Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, რეგიონში თურქული და ამერიკული სპეცსამსახურების გამარჯვებაა

ალექსანდრე ჭაჭია: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, რეგიონში თურქული და ამერიკული სპეცსამსახურების გამარჯვებაა

599

ამ დღეებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ბევრი ითქვა. როგორც ცნობილია, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ალექსანდრე ანქვაბი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ გადადგა. ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭიამ ჯერ კიდევ ანქვაბის გადადგომამდე სოხუმში მიმდინარე პროცესებში თურქეთისა და ამერიკის შესაძლო  როლზე და მაიდანთან მის მსგავსებაზე ისაუბრა.  სოხუმში მიმდინარე პროცესების მისეულ შეფასებას  მცირედი შემოკლებით აქვე გთავაზობთ.

მორიგი მაიდანი (ან «ბოლოტნაია», ვისაც როგორ მოსწონს) მოხდა საკურორტო აფხაზეთში. ადგილობრივი მოსახლეობა სოხუმში სახალხო შეკრებაზე მივიდა, რათა უკმაყოფილება გამოეხატა «კორუფციის მაღალი დონის გამო»,  «სახელმწიფო პრობლემების გამო», რომლებიც არ გვარდებამიტინგზე გამომსვლელთა აზრითქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მეტისმეტად სუსტად ატარებს რუსეთთან ინტეგრაციის კურსს. შედეგად, მრავალათასიანი მიტინგის შემდეგ, აგზნებული ბრბო ლიდერთა მოწოდებებს გამოეხმაურა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. ქვეყნის მეთაურმა შენობა დატოვა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. რეგიონის სპეციფიკისა და პრორუსული ლოზუნგების მიუხედავად, ამ აქციის უკან, შესაძლოა, თურქეთისა და აშშის სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებიც რუსეთის საზღვრებზე ქაოსის კონცეფციის განვითარებას განაგრძობენ. სამხრეთ ოსეთშიც მაიდნის შესაძლო გამეორებაში თურქეთისა და აშშის როლზე და იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარება, ნაკანუნე.რუ ესაუბრა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია.

 

_ სოხუმში სახალხო შეკრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის აღებაში გადაიზარდა. რა ხდება _ მორიგი კიევის ტიპის მაიდანი თუ ეს თავისი მიზეზებითა და შედეგებით სხვა რიგის მოვლენაა?

_ ვფიქრობ, მსგავსება ძალიან სერიოზულია, ძალიან ბევრია საერთო; ამასთან, აფხაზეთში ფარულად ხდება ისეთი რაღაცებიც, რომელთა შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ვარ, და რომლებიც მოწმობს, რომ ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება. ყურადღება მიაქციეთ, ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იქ პროტესტანტები აყენებენ, კორუფციას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაღრმავებას და გალის რაიონის მცხოვრებთა, მათი აზრით, უკანონო პასპორტიზაციის შეწყვეტას ეხება.

რაც შეეხება კორუფციას, ძნელი განსასჯელია. კორუფციის ფაქტები, უდავოდ, არსებობს, ისევე, როგორც ყველგან, პოსტსაბჭოთა სივრცეში. სამწუხაროდ, ის წყობა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცდილობს დამკვიდრებას, ჩვენს პირობებში სწორედ კორუფციის გაძლიერებას გულისხმობს, ამიტომ ამაში ახალი არაფერია.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაღრმავებას, ჩემი აზრით, ანქვაბი ამისთვის მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მის ადგილას მეტს შეძლებდა.

რაც შეეხება გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციას, დამეთანხმეთ, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემაზე უარის თქმა _ ეს რაღაც კვაზიბალტიისპირეთული ვარიანტია ანდა კვაზისამხრეთაფრიკული, აპარტეიდის პერიოდში. როგორ შეიძლება ამის აღქმა და როგორ შეუძლია სახელმწიფოს ოფიციალურ ხელმძღვანელს, განაცხადოს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაურიგებს პასპორტებს თავისი ქვეყნის მცხოვრებთ, თანაც მკვიდრ მოსახლეობას?!

_ ანუ ეს ლოზუნგები საკმაოდ დეკლარაციულია და კონფლიქტის ჭეშმარიტ მიზეზებზე არაფერს ამბობს?

