Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: აი, რა იქნება შედეგი _ მოსახლეობას გარეკავენ, მიწა დარჩებათ უცხოელებს…

აკაკი ასათიანი: აი, რა იქნება შედეგი _ მოსახლეობას გარეკავენ, მიწა დარჩებათ უცხოელებს…

604

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი აკაკი ასათიანი.


_ ბატონო აკაკი, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე «ქართული ოცნების» წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ არჩევნების შემდეგ «ნაცმოძრაობა» მოქკავშირის ბედს გაიზიარებდა და პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებოდა, თუმცა დღეს ყველაფერი პირიქითაა _ «ნაცები» არა თუ არ იშლებიან, სულ უფრო აქტიურდებიან და ბოლო არჩევნებიც ამის ნათელი მაგალითია. თქვენი აზრით, რითაა ეს განპირობებული: მათი რეიტინგის ზრდით თუ რამე სხვა მიზეზით?

_ მგონი, აშკარად ჩანს, რაც ხდება და არა მგონია, დიდი აღმოჩენა გავაკეთო: «ნაციონალებს» თუ ვინმე ჰყავთ გულწრფელი ამომრჩეველი, ეს, ალბათ, ხუთიდან ათ პროცენტამდეა და რაც მთავარია, მათ ზურგს უმაგრებს ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც აწყობილი იყო იმ ფინანსურ საშუალებებზე, რომლებიც ამ პარტიას ჰქონდა იმავე ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში ყოფნით. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მარტო თბილისში დაახლოებით ათი ათას კაცამდე ჰყავდათ დასაქმებული და პლიუს კიდევ მათი ოჯახები, ახლობლები, ნათესავები… ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა. ასე რომ, აქ არაფერი მოულოდნელი და გაუგონარი არ მომხდარა. ზოგადად, ბევრი ამომრჩეველი როცა მოვა, მათი პროცენტები შემცირდება, ხოლო თუ არ მოვა, მაშინ ყველა უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეს პარტია კიდევ დიდხანს დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე.

_ ყველა აღიარებს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

_ ვფიქრობ, ეს იყო ხალხის გამაფრთხილებელი სიგნალი ხელისუფლებისთვის, _ შეცვლი ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას, დაგიჭერ მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ არჩევნებზე მივალ და სხვას მივცემ ხმას. ახლა მთავარია, როგორ აღიქვა ეს ხელისუფლებამ და შეძლებს თუ არა იგი მდგომარეობის გამოსწორებას.

_ რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ანუ «ნაცებიც» და «ქოცებიც» ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა, რომ მალე აქ რაღაც არნახული აღმშენებლობა დაიწყება და ქვეყანა ეკონომიკური წინსვლის გზას დაადგება. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ, რა პერსპექტივებს გვიქმნის რეალურად ეს შეთამხმება?

_ არ ვიცი, რა აღმშენებლობაზე საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ ერთ რამეში  დარწმუნებული ვარ: უახლოეს 2-3 წელიწადში, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ვერანაირ სიკეთეს ვერ ვიგრძნობთ. აქ, მინიმუმ, 5 წელი მაინც არ უნდა ველოდოთ კონკრეტულ შედეგებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი იდეალურად, სწორად გაკეთდება.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თურქეთმა ასეთივე ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა სამოციან წლებში და, სანამ არ მოვიდა თურგუთ ოზალის მთავრობა, რომელმაც თვითონ ქვეყნის შიგნით გააკეთა საქმე, მანამდე თურქეთს არაფერი დატყობია. ასე რომ,  ეს ასოცირების ხელშეკრულება თავისთავად აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, ის შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს იმ შემთხვევაში, თუ  ქვეყნის შიგნით დალაგდება სიტუაცია და შეიქმნება ნორმალური გარემო, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

_ კი, მაგრამ ის, რომ ხუთასმილიონიანი ბაზარი გაგვეხსნა, ეს არაფერს ნიშნავს?

_ რეალურად ეს ხელშეკრულება პრობლემაა ჩვენთვის და ამას მომავალში დავინახავთ, ანუ რას ვგულისხმობ, ხუთასმილიონიანი ბაზარი კი გაგვეხსნა, მაგრამ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენგან გატანილი ყველა პროდუქტი იბეგრება: ხილი, ბოსტნეული, ყურძენი… სამაგიეროდ არ იბეგრება ბანანი და ანანასი. ახლა რა გამოდის, ეს ყველაფერი არის გათვლილი იმათ სასარგებლოდ.

