Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ გაიმარჯვებს დემოკრატია ვერასოდეს?

რატომ ვერ გაიმარჯვებს დემოკრატია ვერასოდეს?

650

მაქსიმ გორკი წერდა: საოცრად უხერხული რამეა ფული _ აღებაც უხერხულია და მიცემაცო. წავიდა ის დრო. რომანტიკული ზნეობრიობის ხანა დამთავრდა. დღეს ფული ყველას სჭირდება _ თავისუფლებისთვის მებრძოლებსაც, უფლებადამცველებსაც და ჟურნალისტებსაც. მოსამართლეებსაც და ადვოკატებსაც.


პოლიტოლოგებიც ამით ცხოვრობენ. ყოველ დღე (ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ) გვაქვს ბედნიერება, ტელეეკრანებზე ვიხილოთ სათნო პოლიტოლოგის ან ჩვენი უფლებებისთვის მებრძოლის ჩაპუტკუნებული და თვითკმაყოფილი სახე. მიწაში დებენ ავსა და უკეთურს და ასეთივე პათოსით ადიდებენ სიკეთეს. დაუკვირდები, ჩახედავ და პირკატა გეცემა, რადგან მათი ნაგინებიც და ნაქებიც სიცრუისა და ნაყალბევის ნაყოფია. თვითონაც ერზაც ანალიტიკოსები არიან, კარგად დაფინანსებული ვიღაცის მიერ.

სად ამოდუღს სიკეთის ეს წყარო?

სიკეთის ქვეყანაში, იქ, სადაც სიკეთის ძალა ბატონობს, ანუ დასავლეთში. იმპერიაც არსებობს სიკეთის _ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც ყველაფერი დალაგებულია და გარკვეული. ეს კეთილი სახელმწიფო ერთადერთი რამითაა შეშფოთებული _ ადამიანის უფლებების დაცვით მთელ მსოფლიოში. ჰყავს მას მეგობარი ქვეყნები, რომლებიც დომინანტ ქვეყანასთან არიან შეზრდილნი და ყველაფერზე მეტად სურთ მშვიდობის სუფევა, ადამიანების ბედნიერება და შეძლებული ცხოვრება.

და სწორედ ამიტომ (არავითარი სხვა მიზეზისა გამო) ყველას, ვისაც არ სურს მშვიდობიანი, შეძლებული და ბედნიერი ცხოვრება, სიკეთის იმპერია და მისი მეგობრები ბომბავენ. იძულებულები არიან, ასე მოიქცნენ, რათა ცუდები კარგებად იქცნენ და იცხოვრონ მშვიდობიან გარემოში, შეძლებულად და ბედნიერად.

დაფიქრება არაა საჭირო, გაანალიზება ზედმეტია…

დასავლელ ობივატელს არც უჩნდება ცუდისა და კარგის გარკვევის პრობლემა. ნაფიქრია მის ნაცვლად, ბეჭედდასმული აქვთ ჭეშმარიტება. თუ მაინც დაებადებათ შეკითხვები, აუხსნიან. მადლობა ღმერთს, განმსაზღვრელი კრიტერიუმი ნაპოვნია: ცუდ სახელმწიფოებში არ არის დემოკრატია ან ცოტაა, ან საკმარისად ბევრი არ არის.

რახან ასეთი სახელმწიფოები ცუდია, მაშასადამე, ყველა სიავე, რაც მსოფლიოში ხდება, ამ სახელმწიფოთა ხელიდან გამოდის. და როცა ბოლო ცუდ ქვეყანაში გაიმარჯვებს კარგი დემოკრატია, აი, მაშინ კაცობრიობა ოქროს ხანაში შევა…

ამბობენ ამას და აბსოლუტურად არად დაგიდევენ, რომ დედამიწაზე მცხოვრები 6-7 მილიარდი ადამიანიდან ყველა ვერ იცხოვრებს თანამედროვე დასავლელი მომხმარებლის სტანდარტების დონეზე, პლანეტა ვერ გაუძლებს. დედამიწაზე არ არსებობს იმდენი რესურსი, რომ ყველა ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეეძლოს, სამ წელიწადში ერთხელ ახალი ავტომანქანა იყიდოს და სამ თვეში ერთხელ _ მობილური ტელეფონი.