_ ჩემი აზრით, ეს ლოზუნგები ხელოვნურია, ხოლო ლოზუნგი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განმტკიცების თაობაზე  ჭეშმარიტი მიზეზების გადასაფარად განკუთვნილს ჰგავს. ვფიქრობ, რუსეთის ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც მასთან დაახლოება, მეგობრული და ძმური ურთიერთობა სურთ, როგორც ამას აცხადებენ, ახლა, მოცემულ ისტორიულ მომენტში არ წამოიწყებდნენ ასეთ არეულობას რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობს. უკრაინის სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც, უბრალოდ, სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის მიმართ, თავს შეიკავებდა მკვეთრი ქმედებებისგან, იმიტომ, რომ რუსეთს ახლა ამისთვის არ ცხელა. გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევები არსებობს, რომლებსაც ის უნდა გაუმკლავდეს. რუსეთის მტერს შეეძლო მსგავსი გამოსვლების ინსპირირება სხვა ტერიტორიებზე, უკრაინის გარდა, რათა რუსეთისთვის კიდევ ერთხელ ეჩქმიტა და სხვაგვარ მოქმედებებზე მისი პროვოცირება მოეხდინა.

_ ყბადაღებული «სახელმწიფო დეპარტამენტის ხელი»?

_ ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები თავიანთი თურქი მეგობრებისა და პარტნიორების მეშვეობით, გარკვეულ აფხაზურ წრეებზე მათი გავლენის გამოყენებით აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ, რათა რუსეთს კიდევ ერთი თავის ტკივილი «აჩუქონ». ჩემი წარმოდგენით, მიმდინარე მოვლენების რეალური მექანიზმები ასეთია _ ისინი საკმარისად მარტივი და გასაგებია.

_ თუ გადატრიალება გარედან არის ინსპირირებული, უნდა მოველოდეთ თუ არა ამგვარი მოვლენების სამხრეთ ოსეთში გამეორებას?

_ სამხრეთ ოსეთშიც მწიფდება სხვადასხვა მოვლენები, რომლებიც პარლამენტის არჩევნებს უკავშირდება. ალბათ, ეს არჩევნები ექსცესების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ იქ სიტუაცია ცოტა სხვაგვარია. სამხრეთ ოსეთს არ აქვს ისეთი კავშირი გარე სამყაროსთან, როგორც აფხაზეთს. სამხრეთ ოსეთში არ არის უცხო სახელმწიფოების ისეთი გავლენა (რუსეთის გარდა), როგორიცაა აფხაზეთში. მხედველობაში მაქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი გარკვეულ პოლიტიკურ, ფინანსურ აფხაზურ ჯგუფებსა და თურქეთს შორის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთში დიდი აფხაზური და, საერთოდ, ჩრდილოკავკასიური დიასპორა ცხოვრობს. აფხაზეთი ყოველთვის ტკბილი ლუკმა და ნანატრი ტერიტორია იყო თურქეთის დიდი იმპერიის აღდგენის მომხრეებისთვის. აფხაზეთის მეშვეობით, აქ თავისი გავლენის დამყარებით თურქეთი პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, ხოლო ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს აფხაზეთისა და ზღვაზე გასასვლელის დახმარებით შესაძლებლობა აქვთ, უშუალო კონტაქტი იქონიონ ერთმორწმუნე თურქეთთან.

მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის ერთერთი უმსხვილესი გეოპოლიტიკური გეგმა ტყუილად როდი იყო ერთიანი სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ჩათვლით (იმისათვის, რომ ამ წარმონაქმნს ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდა) და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან შემდგომი გამოყოფით. ეს გეგმა ცნობილია . . თურქეთის გენშტაბის გეგმის სახელწოდებით, რომლის განხორციელებისთვის კავკასიაში ძალიან ბევრი მოვლენა ხდებოდა. ერთი შეხედვით, ეს მოვლენები გაუგებარი იყო, მაგრამ, თუ ამ გეგმას იცნობ, გასაგები ხდება ბევრი რამ, რაც კავკასიის რეგიონში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ხდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რუსეთის მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურთ, არ წავლენ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმას უდრის.

_ შარშან ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა. ზოგიერთ წყაროში აღნიშნული იყო, რომ ის უკრაინაზეც აგებს პასუხს. შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ მისი მუშაობა ბევრ რამეში ჩავარდა და შედეგი არ მოიტანა?

