Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურზანია: ეს სარაკეტო სისტემები იქნება საქართველოს დაღუპვის დასაწყისი

ვალერი ხაბურზანია: ეს სარაკეტო სისტემები იქნება საქართველოს დაღუპვის დასაწყისი

612

ცოტა ხნის წინათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ოპონენტებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაზე ტვინგაყინულები უწოდა. «ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს მას საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან», _ განაცხადა «მეოცნებე» მინისტრმა «ნაცების» პოლიტიკური ლექსიკონის სტილში. 


ალასანია გვიმტკიცებს, რომ ამერიკელებს საქართველოში ისეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემის განთავსებას სთავაზობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან. რამდენად ლოგიკურია მინისტრის მტკიცება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან? შემთხვევით «მეოცნებე» მინისტრი, თავისი წინამორბედების მსგავსად, საზოგადოების მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანას ხომ არ ცდილობს? ვინ იცის… თუ რას მოუწოდებს და რას შეახსენებს ალასანიას მისი ყოფილი უფროსი, «საქართველო და მსოფლიოს» უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ექსკლუზიურად ესაუბრა.

_ ბატონო ვალერი, იქნებ თქვენ მაინც განუმარტოთ «ყველაზე ტვინგაყინულებს», როგორი თავდაცვის სისტემის განთავსებას სთხოვს ალასანია ამერიკელებს, რომელიც არც ანტისარაკეტოა და არც სახიფათო ვინმესთვის…

_ მე მაგის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჰაერო თავდაცვა და ანტისარაკეტო სისტემები ერთსა და იმავე საშუალებებს იყენებენ, უბრალოდ, შეიძლება სტრუქტურულად თავდაცვის სამინისტროში ან შესაბამის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სახელი ერქვას, ეს არის და ეს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლი, ერთი რამ გავახსენო ჩვენს თავდაცვის მინისტრს: გახსოვთ, როდესაც უშიშროების მინისტრი ვიყავი, ჩემი მოადგილე ირაკლი ალასანია იყო და, ალბათ, მაინც უნდა ვთქვა ეს _ ირაკლის ოცნებაა საქართველოში ამერიკული სარაკეტო სისტემების, პეტრიოტების, დაყენება. დიახ, ეს ალასანიას ოცნებაა და ეს ჩემი მინისტრობის დროს გამიმხილა. მე და ირაკლი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ერაყის მოვლენებს (გახსოვთ, მაშინ აჩვენებდნენ ერაყის ომს, ჰუსეინის დასამხობად ამერიკული ჯარი ერაყში რომ შეიჭრა) და მე მაშინვე ვთქვი: ღმერთმა დაგვიფაროს, მართლა ჰქონდეს ქიმიური იარაღი-მეთქი, არ ისროლოს. რა ვიცი, რომელი ქვეყნის მიმართულებით ისვრის. რა მნიშვნელობა აქვს! დიდი უბედურება იქნება, თუ ჩვენკენ ისვრის-მეთქი (მაშინ ძალიან ბევრი იწერებოდა ჩვენს თანადგომასა და დახმარებაზე ამერიკელების მიმართ, თითქოს საჰაერო სივრცე უნდა მიგვეცა მათთვის). და ირაკლიმ ძალიან სერიოზულად მითხრა: _ ნეტავ, ისროდესო. ვკითხე, რატომ-მეთქი, და იმიტომ, რომ ამერიკელები შემოვლენ და ამ პეტრიოტის სისტემებს დააყენებენ ჩვენთანო. კი მაგრამ, ირაკლი, შენს სახლს, რომ დაეცეს-მეთქი? აი, ამაზე არ მიფიქრიაო, მიპასუხა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ სახლს არ დაეცეს ეს ბომბი.

_ აი, ამაზე არ მიფიქრიაო?

_ გავოგნდი კაცი… იცით, საქართველო არ არის იმხელა ქვეყანა, ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ სარაკეტო სისტემები არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად გახდება მოწინააღმდეგის სარაკეტო სისტემების სამიზნე. და თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა საქართველო სარაკეტო სისტემების სამიზნედ? ამ ქვეყნიდან ხომ აღარაფერი დარჩება?! ახლა, სარაკეტო სისტემები, ნებისმიერი საჰაერო თავდაცვა დაარქვი, თუ გინდა, და ანტისარაკეტო სისტემები არის, როგორც თავდაცვის საშუალება, ასევე თავდასხმის საშუალება. ეს ორჯერ ორი ოთხივითაა. ეს რაკეტა თუ ანადგურებს მეორე რაკეტას, მაშინ შეუძლია სახმელეთო მიზანიც, გაანადგუროს სრულიად თავისუფლად სადღაც და, თუ იგი, სადღაც არის დამიზნებული, ან რაღაც მიმართულებას, ასე ვთქვათ, აკონტროლებს, შესაბამისად, მასზეც არის რაღაც დამიზნებული. ნამდვილად არ მინდა, რომ რუსეთიდან საქართველოზე რაკეტები იყოს დამიზნებული, იმიტომ, რომ საქართველოსგან არაფერი დარჩება და, თუ საქართველოსგან არაფერი დარჩება, მე ასეთი არც თავდაცვა მინდა და არც თავდასხმა.