_ და როგორ ფიქრობთ: ხელისუფლებას არ შეეძლო, თავისი პირობები წაეყენებინა ევროკავშირისთვის?

_ საქმეც ესაა. ესენი საერთოდ არ შეეწინააღმდეგნენ არაფერში, პირდაპირ, ბრმად მიიღეს მათი შემოთავაზებული დოკუმენტი. რომ ემსჯელათ, ეკამათათ, ალბათ, რაღაც ანგარიშს გაგვიწევდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც ამას გაბედავდა.

_ გამოდის, ხუთასმილიონიანი ევროპისთვის სამმილიონიანი ქართული ბაზარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო ასოცირების ხელშეკრულება გაგვიფორმეს?

_ ცხადია, აქ მარტო ბაზრის ამბავი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული ფაქტორია. აბა, ერთი ჰკითხეთ უნგრეთს, რატომაა მათი დღევანდელი პრემიერი ორბანი ანტიევროპულად განწყობილი და რატომ ცდილობს რუსეთთან დაახლოებას? იმიტომ, რომ, როგორც კი შევიდნენ ევროკავშირში, ქვეყნის ეკონომიკამ ნგრევა დაიწყო…

_ გვემუქრება ჩვენც იგივე საფრთხე?

_ ჩვენ შეიძლება უარესი დაგვემართოს, თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა გონს არ მოვა. გონს მოსვლაში ვგულისხმობ ისეთი დაუფიქრებელი განცხადებებისგან თავის შეკავებას, რომლებიც ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმოდა. ეს ეხებოდა იმავე ევროინტეგრაციას, ნატოში შესვლას და ა. შ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ არ მიგვიღებენ ნატოში. ეს უკვე ღიად განგვიცხადა თანამედროვე მსოფლიოს ორმა უმნიშვნელოვანესმა პოლიტიკურმა ფიგურამ: ობამამ და მერკელმა. მეტი რაღა გვინდა ახლა, ღმერთი არ გამოგვეცხადება და არ გვეტყვის ამას.

_ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებითაც. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დამღუპველი საქართველოსთვის. კერძოდ, რას ვგულისხმობ: სულ ახლახან მორატორიუმი რომ მოხსნეს უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე, ეს გამოიწვევს საშინელ შედეგს _ ყველაფერს ისინი იყიდიან; უვიზო მიმოსვლა თუ იქნება ევროკავშირთან, ჩათვალეთ, რომ საქართველოში ქართველი სანთლით საძებარი გახდება. აი, რა შედეგს მივიღებთ _ მოსახლეობას გარეკავენ, მიწა დარჩებათ უცხოელებს. მტერი რომ შემოდიოდა ხოლმე, ის სხვას კი არაფერს აკეთებდა აქ…

_ ამ ყველაფერთან ერთად, კრემლიც, ალბათ, გადახედავს ჩვენთან ეკონომიკურ ურთიერთობას. ლავროვმა თქვა კიდეც ადრე, თუ კი საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებენ, რუსეთს თავდაცვითი ზომების მიღებაზე მოუწევს ფიქრიო.

_ რუსეთთან დაკავშირებით ამ ხელისუფლების პოლიტიკაში ერთადერთი ის მომწონს, რომ ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი და უაზრო განცხადებების კეთება შეწყდა. ამას, ბუნებრივია, ისინიც ხედავენ და ახლა თვითონაც თავშეკავებულად ლაპარაკობენ ჩვენზე.

რაც შეეხება ურთიერთობების გადახედვას, რა თქმა უნდა, რუსეთი აწი  ბევრად უფრო ფრთხილი იქნება, მას მოუწევს გარკვეული თავდაცვითი ეკონომიკური ზომების მიღება ჩვენთანაც და უკრაინასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, არც ისწრაფვის ამ გაერთიანებისკენ და ცდილობს, საკუთარი წესებით ითამაშოს ყველასთან, იქნება ეს ევროპა, ამერიკა თუ რომელიმე სხვა გეოპოლიტიკური ოჯახი.

