Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკა გზად შიზოფრენიიდან მარაზმამდე

ქართული პოლიტიკა გზად შიზოფრენიიდან მარაზმამდე

980

კვირას არჩევნებია. სოციოლოგების მონაცემებიდან გამომდინარე,«ქართული ოცნების» გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, ნოკაუტით თუ ქულებით მოიგებს. საყოველთაოდ გავრცელებულმა აზრმა მმართველი კოალიციის გარდაუვალი წარმატების შესახებ მას შეიძლება უსიამოვნო შედეგი მოუტანოს _ «ოცნების» მხარდამჭერების ნაწილი, დიდი ალბათობით, იხელმძღვანელებს მოსაზრებით «ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია» და საარჩევნო უბნებზე არ მივა.


თუმცა ეს ტექნოლოგიური ხასიათის პრობლემაა, რომელიც არჩევნების შედეგებზე პრინციპულად მნიშვნელოვან გავლენას, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს. მთავარი კი ისაა, რომ ამ არჩევნების და «ქართული ოცნების» მორიგი გამარჯვების შემდეგ, ორ წელიწადზე მეტხანს არანაირი სხვა (რიგითი) არჩევნების გამართვა არ იგეგმება. შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობა თავისუფალი იქნება წინასაარჩევნო მობილიზაციის ისტერიული სულისკვეთებისგან. სავარაუდოდ, სწორედ ამ  პერიოდში გამოჩნდება თეთრი და შავი და უამრავი სხვა საინტერესო რამ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი საგულისხმო კანონზომიერება ფიქსირდება _ მმართველი ძალა ჯერ სწრაფად აფართოებს გავლენის სფეროს და ხელისუფლების ყველა წარმოსადგენ ბერკეტს ეპატრონება, ხოლო მას შემდეგ, რაც ის ფაქტობრივ ერთპარტიულობას აღწევს, პრაქტიკულად დაუყონებლივ იწყება სწრაფი დეგრადაცია და კრიზისი, როგორც მმართველი ჯგუფის წიაღში, ისე მის ურთიერთობებში საზოგადოებასთან. დეტალები, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა ძირითადი ალგორითმი _ ერთი და იგივე. 

«ქართული ოცნება» (საუბარია პარტიაზე და არა კოალიციაზე), ჯერჯერობით პირველ (პირობითად) «გაძლიერების სტადიაში» იმყოფება. მან ჯერ ვერ მიაღწია უპირობო დომინირებას ყველა სფეროში და კლასიკურ  სახელისუფლო პარტიად არ ჩამოყალიბდა (თუმცა, ზოგიერთმა ტენდენციამ შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რომ საქმე აქეთ მიდის, თან სწრაფად). არც ისე ბევრი დრო რჩება ყველა სახელისუფლო ბერკეტის სრულ გაკონტროლებამდე, ათასგზის (პირდაპირ თუ ქვეტექსტში) ანონსირებულ დამშვიდობებამდე კოალიციურ პარტნიორებთან და «ნაცმოძრაობის» სრულ მარგინალიზაციამდე. რა გველოდება ამის შემდეგ? ზემოთ აღწერილი, ჩვეული და, ალბათ, საბედისწერო ალგორითმი თუ რაიმე სხვა, მოულოდნელი და უჩვეულო?

რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პირველი პირის (ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ოფიციალურ პოსტს არ იკავებს) და უცხოელი პარტნიორების მოქმედებაზე, მაგრამ ამის გარდა არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელთაც ქართული პოლიტიკური კონსპიროლოგია არ ითვალისწინებს, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მარიონეტების თეატრის პრიმიტიულ მოდელამდე დაჰყავს. სახელისუფლო პარტიის გადავარდნამ პოლიტიკურ მარაზმში (როგორც ეს შევარდნაძის მმართველობის წლებში მოხდა) ან პოლიტიკურ შიზოფრენიაში (სააკაშვილის პერიოდი) ქვეყნის ცხოვრებაში შეიძლება გაცილებით სერიოზული ცვლილებები შეიტანოს, ვიდრე ყველა ქართველმა მილიარდერმა შეერთებული შტატების მთელ ძლიერებასთან ერთად. მსგავსი რამ არ ხდება ერთი, თუნდაც ძალზე გავლენიანი ადამიანის დაუდევრობის ან უცხო სახელმწიფოს ბოროტი განზრახვის გამო. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც ქართული საზოგადოებისა და მისი ელიტის ცნობიერებაში არსებული კოგნიტური ხარვეზების ნიადაგზე აღმოცენდა.

