Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტელექტუალური სახე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტელექტუალური სახე

549

დღეს ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული ქალი ჯენ ფსაკია – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. მისი სისულელეები შორს გასცდა იმ ზღვარს, რომელიც, ზოგადად, ამერიკელებისა და კერძოდ, მათი მთავრობის უცოდინარობასა და საკუთარ უპირატესობაში რწმენას დღემდე გააჩნდა.


მის ბრიფინგებზე სერიოზული ამერიკული გამოცემების ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავენ, რადგან მორიგი სრული სისულელის თქმის შემდეგ ჯენ ფსაკი ჟურნალისტების რეაქციის კვალდაკვალ აცხადებს, რომ მან, უბრალოდ, იხუმრა. ფსაკიმ ერთხელ წამოროშა, რომ, თუ ბელარუსის არმია უკრაინაში შევა, ამერიკის მე-6 ფლოტი ბელარუსის ნაპირებს მიადგება. არც არავინ შეუსწორა, რომ ბელარუსს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს!

მეორედ ასეთი «მარგალიტი» ისროლა: «გაზი დასავლეთ ევროპიდან უკრაინის გავლით მიეწოდება რუსეთს(?!)». მესამედ დონეცკისა და ლუგანსკის რეფერენდუმებზე ილაპარაკა და «კარუსელები» ახსენა. ჟურნალისტი ჩაეკითხა: «ეს რას ნიშნავს? პატარა ბავშვები კარუსელებზე ტრიალებენ და თან ხმას აძლევენ»? ფსაკიმ გაიღიმა და უპასუხა, რომ თვითონაც პირველად გაიგო ამ ტერმინის შესახებ და აუცილებლად გაარკვევს ექსპერტებთან, თუ რას ნიშნავს იგი.

მეოთხედ მოქმედი ვიცეპრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ვაჟის დანიშვნა უკრაინული ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ჰოლდინგ «ბურისმას» დირექტორთა საბჭოში ისე «გააპრავა», თითქოს არც არაფერი მომხდარა: «ბაიდენი-უმცროსი იურიდიულ საკითხებს გაუწევს კურირებას. ის კერძო პირის სახით მოქმედებს და აშშ არ შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს ნაბიჯი არასწორად იქნება აღქმული»!

ფსაკიმ პასუხი არ გასცა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა უკრაინის ხელისუფლების მოქმედება ქვეყნის აღმოსავლეთში პრობლემის ძალის გამოყენებით გადაჭრის მცდელობა. მისი მორიგი სისულელე ასე გამოიყურება: «ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, შეინარჩუნოს სტაბილურობა და წესრიგი საკუთარ ქვეყანაში». მას არ დაუზუსტებია, რატომ არ ჰქონდა ამის უფლება იანუკოვიჩს.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯენ ფსაკი, თავისი იდიოტიზმითა და ცინიზმით, ამერიკული ადმინისტრაციის საიდუმლო იარაღია. სხვაგვარად როგორ შეიძლება ახსნა, რომ მსოფლიოს ჰეგემონობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს ადმინისტრაციას სწორედ ასეთი «გონებაგახსნილი» არსება წარმოადგენს?! ჯენიფერი არ ეწევა, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისას კი ზურგზე ცურვაში ვარჯიშობდა. მედლები არ მიუღია, მაგრამ ასე, ზურგზე ცურვით, ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. ჯერ აიოვას შტატში სენატორებს ეხმარებოდა, რამდენიმე წელიწადში ჯონ კერიმ შეამჩნია და შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატ ობამას გადაულოცა. ფსაკი მისი პრესმდივანი გახდა.

ასე მიცურდა ჯენ ფსაკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტამდე და დღეს უკვე მილიონობით ადამიანს აცინებს, თანაც უფასოდ! ერთ-ერთ ტელედებატებში მას კითხვა დაუსვეს: «არსებობს ვიდეოჩანაწერი ლიბიაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც ადგილობრივი ტერორისტები ჩანან. რა გეგმა აქვს ჩვენს მთავრობას ლიბიაში?» ფსაკიმ ენთუზიაზმით უპასუხა: «ო, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა ობამამ და ჰილარი კლინტონმა ამის შესახებ მეტი იციან». რესპუბლიკელმა ოპონენტებმა შეახსენეს: «კი, მაგრამ დღეს თქვენ მათ წარმოადგენთ ჩვენთან დებატებში. მაინც რა გეგმა გაქვთ?» ფსაკი: «ო, ეს ზუსტად იციან დეპარტამენტში, საიტზეც უნდა იყოს ინფორმაცია».

სხვა სატელევიზიო გამოსვლაში მას ჰკითხეს, რა არის ჰილარი კლინტონის მთავარი მიღწევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის განმავლობაში. ფსაკის პასუხი: «ეს მთელი რიგი ღონისძიებებია, ასე მარტივად ვერ იტყვი». «ერთი მაინც დაასახელეთ», _ შეეხვეწა ჟურნალისტი. ფსაკიმ გაიღიმა, თან ძალიან დამაჯერებლად. ფსაკის «გონებაგახსნილობა» არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტზე ხომ ვიქტორია ნულანდი იყო, რომელიც კიევის მაიდანზე ორცხობილას არიგებდა და თავისუფალ დროს ევროპას სულ Fuck-ს ეძახდა, ანუ აგინებდა. როცა ამ ჩანაწერმა ინტერნეტში გაჟონა, ნულანდმა მხოლოდ ის შეიცხადა, რომ ჩანაწერი «მეტისმეტად» ხარისხიანი იყო.