ეს სარაკეტო სისტემები იქნება საქართველოს დაღუპვის დასაწყისი, იმიტომ, რომ, საქართველო რომ იქცეს თანამედროვე ომის წინა ხაზად, მისგან აღარაფერი დარჩება და არ ვიცი, ვის უნდა ასეთი საქართველო, დიახ, ძალიან მაინტერესებს, ვის უნდა ისეთი საქართველო, რომლისგანაც არაფერი დარჩება? ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ავის მდომს.

მინდა ვთხოვო ალასანიას, აგვიხსნას (იქნებ ჩვენ არ გვესმის), რა აუცილებლობაა ამის და აქვს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ეს დათვლილი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ეს ხომ თავდაცვის სისტემაა?! მე მგონი, არ უნდა იყოს საიდუმლო და გაგვაგებინონ, ჩვენ, ტვინგაყინულებს რას მოგვიტანს ყოველივე ეს. თუ ჩვეულებრივ საჰაერო სივრცის დაცვაზეა ლაპარაკი, ამ ტიპის მცირეკალიბრიანი შეიარაღება თავისუფლად შეიძლება გვქონდეს და ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაკეტები, მაღაროები და ამ ტიპის ყოველგვარი ნაგებობები აუცილებლად იქცევა მოწინააღმდეგის სარაკეტო სისტემების სამიზნედ და მე ძნელად წარმომიდგენია (და არც მინდა საერთოდ წარმოვიდგინო) საქართველო რუსული რაკეტების სამიზნედ.

_ გასაგებად გვითხრა ალასანიამ: ქვეყნის თავდაცვის სისტემაა და არაფერი აქვს საერთო ანტისარაკეტო სისტემასთანო. სხვა რაღა უნდა აგვიხსნას, ალბათ, არ გაგვიმხელს ოცნებას პეტრიოტების შესახებ. როგორც ჩანს, მინისტრი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს…

_ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითმფრინავიდან დაინახოს საგურამოში მთელი მოედანი ამ სარაკეტო შახტების, რომლებიც სააკაშვილის დროს გაკეთდა. წარმოგიდგენიათ, ამ ტიპის სისტემა კეთდება საგურამოში, ანუ საგურამო სამიზნეა, მერე დანარჩენი ადგილებიც და ხვდებით, რა იქნება?! თავდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, უნდა ზრუნავდეს ქვეყნის თავდაცვაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური და, თუ ეს თავდაცვა ყველაფრის შეწირვას გულისხმობს, ასეთი თავდაცვა მაშინ არავის სჭირდება. ამ განცხადების გაკეთებით, ამ საკითხის გაჟღერებით, ვფიქრობ, ალასანიამ უბრალოდ, პროვოცირება გაუწია ამერიკულ მხარეს, რომ მათ ამ საკითხზე იფიქრონ, ან, შესაძლოა, ეს გააკეთა რუსების დასაშინებლად, მაგრამ რა ვიცი, ამით დაშინებული რუსები მე ჯერ არ მინახავს.

კიდევ ერთხელ ვამბობ: საქართველო თუ თანამედროვე ომის ფრონტის ხაზი გახდება, მისგან აღარაფერი დარჩება. აგვისტოს 5-დღიან ომში მსგავსი სერიოზული საშუალებები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოუყენებიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი რამ აწი მოხდეს. ვერ ვხვდები, რა სისტემა უნდა გაკეთდეს საქართველოში, რომ რუსულ რაკეტებს გაუმკლავდეს! ახლა წარმოიდგინეთ მათი მიღწევის მანძილი, საკონტინენტთაშორისო რაკეტებიც აქვთ, მცირე სიშორის რაკეტებიც, ყველას აქვს ბირთვული ქობინი და შეიძლება საქართველოს გადაქცევა მათ სამიზნედ?! თურქეთს აქვს, ალბათ, როგორც ნატოს წევრს, ეს სისტემები და, თუ ამერიკას უნდა ჩვენი დახმარება ნატოში ჩვენი მიღების გარეშე, შესაძლებელია, თურქეთის სარაკეტო სისტემამ ეს ყველაფერი გადაფაროს. უბრალოდ, ამ რაკეტებს უნდა მიეცეს დაახლოებით ეს მიმართულება და დავალება (ეს ჩვეულებრივად ხდება თანამედროვე პირობებში, კომპიუტერული დაპროგრამებით) და მათ შეუძლიათ გადაფარონ საქართველოც. თუ დაგეხმარა კი, მაგრამ საეჭვოა.