რა გამოდის? დემოკრატია გაიმარჯვებს ყველგან, მაგრამ ერთნაირად კარგად ცხოვრება მაინც შეუძლებელი იქნება? ცხადი ხდება, რომ საზოგადოებრივ წყობილებას ცხოვრების დონესთან საერთო არაფერი აქვს. დემოკრატია ყველგან დამკვიდრდება, ხოლო კარგად იცხოვრებენ ისინი, ვინც ნავთობის, გაზისა და სხვა ბუნებრივ სიმდიდრეთა საბადოებს აკონტროლებენ.

ეს განყენებული მსჯელობა არ არის. დღეს აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში არაერთი სახელმწიფოა ისეთი, რომლებსაც «ცივილიზებული» სამყარო «ცივილიზებულად» თვლის, მაგრამ მათ ან არ აქვთ წიაღისეული მარაგი, ან, რაც აქვთ, იმას სხვა «დერჟავები» აკონტროლებენ. დემოკრატია თითქოს დამკვიდრებულია, მაგრამ კეთილდღეობა არ ჩანს. რაღა შორს წავიდეთ, საქართველო _ «დემოკრატიის შუქურად» აღიარებული ქვეყანა, სიღარიბის ინდექსით ყველაზე უფრო გაჭირვებულ ქვეყნებს შორის მოიხსენიებოდა.

მაშასადამე, დემოკრატია «სიკეთის იმპერიის» ხმალამოწვდილი მცდელობით ყველგან გაიმარჯვებს, მაგრამ კარგად ცხოვრებას ყველა ვერ შეძლებს.

საეჭვო დაპირებაა.

მსგავს რამეს გასულ ხუთშაბათს «მაესტროს» ეთერში ჯეიმს აპატურაი დაჰპირდა საქართველოს მოქალაქეებს ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრებასთან დაკავშირებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ფორმულად: «ყველაფერი, რომელიც არაფერს ნიშნავს».

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პატივცემული ჯეიმსის არგუმენტებს ღვარძლის მოსაცილებელ საცერში თუ გავცრით, დაგვრჩება ამაოთა ამაოების სრული შეგრძნება. მოკლედ, ასეთი: ბევრი ნაბიჯი კი გაქვთ ნატოსკენ წარმატებით გადადგმული, მაგრამ არასაკმარისია ის, რაც გააკეთეთ, და, საერთოდ, გაწევრდებით თუ არა, ნატოს საქმე არ არის, ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონო.

აბა, გენმდივანი რასმუსენი, ყოველ ჩამოსვლაზე ნატოში მიღებას რომ გვპირდებოდა, თავს გვიქონავდა?

«რას მოდიოდი, პატარავ, ჩემთან, თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი?!»

ან ეს წავუმღეროთ გაცრუებული იმედის ნიშნად, ან აპატურაის შეფასებით დავიმშვიდოთ აფორიაქებული სული: «საქართველოსთან ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, რომ განვიხილოთ ყველა პრობლემები» (ასე გვითარგმნეს. სიტყვასიტყვით).

პრობლემების განხილვის იმედად ვიყოთ!

«ათეულობით წლების განმავლობაში პოლიტოლოგებისა და სხვათა თავისუფლებისთვის მებრძოლთა ურდოები ასობით მილიონ ადამიანს გვიმტკიცებდნენ, რომ აყვავებული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ერთადერთია და ეს გზა დემოკრატიაა. ჰოდა, გაიმარჯვა დემოკრატიამ. კარგად კი კვლავ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში ცხოვრობენ, ცუდად კი _ მოზამბიკში, ვიეტნამში, კოლუმბიაში (დავუმატოთ საქართველოც _ დემშუქურის სამშობლო). რით შეიძლება ამ უცნაურობის ახსნა?»

