Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!..

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!..

666

როგორ გვიყვარდა და გვჯეროდა ბიძინა ივანიშვილის სულ რაღაც 2 წლის წინათ… თუმცა არა, ვისაც ქართულად გვიძგერდა გული, იმთავითვე სწორედ ის ქართულად მფეთქავი გული გვიგრძნობდა ავს ბიძინას რესპუბლიკური არჩევანის გამო, მაგრამ თავს ვიმშვიდებდით (როგორც აღმოჩნდა, ვიტყუებდით) იმაზე ფიქრით, რომ ბიძინას რესპუბლიკელების ანტურაჟი მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ასახვევად სჭირდებოდა. თავს ვიტყუებდით, რომ  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის სადავეებს ეროვნულობაში ეჭვმიტანილი «მეოცნებენი» ჩაიბარებდნენ, მაგრამ…

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნელ-ნელა საპირისპიროში ვრწმუნდებით… ვრწმუნდებით, რომ სამების ამშენებელმა თვალი აქეთ აგვიხვია და პირში ჩალაც გამოგვავლო ქართველ ხალხს _  ჯერ ხიდაშელ-უსუფაშვილის თამადობით რესპუბლიკელებს ჩააბარა პარლამენტი, შემდეგ კოჰაბიტაციის ზღაპარი გვიამბო, ვითომ რომლის გამოც არ დაადგა საშველი სამართლიანობის აღდგენას, მერე კაცი ვინმე პლასტელინი წამოგვისკუპა პრეზიდენტად _ მარგველაშვილი დაამთავრებს კოჰაბიტაციასო… მარგველაშვილმა მართლაც დაამთავრა კოჰაბიტაცია, ოღონდ, შეპირებისამებრ, «ნაცებთან» გაყრით კი არა, პირიქით, მათთან პოლიტიკურად ერთსქესიანი ქორწინებით!

ანტიდისკრიმინაციული კანონის სამარცხვინო ერთსულოვნებით მიღებამ კი ისიც ცხადი გახადა, რომ სულ ტყუილად გვყავდნენ პარლამენტის მავანი დეპუტატები ეროვნულობაში ეჭვმიტანილი და ისინიც ისეთივე მედროვე ხლისტები ყოფილან, როგორებიც არაერთი გვინახავს პარლამენტსა თუ საერთოდ ხელისუფლებაში!

საზოგადოებისთვის ასეთი იმედგაცრუების ფონზე ჩატარდა ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შედეგებითაც ერთნაირად კმაყოფილნი არიან პოლიტიკურად ერთსქესიანი ცოლ-ქმარი «ნაც-ქოცები» _ ერთმა, როგორც თეა წულუკიანმა ხატოვნად შენიშნა, მთელი საქართველო გადავალურჯეთო (კიდევ კარგი, რომ ჯერ მხოლოდ გადაალურჯეს და ვერ გადააცისფერეს _ დ.მ.), წითელი «ნაცები» დავამარცხეთო და მეორემ სანუკვარი მეორე ადგილი და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსქვო დაიმკვიდრა აწ და მარადის…

სულ ტყუილი ბრახაბრუხია, რომ «ოცნებამ» ჩაატარა გასაგიჟებლად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იმიტომაც არის ისტორიული, რომ მათ დააწესეს პირველად 50%-ანი ბარიერი და, აქედან გამომდინარე, პირველად იმართება საქართველოში მეორე ტურები, რომლისაც არა თუ ეშინიათ «ქოცებს», არამედ ამაყობენ კიდეც ამით, როგორც დემოკრატიულობის უმაღლესი გამოვლინებით. დიახ, ყველაფერი ეს ბრახუნი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია, რადგან ვერაფერი შვილია 50%-იანი ბარიერი, როდესაც ამომრჩევლის 70% არჩევნებზე არ მიდის!

ეს, ერთი მხრივ, იმედგაცრუებასთან ერთად და შემდეგ ამ იმედგაცრუების იმ მიზეზს ნიშნავს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკვე ცხადია, რომ «ნაცებ-ქოცები» ერთი ნეოლიბერალური იდეოლოგიის ორი პარტიაა და ამიტომ საზოგადოებას არ აინტერესებს პოლიტიკურად ერთსქესიანი წყვილი თბილისში ნარმანიას მოიმშობიარებდა თუ მელიას!..

