Home რუბრიკები საზოგადოება «წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა»

«წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა»

70 წელი გავიდა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი – მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ატომური ნგრევა გამოიწვია დედამიწაზე.


ომში გამარჯვებულები არ არსებობენ _ დამარცხებულია ყველა, ვინც მასში მონაწილეობდა და სიცოცხლე გასწირა მავანთა ამბიციების გამო, განურჩევლად ერისა და სარწმუნოებისა. თითოეულ დაღუპულ ჯარისკაცს, რომელსაც სწამდა, რომ თავის სამშობლოს, ქვეყნად სიმშვიდეს და მომავალ თაობებს იცავდა (რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ყოფილა ასე), _ ამერიკელს, ინგლისელს, რუსს, უკრაინელს, ქართველს, აფხაზს, ოსს, ჩეჩენს, ავღანელს (მათი ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება და შორს წაგვიყვანს) დედის, დის, მეუღლის, სატრფოს, შვილების უნუგეშო ცრემლი გაჰყვა თან. ბევრს საფლავიც არ ღირსებია, ყველა მათგანს შინ ცოცხლად დარჩენილთა სულიერი ტკივილი აერთიანებს, მათ შორის ქართველი დედებისაც, რომლებიც ოდითგანვე მეტოქის დედის დარდის თანაზიარნი გახლდნენ.

ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, წამოიჭრა იდეა-პროექტი საქართველოში «მშვიდობისა და მეგობრობის სახლის» მშენებლობისა, რომელიც უნიკალური იქნება ომებში, შეიარაღებულ კონფლიქტებსა თუ სამხედრო ოპერაციებში დაღუპულთა, ასევე მოგვიანებით გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფის, მათ სახელზე სიმბოლურად დადებული თითოეული აგურის, ერებს შორის მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცების თვალსაზრისით, ყოველ ქვეყანას ეყოლება თავისი წარმომადგენელი მანდილოსანი _ ქართველი, რუსი, გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ა. შ. დედის სახით, რომლებიც საქართველოში, «მშვიდობისა და მეგობრობის სახლში» წელიწადში რამდენჯერმე (სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით) შეიკრიბებიან, დედამიწაზე არსებული ომისა და მშვიდობის, ასევე სხვა საჭირბოროტო თემებზე იმსჯელებენ და მათი გადაჭრის საკითხში საკუთარ წვლილს შეიტანენ. იმუშავებს ბეჭდვითი მედია, მოეწყობა გამოფენები, კონკურსები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სპორტული შეჯიბრება, ლექცია-საღამო, შეხვედრა,  მონაწილეები და პროექტის თანამოაზრეები საკუთარ იდეებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ამასთანავე, «მშვიდობისა და მეგობრობის სახლი» ყოველ 30 აგვისტოს, რომელიც გაეროს მიერ მეგობრობის დღედ არის გამოცხადებული, უმასპინძლებს სიმღერის საერთაშორისო კონკურსს მშვიდობისა და მეგობრობის თემაზე, რომელიც, ვიმედოვნებთ, მსოფლიო ერებს შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს.

პროექტი დღეს, ამ უკიდურესად დაძაბულ გარემოში, მნიშვნელოვნად და პოლიტიკურად გამართლებულ ნაბიჯად მიგვაჩნია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პროგრესულად მოაზროვნე მთელი კაცობრიობისთვის, და ეს ჩვენ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება აფხაზ, ოს, რუს ხალხთან შესარიგებლად, რომლებთანაც ტოლერანტული დამოკიდებულება ოდითგანვე გვახასიათებდა.

მიუხედავად იმისა, რომ «მშვიდობისა და მეგობრობის სახლის» მშენებლობას საერთაშორისო დატვირთვა გააჩნია და მის მხარდასაჭერად მრავალმა ქვეყანამ (განსაკუთრებით კი გერმანიამ, რომელიც დღესაც გრძნობს საკუთარ პასუხისგებლობას შვიდი ათეული წლის წინათ მთელ მსოფლიოში დატრიალებული ჯოჯოხეთის გამო, ასევე ისრაელმა, რომელმაც საკუთარ თავზე, ალბათ, ყველაზე მეტად იწვნია ფაშისტური რეჟიმის სასტიკი ძალა) თუ კერძო პირმა გამოთქვა მატერიალური და სხვა სახის დახმარების  სურვილი (მათ შორის _ ინვესტიციების სახითაც), ის, უპირველეს ყოვლისა, მაინც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდეგი დადებითი მომენტებით ხასიათდება:

საქართველო, როგორც ამ იდეის მოთავე და სულისჩამდგმელი, გახდება მშვიდობიანი, მეგობრული ურთიერთობისა და თანაარსებობის მოსურნე ხალხებისა და სახელმწიფოების თავმოყრის  პირველი, ერთადერთი და უნიკალური ცენტრი მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ყველა პოზიტიური შედეგით;

გაჩნდება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ამუშავდება გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები დაუახლოვდებიან და საკუთარ გამოცდილებებსა და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს, ტურისტების მოზღვავება წაადგება ეკონომიკის განვითარებას; ქართული კულტურა შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ უფრო გაიფართოებს საზღვრებს და თავადაც ფართო გზას მისცემს უცხო ქვეყნების კულტურის შემოჭრასა და დანერგვას ჩვენში;

ფაქტობრივად, ორ ურთიერთდაპირისპირებულ _ ევროატლანტიკურ და ევროაზიურ კავშირს შორის ჩვენი ქვეყანა იქცევა ერთგვარ ხიდად, კეთილმოსურნე და მშვიდობიანი ფორმით რომ დაარეგულირებს ამ ურთიერთობებს და ამ საკითხის გარშემო ქვეყნის შიგნით არსებულ დაძაბულობასაც მოხსნის;

მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ეკლესია სხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად სათავეში ჩაუდგება ურთიერთდაახლოების, შერიგების, მიტევების პროცესის მიმდინარეობას, რეგულარული შეხვედრების დროს სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ერთად განიხილავენ საჭირბოროტო და პრობლემურ საკითხებს და ამ სფეროში არსებული ყველა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გარანტები გახდებიან.

ჩვენი ჩანაფიქრის მხარდასაჭერად შეიქმნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი «დედის ცრემლები», რომელიც ორგანიზებას გაუწევს პროექტის განხორციელებას.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება, ასევე ის სახელმწიფოები და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ძვირფასია ხალხებს შორის მშვიდობისა და მეგობრობის იდეა, ომი და ძალადობა კი _ მიუღებელი, მხარს დაგვიჭერენ და ყოველმხრივ შეგვიწყობენ ხელს, რათა ეს იდეა არ დარჩეს «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა».

ვფიქრობთ, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ყველა აღმსარებლობის საეკლესიო კომფესიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურები, რამეთუ ქრისტესმიერი რწმენისა და აღმსარებლობის მატარებელი ადამიანის სულში ღრმად არის ჩამჯდარი მიმტევებლობისა და შემწყნარებლობის ცნება.

ამ ღირსშესანიშნავი პროექტის ფუძემდებელია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი «დედის ცრემლები» და «საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობა».

უფალი იყოს ამ კეთილშობილური საქმის მფარველი და შემწე!

დავით ჭითავა,

საქველმოქმედო ფონდი «დედის ცრემლების» დამფუძნებელი;        

რევაზ ნაცარიშვილი,

«საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის» თავმჯდომარე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here