ხომ არ გვატყუებენ?

ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებამდე დასკვნა ერთადერთი შეიძლება იყოს.

«დემოკრატიამ არ შეიძლება გაიმარჯვოს მთელ მსოფლიოში. უფრო მეტიც, დემოკრატიამ არ უნდა გაიმარჯვოს მთელ მსოფლიოში!»

ყველა სხვა შემთხვევაში, ნათელი გახდება, რომ იგი (დემოკრატია) სულაც არ არის აშშ-ისა და მისი მეგობრების მიზანი, არამედ წარმოგვიდგება პირობად და საშუალებად მისი (ამერიკის შეერთებული შტატების) უღრუბლო არსებობისთვის დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე.

«დასავლეთისთვის მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გამარჯვებაზე უარესი საერთოდ არაფერი მოიაზრება».

ასეთიაო «შიშველი» სიმართლე, გვიმტკიცებენ კრიტიკულად განწყობილი ანალიტიკოსები.

მოძრაობა ყველაფერია _ მიზანი არაფერი! დემოკრატიისკენ მუდმივი მოძრაობა უზრუნველყოფს ანგლოსაქსების მუდმივ დომინირებას ჩვენს პლანეტაზე და მათი ცხოვრების უმაღლეს დონეს.

მაქსიმალიზმია? შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ დღევანდელი ვითარება ამგვარად ფიქრის უფლებას გვაძლევს.

დაუგდეთ ყური:

«თუ მთელ მსოფლიოში გაიმარჯვებს თავისუფლება, უსაქმოდ დარჩება «უფლებადამცველთა» მთელი არმია. მათ ხომ სხვა არაფერი იციან «შავბნელი ძალების» და ტოტალიტარიზმის მხილების გარდა? ორივეს მოსპობის შემდეგ, რით უნდა ჭამონ პური?! რა უნდა აკეთონ ლიბერალმა ჟურნალისტებმა? ვის დაკარგვიან, ვინ უნდა ეძებოს? ვინ გამოუწერს პრემიებს გაბედული და მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებისთვის? ვინ უნდა ამხილონ, თუ ირგვლივ ყველა საერთო-საკაცობრიო იდეალებისა და ჰუმანიზმის გულმხურვალე მხარდამჭერი იქნება? რა საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი ევროკომისრების ამხელა ფარამ და უთვალავმა «სხვაგვარად მოაზროვნემ?»

როგორც გინდა, ისე ატრიალე, მაგრამ დემოკრატიის სრული გამარჯვება ყველა «დემოკრატისთვის» სრული მარცხი იქნება.

ცრუ დემოკრატებისთვის, რომლებიც დემოკრატიის პირბადეაფარებულები ძია სემის ჰარამხანისთვის არიან ნაყიდი. სწორედ ისინი, დედაკაცურად მონარნარე და თვალჟუჟუნა მამაკაცები წარმოგვიდგებიან დღეს დემოკრატიის შემფასებელ უმაღლეს ინსტანციად.

დასავლელი ცრუდემოკრატები.

ნიკოლაი სტარიკოვი თავის წიგნში «დოლარს ომი გადაარჩენს» საკმაო ადგილს უთმობს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მხილებას, რომელიც დაწყევლილი არის მშობლიური ხალხის მიერ და აღზევებული დასავლეთის ლიდერების წრეში.

საკუთარი ქვეყნიდან განდევნილი ეს არამზადა უკრაინაში მრჩევლად აპირებს დარჩენას, ალბათ, მეისრის როლში, რათა პოროშენკოს მატარებელიც იმ ჩიხში შეაგდოს, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

ერთ-ერთი «შემფასებელი» «საერთაშორისო ამნისტიაა» (Amnisty Internatuional) _ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ეროვნული სექციები 56 ქვეყანაში ფუნქციონირებს და რომლის აქტივისტი წევრები მილიონზე მეტია. უმრავლესობა უანგაროდ მუშაობს, მის შტაბ-ბინაში 500-მდე კაცია დასაქმებული. წელიწადში ერთხელ ეს ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. მისი არსებობის ძირითადი მიზანიც ეგაა. ანგარიშში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაა ჩამოთვლილი, მაგრამ მთავარ ბოროტმოქმედებად დასახელებულია აშშ და მისი მეგობარი ქვეყნების მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები.

ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციის საქმიანობას? დასვამთ ამ შეკითხვას და გიპასუხებენ, რომ ფინანსური წყარო ნებაყოფლობითი შემოწირულობებია.

ძალიან მომრავლებულან მსოფლიოში ფილანტროპები(!).

კორუფციის წინააღმდეგ თუ რეიტინგების შესადგენად?

ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ აქვთ უფლებადამცველებს.

ჩვენც ამ აზრზე ვდგავართ.

როგორ წარმოუდგენიათ კორუფციასთან ბრძოლა?

«მოქალაქეთა ანტიკორუფციული სამართლებრივი მსოფლმხედველობის ფორმირება, გამჭვირვალობის ინსტიტუალიზაცია, კორუფციის არიდება ანტიკორუფციული მექანიზმების ქმედითობის უზრუნველყოფის გზით».

გაიგეთ რამე? არა? არცაა საჭირო, გვეუბნებიან დარგის სპეციალისტები. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, არამედ მსოფლიოში კორუფციის რეიტინგის შედგენა (Corruption Perceptions index). ეს რეიტინგი არის მთელი რიგი ქვეყნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის საშუალება. თავისი არსით ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების დაყოფის მცდელობა ქრთამის აღება-მიცემის დონით ერთ რომელიმე ქვეყანაში.

სწორედ ასეთ «დამოუკიდებელ» რეიტინგებში «აღმოაჩენენ» იმ დამარხულ ძაღლის თავს, რომელიც აშშ-ისა და დასავლეთის მოწინააღმდეგეებს ძალიან ცუდად წარმოაჩენს.

ამათი ოქროს კვეთი აქ გადის.

თუ გსურთ, ქუჩაში გამოსულ ხალხს თქვენი პოზიცია გააგებინოთ, მეგაფონი უნდა გქონდეთ. სხვაგვარად, ხმის იოგებიც რომ დაიგლიჯოთ, ვერავის ვერაფერს გააგონებთ.

ასე რბილად გადავედით მასმედიის პრობლემაზე.

ცნობილი დებულებაა: ვის ხელშიცაა ტელევიზია, ხელისუფლებასაც იგი ფლობს. ნებისმიერი ძლიერი ხელისუფლება კომუნიკაციის ამ საშუალებაზე კონტროლს აწესებს. ასეა დასავლეთშიც. ყველა ძირითად საინფორმაციო საშუალებას იქ აკონტროლებს და წარმართავს ერთი ცენტრი.

ეს აშკარად გამოჩნდა დღესაც უკრაინის მოვლენების ცალმხრივად გაშუქების ფაქტში. ასე იყო სხვა დროსაც _ სტარიკოვს მოჰყავს სააკაშვილის დროს ხუთდღიანი წაგებული ომის გამარჯვებად გასაღების მცდელობა ქართულ მედიაში.

იგი წერს: «…სააკაშვილი დარწმუნებული იყო, ელვისებური შეტევით გადაწყვეტდა ოსეთის საკითხს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა დაემართებათ ადამიანებს, რამდენი დაიხოცება, თუ მსოფლიოს ყველა ეკრანზე სხვა რამეს გვიჩვენებენ… იქ გამოჩნდება ყვავილებით მორთული ქართული ტანკები; ხანდაზმული ქალები, რომელთა ცრემლს კორესპონდენტები ბედნიერების ცრემლს უწოდებენ… არავითარი ნანგრევები, არავითარი ცხედრები. დემოკრატიის საზეიმო ნაბიჯები და მისი აპოგეა _ ცხინვალის მოქალაქეთა მიტინგები ცეკვისა და სიმღერის თანხლებით. კოკოითი, ხელბორკილდადებული ქართველი პოლიციელების ბადრაგს მიჰყავს. ახალგაზრდა და უშიშარი მიშიკოს პორტრეტების გარშემო გაჩაღებულია ფერხული. დიდება მას _ საქართველო გაერთიანდა! ყველაფერი ჟანრის კანონებსაა დამორჩილებული _ კარგებმა გაიმარჯვეს, ცუდებმა წააგეს».

