Home რუბრიკები პოლიტიკა ეძებეთ ნავთობი

ეძებეთ ნავთობი

1365

ცნობილ გამოთქმას თუ დავესესხებით, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ: ყველაფრის თავიდათავი ნავთობია. ნახშირწყალბადების გარეშე წარმოუდგენელია თუნდაც ერთი თანამედროვე წარმოება. შავი სითხის შადრევნები თუ დაშრება, ყველას ცუდი დღე დაგვადგება. ხშირად გვესმის, რომ რუსეთმა ვერ ისწავლა მუშაობა, უბრალოდ, ჭრის ნავთობის კუპონებს და წესიერს არაფერს აწარმოებს. ამის მთქმელს ბოროტად ეღიმება: რას გააკეთებთ, როცა ნავთობი გათავდება?


ტყუილად იღიმის. ეს კითხვა ხომ თამამად შეგვიძლია მასაც დავუსვათ: რას აპირებთ, ბატონო ან ამხანაგო, როდესაც რუსეთში, საუდის არაბეთსა და შორეულ ეკვადორში ნავთობი გათავდება? რუსეთს ხომ უზარმაზარი ტერიტორია აქვს, არქტიკული შელფი და მუდმივი ყინული, რომელშიც ყველაფრის პოვნა შეიძლება, თუ კარგად მოძებნის; და რას გააკეთებს ნორვეგია? ყატარი როგორ იცხოვრებს? როგორი ბედი ეწევა არაბეთის საამიროებს? რატომღაც არავინ სვამს ამ კითხვებს და მხოლოდ რუსული ნავთობის ბედი «ანაღვლებს». თითქოს ძვირად ღირებული რესურსი მხოლოდ ჩვენ ამოგვეწურება. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთს აქვს მსოფლიო ნავთობის მარაგის 6-15%. თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ დარჩენილი პროცენტები ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენთან ნავთობის მარაგი ამოიწურება, პრაქტიკულად, ყველგან მსგავსი რამ მოხდება.

აი მაშინ, ზოგი (ჩვეულებრივ, დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებით უკმაყოფილო) იტყვის, რომ რუსეთს მოუწევს «ნავთობის ნემსიდან» გადაჯდომა და ზომების მიღება, მისი ეკონომიკა რომ არ დაინგრეს. სინამდვილეში ცნობილ «ნემსზე» რუსეთი სულაც არ ზის. პრინსტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა ჯეფრი ჰერბსტმა ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა სია ქვეყნებისა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი არიან მინერალური რესურსების ექსპორტზე. მათ შორის რუსეთი არ არის. ესენია: ქუვეითი, ანგოლა, ნიგერია, უგანდა, ირანი, ერაყი, ლიბია, ომანი და საუდის არაბეთი. აი, ვის მოუწევს «ნავთობის ნემსიდან» გადაჯდომა. რუსეთის მოქალაქეებს კი შეუძლიათ, წყნარად უყურონ მიმავალს და არ აჰყვნენ პანიკურ პუბლიკაციებსა და გამოსვლებს. ასეთი «საშინელებათა ფილმები» გათვლილია მხოლოდ ემოციებზე და მათ ერთი მიზანი აქვთ: გაურკვევლად წარმოგვადგენინონ ხვალინდელი დღე, უმიზეზოდ დათესონ პანიკა და მღელვარება! რატომ? იმიტომ, რომ ნავთობის გარდა, რომელიც ჩვენ არც ისე ბევრი გვაქვს, ღმერთმა დააჯილდოვა რუსი ხალხი ბუნებრივი აირის გაცილებით სერიოზული მარაგით. რუსეთს აქვს ცისფერი საწვავის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30-36%, მაგრამ არც ეს არის საკმარისი ოპტიმიზმისთვის. საქმე სულ სხვა რამაა.