ქართული საზოგადოების ნაწილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დემოკრატია თანმდევი პლურალიზმით და, მარტივად, დეტალებში ჩაღრმავების გარეშე რომ ვთქვათ, ყველა ადამიანის ყველა უფლების დაცვა. მაგრამ არის საზოგადოების მეორე, არანაკლებ (და, სავარაუდოდ, უფრო) მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელიც თანახმაა «გონივრულ ავტორიტარიზმზე» (განათლებული აბსოლუტიზმის არ იყოს). ეს ადამიანები მზად არიან, დათმონ უფლება _ თავისუფლებების მთელი პაკეტი სტაბილურობისა და თამაშის მყარი (თუნდაც საკმაოდ მკაცრი) წესების სანაცვლოდ. აქედან მოდის ჯერ რბილი ავტორიტარიზმის, შემდეგ «განვითარების დიქტატურის», ბოლოს კი სრულიად კოშმარული რეჟიმების გამართლება. რაც ყველაზე საინტერესოა, საზოგადოების ეს ნაწილი ვერასოდეს აღწევს საწადელს, ანუ სიმშვიდესა და სტაბილურობას «გონივრული ავტორიტარიზმის» ქოლგის ქვეშ.

მიზანშეწონილი არ არის, ამ ადამიანებს «მონებად დაბადებულები» ვუწოდოთ, როგორც ამას ზოგიერთი ფსევდოლიბერალი (სინამდვილეში კი პირწავარდნილი «მიშისტი») აკეთებს. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მუშაობს დემოკრატია და, ამასთანავე, ფრიად გადაღლილები არიან მუდმივი არეულობისგან, ომებისგან და გაჭირვებისგან. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მათი ლტოლვა ამ კოშმარის დასრულებისკენ წარმოადგენს ძირითად რესურსს, რომლის ნიადაგზე იბადებიან მონსტრუოზული და, ამავე დროს, სიცოცხლისუუნარო რეჟიმები, თავისი სახელისუფლო პარტიებით, რომლებიც საკმაოდ სწრაფად გადიან აღზევება-დაცემის ზემოთ აღწერილ ციკლს და კრახის მომენტში ქვეყანას ისევ სასტარტო წერტილთან აბრუნებენ.

იყო ასეთი ძველი საბჭოთა ანეკდოტი საბავშვო კონსტრუქტორზე, რომელიც შემდეგი ფრაზით სრულდებოდა: «როგორც უნდა ავაწყო, მაინც ყუმბარმტყორცნი გამოდის». ასეა ქართულ პოლიტიკაშიც: როგორც უნდა ააწყონ მმართველი პარტია, ბოლოს მაინც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია გამოსდით, თანაც არა აღზევების, არამედ უკიდურესი დაცემისა და დეგრადაციის ეტაპზე. კაცმა რომ თქვას, ქართული ელიტის უდიდეს ნაწილს სხვა მოდელი ნანახი და გააზრებული არც აქვს, ახლის გამოგონება, ინტელექტუალური რესურსის მწვავე დეფიციტის გამო, არ შეუძლია და ისევ იმ ძველ საბავშო კონსტრუქტორს შლის და აწყობს.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო დემოკრატიისთვის მზად არ არის (ეს არასწორი მოსაზრებაა, თუმცა დროებით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ასეა) და ფაქტობრივი ერთპარტიულობის იქით გზა არ აქვს, მაშინ დაფიქრება იმაზეც მოგვიწევს, თუ როგორ უზრუნველვყოთ სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობა და მმართველი პარტიის მიერ თამაშის გარკვეული წესების დაცვა ისე, რომ ის ჭკუანაკლულ სისხლისმსმელ მონსტრად არ გადაიქცეს.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება მმართველი ელიტის მუდმივი «წმენდა» და ხელისუფლებიდან იმ ადამიანების გაძევება, რომელნიც კანონს არღვევენ და სახელისუფლო პარტიის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს უგულვებელყოფენ. ასეთ სიტუაციაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კონტროლის მექანიზმებს ხელისუფლების შიგნით, არამედ კრიტიკას «ქვემოდან», ძველად რომ იტყოდნენ, «სიგნალებს ადგილებიდან» თუ «წერილებს რედაქციაში» და ადეკვატურ რეაგირებას მასზე. როგორც კი მმართველი ძალა ამ წესების დაცვაზე უარს იტყვის, გარდაუვალი თვითგანადგურების გზას დააადგება (რეპრესიებსა და მასირებულ პროპაგანდას, მხოლოდ პროცესის შენელება შეუძლია, მაგრამ არა მისი შეჩერება).

