Home რუბრიკები საზოგადოება რა თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ თინა ხიდაშელს საგარეჯოელები და გამოაცხადებენ თუ არა მას...

რა თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ თინა ხიდაშელს საგარეჯოელები და გამოაცხადებენ თუ არა მას პერსონა ნონ გრატად?

ორიოდე დღის წინათ «საქართველო და მსოფლიოს» საგარეჯოდან დაუკავშირდა სახალხო პარტიის მხარდამჭერი, გამგებლობის კანდიდატი ალექსი არაბული, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისტკივილი გაგვიზიარა. მისი თქმით, საგარეჯო სასმელი წყლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. საქმე ის არის, რომ წყლის სათავეებთან ნავთობკომპანია «კანარგო ჯორჯია» ნავთობის მოძიებით სამუშაოებს აწარმოებს ბურღვითა და აფეთქებებით, რაც ქმნის წყლის დაკარგვის საშიშროებას. ბატონი ალექსი დახმარებას ვიცეპრემიერ კახა კალაძეს სთხოვს: «მინდა, მივმართო კახა კალაძეს და ვთხოვო, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვიტოს არსებული პრობლემა, ნუ შესწირავს საგარეჯოს თინა ხიდაშელის ამბიციებსა და ინტერესებს».


_ კომპანია «კანარგო ჯორჯია» 95 წლიდან მუშაობს ჩვენთან და არაერთი პრობლემა შეგვიქმნა. 2004 წელს მათ მიერ ნავთობის არასწორი ექსპლოტაციის შედეგად ნინოწმინდის ერთ-ერთ ჭაბურღილზე ამოფრქვევა მოხდა და ნინოწმინდა, პატარძეული და საგარეჯო დაიტბორა. ნინოწმინდა და მისი მიმდებარე ტერიტორია პატარა ჩერნობილად იქცა. ნინოწმინდას დღესაც არ აქვს სუფთა წყალი. ჩვენ, ბუნებრივია, გავაპროტესტეთ ეს, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რადგან ამ ბიზნესს სააკაშვილის ოჯახი ლობირებდა. სამწუხაროდ, არც იმხანად და არც დღეს მომხდარზე პასუხი არავის უგია. არადა, ამოფრქვევის შედეგად საშინლად გაიზარდა ონკოლოგიური და სხვა დაავადებების რიცხვი. ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება, ხვალ წყალი საერთოდ აღარ გვქონდეს. სამწუხაროდ, საგარეჯოში საშუალება იმისა, რომ სხვა წყაროდან მივიღოთ სასმელი წყალი, არ არსებობს. გასულ წელს გვქონდა «კანარგო ჯორჯიასთან» კამათი. შემდეგ გამოვძებნეთ საერთო ენა ამ კომპანიის წარმომადგენელთან, ვინმე ნუკრი ჭელიძესთან და პრობლემაც მოგვარდა. ავუხსენით ამ კაცს მდგომარეობა, ავიყვანეთ ცივგომბორის ქედზე, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, როგორ შეიძლება დაიკარგოს წყალი მათი მუშაობის შედეგად. საბედნიეროდ, კაცმა გაიგო ჩვენი გასაჭირი და იმავე დღეს, ჩვენი თანდასწრებით, რაც კი მძიმე ტექნიკა ჰქონდათ (ბულდოზერები, ტრაქტორები) გაიყვანეს იქიდან. ბატონმა ნუკრიმ ჩამოიტანა ახალი რუკა, რომელზეც მონიშნული იყო, სად იწარმოებოდა ნავთობის საძიებო სამუშაოები და სად არა. იქ ჩვენი წყლის სათავეები უკვე მოხსნილი იყო. დავმშვიდდით, გვეგონა, ეს პრობლემა აღარ დაგვიდგებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! წელს მათ განაახლეს მუშაობა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის _ თინა ხიდაშელის ნებართვით. ერთი კვირის წინათ ხიდაშელმა მოიწვია საგარეჯოს კულტურის სახლში ხალხი და ერთი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, «კანარგო ჯორჯიას» საქმიანობა მომგებიანი და სიკეთის მომტანი იქნება საგარეჯოსთვისო. ჩვენ გამოვიყვანთ სხვა წყალსო და ა. შ. 50 მილიონს დებს ეს კომპანია და ნუთუ თქვენ წინააღმდეგი ხართ ასეთი ინვესტიციისო. ეს ქალბატონი საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რას ეუბნება ხალხი, ლაპარაკობს მხოლოდ იმას, რასაც ეუბნება «კანარგო ჯორჯია», რითაც თვითონ არის დაინტერესებული. წარმოიდგინეთ, უწყლოდ საგარეჯო უდაბნოდ იქცევა და ეს ქალბატონი გვიმტკიცებს,_ აშენდებითო.

