Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს კარი იხურება, საქართველო გარეთ რჩება

ნატოს კარი იხურება, საქართველო გარეთ რჩება

525

სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას (მაპს) ვერ მიიღებს. ეს ფართოდ გავრცელებული, დასავლეთის ლიდერების სკეპტიკურ მინიშნებებზე დაფუძნებული მოსაზრება გასულ კვირას კიდევ უფრო გამყარდა, მას შემდეგ, რაც «როიტერმა» გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საქართველოს საკითხზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამართულ შიგა კონსულტაციებს და აზრთა სხვაობას აღწერს. მისი მოკლე შინაარსი ძალიან მარტივი და გასაგებია _ «მაპი არ იქნება». ასე რომ, შემოდგომაზე ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, «ძველი პლასტინკის» დატრიალება და «მაპზე უკეთესის» ძახილი მოუწევს. მიიღებს თუ არა ამას საზოგადოება?


როდესაც დასავლეთი უძლურია

პოლიტიკა, რომელიც დასახული მიზნების უმტკივნეულო მიღწევის შესაძლებლობას იძლევა, 99% შემთხვევაში ფასდება, როგორც კარგი. პოლიტიკას, რომლის ფარგლებში მიზნის მიღწევა მძიმე დანაკარგების ხარჯზე ხდება, ხშირად ახასიათებენ, როგორც ცუდს ან საეჭვოს, თუმცა საბოლოო წარმატება მას, ზოგიერთ შემთხვევაში, ამართლებს. მაგრამ როგორ შეიძლება შეფასდეს პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია მიზანზე, რომლის მიღწევა შეუძლებელია და უმძიმეს, მათ შორის ტერიტორიულ, დანაკარგებს უკავშირდება? _ ალბათ, მხოლოდ როგორც დანაშაულებრივი და უკიდურესად უპასუხისმგებლო. თუ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს ამ კონტექსტში განვიხილავთ, შეიძლება საკმაოდ პესიმისტურ დასკვნამდე მივიდეთ.

«ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, რადგან ამან შეიძლება რუსეთის შურისძიების პროვოცირება მოახდინოს, _ აღწერს «როიტერი» ნატოს კულუარებში გამართულ დებატებს, _ მაშინ, როდესაც სხვები ამბობენ, რომ ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატომ რუსეთის ზეწოლას თავი დაუხარა. ნატოს ერთერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ალიანსი 50:50-ზე გაიყო და, შესაბამისად, აუცილებელი კონსენსუსი არ არის».

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აქ მთავარ არგუმენტად გამოიყენება შესაძლო ნეგატიური შედეგი ნატოს იმიჯისთვის და არა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ნიუანსის დაფიქსირება შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, თუ რა არის პრიორიტეტული ალიანსის ზოგიერთი წევრისთვის ამ ეტაპზე.

«ნატოს ერთერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ნატოს დაახლოებით 12 წევრს 28-დან არ სურს საქართველოს მოწვევა მაპში და იწინასწარმეტყველა, რომ ალიანსი აუცილებელ კონსენსუსს ვერ მიაღწევს. ნატო, სავარაუდოდ, მივა კომპრომისამდე საქართველოსთვის «გაძლიერებული თანამშრომლობის» პაკეტის მინიჭებით, მაპის მინიჭების გარეშე. ამ პაკეტში შეიძლება შევიდეს ისეთი ზომები, როგორიცაა უფრო მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნა და საქართველოში ნატოს კავშირის ოფისის გაძლიერება. შეერთებული შტატები უფრო მაღალ პრიორიტეტად ალიანსში ერთიანობის შენარჩუნებას განიხილავენ, იმ დროს, როდესაც ნატო მიჯაჭვულია კონფრონტაციას რუსეთთან უკრაინის გამო. საფრანგეთი თვლის, რომ ახლა არ არის საქართველოსთვის მაპის მინიჭების დრო და გერმანიაც ასევე წინააღმდეგია, ამბობენ დიპლომატები», _ წერს «როიტერი» და დასძენს, რომ «ქორების» როლში ამ შემთხვევაში ბალტიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი  ქვეყანა გამოდიან, «რომელნიც ამტკიცებენ, რომ ნატომ (საქართველოსთვის) მაპის მინიჭებით რუსეთს ხისტი მესიჯი უნდა გაუგზავნოს».   

