Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია და მისი მეხუთე კოლონა

ირაკლი ალასანია და მისი მეხუთე კოლონა

577

13 ივნისს ირაკლი ალასანია გამოეხმაურა პრემიერმინისტრის მიერ «ბი-ბი-სი»-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიით. «ჩაატარებს თუ არა ანექსიას რუსეთი, ეს მამა ღმერთმა არ იცის, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი კაცი, ეს არის პუტინი და, რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს პრემიერს და ვერც ყველაზე დიდ სადაზვერვო ორგანიზაციას ვერ ექნება ამის შესახებ ინფორმაცია», _ განაცხადა ალასანიამ (ინტერპრესნიუსი). საინტერესოა, რა დგას ამ კომენტარის უკან _ მხოლოდ ანტიპათია ღარიბაშვილის მიმართ და ჯიბრში ჩადგომის დაუოკებელი სურვილი თუ შედარებით რთული პოლიტიკური გათვლა? რა უნდა ალასანიას?


ოქრუაშვილის რეინკარნაცია

ვიდრე იმის გარკვევას შევუდგებით, რა იცის მამაზეციერმა და რა _ ირაკლი ალასანიამ, ალბათ, ურიგო არ იქნება იმის გახსენება, რომ მოტივები «ჩვენ არ ვიცოდით», «ჩვენ არ გვეგონა», «ამას ვინ იფიქრებდა» და ა. შ. რუსეთის მოქმედებასთან დაკავშირებით, ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის _ ზაზა გოგავას პასუხები საპარლამენტო კომისიის წევრების კითხვებზე: «ჩვენ არ ველოდით იმას, რაც 9 აგვისტოს მოხდა, რაც 7-ში დაიწყო», «სამხედრო, საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ამ დონის აგრესიაზე არც ერთი ქმედება არ მიუთითებდა». მაშინ საზოგადოება ძლიერ აღშფოთდა _ რას ქვია «არ ველოდით», როდესაც მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე პირდაპირ მიუთითებდა ქართველი ექსპერტების უმრავლესობა, ხოლო კრემლი როგორც სიტყვით, ისე საქმით (წვრთნები ჩრდილოეთ ოსეთში, სარკინიგზო ჯარების მიერ აფხაზეთში ლიანდაგის შეკეთება და ა. შ.) მკაფიოდ მიანიშნებდა საქართველოს ხელისუფლებას, რა მოჰყვებოდა მის მკეთრ მოძრაობებს, როგორც ცხინვალში, ისე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ უსუსურმა პოზიციამ _ «ჩვენ არ გვეგონა» ისედაც ლაფში ამოსვრილ სააკაშვილის რეჟიმს ბევრი ქულა დაააკარგვინა. ახლა ალასანია, ფაქტობრივად, იმავეს ამბობს, ოღონდ არა პოსტ-ფაქტუმ, არამედ კრემლის შესაძლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

«განმუხტვამ» რუსეთთან ურთიერთობებში, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, არც ისე ბევრი პოზიტივი მოიტანა, მაგრამ, ალბათ, არავინ უარყოფს იმას, რომ ესკალაციის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა. მასზე მხოლოდ ბოლო დროს ალაპარაკდნენ, მას შემდეგ, რაც კრემლმა ჩათვალა, რომ ოფიციალური თბილისი ისევ ძველ პოლიტიკას დაუბრუნდა. ავისმომასწავებელი სიგნალები მოსკოვიდან განსაკუთრებით ხშირი მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების პირველ პირებთან შეუთანხმებლად მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, საქართველოში თავდაცვითი საშუალებები განელაგებინათ. ამასთანავე, როგორც მან, ისე მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლებაში მკვეთრად გააძლიერეს რიტორიკა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი მზად არ არის საქართველოს არათუ წევრობა, არამედ «წევრობის სამოქმედო გეგმა» (იგივე მაპი) შესთავაზოს, რაც ნათლად დაფიქსირდა (მაგალითად) გერმანიის კანცლერის _ ანგელა მერკელის ბოლოდროინდელ განცხადებებში. ოფიციალური მოსკოვის მკვეთრმა რეაქციამ არ დააყოვნა, ხოლო ქართულ და რუსულ მედიაში დაიწყო მსჯელობა საქართველოში რუსული ძალების კონტროლის ზონის შესაძლო გაფართოებაზე, რუსეთის შემადგენლობაში სეპარატისტული რესპუბლიკების შესვლაზე, «ყირიმულ ვარიანტზე» ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის და ა. შ.

