Home რუბრიკები საზოგადოება ომი ყველაფერს ჩამოწერს?!

ომი ყველაფერს ჩამოწერს?!

27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. მანამდე ქვეყანას 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნები ელოდება. აფხაზეთი ევრაზიული კავშირისკენ მიილტვის, დანარჩენი საქართველო კი _ ნატოსა და ევროკავშირისკენ, იმ ორგანიზაციებისკენ, რომელთა შესახებაც თვითონ ამ ორგანიზაციების თავკაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა არ აქვს. «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ერთხელ განაცხადა: «პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას ჰპირდება ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს». როგორი იქნება საქართველოს მომავალი? როგორ შეიცვლება ქვეყანაში ვითარება 27 ივნისის შემდეგ? _ ამ შეკითხვებით რამდენიმე რესპონდენტს მივმართეთ:


ვალერი კვარაცხელია, პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი:

_ ვინც აკონტროლებს აფხაზეთს, ის საქართველოს აკონტროლებს. ეს ფორმულა ნებისმიერ დროებით დაკარგულ ტერიტორიას მიესადაგება და ვრცელდება იქამდე, ვიდრე დამკარგავს ხელი არ ჩაუქნევია დაკარგულზე. დღეს ტაო-კლარჯეთს თურქეთი აკონტროლებს, მაგრამ ამით ის საქართველოს ვერ აკონტროლებს, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელი აქვს ჩაქნეული, ანუ უარი აქვს ნათქვამი. აფხაზეთსა ცხინვალში სხვა ვითარებაა. ამ ტერიტორიების კონტროლით რუსეთი მთელ საქართველოს აკონტროლებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს, ამ კუთხის შემომტკიცების იმედი ჯერ კიდევ გვიღვივის. ასეთ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმული ყველა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ნაბიჯი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის პრიზმაში უნდა იყოს გატარებული და ამ საკითხის გადაწყვეტისკენ მიმართული. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების ყველა თაობა საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა და მიდის, ვინაიდან, სულაც არ ყოფილან და დღემდე არ არიან «ჩვენი». აქ ყველა ხელისუფალი ამერიკელებმა მოიყვანეს, ყოველი მათგანი ამერიკულ საქმეს ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც. ამიტომაცაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის შემოერთებაზე უფრო მნიშვნელოვანი ევროპის ასოცირებული წევრობა ან მაპის მიღება ჰგონია. უფრო სწორად, არ ჰგონია (ასეთი სულელებიც არ არიან), მაგრამ დავალება აქვთ მიღებული და სამშობლოს ინტერესებს თავიანთი ბინძური მერკანტილური ვნებების დაკმაყოფილებაში ცვლიან. თქვენს შეკითხვას სრულიად ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხობ: _ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა თითქმის არაფერს ნიშნავს ევროკავშირის ნამდვილ წევრობასთან შედარებით, მაგრამ თითქმის მთლიანად სპობს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას და გვაყენებს ახალი პრობლემების წინაშე.

_ «ნაციონალებზე» ამბობდნენ, მოსყიდულები არიან და ქვეყნისთვის დამღუპველ პოლიტიკას ატარებენო. როგორ ფიქრობთ, თვითონ «ნაციონალებს» ხომ არ ჰყავთ მოსყიდული უცხოელები და ახლა უკვე «ოცნებაც», რადგან, როგორც ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, «პოლიტიკოსი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია და ან უნამუსოდ გვატყუებს»?