როდესაც კმაყოფილი იფშვნეტენ ხელებს რუსეთის ნავთობის მარაგის სწრაფ დაცლაზე საუბრისას, რატომღაც არავინ სვამს კითხვას: როგორ იარსებებს დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკები? ჩვენთან ერთად «ნავთობის ნემსზე» სხედან აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და პლანეტის სხვა მრეწველობაგანვითარებული ქვეყნები. როგორ იმუშავებს მათი მეურნეობა, თუ გაქრება ის, რისგანაც აწარმოებენ ყველაფერს? ავიღოთ, მაგალითად, თანამედროვე ავტომობილი. მასში ნავთობი საწვავის სახით ასხია, მაგრამ ეს მის შექმნაზე დახარჯული ნახშირწყალბადის მხოლოდ მცირე ნაწილია. თანამედროვე ავტომობილების დიდი ნაწილი გაკეთებულია პლასტიკატისგან, რომელსაც ნავთობისგან ამზადებენ. ავტომობილის სალონი გაწყობილია «ბუნებრივი» ტყავით, რომელიც სულაც არ არის საბრალო ცხოველების ტყავისგან დამზადებული.

ავტომობილი დგას საბურავებზე, რომელთა წარმოებაშიც უზარმაზარ როლს ასრულებს ნახშირწყალბადები. როდესაც ერთიანად ამოიწურება ნავთობი, რა ბედი ეწევა იაპონიისა და გერმანიის მანქანათმშენებლობას, რომლებიც ვითომ არ სხედან «ნავთობის ნემსზე»? ან სინთეტიკური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიო წარმოება რა გზას გამონახავს? რას იზამენ ყველა ეს «ნაიკები», «რიბოკები» და «ადიდასები», ისინი ხომ სრულიად არაბუნებრივები არიან? რით ჩაანაცვლებენ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მსოფლიო მწარმოებლებს ტელევიზორებისა და მაგნიტოფონების, ვიდეოპლეერებისა და სამზარეულოს კომბაინების სინთეტიკურ კორპუსებს? მაგრამ ესეც კი ძალიან უმნიშვნელოა საწვავის პრობლემებთან შედარებით. გათბობა ნავთობით იგივეა, რაც ასიგნაციებით გათბობა. ეს აქსიომა ყველამ იცის, თუმცა მაინც თბებიან. და რით გაათბებიან შემდეგში _ ნამდვილი ასიგნაციებით? თანამედროვე ცივილიზაცია ისე ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობსა და მის შემადგენელზე, რომ შავი ოქროს გამოყენების გარეშე არსებობის წარმოდგენა შეუძლებელია. როდესაც ამოიწურება ნავთობი, ცუდი დღე რუსეთსა და ქუვეითს კი არა, კაცობრიობას დაადგება. და ამიტომ ამის გამო მარტო ჩვენ არ უნდა მოვიკლათ თავი.

ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ეს საყოველთაო პრობლემაა და მისი გადაწყვეტა ისევ დედამიწის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ეკონომიკის ახალი სფეროები და ისტერიკაში არ ჩავცვივდეთ ნავთობის ამოწურვის საკითხის გამო.

მთავარი ამოცანა რუსეთის ნავთობის მრეწველობის მუშაობის ისე მოწყობაა, რომ ჩვენი ნავთობის დიდი მდინარიდან ჩვენს ბიუჯეტში დარჩეს ფულადი სახსრების მნიშვნელოვანი ნალექი.

ახლა კი ვისაუბროთ სტაბფონდის შესახებ. ჩვენი სტაბილიზაციის ფონდი ადამიანი რომ იყოს, უეჭველად შავი ფერის კანი ექნებოდა. ის რუსეთის ხელისუფლებისა და ნავთობის მაღალი ფასების შვილია. რუსეთის ფედერაციის სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც 2004 წლის 1 იანვარს შეიქმნა, არის (უფრო სწორად _ იყო) ფედერალური ბიუჯეტის ნაწილი. მისი შემავსებელი წყაროებია _ ნავთობის მოპოვებაზე გადასახადი და საექსპორტო მოსაკრებელი მასზევე. ნავთობის ნაღები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვარს ზევით მიიღება სტაბილიზაციის ფონდში, რომლისგანაც «ბავშვი» იზრდება დღეების კი არა, სააათების მიხედვით. მისი ზუსტი «სიმაღლე და წონა» რთული გასაგები არ არის: ამისთვის საკმარისია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე შესვლა.