_ კი მაგრამ, რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს თინა ხიდაშელს, რაზე გაქვთ ეჭვი?

_ სწორედ ეს არის ჩემი მთავარი კითხვა მასთან, რომელზეც, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი მაქვს. თინა ხიდაშელი უანგაროდ არაფერს აკეთებს. დოკუმენტების გარეშე, ცხადია, უფრო მკაცრ ბრალდებას ვერ წავუყენებ. კულტურის სახლში მე მას პირდაპირ განვუცხადე, დამნაშავე ხარ, პირადი ინტერესების გამო ჩვენ მიერ მოგვარებული პრობლემა ხელახლა შეგვიქმენი-მეთქი. შეხვედრაზე გამოვაცხადე, რომ ჩვენთვის ეს მაჟორიტარი დეპუტატი იქცა მაოხრებელ დეპუტატად. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისი მუშაობის შედეგებს კარგად ვხედავთ, თინა ხიდაშელმა საგარეჯო ააოხრა _ ზნეობრივადაც, სულიერადაც, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც.

_ ასეთი რა გააკეთა?

_ გაიხსენეთ, საგარეჯოს გამგებლის სკანდალური დაკავება საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო. ყველაფერს ხიდაშელს უთანხმებენ, მის გარეშე გამგებელი ერთ ნაბიჯს არ დგამს. გარდა ამისა, მოძებნა ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ საგარეჯოსთვის და დაგვიყენა უფროსებად. ეს ქალბატონი ადვილად სამართავ ხალხს ირჩევს და ასაქმებს, ალბათ, ხვდებით რატომაც. ახლა კი ამ პრობლემაში გაგვხვია. მთელი საგარეჯო ეუბნება, არ გვინდა მილიონები, არავითარი ინვესტიცია და ალტერნატიული წყალიო; ეს კიდევ გაიძახის, _ არა, გინდათ, უნდა გავაკეთოთო! ვიმეორებ: თინა ხიდაშელის მოტივაცია უანგარო არ არის. 4 ივნისს ჩვენთან ჩამოვიდნენ «ქართული ოცნების» კახეთის კოორდინატორი და თბილისის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელი. მათ სწორად გაიგეს ჩვენი პრობლემა და გვითხრეს, პირველ პირებთან არის შეთანხმებული ეს საკითხი, კერძოდ, კახა კალაძესთან, რომელიც თვლის, უნდა შეწყდეს ეს სამუშაოებიო. მოგვიანებით ჩამოვიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც, რომელსაც გულწრფელად სურს ამ საკითხის საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ მოგვარება. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამუშაოები შეწყდება 15 ივნისამდე, შემდეგ საზოგადოებასთან შეთანხმებით ან გაგრძელდება, ან _ არა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი საგარეჯოელი არ დათანხმდება სამუშაოების გაგრძელებას. მაგრამ, თუ ასე მოხდა, შეიძლება ომი დავიწყოთ. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ თელაველებს: გონს მოეგონ, ეტყობა, თელავმა არ იცის, რომ მათაც ემუქრება პრობლემა. ის აფეთქებები და ბურღვა ერთნაირად დაარღვევს იმ ქედის, როგორც სამხრეთ-დასავლეთ, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. მინდა, გაიგონ ეს, ხმა ამოიღონ და, თუ საჭირო გახდა, ჩვენთან ერთად იბრძოლონ. აქვე გეტყვით, რომ «კანარგო ჯორჯია» უტიფარი ორგანიზაციაა. როცა ნინოწმინდაში აფეთქება მოხდა, ვთხოვეთ, ავადმყოფებისთვის მიეხედათ და ზარალი აენაზღაურებინათ, მაგრამ უმნიშვნელოდ აანაზღაურეს მხოლოდ. ეს ერთი. მეორე და მთავარი: ის წყალი, რომელსაც ნინოწმინდელების დიდი ნაწილი დღესაც სვამს, უვარგისია, მასში ტოქსიკური ნარჩენებია. არადა, ჩვენ ვუთხარით «კანარგო ჯორჯიას», რომ ალტერნატიული საშუალება წყლის, რომლის სათავეებიც არ იყო დაზიანებული, არსებობდა და ვთხოვეთ, იქიდან გამოეყვანათ წყალი. დაგვპირდნენ, გავაკეთებთო და არ გააკეთეს. ახლა გეტყვით, რატომ გავუსვი ამას ხაზი.