როდესაც ფსაკის ამ ჩანაწერის შესახებ დაუსვეს კითხვა, მან ჩვეული მომხიბვლელობით სცადა წინამორბედის გამოძვრენა: «ახალგაზრდობაში ნულანდი რვა თვე სავაჭრო გემზე მუშაობდა და იქ რუსი მეზღვაურებიც იყვნენ. შესაძლოა, სალანძღავი სიტყვები იქ ისწავლა, მათ შორის, რუსულიც». აკრედიტებულმა ჟურნალისტმა გაოცება ვერ დამალა: «კი, მაგრამ რა შუაში არიან რუსები? საუბარი ხომ ინგლისურად მიმდინარეობდა და გინებაც ინგლისურად იყო?» ფსაკიმ გაიღიმა: «მე ხომ უბრალოდ ვიხუმრე»!

ამ დიალოგში «ასოშეიტედ პრესის» ჟურნალისტი მეთიუ ლი მონაწილეობდა, რომელიც ყოველ სადაგ დღეს ესწრება ფსაკის ბრიფინგებს და კითხვებს უსვამს მას. სწორედ ამის შემდეგ იბადება ის «მარგალიტები», რომლებსაც ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ, ვიქტორია ნულანდისგან განსხვავებით, რომელიც ადრე ნუდელმანი იყო, ფსაკის არ შეუცვლია საკუთარი გვარი, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად უხერხულად ჟღერს! ნულანდის გარდა, ფსაკის უტვინობას კიდევ ერთი მისი შეფი და ამავე დროს, აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც უმაგრებს ზურგს. სწორედ მას ეკუთვნის «გენიალური» გამონათქვამი: «აშშ-ში თქვენ სრული უფლება გაქვთ, სულელი იყოთ»! ფსაკიც გულმოდგინედ ახდენს ამ «ფუნდამენტური» უფლების რეალიზებას. თავად კერიც ხშირად იყენებს ამ უფლებას, მაგალითად, როცა ყირგიზეთს «ყირხაზსტანს» უწოდებს! ეს, თავის მხრივ, აშკარა «გეოგრაფიული კრეტინიზმით» (და არა მხოლოდ) დაავადებული უმცროსი ბუშის ტრადიციის გაგრძელებაა! მას ეკუთვნის «მარგალიტები»: «უელსი? ეგ სადაა»? «უი, რამხელა ყოფილა ბრაზილია»! სწორედ მან უწოდა ოფიციალურ მიღებაზე ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ელისაბედ მეთერთმეტე; უბრალოდ, რომაული მეორე _ II არაბულ 11-ად მიიჩნია!

მისი ერთ-ერთი გამონათქვამი ძალიან წააგავს ჩვენებური «დემოკრატიის შუქურის» წამოყრანტალებულ «სიბრძნეს», რომ იგი გაზეთებს არ კითხულობს. უმცროსმა ბუშმა განაცხადა: «იშვიათად ვკითხულობ საგაზეთო სტატიებს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც, ალბათ, ხანდახან კითხულობენ, მოხსენებებს მიმზადებენ». ერთსაც და მეორესაც ეტყობოდათ, რომ, გაზეთს კი არა, «ინტერნეტებსაც» კი არ კითხულობდნენ. «ინტერნეტებიც» ბუშის გამოგონილი სიტყვაა, ისევე, როგორც «საბერძნელები» _ «ბერძნების» მაგივრად! აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი «მარგალიტი»: «დიახ, მე ვამბობ «ბარიფები და ტარიერები» _ «ტარიფებისა და ბარიერების» მაგივრად, მაგრამ ცოლ-შვილს ძველებურად ვუყვარვარ»!

ცოლი ფსაკის ქმარსაც უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაცნობის ისტორია ისეთივე სულელურია, როგორც აშშ-ის სახელწიფო ადმინისტრაციის დღევანდელი ოფიციალური წარმომადგენლის ნებისმიერი გამონათქვამი; მისმა მომავალმა მეუღლემ პარტიის შტაბ-ბინაში დარეკა და იკითხა, თუ სად ტარდებოდა წინასაარჩევნო შეხვედრა. ფსაკიმ სულ სხვა მხარეს გააგზავნა. მოგვიანებით ფილოსოფიის ბაკალავრი გამოტყდა, რომ ხშირად ურევს ერთმანეთში მარჯვენას და მარცხენას.

ერთი სიტყვით, როგორც ირკვევა, ჯენ ფსაკი სულაც არ არის გამონაკლისი ამერიკისა და მისი მარიონეტი ქვეყნების დიდ პოლიტიკაში. მაინც როგორ მოიყარა თავი ერთად ამდენმა უგუნურმა? იქნებ ვინმე მათ სწორედ «სიშტერის ინდექსით» არჩევს? ამერიკელების სრული გაუთვითცნობიერებულობა დანარჩენი მსოფლიოს პრობლემებში სულაც არ უშლის მათ ხელს, ყველგან ჩაყონ ცხვირი და საკუთარი უვიცობა სიბრძნედ გაასაღონ, თუმცა ეს თვისება ყველა ბრიყვს აერთიანებს, ეროვნების, მოქალაქეობის, აღმსარებლობის თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რატომ დადიან ბრიყვების ჭკუაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here