აქ ყურადღება, ალბათ, ისევ პრიორიტეტების პრობლემას უნდა მივაქციოთ. აშშ-ს გაცილებით მასშტაბური საკითხები აწუხებს და, როგორც ჩანს, მზად არ არის, საქართველოს გამო ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა მოახდინოს (რამდენად შედეგიანი იქნება ის, სხვა საკითხია; გერმანია-საფრანგეთის წინააღმდეგობის დაძლევას ამ საკითხში ვაშინგტონი ადრეც, ანუ უკრაინის კრიზისამდეც ვერ ახერხებდა). ვაშინგტონს, სავარაუდოდ, არ სურს, ეკამათოს ბერლინსა და პარიზს ამ თემაზე, მაშინ, როდესაც საფრთხის ქვეშ დგას ალიანსის კონსოლიდირებული პოზიცია უკრაინაში, ხოლო მოვლენები ერაყში ძია სემის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამერიკელების მიერ მომზადებული სამთავრობო ძალები ქალაქებს ტოვებენ, იარაღს ყრიან და უკან მოუხედავად გარბიან, ხოლო ძალიან ცუდად შეიარაღებული, მაგრამ კარგად მოტივირებული მეამბოხეები ფეხდაფეხ მისდევენ. «აშშ-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ლიბიაში და რაც ახლა ხდება ერაყში», _ განაცხადა გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და (ერაყის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით) ნაკლებად სავარაუდოა, ამ მიდგომამ ვაშინგტონს მოკავშირეების მხარდაჭერა და პატივისცემა მოუტანოს. ურთიერთობა ევრომოკავშირეებთან, უკრაინის კრიზისის ფონზე, სულ უფრო რთულდება და ნერვული, აპრიორი უნაყოფო დისკუსია მათთან ქართული მაპის თაობაზე ვაშინგტონს, სავარაუდოდ, არ სჭირდება.

ბალტიელებისთვის კი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია «მესიჯის გაგზავნა»; ამ შემთხვევაშიც წინა პლანზე დგას არა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, არამედ ნატორუსეთის ურთიერთობის დღევანდელი მდგომარეობით განპირობებული საჭიროება (რეალური თუ წარმოსახვითი, მნიშვნელობა არ აქვს).

რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი ოფიციალური თბილისის სურვილია, ქვეყანა ნატოში გააწევრიანოს. აგვისტოს ომს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პლაცდარმების შექმნას მოსკოვში ხშირად სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ. კრემლი მიანიშნებს, რომ შეიძლება საქართველოს სრულ დანაწევრებაზე წავიდეს, ოღონდაც კავკასიაში ნატოს ძალების გამოჩენა არ დაუშვას. ასე რომ,  ხსენებული «მესიჯის» მიღება და ტანკების დაქოქვა, სავარაუდოდ, ერთი იქნება. 

მიუშვით ღუმელთან, იქნებ რას აცხობს

განხილულ საკითხთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოება, ალბათ, ერთ რამეზე უნდა შეთანხმდეს _ უმაღლესი პრიორიტეტი ჩვენთვის საქართველოს უსაფრთხოებაა. ნატოს იმიჯი, მისი პოზიცია უკრაინაში თუ სირიაში, მისი მესიჯები მოსკოვს თუ ტელეგრამები პეკინს ალიანსის წევრი სახელმწიფოების პრობლემებია და არა ჩვენი. სინამდვილეში საკითხი ძალიან მარტივად დგას: ან ისინი გვაძლევენ მაპს და წევრობას, ან კიდევ თავს გვანებებენ, უფრო სწორად, ჩვენ ვანებებთ თავს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებში უამრავი რამ მოხდა: კონფრონტაციაც იყო და «გადატვირთვაც», აგვისტოს ომიც და ბოლოდროინელი დეესკალაციაც. იყო (პირობითად ასე ვუწოდოთ) «რეალობა უკრაინამდე» და «რეალობა უკრაინის შემდეგ». მიუხედავად ამისა, საქართველომ ვერ მიიღო მაპი ვერც ერთ ეტაპზე, წევრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაშინ, როდესაც ალიანსის ყველა  მოთხოვნა შეასრულა და ე. წ. ტესტები ჩააბარა. 

როგორც უკვე ითქვა, ქვეყანა დასახული მიზნის მიღწევის გულისთვის შეიძლება ძალიან დიდ დანაკარგზე წავიდეს. მაგრამ ამ მსხვერპლს აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, როდესაც მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს არ ძალუძს საქართველო ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთს უფრთხის თუ თავის ერთიანობაზე ზრუნავს – აშკარაა, რომ უარს გვეუბნება.

«როიტერის» პუბლიკაცია სრულდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის _ ირაკლი ალასანიას განცხადებით იმის თაობაზე, რომ ის კვლავინდებურად იმედოვნებს: საქართველოს უელსში მაპს მიანიჭებენ. ამ გულუბრყვილო ოპტიმიზმს ახალი მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ფრიად უადგილოა. თუმცა ამავე დროს ხელისუფლება, სავარაუდოდ, იწყებს მზადებას იმისთვის, რომ მოსახლეობას «მაპზე უკეთესის» ტიპის ახალი ისტორია მოუთხროს.