თუ პოლიტიკურ სივრცეში, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს სხვა ვარიანტი კლასიკური სახელისუფლო პარტიის და ფაქტობრივ ერთპარტიულობაზე დაფუძნებული სისტემის შექმნის გარდა, ჩვენ, ალბათ, შემდეგი რამ უნდა გავაცნობიეროთ: სწორედ ახლაა ის მომენტი, როდესაც შეიძლება სახელისუფლო პარტია (და რეჟიმი მთლიანობაში) მორიგ უდღეურ მონსტრად ჩამოყალიბებას გადავარჩინოთ და მივიღოთ შედარებით ნორმალური სისტემა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ «ჩვეულებრივ დემოკრატიაზე» უმტკივნეულო გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ამიტომ არის დღეს მნიშვნელოვანი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყველა უმსგავსობის მწვავე კრიტიკა _ მაღალჩინოსნების პრივილეგიების თემა იქნება, ნეპოტიზმის თუ სხვ. და ეს არა მხოლოდ მათ ინტერესებშია, ვინც დემოკრატიაზე ოცნებობს, არამედ მათ ინტერესებშიც, ვინც «ადამიანური ავტორიტარიზმისკენ» მიისწრაფვის. ეს ორი ჯგუფი, რომელიც ფუნდამენტურ პრობლემებთან მიმართებაში ერთმანეთის მოწინააღმდეგეა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ერთობ პარადოქსულად) ტაქტიკური მოკავშირე ხდება.

არ შეიძლება, ხელისუფლების კონტროლის ფუნქცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაეკისროს, რომლისკენაც გვიბიძგებენ ისინი, ვინც გამუდმებით იმეორებს: «ბატონმა ბიძინმა უკეთ იცის, აცალეთ». ბიძინა ივანიშვილი, ყველა მისი დადებითი თვისების მიუხედავად (სხვათა შორის, უარყოფითი თვისებებიც აქვს, თუმცა მისი მომხრეები ჯერ არ არიან მზად იმისთვის, რომ ამაზე ისაუბრონ), ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას. ამას წინათ მან განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. არადა, ერთი წელიც კი არაა გასული მას შემდეგ, რაც ეს კანდიდატურა თავის მხარდამჭერებს, მათი (პრაქტიკულად დაუფარავი) პროტესტის მიუხედავად, თავს მოახვია. არ არსებობს იმის გარანტია, რომ იმავეს მალე დავით ნარმანიასთან დაკავშირებითაც არ გააკეთებს. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ძალზე უკმაყოფილოა ზოგიერთი მაღალჩინოსნით (მათი შრომის მაღალი ანაზღაურებისა და პრივილეგიებისთვის ბრძოლის გამო) და დახურულ კარს მიღმა ნოტაციებს უკითხავს. თუ ასეა, ეს იმ შეცდომების შედეგია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ადრე _ კადრების შერჩევისა და მაღალჩინოსნების შრომის ანაზღაურების სისტემის შექმნის ეტაპზე დაუშვა. მოკლედ, უშეცდომო ამქვეყნად არავინაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, იმ დიდი დამსახურების მიუხედავად, რომელიც მას სააკაშვილის რეჟიმის დასამარებაში მიუძღვის. შესაბამისად, არ შეიძლება მისთვის ყველა წარმოსადგენი უფლებისა და მოვალეობის დელეგირება, როგორც ამას ზოგიერთი მისი, სავსებით გულმხურვალე მხარდამჭერი აკეთებს. სინამდვილეში, ივანიშვილს (ან აშშ-ის ელჩს საქართველოში, რომლის ფიგურას ხშირად კონსპიროლოგიური კონსტრუქციების დედაბოძად განიხილავენ) ახალი სისტემის შექმნის პროცესში გაცილებით შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ვიდრე საზოგადოებას ან თუნდაც მასში შემავალ ცალკეულ ჯგუფებს თავისი მოტივებით, მისწრაფებებით და (სიმართლე რომ ვთქვათ) ფობიებით.

გასაგებია, რომ სააკაშვილის რეჟიმი სრული კოშმარი, სადიზმისა და გაუმაძღრობის განსახიერება იყო, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენ არ გვჭირდება «უკეთესი კოშმარი», არამედ _ ნორმალური, ადეკვატური ხელისუფლება. იყო დრო, როდესაც ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილი, შსს-სა და «მოქალაქეთა კავშირზე» დაფუძნებული სისტემა აღიქმებოდა, როგორც გაცილებით უკეთესი და უსაფრთხო, ვიდრე 90-იანების დასაწყისის სისხლიანი ქაოსი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მის საფუძველზე, თუნდაც ფარდობითად, სამართლიანი და ეფექტური ან, როგორც მინიმუმი, რამდენადმე მყარი სახელმწიფო შექმნილიყო. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც წინამორბედზე უკეთესი ხარ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს (ცალკე აღებული) თითქმის არაფერს ნიშნავს. თუ საზოგადოება არ დაამყარებს მკაცრ კონტროლს მმართველ ძალაზე, თანაც სწორედ ახლა, იმ ორ წელიწადში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რჩება, «ქართული ოცნება», დიდი ალბათობით, იმავე გზას დაადგება, რომელიც თავის დროზე «მოქალაქეთა კავშირმა» და «ნაციონალურმა მოძრაობამ» გაიარეს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here