_ ღარიბაშვილმა ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, მადლობელი ვართ რუსეთის, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში ხელი არ შეგვიშალესო. თქვენი აზრით, რეალურად შეეძლოთ მათ ამ პროცესის შეფერხება?

_ რუსეთი რომ ამ პროცესში არ ჩაერეოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ «ნაციონალების» პროვოკატორობის ამბავი ხომ იცით, ზოგიერთმა ცხელმა ტვინმა იმდენი იძახა, მოსკოვიდან საფრთხეს უნდა ველოდოთო, მართლა გაჩნდა მოლოდინი, რომ რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო. სინამდვილეში მოსკოვს ეს არ სჭირდებოდა და არც ახლა სჭირდება. უბრალოდ, ამ შიშის დანერგვით ვიღაც ხელს ითბობს. თავის დროზე ასეთი შიში დანერგა შევარდნაძემ, იმიტომ, რომ ასე აძლევდათ ხელს მისიანებს. სამაგიეროდ, დასავლეთიდან მიიღეს მილიონიანი კრედიტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავად შეჭამეს.

_ სააკაშვილმა რა მიიღო?

_ სააკაშვილმა მიიღო ყველანაირი მხარდაჭერა _ დაწყებული პოლიტიკურიდან, დამთავრებული ფინანსურით. წარმოიდგინეთ ახლა, კაცს, რომელიც ქუჩაში სასაკლაოს მოაწყობს, მერე დემოკრატიის შუქურას უწოდებ, ამაზე მეტი მხარდაჭერა რაღა გინდა?! გარდა ამისა, მას გადაუხადეს ძალიან დიდი თანხა, რათა  ვიღაც-ვიღაცების მითითებებით ემოქმედა. თუნდაც 2008 წლის აგვისტო რომ ავიღოთ, იმ ომში სააკაშვილმა 5 მილიარდი მიიღო…

_ ვისგან?

_ ვისგან მიიღებდა? ამერიკისგან. ესე იგი რაღაც შეუსრულა მათ, ხომ? ახლა მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს: ვთქვათ მე და შენ მივდივართ რაღაც წვეულებაზე და შენ მეუბნები: კაკო, აქ კარგი ხალხია, კარგი საზოგადოებაა და არ იჩხუბოო. კარგი-მეთქი, გეუბნები, მაგრამ, შევედით თუ არა,  კიდეც ვიჩხუბე, დავლეწე ყველაფერი და შეგარცხვინე. ამის შემდეგ გამოხვალ და ოთხ ლარს მომცემ ტაქსის ფულს? კარგად მეყოლეო, ხომ მეტყვი? მაგრამ თუ ჩხუბის მერე  ოთხას ლარს მომცემ, _ ეს შენ, კაკო, ყოჩაღო. რა გამოვა? _ შენ წაგიქეზებივარ, რომ მეჩხუბა, აბა, რაში მაძლევ ამ ფულს?!

მათ ხუთი მილიარდი მისცეს სააკაშვილს, ეს ხომ, ფაქტობრივად, დანაშაულის აღიარება იყო?! ამით ხომ გაიშიფრა ყველაფერი?!

_ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, ქალბატონი ფანჯიკიძე და ბატონი პეტრიაშვილი, ხშირად აცხადებენ, რომ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით ბერკეტები არ გააჩნია. რას ფიქრობთ ამაზე? რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება?

_ ეს შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, ლოგიკას მოკლებულია. რუსეთი საქართველოზე კი არა, მთელ მსოფლიოზე ახდენს ზემოქმედებას. აგერ იმავე უკრაინაში რა ხდება ან სირიაში რა მოხდა, ყველამ ვნახეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ყველაზე მეტად  გვჭირდება თავშეკავება, ანუ ხმამაღალი განცხადებები და ქადილი, რომ აი, თვით რუსეთი რომ რუსეთია, ისიც კი ვერ გვაჩერებს, არაფერს მოგვცემს. ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს დაძაბულობის რეჟიმში. ახლა ისევ ბერკეტებს რაც შეეხება, ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთმა რაღაც მოქმედება გადაწყვიტოს ჩვენს წინააღმდეგ, თორემ ბერკეტებს და შესაძლებლობებს მერე ნახავთ… არა მგონია ეს არ ესმოდეთ «ქართულ ოცნებაში» და მიკვირს, როცა არაადეკვატურ, გაუაზრებელ განცხადებებს ვისმენ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here