_ გამოდის, აზრი არ აქვს ამ სისტემების განლაგებას? ასეა თუ ისე, ხელაღებით იმის მტკიცება, რომ ოღონდ ალასანიამ მოინდომოს და ამერიკა მზადაა, ანტისარაკეტო თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადმოგვცეს, ნამდვილად, არ იქნება სწორი. მხოლოდ ალასანიას ოცნების გამო არ იზამს ამერიკა ამას, მასაც უნდა ჰქონდეს ინტერესი. რა ამოძრავებთ ამერიკელებს? და კიდევ ერთი: რომც გადმოგვცენ, ათასნაირი მუშა ხელი სჭირდება ამ სისტემის დამონტაჟებას, ეს მუშახელი და სპეციალისტები ჩვენთან კი არა, შეიძლება თურქეთშიც ვერ მოიძებნოს, საიდან მოიყვანენ?

_ რა საჭიროა, ამიხსენით, ამის განლაგება საქართველოში? იმიტომ ხომ არა, რომ მერე ამ რაკეტებს ამერიკელი ჯარისკაცები მოემსახურონ? ამერიკული ბაზები რომ განთავსდეს საქართველოში? ალბათ, ესაა ჩანაფიქრი. და მერე ბაზა რომ ექნებათ აქ, ალბათ, ევროპაც იძულებული გახდება, თანხმობა განაცხადოს საქართველოს ნატოში მიღებაზე. მე უფრო ამ მიზანს ვხედავ, მაგრამ ამ მიზნის გამო ასეთი რამის გაკეთება აბსურდად მიმაჩნია. რუსეთი თუ დაუშვებს ამას? განალაგებ და დაგიმიზნებს _ აი, ეს არის რუსეთიდან ამის არდაშვება. არ მგონია, რუსეთმა ამის გამო ომი წამოიწყოს, განალაგებ _ დაგიმიზნებს; აი, ეს იქნება რუსეთის რეაქცია. საქართველო ყუმბარაზე შესმული მიუნჰაუზენივით იქნება. მაგრამ მიუნჰაუზენი მთვარეზე მაინც გაფრინდა და ჩვენ სად გავფრინდებით, ვერ გეტყვით. ვიმეორებ: აზრი არ აქვს ამის განთავსებას. ჭიჭიკიას ანეგდოტის არ იყოს, რომ უთხრეს ქუთაისელებს ატომური ბომბი რომ დაგეცეთ, რომ გესროლონ, როგორ მოიქცევითო? ჩვენ, რომ მევიქცევით, ბატონო, ისე მეიქცა თქვენი მტერიო. დაახლოებით ასეთი სიტუაცია გვაქვს. სასაცილოც არაფერია ამაში, რა ვიცი, ძალიან რთული სიტუაციაა. ვფიქრიობ, ამ ტიპის განცხადებები კარგს არაფერს მოგვიტანს. მოვუწოდებ ალასანიას, ან აგვიხსნას ყველაფერი დეტალურად, თქვას სიმართლე, ან თავი დაანებოს ამ ტიპის მაპროვოცირებელი განცხადებების კეთებას. ვიმეორებ: ერთი და იგივეა ეს სისტემები, ანუ საჰაერო თავდაცვა და ანტისარაკეტო სისტემები ერთსა და იმავე საშუალებებს იყენებენ. ახლა ძალიან რომ შეუტიეს ირაკლის, ცოტათი შეცვალა ტექსტი, ხალხი დააჯერა, რომ ეს თავდასხმითი კი არა, თავდაცვითი სისტემაა. თავდაცვა ხომ გვინდაო, აცხადებს, და ახლა ვინ იტყვის ამაზე უარს?! ეს განცხადება არის ხალხზე გათვლილი, რომელმაც არაფერი იცის ამ სფეროში, დიახ, ხალხზე, რომელსაც ჩვენ უნდა გავაგებინოთ სიმართლე.

_ აქვე გკითხავთ, როგორც უშიშროების ყოფილი მინისტრი, როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ყოფილი ინფორმატორი და საელჩოს «ნასედკა» პოროშენკო დღეს უკრაინის პრეზიდენტია – ესაა უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, აგენტი რომ დაუნიშნეს პრეზიდენტად? ამისთვის იბრძოდნენ?

_ პრინციპი სამოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი სულ მუშაობს.

_ დაბოლოს, როგორ შეაფასებთ ადგილობრივ არჩევნებს, «ოცნებას» _ პირველი ადგილი, «ნაცებს» _ მეორე, თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ელოდით ასეთ შედეგებს?

_ მოსალოდნელი იყო, ორივეს მოტივირებული ელექტორატი ჰყავს: «ოცნებას» _ ადმინისტრაციული რესურსით და «ნაციონალების» ზიზღით, მეორეს _ ზომბირებული და ხელისუფლება ჩამორთმეული ამომრჩეველი.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here