სიმართლის გამგები არავინაა…

გაზეთები და ტელევიზია მძლავრი იარაღია, ძლიერი. ამიტომაა, რომ დასავლეთის ყველა ძირითადი საინფორმაციო საშუალება ერთი ცენტრიდან კონტროლდება და წარიმართება. ხშირად პრიმიტიულად უხეში, მოუქნელი ფორმით, კურიოზულად გაუნათლებელი და არაკომპეტენტური ოფიციალური პირების მიერ, რომლებიც აღჭურვილნი არიან მასმედიასთან კონტაქტის და აშშ ადმინისტრაციის პოლიტიკის განმარტებისა და პროპაგანდის უფლებით.

მათი მოვალეობაც ეგაა.

უახლესი მაგალითი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯენიფერ ფსაკია, რომელმაც ბრიფინგების დროს სისულელეთა მაქსიმალიზმის დემონსტრაციით თავიც გაიბითურა და დეპარტამენტსაც თავი მოჭრა.

სახდეპმა სასწრაფოდ მოაცილა ბრიფინგებს ეს უვიცი დედაკაცი.

იყო ფსაკი, მოვიდა ჰარპი.

სახელები შეიცვალა. სახეებიც. სხვა არაფერი.

მარი ჰარპი წარმართავდა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგს და «ჩამკითხავი» ჟურნალისტებს წინამორბედის თავდაჯერებით გაცემული პასუხებით უმტკიცებდა, რომ იგი ფსაკისნაირად არაკომპეტენტურია.

ან _ უფრო მეტად.

ჟურნალისტი ქალი ეუბნება, რომ ეუთომ დაადასტურა _ აფეთქებები ლუგანსკში ავიაშეტევაა და სხვა არაფერი. «დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. კიევი კი უარობს, რომ მას ამ ინციდენტთან რაიმე კავშირი აქვს. თქვენ ვისი გჯერათ?

_ თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რაც 2 ივნისს მოხდა? ჩვენ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს.

_ ვისი გჯერათ: ეუთოსი თუ კიევის?

_ ჩვენ ჯერ მხოლოდ ვერკვევით მომხდარში. ჩვენ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს. პირადად მე, მართალი გითხრათ, არ მინახავს ეუთოს არავითარი დადგენილება, ამიტომ მომეცით უფლება, ჯერ შევისწავლო ეს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით იმ თავშეკავებას, რომელსაც ავლენს უკრაინის მთავრობა რუსეთის ყოვლისდამთრგუნველი და მიუღებელი ჩარევის პირობებში. საწინააღმდეგოს დამამტკიცებელს ვერაფერს ვხედავთ».

ფსაკამდე ვერ ამაღლდა მის ჰარპი, მაგრამ ძალიან დაემსგავსა კი.

პარალელისთვის _ ჯენიფერის მარგალიტები: «გაზი დასავლეთ ევროპიდან უკრაინის გავლით რუსეთს მიეწოდება»; ან: როცა დონეცკისა და ლუგანსკის რეფერენდუმები შეაფასა, «კარუსელები» ახსენა (ჩვენთვის კარგად ნაცნობი «კარუსელის» პრინციპით ხმის მიცემა) და როცა ჟურნალისტი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეეკითხა, ნიშნავდა ეს, რომ ბავშვები კარუსელებზე ტრიალებდნენ და თან ხმას აძლევდნენო, უპასუხა: პირველად გავიგეო ამ ტერმინის არსებობა და აუცილებლად გავარკვევო, რასაც ნიშნავს ეს ეკზოტიკური კარუსელი.

რატომ მანამდე არ გაარკვია?

