ათასამდე საჩივარია შესული, კბილაშვილის პერიოდში გამოძიება დაიწყო, მაგრამ გაჩერდა. მე მაქვს ძალიან ბევრი მოქალაქის საჩივარი შეტანილი პროკურატურაში და ან არის პასუხი, რომ კანონი არ აძლევთ ამის საშუალებას, ან საერთოდ არ არის. ასე რომ, მართლმსაჯულების დახვეწის გადახალისების კუთხით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ მიუხედავად იმისა, რომ ათასობით განცხადებაა შეტანილი მთავარ პროკურატურაში, რომ გამოძიება დაიწყოს და უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნდეს ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, წართმეული ქონება არავის დაბრუნებია. სამწუხაროდ, სასამართლოს მიდგომა არაადეკვატურია. მოსამართლეები განაგრძობენ იმავე პოლიტიკას, როგორსაც ნაცხელისუფლების დროს ატარებდნენ.  კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: ცოლ-ქმარ სინა ხიჯაკაძესა და ზურაბ ფილიპიას ქუთაისის ცენტრში  კერძო სკოლა ჰქონდათ. ადეიშვილისა და მერაბიშვილის სახელით გარკვეული პირები სთხოვდნენ ამ ქონების დათმობას. და ვინაიდან მათ ქონება არ დათმეს, ხელისუფლებამ ზურაბ ფილიპია დააკავა, რომელსაც ორი თვის განმავლობაში აიძულებდნენ, დაეთმო ქონება. ეს მან სიცოცხლის გადარჩენის მიზნით (გული აწუხებდა) გააკეთა _ პროკურატურის მითითებით ჩუქება გააფორმა მერიასთან. საჯარო რეესტრმა იმ დღესვე გადააფორმა ეს ქონება საკრებულოსა და მერიაზე. ეს ყველაფერი განხორციელდა უკანონოდ. ჩვენ ყველა დოკუმენტი გვაქვს იმის დამადასტურებელი, რომ ეს ყველაფერი საჯარო რეესტრმა სამუშაო საათების შემდეგ განახორციელა, მაგრამ სასამართლო ამას ყურად არ იღებს. სამოქალაქო კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ ზნეობრივი ნორმების დარღვევით დადებული გარიგება არის ბათილი. ხანდაზმულობის ვადაც არ არის გასული. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით ამ მუხლის გამოყენებას, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გვითხრა, ერთწლიან ვადაში უნდა გეჩივლათო. ამ შემთხვევაში კანონი არასწორად გამოიყენეს. გავასაჩივრეთ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ხელისუფლების ნება რომ იყოს, სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი და მიიღებდა ამ მტკიცებულებებს. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზეწოლა განხორციელდა ამ ოჯახზე ქონების წართმევის მიზნით. ამ ქალს ნერვიულობით ინსულტი დაემართა. ეს საქმე არის ნიმუში იმისა, როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება. სამწუხაროა, რომ ისევ პოლიტიზებულია სასამართლო, ისევე, როგორც პროკურატურა და მხოლოდ იმ საქმეების გამოძიება ხდება, რომლებიც ხელისუფლების ინტერესშია.

ქონების გადაფორმება რეესტრის მეშვეობით ხორციელდება და ყველანაირი უკანონობის გაპრავებაც  ისევ და ისევ საჯარო რეესტრის მეშვეობით ხდება. იქ არაპროფესიონალები და ძირითადად ყოფილი ხელისუფლების კადრები მუშაობენ, თუმცა მე აღარ განვიხილავ მას ყოფილ და ახალ ხელისუფლებებად, მიმაჩნია, რომ ისინი ერთნი არიან. ამ შეცდომების შედეგად კი ზარალდება საზოგადოება.

გიორგი ფოფხაძე, ადვოკატი

_ თუ საჯარო რეესტრში რამე დანაშაულებრივი ქმედება ხდებოდა, ეს პირდაპირ იყო გადაჯაჭვული პროკურატურასთან. დღეს რატომ არ ხდება ამ ყველაფრის გამოსწორება, მგონი, გასაგებია _ იუსტიციის მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა: ძვირი გვიჯდება  სამართლიანობის აღდგენაო. ამას იუსტიციის მინისტრი რომ იტყვის, რაღაზეა საუბარი?! რატომ არ ცვლიან კანონმდებლობას, «ოცნების» დეპუტატებს უნდა ვკითხოთ, რომლებისთვისაც პრეზერვატივზე მსჯელობა უფრო მნიშვნელოვანია, ანუ სხვა თემას ვერ პოულობენ და რა ქნან. არადა, ათასი რამეა მოსაგვარებელი, ესენი კი რით არიან დაკავებულნი, ხედავთ?!

სააკაშვილის პერიოდში ხალხს იჯარით აღებული მიწები წაართვეს.  სოფელ გრიგორაანთკარში წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ მიწებს გლეხები,  დღეს კი ეს მიწები სახელმწიფოს საკუთრებაშია და ყიდიან სხვადასხვა ადამიანებზე (ბაზალეთის ტერიტორია ბევრს იზიდავს).

გლეხებს ეუბნებიან, წადით და სასამართლოსა და პროკურატურაში გაარკვიეთო. გლეხმა სასამართლოსა და პროკურატურაში ირბინოს თუ მოსავალი მოიყვანოს? სასამართლო, ფაქტობრივად, სამართლებრივად ეუბნება უარს ამ საცოდავ გლეხებს.

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here