და ყველაზე მთავარი _ მხოლოდ ტოტალური გაყალბება არ ნიშნავს ხელისულების არალეგიტიმურობას! ამომრჩეველთა ჯერ არნახულად დაბალი აქტივობაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რადგანაც თუნდაც იოტისოდენა დარღვევების გარეშე ჩატარებული არჩევნების შედეგები ვერ იქნება და არც არის საზოგადოების განწყობის გამომხატველი მაშინ, როდესაც მისი 70% არ მიდის არჩევნებზე, ანუ საზოგადოებამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ორივეს _ «ნაცებსაც» და «ქოცებსაც»…

მითუმეტეს არ დააინტერესებს საზოგადოებას მეორე ტური, რადგან მეორე ტური, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ «ნაც-ქოცების» «ტურებს» შორის იქნება, რამეთუ იშვიათ გამონაკლისებს (გორში «ოცნებასა» და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას, ხოლო ფოთსა და ოზურგეთში «ოცნებასა» და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატებს) გარდა «ნაც-ქოცების» იდილია ურღვევი აღმოჩნდა!..

ახლა, ისე, როგორც ყოველთვის, ვეძებთ დამნაშავეს,… მერამდენედ ვაბრალებთ ყველა ჩვენს უბედურებას ხან ამერიკას, ხან «ნაცებს», ნორლანდს, მიშას, ბიძინას… არადა, მთავარი დამნაშავე აქვეა, ხელის გაშვერაზე…

რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია _ ჩემი და თქვენი, ძვირფასო ამომრჩეველო, რადგან სწორედ ჩვენგან შედგება საზოგადოება, რომელმაც თავი მოიტყუა უსაგნო თამაშით _ «ბიძინამ ყველას აჯობა»…

ამ უსაგნო და უპერსპექტივო (ქვეყნისა და ამომრჩევლისთვის) თამაშს ერთი მარტივი წესი აქვს _ ბიძინამ ყველას აჯობა, ყველაფერში, ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში. მოიყვანა ხელისუფლებაში «ნაცმოძრაობის» სათადარიგო სკამზე მსჯდომი რესპები და ავვიშვიშდით _ ბიძინამ ყველას აჯობა!

დაიწყო კოჰაბიტაცია, ვერ აღდგა სამართლიანობა; ისევ ავვიშვიშდით _ ბიძინამ ყველას აჯობა!

აგვარჩევინა პრეზიდენტად პლასტელინი, ისევ ვიშვიში _ ბიძინამ ყველას აჯობა!

სათადარიგო «ნაციონალების» _ რესპუბლიკელების ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ ამერიკელებისგან ყურაწეული კლერკივით გადადგა და ისევ ვვიშვიშებთ _ ბიძინამ ყველას აჯობა!

არ არის 100 ახალი საწარმო, არ არის სამუშაო ადგილები, «ნაცები» კვლავ ბობოქრობენ, გივი თარგამაძე ღარიბაშვილს ემუქრება, სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე კბილებს ილესავს, ჩვენ ისევ ვვიშვიშებთ _ ბიძინამ ყველას აჯობა!

ბიძინას აკვარიუმში ზვიგენი დაეხრჩო, ზებრას ფაღარათი აქვს, სტაფილოს წვენი აუმჟავდა _ მაინც ყველას აჯობა!

და თუ ჯერჯერობით სიკეთე და ხეირი არაფერი გვეტყობა, თუ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ «ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლა იყო შელახული «ნაცმოძრაობისთვის» ამერიკელების მიერ აღებული ტაიმაუტი და მალე «ნაცებს» ისევ ვიხილავთ ხელისუფლებაში _ ბიძინამ მაინც ყველას აჯობა, უბრალოდ, არ იმჩნევს, ელოდება მომენტს, მან იცის, როდის რა უნდა ქნას და აგერ ნახავთ, რა საოცნებო სამოთხეს აგვიშენებს

ეს ხომ ერთხელ უკვე იყო შევარდნაძის დროს, მეორეჯერაც იყო სააკაშვილის დროს «მიშა მაგარიას» ძახილით…

მესამედაც იმავეს ვვიშვიშებთ?!

ისე სწორია _ ბიძინამ ყველას აჯობა, პირველ რიგში კი _ ქართველ ამომრჩეველს და, როგორც ვირს პიტნა, ისე შეტენა ხელისუფლებაში «ნაცები» ოპოზიციად, ხოლო მათი სინონიმი რესპუბლიკელები _ მმართველ ძალად… ასე რომ, ყველაფერი შენი ბრალია, ძვირფასო ამომრჩეველო, და ნუ ვიშვიშებ, გეთაყვა!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here