Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის სპეცრაზმის ყველაზე სამარცხვინო მარცხი

აშშ-ის სპეცრაზმის ყველაზე სამარცხვინო მარცხი

1096

აშშ, როგორც ზესახელმწიფო, მიჩვეულია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას _ ზოგჯერ ფართომასშტაბიანის, ზოგჯერ კი გასაიდუმლოებულის, სპეცრაზმების მონაწილეობით. ამ სპეცოპერაციებიდან ბევრი წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ისეთი გამაოგნებელი ჩავარდნა, როგორიც 1980 წელს ირანის ტერიტორიაზე მოხდა, აშშ-ის სპეცსამსახურებს არასოდეს განუცდიათ. ოპერაცია «არწივის კლანჭი» იქცა აშშ-ის ეროვნულ სირცხვილად, რომლის გახსენებასაც ყველა ამერიკელი ერიდება.


რევოლუციის მძევლები

1970 წლამდე ირანი დასავლეთზე ორიენტირებული მონარქია იყო. შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი კულტურის სფეროს ვესტერნიზაციასაც კი ეწეოდა. ნებისმიერი ოპოზიცია აკრძალული იყო _ უკმაყოფილოთა გამოსვლებს მკაცრად ახშობდნენ. 1970-იანი წლების ბოლოს ვითარება გაამწვავა ეკონომიკურმა კრიზისმა _ არნახული ინფლაციისა და კორუფციის გამო რეჟიმი მომხრეებს კარგავდა.

დასავლეთის ზემოქმედებით, შაჰმა კომპრომისული ნაბიჯები გადადგა: გაათავისუფლა პოლიტპატიმართა ნაწილი და დაუშვა ოპოზიციის მოღვაწეობა. ოპოზიციის ყველაზე ძლიერ ნაწილს კი სასულიერო პირები წარმოადგენდნენ, რომლებსაც მხარს უჭერდნენ სტუდენტები და მოსახლეობის ღარიბი ფენა. 1978 წლის იანვარში ქვეყანას დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა, რომელიც სასტიკი მეთოდებით ჩაახშეს, თუმცა ხელისუფლების სისასტიკემ სახალხო მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერება გამოიწვია. ირანის ხელისუფლებას ვერც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ უშველა და 1979 წლის დასაწყისში რეზა ფეჰლევი გაიქცა. ქვეყანაში კი დაბრუნდა აიათოლა ჰომეინი, რომელიც 15 წლის განმავლობაში განდევნილი იყო. რეფერენდუმის საფუძველზე ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა, ხელისუფლების სათავეში კი სასულიერო პირები მოექცნენ.

1979 წლის 4 ნოემბერს სტუდენტების ჯგუფი თავს დაესხა აშშის საელჩოს თეირანში. ახალგაზრდები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ აშშმა ხალხის მიერ შერისხული შაჰი შეიფარა, და მის გადაცემას მოითხოვდნენ.

ათამდე საზღვაო ქვეითმა, რომლებიც საელჩოს იცავდნენ, ბრბოსთან ვერაფერი გააწყო და შედეგად ირანელებმა 66 კაცი მძევლად აიყვანეს. მათგან 13 ქალი (აფროამერიკელები) და ერთი მძიმედ ავადმყოფი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ექვსმა დიპლომატმა თავი კანადის ელჩის სახლს შეაფარა და ტყვეობა აიცილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ეპიზოდი საფუძვლად დაედო «ოსკარის» მფლობელ ფილმ «ოპერაცია «არგოს» (რეჟისორი ბენ აფლეკი. 2012 წ.), რომელშიც მოთხრობილია, შესანიშნავად ჩატარებული სპეცოპერაციის წყალობით, როგორ დატოვა ირანი ზემოაღნიშნულმა 6 დიპლომატმა ყალბი დოკუმენტებით.

