Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის ახალი პრეზიდენტი და მისი ჰალსტუხიანი მრჩეველი

უკრაინის ახალი პრეზიდენტი და მისი ჰალსტუხიანი მრჩეველი

558

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით მილიარდერმა პეტრე პოროშენკომ გაიმარჯვა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შეუწყობს ეს ხელს ვითარების ნორმალიზებას თუ კრიზისის შემდგომ გაღრმავებას, თუმცა კომენტატორების უმრავლესობა განიხილავს ამ არჩევნებს, როგორც ერთგვარ სიმბოლურ მიჯნას, რომლის გადალახვის შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ომი თუ მშვიდობა? ერთიანობა თუ დაშლა? ის უკრაინელები, რომელნიც თებერვალში «მაიდანზე» იდგნენ, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ სამიოდე თვეში ეს კოშმარული დილემები ამდენად აქტუალური გახდებოდა.


სანამ პეტრე მოვიდოდა

უკრაინის ახალ პრეზიდენტს მუშაობის დაწყება ურთულეს პირობებში მოუწევს. ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, იქ ყოველდღე შეიარაღებული შეტაკებები ხდება. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მილიონობით ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და პოროშენკოს თავის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიქვამს. იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც უკრაინის პარლამენტმა იანუკოვიჩის მმართველობის ბოლო დღეებში მიიღო, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდა და შექმნა შესაძლო კონფლიქტის არაერთი კერა სამკუთხედში «პრეზიდენტი-პრემიერი-პარლამენტი», რაც ნამდვილად არაა გასაკვირი, რადგან კანონებს მაშინ სწრაფად, ტაქტიკური რეაგირების რეჟიმში, გრძელვადიანი პერსპექტივის გააზრების გარეშე ცვლიდნენ.

უკრაინა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის მდგომარეობაში იმყოფება, მისი ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება. კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთ სიტუაციებში წესრიგის აღდგენა, ხშირ შემთხვევაში, დიქტატურის დამყარების ხარჯზე ხდება. მაგრამ ამ სცენარის რეალიზებას უკრაინაში ხელს უშლის ხელისუფლებაში და მის უშუალო სიახლოვეს ძალზე ამბიციური პოლიტიკოსებისა და ჯგუფების ყოფნა, რომლებმაც თებერვლის გადატრიალების შემდეგ არაერთი მაღალი პოსტი დაიკავეს. საპრეზიდენტო არჩევნებში იულია ტიმოშენკომ პოროშენკოზე დაახლოებით 40%-ით ნაკლები ხმა მიიღო (ამ სხვაობამ, ფაქტობრივად, გამორიცხა შედეგების გაპროტესტების შესაძლებლობა), მაგრამ ტიმოშენკოს ჰყავს ძლიერი ფრაქცია პარლამენტში ახალ პრეზიდენტს კი არ ჰყავს. ტიმოშენკო, სავარაუდოდ, გააკეთებს ყველაფერს, რათა პოროშენკო მხოლოდ ნომინალურ მმართველად, პოლიტიკურ თოჯინად გადაიქცეს, ხოლო მოგვიანებით შეიძლება მისი დამხობაც კი სცადოს. გასაკვირი არაა, რომ პოროშენკომ უკვე გაახმოვანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეა. სერიოზული პრობლემები ახალ პრეზიდენტს შეიძლება შეუქმნან რადიკალურმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში იარაღის გამოყენებას არ მოერიდებიან. ამასთანავე, პრეზიდენტს გაუჭირდება დაყრდნობა ძალოვნებზე, რომელთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით დემორალიზებულია და პოლიტიკური თამაშებისგან დისტანცირება სურს.