ჩვენი «ბავშვის» ზრდის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია. ისევე, როგორც ზღაპრული ილია მურომეცი, ჩვენი სტაბილიზაციის ფონდიც გაიზარდა. რამდენის საშუალება იქნება მასში იმ მომენტში, როდესაც თქვენ ამ წიგნს კითხულობთ, ასევე საკმაოდ ადვილი გამოსაცნობია – არც ერთი. იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციაში სტაბილიზაციის ფონდი არ არსებობს. 2007 წლის 12 აპრილს სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მის საფუძველზე, 2008 წლის 1 თებერვალს წარმოიქმნა ორი ფონდი: ეროვნული კეთილდღეობისა და სარეზერვო. მათი აქტივებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. სარეზერვო ფონდის სახსრების სრულმა ოდენობამ 2008 წლის 1 მაისისთვის შეადგინა 129,8 მლრდ დოლარი (ანუ 3 069,47 მლრდ რუბლი), ხოლო ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა – 32,72 მლრდ დოლარი (ანუ 773,82 მლრდ რუბლი). ამიტომ სწორი იქნება, დღეს თუ ვახსენებთ სტაბილიზაციის ფონდს კი არა, არამედ მის ორ შემადგენელს. მაგრამ ამ დასახელებამ ისე გაიდგა ფესვები ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში, რომ შემდეგშიც გამოვიყენებთ ძველ სახელწოდებას ამ «ყულაბისა», რომელშიც რუსეთის ფედერაცია გულდასმით ყრის თავისი ნავთობის ზეშემოსავლებს, რათა გვქონდეს ის, რითაც ურდოს ხარკს გადავუხდით…

ჩვენს ფინანსთა სამინისტროს მძიმე სამუშაო აქვს: უნდა აუხსნას ხალხს, რატომ არ შეიძლება სტაბილიზაციის ფონდის სამშობლოში დაბრუნება. თანაც ეს უნდა გაკეთდეს დამაჯერებლად, ისე, რომ ყველაფერი ნათელი და სარწმუნო იქნეს. ჯერჯერობით გამოსდით, მაგრამ, მგონი, ჩვენი ხელმძღვანელობა ამას ტყუილად აკეთებს.

პირდაპირ უნდა აუხსნან ხალხს, რა შედეგებამდე მიგვიყვანს სახელმწიფოს მარცხი და რა ძვირად დაგვიჯდება ეს ყველაფერი ქვეყნის მთელ მოსახლეობას!