დანარჩენი 52 მძევლის გათავისუფლებაზე ამერიკელები მხატვრული ფილმის გადაღებას მოერიდნენ, თუ რატომ, ქვემოთ შეიტყობთ.

არწივმა კლანჭები გამოაჩინა

მძევლების გათავისუფლება დიპლომატიური მეთოდებით ვერ შეძლეს. შედეგი ვერც პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა: ამერიკის ბანკებში ირანის ანგარიშების გაყინვა და ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ფუჭი აღმოჩნდა, ამიტომ აშშ-მა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით «არწივის კლანჭი».

სპეცოპერაცია «არწივის კლანჭი» ამერიკელებმა საელჩოში ირანელთა შეჭრისთანავე დაგეგმეს. 1979 წლის დეკემბერში საიდუმლო ბანაკში დაიწყეს სამხედრო სპეცრაზმ «დელტას» მომზადება. უშუალოდ ადამიანების გათავისუფლებაში მონაწილეობა უნდა მიეღო მებრძოლთა სამ ჯგუფს კოდური სახელწოდებებით: «წითელი», «ცისფერი» (40-40 კაცი თითოეულში) და «თეთრი» (13 სამხედრო).

პირველ ორ რაზმს აშშ-ის საელჩოზე უნდა მიეტანა იერიში, მესამეს _ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე, სადაც სამი ამერიკელი მძევალი ჰყავდათ. სპეცრაზმელთა მოქმედებების დეტალურად დასამუშავებლად საელჩოს შენობის ზუსტი მაკეტიც (სართულებით) კი შექმნეს. მებრძოლებს საინჟინრო ნაგებობის შიგნით ფანჯრებიდან უნდა შეეღწიათ. ყველა მებრძოლი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და უხმაურო იარაღით აღჭურვილი. ქურთუკების სახელოებზე დაკერებული ჰქონდათ აშშ-ის პატარა დროშა, რომლითაც სპეცრაზმელებს თავიანთი წევრები სხვებისგან უნდა გაერჩიათ. სპეცოპერაციისთვის 45 წუთი იყო განსაზღვრული, რომლის შემდეგაც სპეცრაზმისა და მძევლების ევაკუაცია დაიწყებოდა.

მაგრამ სპეცრაზმს ჯერ თეირანამდე უნდა მიეღწია. დამუშავდა ქვეყანაში შეღწევის რამდენიმე ვარიანტი. ძირითადი პრობლემა იყო უზარმაზარი მანძილი, რომელიც მებრძოლებს უნდა გადაელახათ. ირანის დედაქალაქი აშშ-ისა და მისი პარტნიორების სამხედრო-საზღვაო და საავიაციო ბაზებისგან შორს მდებარეობდა. ავტოტრანსპორტით შეღწევაზე (მაგალითთად, თურქეთიდან) კი ფიქრიც არ შეიძლებოდა _ რისკი იმისა, რომ სპეცრაზმელებს ირანში შესვლამდე დააპატიმრებდნენ, ძალიან დიდი იყო.

ამიტომ სპეცოპერაციაში მთავარი როლის შესრულება ვერტმფრენებს დააკისრეს. ირანის სიღრმეში სამხედრო ძალის გადასროლა ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველ ღამეს ომანის კუნძულ მასირაზე (თეირანიდან დაშორებულია თითქმის ათასი კმ-ით) განლაგებული ავიაბაზიდან სამი სატრანსპორტო თვითმფრინავით (C-130 «ჰერკულესი») ჯგუფ «დელტას» წევრები უნდა გადაეყვანათ ირანიდან 370 კმ-ის დაშორებით, წერტილში, რომელსაც პირობითად «უდაბნო-1» უწოდეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იქ ბრიტანეთის აეროდრომი იყო. ამ წერტილში კიდევ სამ თვითმფრინავს მოგვიანებით საწვავი უნდა ჩაეტანა 8 ვერტმფრენისთვის (RH-53D), რომლებზეც ამოსაცნობი ნიშნები წაშლილი იყო. ეს ვერტმფრენები ავიამზიდ «ნიმიციდან» უნდა გადმოფრენილიყვნენ. არჩევა ამ საჰაერო აპარატებისა, რომელთა დანიშნულება საზღვაო ნაღმების განადგურებაა, განპირობებული იყო მათი ტვირთამწეობის დიდი შესაძლებლობებით. გარდა ამისა, მსგავსი ვერტმფრენები ჰყავდა ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტსაც და იმ შემთხვევაში, თუკი ირანელები შენიშნავდნენ, შესაძლო იყო, თავიანთ ვერტმფრენებად ჩაეთვალათ.