«ყურები არ ჩამოყაროთ, ატლანტისტებო, და ტყუილად არ აჟღურტულდეთ, ევრაზისტებო! წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან! გითხარით, საინტერესოს გამოვაცხობთ! ე.ი. გამოვაცხობთ!» _ წერდა «ფეისბუქში» ივნისის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ანგელა მერკელის ცნობილი განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოსთვის მაპის მინიჭება გამორიცხა. ეს, პრინციპში, ძალიან ჰგავს ბანალურ ისტერიკას, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანია ის რიტორიკული ხრიკი, რომელიც მინისტრმა გამოიყენა, როდესაც პოლემიკაში ჩართული მხარეების რაოდენობა ორამდე, პირობით «ატლანტისტებამდე» და «ევრაზისტებამდე» დაიყვანა. არის კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ _ დასავლური ორიენტაციისა და ნატოში ინტეგრაციის ერთმანეთთან გაიგივება, თითქოს ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, ხოლო ფინეთის ან ავსტრიის (და სხვა ცალსახად დასავლური ქვეყნების) მაგალითი საპირისპიროზე არ მიუთითებს.

პრობლემის დაყვანა პრიმიტიულ ბიპოლარულ დაყოფამდე «ატლანტისტებიევრაზისტები», («სიკეთებოროტება», «ნათელიბნელი»), სავარაუდოდ, მიზნად საქართველოს ხელისუფლების წარუმატებელი პოლიტიკის, მისი ალოგიკურობის გამართლებას ისახავს. «ფინური მოდელი» უკრაინა-საქართველოსთვის, რომელზეც უკვე აშკარად მიანიშნებენ ამერიკელები, რადგან უძლურნი არიან, ეს ორი ქვეყანა ნატოში შეიყვანონ, ამ ბიპოლარულ კონსტრუქციას ანგრევს და შესაძლებელს ხდის დასავლური ღირებულებების დამკვიდრებას, თუნდაც იმავე ევროინტეგრაციას ნატოში გაწევრიანების გარეშე. რა არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს პეტრიაშვილმა ამ «მესამე გზის» მომხრეებს, რა უნდა უთხრას? კიდევ ორი რეგიონი დავკარგოთ, კიდევ ათასობით სამხედრო შევაკლათ რუსულ არმიას, რათა ნატოს მორიგ სამიტზე მაპი ისევ არ მოგვცენ?!

საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩიხშია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის _ თედო ჯაფარიძის გამოსვლაში ძალიან საინტერესო და ერთობ პესიმისტური ქვეტექსტი იგრძნობოდა: «თუკი სამოქმედო გეგმა ან ნატოს წევრობა არ დგას დღის წესრიგში, მაშ, რა დგას დღის წესრიგში? თუკი ჩვენ ვერ ვპასუხობთ ამ შეკითხვას, მაშინ ჩანს, რომ არ გვაქვს საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიულად პასუხისმგებელ საგარეო პოლიტიკასთან. მაგრამ, თუკი აგრესიის თავიდან აცილების მიზანი მიღწეული იქნა ნატოს წევრობის გარეშეც, მაშინ ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, რათა ჩვენ ამ ვარიანტების კარგად აწონვის შესაძლებლობა გვქონდეს». ეს ბოლო წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის სფეროში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და გააზრებული განცხადება იყო. მეტის თქმა, ხელისუფლების დეკლარირებული კურსიდან გამომდინარე, ჯაფარიძეს, უბრალოდ, არ შეეძლო. მაგრამ ფაქტია, რომ არავინ გვეტყვის ღია ტექსტით «ფინეთის გზით იარეთ». ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს გამბედაობა იმისთვის, რომ ამ თემაზე ღია დისკუსია და ალტერნატიულ ვარიანტებზე მსჯელობა დაიწყოს.

თუ არადა, ისევ სიცრუეში ცხოვრება მოგვიწევს, თანაც უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე, იმის იმედით, რომ ალექსი პეტრიაშვილი რაღაც ახალს _ «მაპზე უკეთესს» გამოაცხობს.  უელსის სამიტის შემდეგ ასეთად «გაძლიერებულ თანამშრომლობას წარმოაჩენენ; შემდეგ _ «უფრო  გაძლიერებულ თანამშრომლობას»; შემდეგ _ «უკიდურესად გაძლიერებულს» და ბოლოს, ალბათ, _ «ვაიმე, როგორ გაძლიერებულს». გეგონება, აქამდე ნატოსთან «პოლიტიკური დაახლოება» არ გვინახავს ან წვრთნა (აღჭურვას რას უპირებენ თუ ისევ «არაფორმალური ემბარგოა»?), ან ნატოს კავშირის ოფისი. საინტერესოა, ვინ დაგვეხმარება ომის დაწყების შემთხვევაში? ნატოს ოფისმენეჯერები გავლენ წინა ხაზზე თუ როგორ იქნება?