რომელი ურდო დაუწყებს კმაყოფილებით მზერას მის საწინააღმდეგო კამპანიას? მით უმეტეს, რომ დღევანდელი (და არა _ მონღოლური) ურდოს ძალა კონკურენტი სახელმწიფოს მოქალაქეთა გონებისა და გულების ფლობაშია. უხერხულია საუბარი ძღვენზე, როდესაც ამ ურდოს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ზიხარ _ გაეროში თუ რუსეთ-დასავლეთის სამიტებზე… სტაბფონდში მართლაც შთამბეჭდავი თანხა დაგროვდა. და მიუხედავად საწინააღმდეგო აზრისა, რომ ამ ფულს სიკეთე არ მოაქვს რუსული ეკონომიკისთვის, ფონდის ფულმა კარგი სამსახური გაუწია რუსეთს. უბრალოდ, ჩვენ თითქმის ვერ შევამჩნიეთ ეს. ამასობაში, ამ სახსრებიდან ჩვენმა ქვეყანამ დაფარა ყველა საგარეო ვალი, რომლებსაც, როგორც ჩანდა, ვერსოდეს გავისტუმრებდით. ზუსტად ამის იმედი ჰქონდა დასავლეთს, როდესაც აქტიურად აძლევდა კრედიტს მომაკვდავ საბჭოთა კავშირს და «ახალგაზრდა რუსულ დემოკრატიას». აქ ძალიან მარტივი პრინციპია: ვალებში ჩაფლული რუსეთი ვერაფრით შეძლებდა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას და ყოველთვის იძულებული იქნებოდა, თავისი კრედიტორების აზრი გაეთვალისწინებინა. შეგახსენებთ, რომ სტაბფონდი 2004 წლის 1 იანვარს შეიქმნა. გავიდა მხოლოდ ერთი წელი და ფონდის სახსრებიდან გასტუმრებულ იქნა თითქმის მთელი საგარეო ვალი. ამასთანავე, დაიფარა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის დეფიციტი და პენსიონერებმა დროულად მიიღეს თავიანთი ფული. როგორც სტაბფონდის დღევანდელი მდგომარეობის ციფრებიდან ჩანს, მან მშვიდობიანად გადაიტანა ამგვარი სისხლისღვრა და კვლავ აივსო ფულით. და ეს ახალი სახსრები ჩადებულია აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებსა და ამერიკულ ვალუტაში… ანუ, ცოტა გავერკვიეთ რა ჩვენი ფონდების ციფრებსა და სტრუქტურაში, მოდი, შევეცადოთ, გავერკვეთ სხვა საკითხებშიც, რომელთაგან მთავარი შემდეგია: რატომ გაჩნდა სტაბფონდი და მასში დიდძალი ფული მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს?

ეს თითქოს თავისთავად მისაღებია, ასეც უნდა იყოს. რადგან ქვეყანას გააჩნია ნავთობი, როგორ არ უნდა ჰქონდეს შემოსავალი მისი რეალიზებიდან? მიუხედავად ამისა, პუტინის მმართველობის დასაწყისამდე ჩვენი საქმე ასე მიდიოდა: ნავთობი არის, ბიუჯეტი არის, მაგრამ შიგნით ფული არ არის. როგორ გაჩნდა ასეთი ზღაპრები? ამ კითხვაზე პასუხს ყველა გაგცემთ. ნავთობის გაყიდვიდან ფულს, უბრალოდ, იპარავდნენ და ზუსტად ამიტომ იყო ელცინის დროს ხაზინა ისეთივე ცარიელი, როგორც შეჭმული კვერცხის ნაჭუჭი. ვიცით რა რუსი მაღალჩინოსნების მადა სახელმწიფო ფულის მიმართ, ეს არც გაგვიკვირდება გასაკვირი სხვა რამაა: «პერესტროიკის» დასაწყისში ხელმარჯვე რეფორმატორებმა, პირველ რიგში, ნავთობის ყველა ჭაბურღილის პრივატიზაცია მოახერხეს, გაიყვეს მომპოვებელი კომპანიებიც. ახალ რუსეთში არ იყო სახელმწიფო ნავთობის კომპანიები, იყო მხოლოდ კერძო, როგორც შეშვენის ნამდვილ საბაზრო ეკონომიკას, ანუ ვინ ვის ჰპარავდა იმ დროს? ნუთუ კაპიტალისტი-ოლიგარქები საკუთარ თავს?!