საწვავის დამატების შემდეგ ვერტმფრენებით სპეცრაზმი მეორე პუნქტში («უდაბნო-2») უნდა გადაეყვანათ, თეირანთან ახლოს, თვითმფრინავები კი კუნძულ მასირას ავიაბაზაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ ამ ოპერაციას ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხელს ვერ შეუშლიდა, რადგან მის მოძველებულ რადარებს დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო აპარატების აღმოჩენა არ შეეძლო.

სპეცრაზმს დღე თავშესაფარში უნდა გაეტარებინა, საღამოს კი ამერიკელი აგენტების მიერ მიყვანილი სატვირთო ავტომობილებით თეირანის ცენტრში უნდა წასულიყვნენ. საელჩოს შენობის შტურმი შუაღამეს უნდა დაწყებულიყო. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი სპეცრაზმი ვერტმფრენებს პირდაპირ შენობასთან ან ახლომდებარე სტადიონზე გამოიძახებდა. ვერტმფრენები სპეცრაზმელები და მძევლები ვერტმფრენებით გადაფრინდებოდნენ მანზარიიას მიტოვებულ აეროდრომზე, რომლებსაც მანამდე მებრძოლების სხვა ჯგუფი დაიკავებდა. იქიდან კი C-141 თვითმფრინავებით ყველა ადამიანი ეგვიპტეში უნდა გადაეყვანათ.

პანიკა და გაქცევა

ოპერაციაში მონაწილე ადამიანებისა და ტექნიკის მხოლოდ ჩამოთვლაც კი საკმარისია, რათა მივხვდეთ, რომ გეგმა იდეალურად ვერ განხორციელდებოდა. აუცილებელი იყო მკაფიო და შეთანხმებული მოქმედება არმიის სპეცქვედანაყოფების, ფლოტისა და ავიაციისა, ადამიანური ფაქტორის სრულად გათვალისწინება კი შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანელი სამხედროების მოქმედებასა და სხვა სიურპრიზებზე, რომლებიც შეიძლება მომხდარიყო ხალხმრავალი თეირანის ცენტრში. მაგრამ ის, რაც სინამდვილეში მოხდა, ამერიკელებს კოშმარშიც არ უნახავთ.