სად გადის საქართველოფინეთის საზღვარი?

ნეიტრალიტეტი არ არის პანაცეა და მას შესაბამისი გარანტიებით გამყარება სჭირდება. მათი მიღება მხოლოდ გარკვეულ პირობებში ხერხდება, როდესაც გახსნილია «შესაძლებლობების ფანჯარა» და გლობალური მოთამაშეების ძალები (და რიგი სხვა ფაქტორები) გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცეში ასე თუ ისე ურთიერთგაწონასწორებულია. ხელისუფლება შეიძლება აცნობიერებდეს იმას, რომ «ფინური ვარიანტის» იქით გზა არ აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, შიშობს, რომ ეს ამერიკელების გულისწყრომას გამოიწვევს და საქართველოში რეჟიმის შეცვლის სურვილს აღუძრავს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ თედო ჯაფარიძე ამბობს: «ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან», მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ესმის, რომ ამას არავინ გააკეთებს. საქართველოს ცხვირწინ ნატოს კარის დემონსტრაციული დახურვა ვაშინგტონისთვის მარცხის აღიარების ტოლფასია. მისთვის, სავარაუდოდ, სასურველია (თუ თეთრ სახლში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ნატოში ვერ შეიყვანენ), რომ ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, ეს საკუთარი ხელით გააკეთონ. ორივე მხარე ზის, დუმს და ელოდება, რას იტყვის თანამოსაუბრე. ამასობაში გადის დრო და საქართველოს მდგომარეობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უარესდება, რთულდება სიტუაცია ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მით უმეტეს, რომ «ნაცმოძრაობა» იქ უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა და კონფლიქტებს აღვივებს, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ უფრო მეტად გვშორდება.

ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ რამდენადმე ღირებული «ფინური სტატუსის» (პირობითად ასე  ვუწოდოთ და ვიგულისხმოთ, როგორც ნეიტრალიტეტი, ისე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა დასავლეთთან და აღმოსავლეთთან) მოპოვების შანსის ხელიდან გაშვება ხელისუფლებისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს მოასწავებს. თუ ნატოში ინტეგრაციაზე ორიენტირებული უნაყოფო პოლიტიკის გატარება კიდევ 5-10 წლის  (დავუშვათ, რომ ის მშვიდობიანად ჩაივლის, რაც სათუოა) განმავლობაში გაგრძელდება, მას ზურგს ზიზღით ყველაზე თანმიმდევრული «ატლანტისტებიც» კი შეაქცევენ (ბარემ პეტრიაშვილის ტერმონოლოგია გამოვიყენოთ). ხოლო იმ მძიმე დანაკარგებიდან გამომდინარე, რომლებიც მას უკავშირდება, სავარაუდოდ, დაიწყება ფართო მასების გადასვლა არა «ფინური ვარიანტის» მომხრეების, არამედ უშუალოდ «ევრაზისტების» მხარეს. ამ პროცესმა სტარტი უკვე აიღო, რომელსაც სოციოლოგიური მონაცემები ადასტურებს. «ევრაზისტების» გაძლიერებას ადრე თუ გვიან «ატლანტისტური» ელიტის სრული «ჩარეცხვა» მოჰყვება. მაშინ, როდესაც «ფინური ვარიანტი» მას შესაძლებლობას აძლევს, დაკავებული პოზიციების დიდი ნაწილი შეინარჩუნოს. საკითხს, ალბათ, ამ რაკურსითაც უნდა შევხედოთ, ადეკვატური საგარეო პოლიტიკის შემუშავება მმართველი ელიტის სასიცოცხლო ინტერესებშია, ხოლო შემდგომმა სიცრუემ და ნატოში ინტეგრაციის უნაყოფო მცდელობებმა შეიძლება ბოლო მოუღოს, თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოუდგენია. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 27 ივნისს იგეგმება, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის, რათა აუდიტორიის ცნობიერებაში ერთმანეთისგან ევროინტეგრაციისა და ნატოში ინტეგრაციის გამიჯვნა დაიწყოს, რომელიც აუცილებლად დასჭირდება, რათა მოგვიანებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ეტაპობრივი დისტანცირება გაამართლოს. შემდეგ იქნება ნატოს უელსის სამიტი, რომლის შედეგების წარმოჩენა წარმატებად ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ეს კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ ხელისუფლების მოქმედებას, რათა დავადგინოთ, ფიქრობს თუ არა ის ალტერნატიულ სტრატეგიებზე საგარეო პოლიტიკაში თუ ისევ ძველი, «მაპზე უკეთესი» შაბლონების ტყვეობაში რჩება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here