აი, ამან უნდა გაგვაკვირვოს. ააშენეს რუსეთში ნავთობის მოპოვების სისტემა, როგორც მთელ «ცივილიზებულ სამყაროში», და ხაზინიდან ყველა ფულადი ნიშანი გაქრა. დღეს ხაზინაში ბევრი ფულია, ხოლო ნავთობის მოპოვებით დაკავებული არიან სააქციო საზოგადოებები, რომლებიც სახელმწიფო კომპანიებს წარმოადგენენ, რადგან მათი საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის ან მათში საჭე «სახელმწიფოს მსახურთ» უჭირავთ. საკვირველია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვიმტკიცებდნენ, რომ კერძო ფირმა ნავთობმოპოვებაში გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე სახელწიფო. თუმცა საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქითაა. ხოლო პროგრესული გაზეთები და დამოუკიდებელი რადიოსადგურები დილიდან საღამომდე გაჰყვირიან, რომ ყველაფერი ისე არ გვაქვს, როგორც ხალხს შეეფერება. აიღეს და გააკოტრეს კარგი კომპანია «იუკოსი» და გადასცეს ჭაბურღილები სახელმწიფო და ნახევრად სახელწიფო წარმონაქმნებს, ე. ი. ნავთობს ნაკლებს მოიპოვებენ და მშობლიური რუსეთის ფედერაცია მიიღებს, საბოლოო ჯამში, ნაკლებ ნავთობდოლარებს, ვიდრე შეეძლო, თუკი რუსულ შავ ოქროს კერძო ოლიგარქი ამოტუმბავდა მიწიდან. დასავლეთში მთელი ნავთობმოპოვება კერძო საქმეა… როდესაც ეს მოტივი კიდევ ერთხელ მოვისმინე, მომინდა, გავრკვეულიყავი, როგორ მიდის ნავთობის მოპოვების საქმე გონიერ დასავლეთში.

მსოფლიოში ნავთობის ბევრი ექსპორტიორია. ისინი განსხვავდებიან მარაგის სიდიდით, მოპოვების ხერხით, მაგრამ რესურსის «ამოტუმბვის» პროცესი თითქმის ყველგან ერთნაირადაა ორგანიზებული და სულაც არ არის ისე, როგორც ლიბერალი ეკონომისტები გვიყვებიან. უმსხვილესი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ნავთობის ექსპორტიორებს, არის ოპეკი. ამ ორგანიზაციის წევრთა ლომის წილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის. სწორედ მათგან დავიწყებთ ჩვენს ნავთობურ ექსკურსს.

მსოფლიოს მთავარი ნავთობმომპოვებელია საუდის არაბეთი _ მონარქია სათავეში ემირით. ქვეყნის წიაღისეულს ექსპლუატაციას უწევს არა კერძო, არამედ სახელმწიფო კომპანია «საუდი არამკო» _ ის მოიპოვებს მთელ არაბულ ნავთობს და ეს, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიოს ნავთობის მარაგის თითქმის მეოთხედია. ნავთობის მსოფლიო მარაგის 10% ქუვეითშია. ნავთობის ექსპორტი ამ ქვეყანამ 1946 წელს დაიწყო, მაგრამ ქუვეითური ნავთობის მილი სინამდვილეში 1960-იანების დასაწყისში ამუშავდა. 1960 წელს ჩამოყალიბდა ქუვეითის ნავთობის კომპანია, რომელშიც სახელმწიფოს წილი თავდაპირველად _ 60%-ს, ხოლო 1975 წლიდან 100%-ს შეადგენდა.

საკმაოდ უცნაური სახელმწიფო წყობა არანაირად არ დაეტყო არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნავთობბიზნესის ორგანიზაციებს. არაბეთის გაერთიანებული არაბული საამიროები შვიდი საამიროსგან (აბუ დაბი, დუბაი, შარჯა, აჟმანი, რას ალ-ხაიმა, უმ ალ-კაივაინი და ალფუჯაირა) შემდგარი ფედერაციაა. ყოველი საამირო ცალკე მონარქიაა. მონარქიის ამ უნიკალურ ფედერაციაში ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა ფედერალური ეროვნული საბჭო, რომელშიც შედიან ამირები. ამ მემკვიდრეობითი მონარქებიდან ერთ-ერთს ირჩევენ პრეზიდენტად 5 წლის ვადით. შავი ოქროს მარაგი გაერთიანებულ არაბულ საამიროებში მსოფლიოს მარაგის 10%-ზე ოდნავ მეტია. თუმცა ნავთობის საქმეებში გაერთიანებულ საამიროებში წესრიგი ისეთი «დემოკრატიული» არ არის, როგორც პოლიტიკურ წყობილებაში. ნავთობის მრეწველობა თითოეულ საამიროში სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. ამასთანავე, შავი ოქროს საბადოების ექსპლუატაციას ეწევა არა შვიდი, არამედ ერთი სახელმწიფო ნავთობკომპანია. ეს არის აბუ დაბის ნავთობის ეროვნული კომპანია. სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ ნავთობის მოპოვების ასეთი ორგანიზაცია გაერთიანებულ არაბულ საამიროებში მხოლოდ XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, ხოლო იქამდე შავ ოქროს დასავლური კორპორაციები ქაჩავდნენ. რატომ თქვეს არაბმა შეიხებმა დასავლური მონოპოლიების დახმარებაზე უარი და მისცეს თავისი წიაღისეული «არაეფექტურ» სახელმწიფო მონოპოლიას? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ის მათი საკუთრებაა.