_ მე მათ ნაძირალებად უფრო მივიჩნევ, ვიდრე ბრიყვებად. მათ ერთმანეთი კი არ ჰყავთ მოსყიდული, ისინი, «ნაცმოძრაობაც» და «ოცნებაც», ამერიკელებს ჰყავთ მოსყიდული და თავიანთი სცენარით ათამაშებენ. რაც შეეხება ამერიკულ-ევროპულ სტრუქტურებს, ჩვენ იქ გაწევრების მინიმალური შანსიც არ გვაქვს, ვინაიდან ამერიკა-ევროპის მიერ დეკლარირებული გეოპოლიტიკური დოქტრინა ისე დაშორდა რეალობას, როგორც ცა და დედამიწა. ამერიკელები და ევროპელები სიტყვით აღიარებენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების _ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაა. დრო თვალნათლივ ადასტურებს, რომ ამერიკასა და ევროპას ამ რეალობის შესაცვლელად ბერკეტები არ აქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში დაუჯერებელი მოვლენები მოხდა: უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ამბოხებულ ამერიკა-ევროპას რუსეთმა ყირიმი (საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით) ელვის სისწრაფით გამოაცალა ხელიდან, ჩინეთთან არნახული კონტრაქტები (მათ შორის, ბუნებრივი აირის სფეროში) გააფორმა და ევრაზიული კავშირი შექმნა, რომლითაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოზე ამერიკის ერთპიროვნული დიქტატი დაასრულა, რაც ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა. რას წარმოადგენს ყოველივე ამის ფონზე აშშ-ის უპირობო მარიონეტი, უამრავი პრობლემით დამძიმებული, ღირებულებებარეული, ზნეობრივი დეგრადაციის გზაზე შემდგარი და დასაშლელად განწირული ევროკავშირი?

ახალ ევროპარლამენტში ევროსკეპტიციზმი დომინირებს. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები კი ევროპის კატასტროფულ შეცდომებზე ალაპარაკდნენ, როგორც უკრაინის მოვლენების, ასევე ევროპისა და ნატოს უკიდეგანო გაფართოების მიზანშეუწონლობის შესახებაც. გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი საქართველოს ევროპის შემადგენელ ნაწილად განხილვას დაუფარავი სარკაზმით ეხმაურება. გერმანიის ასევე ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი კი რუსეთის რეაქციას უკრაინის მოვლენებზე აფასებს, როგორც ადეკვატურს და გასაგებს. სად, რომელ ევროპაში მიდის საქართველო იმ ვითარებაში, როდესაც ევროპის მომავალი თვითონ ევროპელებისთვისაც გაურკვეველია? სად, რომელ ევროპაში მიიჩქარის საქართველო იმ ვითარებაში, როდესაც საფრანგეთი და იტალია გერმანიის წინააღმდეგ გამოდიან, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სეპარატიზმის ბაცილა ღვივდება, ხოლო ახალი ევროპარლამენტი, როგორც უკვე გითხარით, ევროსკეპტიციზმით არის გაჯერებული?! სასაცილოა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ეცილებიან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლების მოპოვებაში, მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტზე ხელისმომწერი, შესაძლოა, წყევლისა და ანათემის ობიექტად იქცეს. ნუ დავუკარგავთ, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი უფრო საზრიანი გამოდგა…

_ რა მოხდება 27 ივნისის შემდეგ?

_ ორი ვარიანტი არსებობს: რუსეთი ან დაბლოკავს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, ან დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ აამოქმედებს სხვადასხვა წნეხს. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი იქნება _ ევროკავშირისა და ნატოს მიღმა დარჩენა, მაგრამ პირველ შემთხვევაში, ეს უმტკივნეულოდ მოხდება; მეორე შემთხვევაში კი, ძალიან მტკივნეული იქნება. არ გამოვრიცხავ უკრაინის მსგავს მოვლენებსაც კი…

გელა ხუციშვილი, პოლიტოლოგი:

_ ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ევროკავშირისკენ აღარ მიილტვის, მაგალითად, თურქეთი, ის რუსეთთან თანამშრომლობს პროექტში «მშვიდობიანი კავკასია».