პეტრე პოროშენკო ოლიგარქების კანდიდატია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მთელ რესურსს დაუთმობენ იმისთვის, რომ სახელისუფლო ვერტიკალი «ჩააბეტონოს». უკრაინელ ოლიგარქებს მშვენივრად ახსოვთ რუსული სცენარი, როდესაც ვლადიმერ პუტინმა და მისმა გუნდმა ჯერ გამოიყენეს ოლიგარქები ხელისუფლების განმტკიცებისთვის, შემდეგ კი სრულად დაიმორჩილეს ისინი. უკრაინის მართვის იდეალური მოდელი მათ წარმოსახვაში, დიდი ალბათობით, ასე გამოიყურება: ოლიგარქების სრული კონტროლი ადგილებზე, ერთგვარი კვაზისახელმწიფოების შექმნა (დაახლოებით ისეთის, როგორიც იგორ კოლომოისკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოაყალიბა), უკრაინა, როგორც ამ ნეოფეოდალური სამფლობელოების ერთობლიობა, და პოროშენკო, როგორც ოლიგარქების ნების გამხმოვანებელი (ვინ თქვა, რომ პრობლემურ საკითხებზე კონსენსუსს იოლად მიაღწევენ?) და წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე. ასე რომ, ოლიგარქები, სავარაუდოდ, ასევე შეეწინააღმდეგებიან პოროშენკოს ჩამოყალიბებას «სრულფასოვან დიქტატორად» და ამ გზას, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადგებიან, თუ მთელი სისტემის კრახის საფრთხე სავსებით რეალური გახდება.

ახალ პრეზიდენტს შეიძლება გაუჩნდეს «მაკიაველისტური ცდუნება» ოპონენტები ერთმანეთს დააჯახოს. მაგალითად, ხელი შეუწყოს იმას, რომ რადიკალურმა ნაციონალისტებმა «ეროვნული გვარდიიდან» და აღმოსავლეთ უკრაინის ამბოხებულებმა ერთმანეთთან ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვარონ და მაქსიმალურად გამოიფიტონ, იმავე პოლიტიკურ სივრცეში გააკეთოს და ერთმანეთს სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფები დააჯახოს. მაგრამ ამ სახიფათო თამაშისთვის დღევანდელი უკრაინის პირობებში საჭიროა შეკრული და მოტივირებული გუნდი და უცხოელი მოკავშირეების ცალსახა მხარდაჭერა.

მოკლედ, ასე იქნება თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლო მომავალში უკრაინის ხელისუფლების სერიოზულ ტრანსფორმაციას ვიხილავთ და მალევე გამოჩნდება, წესრიგს მოიტანს ის თუ შემდგომ ჩაძირვას ქაოსში.

ახალი პრეზიდენტი იძულებული გახდება, სათავეში ჩაუდგეს ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სადაც უკრაინელი ძალოვნების მდგომარეობა სულ უფრო დრამატული ხდება. რადიკალები, დიდი ალბათობით, შესთავაზებენ არტილერიის, ავიაციისა და ტანკების გამოყენებას იმისთვის, რომ დაიკავოს ის ქალაქები, რომელთაც დღეს მეამბოხეები აკონტროლებენ. ჩამოთვლილი საშუალებების გამოყენება გარდამავალ პერიოდში მხოლოდ ეპიზოდურად ხდებოდა, ვინაიდან არმიის მთელი პოტენციალის გამოყენებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სჭირდება, ამას კი არჩევნების გადატანა მოჰყვებოდა, დასავლეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან სურდა მინიმალურ ვადებში კიევში ლეგიტიმური მმართველი ეხილა. დღეს ეს წინაღობა მოხსნილია. უკრაინის არმია, მისი ნახევრადდაშლილი მდგომარეობის მიუხედავად, არტილერიისა და ავიაციის აქტიური გამოყენების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეძლებს რიგი დასახლებული პუნქტების დაკავებას, მაგრამ ამას მოჰყვება დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ახალი პრეზიდენტისთვის არასასურველია; ეს ხელს შეუწყობს საბოლოო გაუცხოებას ცენტრსა და რეგიონის მოსახლეობას შორის. ამასთანავე, ქალაქების დაკავება არ ნიშნავს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას, მეამბოხეები, სავარაუდოდ, პარტიზანულ ტაქტიკაზე გადავლენ. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მძიმე შედეგებს მოუტანს უკრაინის ეკონომიკას პარტიზანული ომი ინდუსტრიულ რეგიონში, რომელიც რუსეთის საზღვრის სიახლოვის და ამბოხებულების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიის პირობებში, შეიძლება წლების თუ არა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. გამორიცხული არაა, პოროშენკომ ახალი ტაქტიკა აირჩიოს _ მეამბოხეთა ლიდერების იზოლირება და, შესაძლოა, ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმებით, რიგითი მებრძოლებისთვის ფართო ამნისტიის შეთავაზების პარალელურად (რამდენად იმუშავებს ეს, ცალკე საუბრის თემაა).