საქმე ის არის, რომ XIX საუკუნიდან გაერთიანებული არაბული საამიროები ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ არაბები ღარიბულად თავიანთ უდაბნოში, ვიდრე მხარის ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლუატაციით ინგლისელები იყვნენ დაკავებულნი. როგორც კი საამიროებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა (1971 წლის 2 დეკემბერს), სწრაფად დაისაკუთრა ნავთობის მოპოვება და გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა. ჩვენს ქვეყანაში უყვართ გაერთიანებული საამიროების მაგალითად მოყვანა: როგორ შეიძლება საკუთარი ხალხის სასარგებლოდ დაიხარჯოს სახსრები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების გაყიდვით შემოდის. იმისათვის, რომ უდაბნოში აშენდეს თანამედროვე სასტუმროები და ქალაქები, «ზეეფექტურ» დასავლურ მონოპოლიებს ჯერ ნავთობის ჭაბურღილები უნდა წავართვათ. როცა ბრიტანეთის მეურვეობას დააღწია თავი, გაერთიანებულ საამიროებთან ერთად 1971 წლის სექტემბერში, მონარქია ყატარი სათავეში ემირით, ასევე მკაცრად აკონტროლებს თავისი შემოსავლის ძირითად წყაროს. ყატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია დაკავებულია საძიებო-სადაზვერვო სამუშაოებითა და ნავთობის მოპოვებით. ნავთობის გადამუშავებას სახელმწიფო სტრუქტურა აწარმოებს. კიდევ ერთმა მონარქიამ, რომელიც იმართება სულთნის მიერ _ ომანმა რეგიონის სხვა ქვეყნებზე გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება და ექსპორტი, მაგრამ სისტემა ანალოგიურია: წიაღისეული ომანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განკარგულებაშია.

არაბები ძალიან კონსერვატიულები არიან, თავიანთი ბუნებრივი სიმდიდრე «განათლებულ» ევროპელებს რომ მისცენ საექსპლუატაციოდ? არა, ეს ასე არ არის. ევროპელები დაუღალავად ქაჩავდნენ ნავთობს, როდესაც სპარსეთის ყურის რეგიონი მათ ეკუთვნოდათ. არაბული მონარქიების დამოუკიდებლობის პირობებში სიტუაცია შეიცვალა. სახელმწიფო ნავთობკომპანია დღესაც საკმაოდ ხშირად იზიდავს უცხოელებს. მაგრამ ამჯერად მათ საკუთარ პირობებს უყენებენ და მოგების ლომის წილი რჩება ქვეყანაში, რომელსაც შავი ოქროს მარაგი აქვს. აქ მარტივი პრინციპია: ნავთობის მოპოვება ისეთი მომგებიანი ბიზნესია, რომ სჯობს, ეს საქმე თვითონ გააკეთო. «მომპოვებლებს» გარედან მაშინ იზიდავენ, როდესაც საკუთარი ძალები, ინვესტიციები ან ტექნოლოგიები აღარ ჰყოფნით, ჭაბურღილებს კი არასოდეს ასხვისებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here