პარადოქსულია, მაგრამ ირაკლი ალასანია ბოლო ხანს იქცევა ისე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან ასე თუ ისე მშვიდობიან დიალოგს აწარმოებდა და მომავალ ომზე თითქმის არაფერი მიუთითებდა. თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი რუსეთის მისამართით მკვეთრად კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა, რომლითაც ირიბად ხელს უწყობდა მოსკოვში იქაური «ქორების» შეხედულებების გავრცელებასა და დაპირისპირების გაღრმავებას. მსგავსი «კერძო საგარეო პოლიტიკის» გატარება შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს.

შესაძლოა, ალასანია, მზარდი ამბიციებიდან გამომდინარე, ცდილობს, ამერიკელების თვალში თავი წარმოაჩინოს უფრო ადეკვატურ ლიდერად «ახალი ცივი ომის» პერიოდისთვის, ვიდრე ივანიშვილი და ღარიბაშვილი, რომლებიც «გადატვირთვის» რიტორიკასა და პოლიტიკასთან ასოცირდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთმა თამაშმა შეიძლება საქართველოს უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ზოგადად, მიდგომას «ჩვენ აპრიორი ვერ გავიგებთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი» არაპროფესიონალიზმისა და უსუსურობის ელფერი დაჰკრავს და ამ ნიადაგზე სავსებით ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს კითხვა «რა უნდა მთავრობაში მინისტრს მსგავსი იდეებით? გავუშვათ ეს და მოვიყვანოთ სხვა». მაგრამ, შესაძლოა, საქმე შედარებით რთულადაა _ ეს პოზიცია უარყოფს მოსკოვთან ორმხრივ კომპრომისებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესაძლებლობას (ვინაიდან ის, ალასანიას მიხედვით, რაღაც განსხვავებულ, ამოუცნობ ლოგიკას ეყრდნობა და კაცმა არ იცის, რას გააკეთებს). სინამდვილეში, რუსეთის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის, პოლიტიკა, მისი მიზნებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. საქართველოსთან დაკავშირებით მას სავსებით მკაფიო და გასაგები გზავნილის სახე აქვს _ «თავი დაანებეთ ნატოს, თორემ უარესი მოგივათ». თუმცა ვინაიდან მსოფლმხედველობა, რომლის ფარგლებში ოპერირებს ალასანია, არ უშვებს ალტერნატიული, ნატოში გაწევიანების იდეისგან თავისუფალი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, მას, სავარაუდოდ, ურჩევნია რუსეთის ქმედება წარმოაჩინოს, როგორც აბსოლუტურად ამბივალენტური, რომლის პროგნოზირება ამქვეყნად არავის შეუძლია.

მგლის თავზე კონსტიტუციის კითხვა

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შემდგომმა დაახლოებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (რეალურმა და არა წარმოსახვითმა) შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დაპირისპირება რუსეთთან, არამედ ახალი ომი მასთან და ახალი ტერიტორიების დაკარგვა, საქართველოში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. ამასთანავე, აშკარა გახდა, რომ ნატოს რიგი წევრების ფრთხილობენ და მზად არ არიან საქართველოს ალიანსის წევრობა შესთავაზონ. გამორიცხული არაა, ახლო მომავალში მას, ისევე, როგორც უკრაინას, ნეიტრალიტეტსა და «ფინურ მოდელზე» დაფიქრებისკენ უბიძგონ. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაში «ნატო-სკეპტიციზმმა» იმძლავრა. ეს იმდენად საგრძნობი გახდა, რომ მთავრობას აღარ შეუძლია ამ ფაქტორის არსებობა უგულებელყოს.

და ამ დროს, როდესაც მსჯელობა ამ თემაზე, ნატოს უელსის სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით, სულ უფრო აქტუალური ხდება, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ირაკლი ალასანიას განცხადება: «დღეს არსებული სიტუაცია, როდესაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან, მაღალი კონტრდაზვერვითი საფრთხის შემცველია და ამნისტიის დროს პარლამენტს ამაზე მეტი დრო უნდა დაეხარჯა». კომენტატორების უმრავლესობის შეფასებით, თავდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ უნდა მომხდარიყო პოლიტპატიმრების დაყოფა მათი შეხედულებების მიხედვით და ნატო-ევროკავშირის მოწინააღმდეგეები ციხეში უნდა დაეტოვებინათ. ეს სრულიად უპრეცედენტო, ზე სკანდალური განცხადებაა და, თუ მისი ავთენტურობა საბოლოოდ დადასტურდება, პრემიერმინისტრი ან უნდა მკაფიოდ გაემიჯნოს მას, ან აღიაროს, რომ მთავრობაში ფაშისტური შეხედულებების მატარებელი უზის, რომელსაც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14: «ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა». აქედან გამომდინარე, ადამიანების დახარისხება მათი შეხედულებების საფუძველზე (ამნისტიასთან თუ ნებისმიერ სხვა სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით) აბსოლუტურად შეუწყნარებელი, ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო რამ არის. მსგავსი იდეები სააკაშვილსაც კი არ გაუხმოვანებია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური შიზოფრენიულობის ყველა რეკორდი მოხსნა. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, თქვას, რომ მიუფურთხებია ნატოსთვის, ფეხებზე ჰკიდია ევროკავშირი და იქ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება; მნიშვნელობა არ აქვს, მოგვწონს ეს თუ არა, არანაირი სანქციების დაწესება ამისთვის არ შეიძლება.

იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს დისკუსია ნატოს მოწინააღმდეგეებთან და არგუმენტირებულად დაიცვას თავისი პოზიცია, თავდაცვის მინისტრი, ფაქტობრივად, ნანობს, რომ ხელისუფლებამ ისინი ციხიდან გამოუშვა. ზოგადად, პოლიტიკა და ზნეობა ერთმანეთისგან საკმაოდ შორს დგას, თუმცა «ქართული ოცნების» არაერთი ამომრჩეველი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ საქმე ენით აუწერელ უმადურობასთან გვაქვს.

საქმე ისაა, რომ 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე ამომრჩეველთა 23%-მა ხმა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა. ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ალიანსის ამჟამინდელი პასიურობის ფონზე, ნატო-სკეპტიკოსების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დროებით დავუშვათ, რომ ის უცვლელი დარჩა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა სააკაშვილის რეჟიმის თანმიმდევრული, შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო და «ქართული ოცნების» გამარჯვებაში ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანა, გაცილებით დიდი, ვიდრე ირაკლი ალასანიას «ხუთპროცენტიანმა პარტიამ» (ისე, «ხუთპროცენტიანს» რესპუბლიკურ პარტიას უწოდებენ ხოლმე, ალასანიას «თავისუფალი დემოკრატები» კი მასზე სუსტია). გამოვაკლოთ «ქართული ოცნების» შედეგს საპარლამენტო არჩევნებში არა 23%, არამედ თუნდაც ამის ნახევარი და დავრწმუნდებით, რომ ამ ამომრჩევლების მხარდაჭერის გარეშე კოალიცია, უბრალოდ, ვერ გაიმარჯვებდა.

რას აკეთებდა ამ დროს ირაკლი ალასანია? ის არ გაემიჯნა სააკაშვილის რეჟიმს არც 7 ნოემბრის სადისტური დარბევის, არც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ყველა მეტ-ნაკლებად წინდახედული ადამინისთვის (მათ შორის ალასანიას ამერიკელი მეგობრებისთვის) ცხადი გახდა, რომ სტრატეგიულ პერსპექტივაში რეჟიმი განწირულია, განუდგა მას. შემდეგ, 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებზე, მან მოუტანა სააკაშვილის მოწინააღმდეგე ძალებს ყველაზე სამარცხვინო (სრული უიმედობით გამსჭვალული) მარცხი მათი არსებობის ისტორიაში და გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენდა. შემდეგ, 2012 წლის არჩევნებში ის დამარცხდა ზუგდიდში «ნაცმოძრაობის» ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ წარმომადგენელთან _ როლანდ ახალაიასთან, რომელსაც, საარჩევნო ტექნოლოგიების ერთ-ერთი სპეციალისტის თქმის არ იყოს, «პოლის ჯოხიც კი მოუგებდა». ახლა კი ზის თავდაცვის მინისტრის სავარძელში, სადაც ნატოს მოწინააღმდეგეების ხმების გარეშე ვერ მოხვდებოდა, იღებს ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მინისტრებს შორის, პოლიტპატიმრების ამნისტიას აკრიტიკებს (სხვათა შორის, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება აღმოაჩინოს მუქარა მისი განცხადების ქვეტექსტში) და «მაღალ კონტრდაზვერვით საფრთხეზე» საუბრობს. პრინციპში, შეგვიძლია ეს თემაც განვიხილოთ, მით უმეტეს, რომ «მან პირველმა დაიწყო».