იმიტომ, რომ დასადანაშაულებლად საკმარისი იყო განცხადება, რომ ამ საშინელი კარუსელის უკან დგას ვინ?..

რა თქმა უნდა, რუსეთი!

უბრძანეს ასე თქვიო და ასეც მოიქცა იქაური მოგელაძე.

და მოხდა გაუგონარი რამ: სასიხარულო ამბავი სწრაფად გავრცელდა. 6 ივნისს ფსაკმა (თუ ფსაკიმ), იმ ჟურნალისტების გასახარად, რომლებიც მისი ორიგინალური შემოქმედების უნიკალური ნიმუშებით ხალისობდნენ, თავის «ტვიტერზე» დაწერა, რომ არსად წასულა და რომ კვლავ თავის ადგილზე ზის: «რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის მიუხედავად, მე ჯერ კიდევ აქ ვარ, როგორც ძლიერი, დემოკრატიული უკრაინა». ეს, ცხადია, ისეთი მარგალიტი არ არის, როგორც მისეული მუქარა (ჯიუტი ქვეყნების დასაშინებლად თქმული) აშშ ფლოტის «ბელარუსის ნაპირებისკენ გაგზავნის» შესახებ.

რატომ ვერ გათავისუფლდნენ ამ უვიცი დედაკაცისგან სახდეპში? უთუოდ იმიტომ, რომ იგი თავად სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის პროტეჟეა. ეს ერთი. და მეორე: საჯაროდ გაიმეორა ის, რაც რომელიღაც კაბინეტის სიმყუდროვეში უთხრეს.

პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს.

ხომ შეიძლება, ასე ვიფიქროთ?

მარგალიტებს ფსაკი კიდევ ბევრს დააბნევს.

პრესას უკონტროლოდ არავინ დატოვებს. იარაღის საწყობის კარს თუ საგულდაგულოდ არ ჩარაზავთ, ხვალ იმ იარაღით სხვა შემოგიტევთ. არ გამოკვებავთ საკუთარ არმიას, გამოკვებავთ სხვისას, _ უთქვამს ნაპოლეონს. მასმედიაზე ზედგამოჭრილია _ არ აჭმევთ ჟურნალისტებს, მათ სიამოვნებით გამოყენებენ თქვენი მოწინააღმდეგეები.

«თავისუფალი სიტყვა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი პრესა ძლიერი იარაღია, რომელთაც მასობრივად იყენებენ განუწყვეტლად მიმდინარე ფარულ ბრძოლაში, რომელიც მსოფლიოს დასაპყრობად მიმდინარეობს».

ჩვენი სამყარო ფინანსებზე დგას. კარგია, ცუდია, ნუ ვიტყვით. ფაქტია. დღეს მთავარი ფულია. ფულით იზომება ყველაფერი _ სახელმწიფოს სიძლიერე, იდეოლოგიის სისწორე, წარმატების ხარისხი და ადამიანებისა და კონტინენტების მნიშვნელობა. უწინ ომებს მიწებისა და რესურსების ხელში ჩასაგდებად იწყებდნენ. ამჟამად მთავარი ისაა, თუ ვინ დაბეჭდავს ფულს. ყველაფერ დანარჩენს «საბეჭდი მანქანა» იყიდის _ ჟურნალისტებს, სასარგებლო წიაღისეულს, პოლიტიკურ მოღვაწეებს, მიწებსა და ტერიტორიებს. დავუმატოთ _ ამომრჩეველთა ხმებსაც, პირდაპირი თუ შემოვლითი გზით.

აბა, რატომ აკაკანდნენ საქართველოში არჩევნების კვირაძალს «ნაცები», როცა საფინანსო პოლიციამ ათიათასობით «ოფშორული დოლარის» უკანონო არხი გადაუკეტა?

ფული იყიდის ყველაფერს, რაც იყიდება, სინდისის ჩათვლით. შემდეგ შეეცდება იყიდოს ის, ვინც და რაც ეწინააღმდეგება.

ამისთვის კი საჭიროა კრიზისი.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here