ერთი შეხედვით, მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ ის მოითხოვს დათმობებს ცენტრალური ხელისუფლებისგან და ფედერალიზაციას თუ არა, ადგილებზე მაქსიმალური უფლებების გადაცემას. პოროშენკო აცხადებს, რომ თავის სამშვიდობო ინიციატივების პრეზენტაციას შესაბამის კანონპროექტებთან ერთად ინაუგურაციის დღეს მოახდენს.

სხვათა შორის, პეტრე პოროშენკომ თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მრჩეველი შეიძლება საქართველოს მოქალაქე გახდეს. პარტია «უდარის» ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ კი არჩევნების დღეს ტელეეთერში განაცხადა, რომ პოროშენკოს გუნდში, სავარაუდოდ, შევლენ კახა ბენდუქიძე და მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ზოგიერთი უკრაინელი კომენტატორი ირონიულად უწოდებს «კონსულტანტს ტერიტორიების დაკარგვის საკითხში». ქართული საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი სააკაშვილს დამნაშავედ მიიჩნევს და მის გასამართლებას მოითხოვს. არაერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ის გამოიყენებს თავის კავშირებს უკრაინაში, რათა საქართველოში «ნაციონალების» რევანში მოამზადოს. პოროშენკოს მსგავსი ნაბიჯი ქართველების უმრავლესობის მიერ, დიდი ალბათობით, აღქმული იქნება, როგორც უკიდურესად არამეგობრული, რაც უდავოდ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მეტიც, მნიშვნელოვნად დაძაბავს მათ.

რა ბედი ელის «ახალ რუსეთს»?

24 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს დეკლარაცია გაერთიანებისა და ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის _ «ნოვოროსიის» შექმნის შესახებ. ჯერჯერობით გაუგებარია, წამოუდგენიათ ის ფედერაციად თუ კონფედერაციად, თუმცა მთავარი, ალბათ, ისაა, რომ გაკეთდა ცალსახა განცხადება იმის თაობაზე, რომ «ნოვოროსიაში» შევლენ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ოლქებიც, მას შემდეგ, რაც იქ ჩატარდება რეფერენდუმები მსგავსი იმისა, რაც დონეცკსა და ლუგანსკში 11 მაისს გაიმართა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ამბოხებულები, როგორც ჩანს, ყრუ თავდაცვაზე გადასვლას არ აპირებენ და კონტროლის ზონის გაფართოებას გეგმავენ.

«ანტიტერორისტული ოპერაცია», რომელსაც კიევი ამდენი ხნის განმავლობაში ატარებდა, სრულიად არაეფექტური გამოდგა, ხოლო ბოლო კვირაში, არჩევნების წინ ძაან აშკარად სამარცხვინო ხასიათი მიიღო. რიცხობრივი უპირატესობის, ვერტმფრენებისა და სხვა ტექნიკის გამოყენების მიუხედავად, უკრაინელი ძალოვნები აქტიური მოქმედებიდან თანდათან ამბოხებულთა შეტევების მოგერიებაზე გადავიდნენ, რომლებმაც რამდენიმე წარმატებული ჩასაფრება მოუწყვეს. რამდენიმე ეპიზოდში უკრაინელი სამხედროების ჯგუფებმა ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნეს. რაც მთავარია, კიევმა დაკარგა ბევრი დრო, რომლის განმავლობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკები მოძლიერდნენ.

«ნოვოროსიის» მთავარი პრობლემა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ სამხედრო ძალების ცუდი შეიარაღება და ფარდობითი მცირერიცხოვნებაა, არამედ აღმასრულებელი სტრუქტურების ამორფულობაც. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩინოვნიკებისა და პოლიციელების დიდი ნაწილი ცდილობს, მისასვლელი გზა არც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და არც ამბოხებულებთან მოიჭრას, «ორ სკამზე ზის», კრიტიკულ მომენტში კი ძლიერის მხარეს იხრება. ამბოხებულებს არ ჰყოფნით რესურსი იმისთვის, რომ ყველა სტრუქტურაზე 100%-იანი კონტროლი დაამყარონ, ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის ჯერ არ გამოკვეთილა ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში ისევე შედეგიანად იმოქმედებს, როგორც, მაგალითად, ქალაქ სლავიანსკის შეიარაღებული რაზმის თავკაცი იგორ სტრელკოვი ბრძოლის ველზე; ვითარებას ართულებს კონფლიქტი ოლიგარქ რინატ ახმეტოვთან, რომელიც რეგიონში საკმაო გავლენას ინარჩუნებს.