_ ჩემთვის რთულია განსჯა, რა სამუშაოს ატარებდნენ რეგიონში სურკოვი და მისი გუნდი. ვიცი, რომ ის ურთიერთობდა ოპოზიციასთან. ამ შეხვედრების შინაარსი ჩემთვის, ბუნებრივია, უცნობია, მაგრამ აფხაზურ ოპოზიციასთან მუშაობამ, ვისაც უნდა ჩაეტარებინა ის _ სურკოვს თუ ვინმე სხვას, შედეგი არ მოიტანა, თუ გუშინდელი მოვლენებიდან გამოვალთ. შესაძლოა, ამას ჩავარდნა არ დაერქვას, რადგან სრული ინფორმაცია არ გვაქვს _ როგორ და ვისთან ტარდებოდა მუშაობა, მაგრამ ის, რაც აფხაზეთში მოხდა, უდავოდ რეგიონში თურქული და ამერიკული სპეცსამსახურების გამარჯვებაა.

_ ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ აფხაზეთის ხელისუფლება და რუსეთი?

_ დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება დროებითია; დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ანკესზე არ წამოეგება, თუკი მათ აუხსნიან, რა ხდება, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. ასეთი  განმარტება დღეს არავისგან მომისმენია. თუ მოსახლეობას, ფართო საზოგადოებრიობას აუხსნიან, რა ძალები დგას სახელმწიფო გადატრიალების ამ მცდელობის უკან, რას ნიშნავს ეს დღევანდელი მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, რა შედეგების მოტანა შეუძლია ამას არამარტო აფხაზეთის, არამედ რუსეთისთვის, რა სიტუაციას შექმნის მთელ რეგიონში; თუ მათ აუხსნიან, როგორ შეიცვლება რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის, აფხაზი საზოგადოების მიმართ, აფხაზეთის საზოგადოება თავის ქვეყანაში ასეთ მასშტაბურ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ეს მნიშვნელოვანია ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორიც უდგას ახლა რუსეთს, უკრაინას, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას და რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან. აი, თუ ამ ყველაფერს ნორმალურად, მკაფიოდ და გასაგებად აუხსნიან, მაშინ, ისტორიული პარალელების დახმარებით, რომელთა გავლება აფხაზებს შეუძლიათ, ვფიქრობ, საზოგადოება მიხვდება ყველაფერს და ოპოზიციონერებს მასობრივი მხარდაჭერა არ ექნებათ.

_ მიუხედავად ამისა, გუშინ ოპოზიციას მხარი დაუჭირეს, . . სახალხო მრისხანებისთვის წინაპირობები არსებობს?

_ რა თქმა უნდა, აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკით ამგვარი უკმაყოფილების გამოხატვის ობიექტური წინაპირობები არსებობს, მაგრამ ისინი ყველგან არის. სხვა საქმეა, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი მაიდანზე იმ საშინელ კორუფციასთან საბრძოლველად გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში იყო და არის გამეფებული. მაგრამ შედეგად რა მიიღეს? _ უარესი კორუფციონერები. გამოდიოდნენ ეროვნული ლოზუნგებით, ხელისუფლებაში კი ყველა ეთნიკური არაუკრაინელი აღმოჩნდა, რომელთაც აშშ-ის ბანკებში აქვთ შენახული უზარმაზარი კაპიტალი, რომელიც უკრაინის ეკონომიკას ბოლომდე დასამარებას უქადის. მათ უნდა აუხსნან ადამიანებს _ ამ სიტუაციაში ვინ მანიპულირებს მათით და მსგავს ქმედებებს ფართო მხარდაჭერა არ ექნება.

ანქვაბის მოღვაწეობას ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკა, მაგრამ ეს რეგიონის სპეციფიკაა. ესეც გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა მოვიდეს ანქვაბის ადგილას, საკადრო პოლიტიკა აფხაზების ორი მესამედისთვის მაინც არ იქნება მისაღები.

_ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები აქ მშვიდობიანად, სისხლისა და მსხვერპლის გარეშე განვითარდება?

_ ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან შეუძლებელია, სისხლი ერთხელ დაიღვაროს და ამით დასრულდეს ყველაფერი, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. ანქვაბს ეს მშვენივრად ესმის, ამიტომ მიიღო ადმინისტრაციის შენობის დატოვების გადაწყვეტილება, მოერიდა მისი პირადი დაცვის დემონსტრანტებთან შეჯახებას, რათა მსხვერპლი არ ყოფილიყო. ეს სიტუაციის განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია _ თუკი შემთხვევით რამდენიმე ადამიანის სისხლი დაიღვრება. ვფიქრობ, მხარე, რომელიც სიტუაციის  პროვოცირებას ახდენს, მის გამწვავებასაც შეეცდება; მას ეს გათვლილი აქვს და ხელისუფლება ამ პროვოკაციაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოს. იმ მომენტიდან, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

ესაუბრა სერგეი ტაბარინცევ-რომანოვი

28 მაისი, 2014 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here