ჯაშუშებს შემოდგომაზე ითვლიან

თუ ხვალ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ირაკლი ალასანია რუსეთის აგენტია, ჩვენ იძულებულნი გავხდებით, ეს ბრალდება სრული სერიოზულობით, დეტალურად განვიხილოთ. საქმე ის როდია, რომ ფიგურანტი უშიშროების აკადემიაში 1994-96-ში, იგორ გიორგაძის მინისტრობის წლებში, სწავლობდა, როდესაც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რუსული გავლენა ქართულ სპეცსამსახურებზე განსაკუთრებით ძლიერი იყო და, აქედან გამომდინარე, ერთი ამბიციური მსმენელის გადაბირება განსაკუთრებულ პრობლემას ნამდილად არ წარმოადგენდა. ეს არაა მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა შეიძლება იპოვოს აქ სივრცე მრავალფეროვანი სპეკულაციებისთვის. ამა თუ იმ პიროვნების ბიოგრაფია და დეკლარირებული შეხედულებები მეორეხარისხოვანია _ მსჯელობა «მაღალ კონტრდაზვერვით საფრთხეზე» მისი მოქმედების შედეგებს უნდა დაეფუძნოს.

ირაკლი ალასანიამ გააკეთა მთავრობასთან შეუთანხმებელი განცხადება საქართველოში ნატოს ძალების განლაგების შესახებ, რითაც ხელი შეუწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას, ისევე, როგორც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა და წყალი მოსკოველი «ქორების» წისქვილზე დაასხა; კონფრონტაციის ახალ რაუნდს კი შეიძლება მოჰყვეს ახალი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ქართული სახელმწიფოებრიობის კრახი. ალასანიამ, აგრეთვე, შეუტია ნატოს მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრებს და, ძალიან ცუდად შენიღბულ ქვეტექსტში, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების დახარისხებას მათი შეხედულებების მიხედვით. პოზიცია, რომლის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილი, (მაგალითად, ამომრჩეველთა 23%) განიხილება, როგორც უცხო ქვეყნის პოტენციური აგენტი, ცალსახად ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას და სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უდიდეს ზიანს მიაყენებს. ორივე შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აშკარად დესტრუქციულ შედეგებზე ახლო პერსპექტივაში, სწორედ ისეთ შედეგებზე, რომელთა მიღწევა შეიძლება უცხო ქვეყნების აგენტს უნდოდეს.

აქ, ალბათ, უნდა დავსვათ კითხვა: ვინ არის «მაღალი კონტრდაზვერვითი საფრთხის» შემცველი ელემენტი _ ნატოს მოწინააღმდეგეები, რომლებიც, ფინელებისა და ავსტრიელების უმრავლესობის მსგავსად, ღიად აფიქსირებენ თავის შეხედულებებს კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში, თუ ირაკლი ალასანია, რომლის მოქმედებამ შეიძლება ქვეყანას რუსულ ბომბდამშენებზე დიდი ზიანი მიაყენოს? ამ ორს შორის ვინ უფრო ჰგავს უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედ აგენტს?

ასე რომ, თუ ხვალ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ირაკლი ალასანია რუსეთის აგენტია, ხოლო მისი კადრები თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში «მეხუთე კოლონაა», ამ თემაზე, ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, ძალიან სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს.

ასეა თუ ისეა, საერთო სურათი საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. ირაკლი ალასანია:

ა) აკეთებს ხელისუფლების პირველ პირებთან შეუთანხმებელ განცხადებებს, რომელთაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს, რაც ძალიან ჰგავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხის შექმნას;

ბ) თავისი განცხადებებით ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების დახარისხებას მათი შეხედულებების მიხედვით, რაც შეუწყნარებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში;

გ) საუბრობს «კონტრდაზვერვით საფრთხეზე» მოქალაქეთა ჯგუფის მიერ კონსტიტუციური უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით, რითაც, ფაქტობრივად, ხელს უწყობს «კუდიანებზე ნადირობის» ატმოსფეროს დამკვიდრებას, სააკაშვილის რეჟიმის ტრადიციების შესაბამისად;

დ) მჭიდრო კონტაქტში და, შესაძლოა, ფარული კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება რევანშზე მეოცნებე «ნაციონალების» ხელმძღვანელ რგოლთან, რომელზეც არაერთგზის მიანიშნა ბიძინა ივანიშვილმა;

ე) მუდამ ეჯიბრება პრემიერმინისტრს და, შესაძლოა, განგებ ცდილობს, დააკნინოს მისი ავტორიტეტი (ეს უკანასკნელი, პრინციპში, ირაკლი ღარიბაშვილის პრობლემაა და არა საზოგადოების, მაგრამ მაინც).

ისმის კითხვა: კიდევ რამდენ ხანს აიტანს ყოველივე ამას ირაკლი ღარიბაშვილი? თუ ის არაფერს შეცვლის და ალასანიას არ შეაჩერებს, მალე, სავარაუდოდ, სუსტი ლიდერის იმიჯს დაიმკვიდრებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here