სპეცოპერაცია 1980 წლის 24 აპრილის საღამოს დაიწყო. როგორც იყო ჩაფიქრებული, 6-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ომანის ყურეს და ირანის ტერიტორიაზე შევიდა. წერტილ «უდაბნო-1»-ში დაჯდომის შემდეგ მოულოდნელად გაირკვა, რომ ამ ტერიტორიასთან ახლოს სატრანსპორტო მაგისტრალი გადიოდა. ამერიკელი სამხედროები იძულებულნი შეიქნენ, დაეკავებინათ ავტობუსი 40 მგზავრით, მათ გათავისუფლებას გაფრენის შემდეგ აპირებდნენ. გზატკეცილზე მიმავალი ბენზინმზიდის მძღოლი კი ამერიკელთა ბრძანებას არ დაემორჩილა. მისიის გამჟღავნების შიშით, სპეცრაზმმა მანქანა ყუმბარმტყორცნებით გაანადგურა. ცეცხლის ალი ათეულობით მეტრის სიმაღლეზე ავარდა და შორიდან ჩანდა. გასაგები იყო, რომ მოულოდნელობის ეფექტის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. ამის კვალდაკვალ, ამერიკელებს ტექნიკამაც უღალატათ _ შეკრების ადგილას მიმავალი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვერტმფრენები ქვიშის ქარიშხალში მოყვნენ. ერთ-ერთი პილოტი დაიბნა, გზა ვეღარ გაიგნო და იძულებული შეიქნა, ავიამზიდზე დაბრუნებულიყო. კიდევ ერთი ვერტმფრენი, ვიდრე «უდაბნო-1»-მდე მიაღწევდა, გაფუჭდა. მესამე აპარატმა კი მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ისიც გაფუჭდა. საბოლოოდ მწყობრში დარჩა 5 ვერტმფრენი, რაც საკმარისი არ იყო თეირანიდან ყველა სპეცრაზმელისა და მძევლის გამოსაყვანად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპერაციის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ბეკვიტმა უკანდახევის ბრძანება გასცა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელებს ყველაზე დიდი უბედურება წინ ელოდათ. ერთ-ერთმა ვერტმფრენმა ჰაერში აფრენის შემდეგ მტვრის ღრუბლებში ორიენტაცია დაკარგა და საწვავმზიდ თვითმფრინავს შეეჯახა. მყისიერი აალებისა და შემდეგ აფეთქების შედეგად 8 პილოტი დაიღუპა.  გადარჩენილი სპეცრაზმელები ვერ მიხვდნენ, რა მოხდა; იფიქრეს, რომ ირანელმა სამხედროებმა შეუტიეს და უმისამართო სროლა ატეხეს. დაიწყო პანიკა. პილოტებმა ვერტმფრენები მიატოვეს და სატრანსპორტო თვითმფრინავებისკენ გაიქცნენ. თვითმფრინავის პილოტები კი ცდილობდნენ, საფრენი აპარატები ხანძარს გაერიდებინათ. ამერიკული სპეცრაზმი ოპერაციის საწყისი ადგილიდან თვითმფრინავებით გაფრინდა, უდაბნოში კი დატოვა 5 გამართული ვერტმფრენი, მათთან ერთად _ საიდუმლო დოკუმენტები, რუკები, უახლესი მოწყობილობები, ფული. ინსტრუქციის მიხედვით, ეს ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ პანიკური შიშით შეპყრობილმა ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ირანის არმიას ჩაუგდეს ხელში.

ამ ღამის პერიპეტიები მალე შეიტყო საზოგადოებრიობამ _ მსოფლიო შემოიარა დამწვარი და მიტოვებული ტექნიკის კადრებმა. ამერიკულმა სპეცრაზმმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხა სირცხვილი. ამასთანავე, აშშ წაეჩხუბა ომანი, რომლის ხელისუფლებამაც არაფერი იცოდა სპეცოპერაციის შესახებ _ ამერიკელებს ავიაბაზის გამოყენება აუკრძალეს.

6 მაისს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა მფრინავების დაღუპვის გამო. მძევლები კი დიპლომატიური არხებით გაათავისუფლეს 1981 წლის 20 იანვარს _ დატყვევებიდან 444 დღის შემდეგ. პოსტი ვერ შეინარჩუნა არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა დაეკისრათ ოპერაციის სამარცხვინოდ ჩაფლავების გამო. «არწივის კლანჭმა» შეიწირა კარტერის პრეზიდენტობა, რომელიც არჩევნებში რონალდ რეიგანთან დამარცხდა. ირანელებმა კი ამერიკელთა კატასტროფის ადგილას «მადლიერების მეჩეთი» ააგეს, ნიშნად იმისა, რომ ღმერთმა ისლამური რესპუბლიკა აშშ-ისგან დაიცვა.

მომზადებულია უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here