ახლა შეხედეთ ევროკავშირში რა ვითარებაა: არავინ ლაპარაკობს, რა ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის ხერხემალ გერმანიას რუსეთთან და ჩინეთთან. ეს ტაბუდადებული თემაა. ანგელა მერკელისა და პუტინის არასაშტატო გულთბილი ურთიერთობებიც გასათვალისწინებელია. გავიხსენოთ, პუტინის ვიზიტი ჩინეთში, მან გაზისა და ნავთობპროდუქტების რეალიზების დიდი ბაზარი მოიპოვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მდგომარეობა ძალიან საინტერესოა. მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე თუ ვინმე რამედ მიგვიჩნევს, სწორედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ. გავიხსენოთ, ყბადაღებული თემა ევრაზიული მაგისტრალის შესახებ: პარიზი-კონსტანცა-ფოთი-თბილისი-ბაქო-შანხაი. ჩვენ ხომ ამაზე ვაგებდით ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტიას, მაგრამ ამ ყველაფრისგან შორს ვართ და ვაცხადებთ, რომ არაფერი გვინდა და პირდაპირ ევროკავშირში შევდივართ. ვის ვუნდივართ ევროკავშირში? ან რა პოზიციაზე უნდა ვიყოთ? მათ ხომ საზღვრები აღარ გააჩნიათ, ჩვენ ასეთ ვითარებაში კუნძულივით ვიქნებით. აფხაზეთში დაწყებულ ამბებს ევროკავშირთან ხელშეკრულების დადებაზე მეტად 15 ივნისის არჩევნებს უფრო ვუკავშირებ. ის, რაც ზუგდიდში ხდება, მიანიშნებს, რომ ამ ქალაქში ცენტრალური ხელისუფლების გავლენა ძალიან მცირეა. არადა, «ქართული ოცნება» თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნები უეჭველად უნდა მოიგოს. ეს იმას ნიშნავს, რაიმე შეცდომა რომ მოხდეს ზუგდიდში, აფხაზეთი ცხელი წერტილია და, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ცეცხლი მოედოს ყველაფერს.

გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ზუსტად 15 ივნისს სომხეთი აწერს ხელს ევრაზიულ კავშირში გაწევრებას. ყოვლისმცოდნის მანტიას ვერ მოვირგებ, მაგრამ ის, რაც ხელისუფლების ვერტიკალებში ხდება, მიანიშნებს, რომ ქვეყანას არ ჰყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.

ასოცირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პრემიერ ღარიბაშვილს დააკისრეს, მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალია, მაგრამ, როგორც კი ის ხელს მოაწერს, მისი რეტინგი მკვეთრად დაეცემა არაქართულ მოსახლეობაში.

ქართველი პოლიტიკოსები დაკვეთებს ასრულებენ და ისეთი დიდი თანხებია საქართველოში ჩადებული, შემდეგ სხვადასხვა თაროზე გადაწყობილი, რომ აუცილებლად უნდა ჩამოიწეროს, ამის დრო დადგა. გახსოვთ ფრაზა კინოფილმიდან «ღიმილის ბიჭები»: «ომი ყველაფერს ჩამოწერს, ვასია»?

«მოსწრების პრინციპი», რომელიც დაწყებულია და მაღალჩინოსანთა პრემიებში გამოიხატება, საცოდავი ადამიანების უკანასკნელ ბოგინს ჰგავს..

ევროკავშირი მირაჟია, უტოპია… ან რა შეიძლება დავარქვათ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით ევროკავშირის დროშა ფრიალებს, სასაცილოები გავხდით, ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსეთ. ევროკავშირის თემა შემოგდებულია და ქვეყნის დაშლას ითვალისწინებს.

_ როგორ წარიმართება საქართველოს ცხოვრება 27 ივნისის შემდეგ?

_ ხელშეკრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ, ორ ნაწილად უნდა დავყოთ. პირველი ნაწილი _ ეს არის ეკონომიკური ხელშეკრულება, მაგრამ ვინმეს წაუკითხავს? ვინმემ იცის, როგორ გაიტანს ლაგოდეხელი გლეხი თავის პროდუქციას ევროპულ ბაზარზე? ფაქტია, რომ ბაზარი ჩვენ გავხდებით. პოლიტიკურ ნაწილზე ხელმოწერისგან კი თავი უნდა შევიკავოთ, რამე უბედურება რომ არ დაგვატყდეს. თავი უნდა შევიკავოთ, ისეთი განცხადებებისგანაც, როგორიც არის ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების საქართველოში განთავსება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here