გუბერნატორმა მითხრა, რომ სახელმწიფოს დადებული აქვს ხელშეკრულება ამ კომპანიასთან და ამ ხელშეკრულების გაუქმებას გარკვეული პრობლემები მოჰყვება ჩვენთვის. მათ უჭირთ დასაბუთება იმისა, რომ ეს ხელშეკრულება გასაუქმებელია. მე რაც გითხარით, საკმარისია იმისთვის, რომ არათუ გააუქმონ, არამედ თავზე გადაახიონ ხელშეკრულება. ვნახოთ, რას იზამენ. ვიმეორებ, არავითარი პრობლემა იმისა, რომ გავაუქმოთ ხელშეკრულება, არ არსებობს, რადგან, როგორც გითხარით, ამ კომპანიას ბევრი დარღვევა აქვს, მეტიც, დანაშაული აქვს ჩადენილი. მივმართავ კახა კალაძეს: იმედია, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტთ ამ პრობლემას, ნუ შესწირავთ საგარეჯოს თინა ხიდაშელის ამბიციებსა და ინტერესებს!

_ წინასაარჩევნო დღეებში მოსახლეობის გაღიზიანება «ქართულ ოცნებას» კარგს არაფერს მოუტანს… როგორი განწყობაა საგარეჯოს მოსახლეობაში _ უჭერენ ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლების კანდიდატს მხარს?

_ «ოცნების» კანდიდატი გამგებლის პოსტზე _ გიორგი მზირიშვილი თინა ხიდაშელის კადრია, არასამთავრობოში მოღვაწეობს. ხალხში კი ავრცელებენ ხმას, თითქოს ეს ადამიანი ღარიბაშვილის კადრია, რადგან თინამ და მისმა გარემოცვამ კარგად იცის, რომ კომპრომეტირებულნი არიან და ხალხს მათი დანახვა არ სურს, ამიტომ იყენებენ ღარიბაშვილის სახელს. პირდაპირ გეტყვით: თუ არ გააყალბეს, მზირიშვილი ვერ გაიმარჯვებს. სხვათა შორის, გუბერნატორთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და არავის აქვს სურვილი გაყალბებისა, პირიქით. მე ვიცი ხალხის განწყობა და ვაცხადებ, რომ ეს კაცი გაყალბების გარეშე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, ვიცნობ რა თინას ფსიქოლოგიას, არ მეპარება ეჭვი, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მის გასაყვანად, ანუ გაყალბებასაც არ მოერიდება. მაქვს ფაქტებიც: საუბნო კომისიის წევრებს მონიტორნიგს რომ უტარებდნენ, უთხრეს, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, ოღონდაც «ოცნების» კანდიდატი გაიყვანეთო. რას ნიშნავს ეს? ერთადერთი, ვინც ასეთ დავალებას გასცემდა, თინა ხიდაშელია. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვეუბნები ხიდაშელს: მეც და დანარჩენი საგარეჯოც აღრენილები ვართ და ნუ იზამს ისე, რომ პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ. თუ საგარეჯოელებს უნდათ, რომ გაგრძელდეს თინა ხიდაშელის დანაშაულებრივი რეჟიმი, მაშინ კი, ბატონო, აირჩიონ «ოცნების» კანდიდატი და, თუ უნდათ, რომ დამთავრდეს ეს პრობლემები, მაშინ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი. ჩემნაირი კაცი ხიდაშელს ყველაფერს ამოუქექავს და სწორედ ეს არ უნდა, ეს აშინებს. დღევანდელი გამგებელი, მთელი ადგილობრივი ხელისუფლება თინას მარიონეტები არიან, თინა ხიდაშელი საგარეჯოს ერთპიროვნული მმართველია. ფიქრობს, როგორც ამათ უგდებდა კაპიკებს, თავად კი მილიონებს იჯიბავდა, ისე მოექცეს იმათაც. შარშან მან და გამგებელმა 300 ათასიდან თითქმის ერთი მეოთხედი მიითვისეს,_ გახსოვთ, ალბათ, გამგებლის სკანდალური დაკავება,_ ახლა 50 მილიონი მოდის «კანარგოდან» და, მეოთხედი რომ მოტეხონ, როგორც ადრე გააკეთეს, ცუდი იქნება? აი, ამიტომ უნდა თინას საკრებულოს დაკომპლექტება მორჩილი, მარიონეტი კადრებით და ეს უნდა გაიგოს სრულიად საგარეჯოს მოსახლეობამ.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here