არის კიდევ ორი, ფუნდამენტური ხასიათის პრობლემა. ახალ, აშკარად შეცვლილ პირობებში «ნოვოროსიის» პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ მიღებული ამომრჩეველთა ნდობის მანდატი, ხოლო არჩევნების ჩატარება, შეიარაღებული დაპირისპირების სავარაუდო ესკალაციის პირობებში, საკმაოდ პრობლემური ჩანს. ამასთანავე, ზოგიერთი ლიდერი რეგიონის დამოუკიდებლობაზე საუბრობს, ზოგი _ რუსეთთან შეერთებაზე, ზოგი სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა რეგიონების ან, სულაც, კიევის აღებაზე ოცნებობს, ზოგი _ უკრაინის ფედერაციად ან კონფედერაციად გადაქცევაზე. ეს გაურკვევლობა, საბოლოო მიზნების მკაფიო დასახვის გარეშე, აბნევს ადგილობრივ მოსახლეობას და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

როგორც უკვე ითქვა, კიევს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ განდევნოს ამბოხებულები ქალაქებიდან, მაგრამ, თუ ის სამხრეთ-აღმოსავლეთის რუსულენოვანი მოსახლეობის გულის მოგებას ვერ მოახერხებს, კონფლიქტი პარტიზანული ომის ელემენტებით, დიდი ალბათობით, ქრონიკულ ხასიათს მიიღებს. ახალ პრეზიდენტს შეუძლია რეგიონს «მშვიდობის მტრედად» და უფლებების გარანტორად მოევლინოს, თუმცა ამ მომენტისთვის შექმნილი სიტუაცია და დროებითი პოლიტიკური მოკავშირეების (სინამდვილეში დაუძინებელი მტრების) ყიჟინა საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს. აქ კი წინა პლანზე კიდევ ერთი ფაქტორი გამოდის _ რუსეთის შესაძლო რეაქცია სამხედრო ესკალაციაზე, რომელიც უაღრესად მწვავე შეიძლება გამოდგეს.

ევროპის მოტაცება

ევროპაში ნატო-ს ძალების სარდლის, ამერიკელი გენერლის _ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, რუსი სამხედროები უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევას 3-5 დღის განმავლობაში შეძლებენ. მაგრამ ეს სამხედრო წარმატება სტრატეგიულ პერსპექტივაში რუსეთს სერიოზულ პრობლემებს მოუტანს, რადგან მას გარანტირებულად მოჰყვება აშშ-თან მჭიდრო კავშირზე (და რუსეთთან კონფრონტაციაზე) ორიენტირებული ძალების წარმატება ევროპაში, აშშ-ევროკავშირის სწრაფი დაახლოება, შესაბამისი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებით, რომელიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ამერიკულ ეკონომიკას შვებით ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს. რუსეთი მანევრის შესაძლებლობას დაკარგავს და ჩინეთთან თანამშრომლობის ამარა დარჩება, ხოლო პეკინი მიიღებს შესაძლებლობას, მოსკოვს თანამშრომლობის პირობები თავს მოახვიოს. ზოგადად, სასურველია, უკრაინისთვის გაჩაღებული ბრძოლა აღვიქვათ, როგორც გლობალური პროცესების ნაწილი, მათ შორის, როგორც ბრძოლა ევროპისთვის; ეს კრემლის ლოგიკის გაშიფრვაში დაგვეხმარება. ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, სჭირდება არა უბრალოდ უკრაინის «აღება», არამედ მისი გავლენის სფეროში მოქცევა ისე, რომ ამას ევროპასთან მწვავე დაპირისპირება და ეკონომიკური თანამშრომლობის შეწყვეტა არ მოჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები ნეგატიური სცენარით განვითარდება, კრემლისთვის სასურველია, კულმინაცია რაც შეიძლება გვიან მოხდეს, რათა დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერს სჭირდება დრო _ ჩინეთთან ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოება იქნება თუ «ვიზა-ს» და «მასტერკარდის» მსგავსი ადგილობრივი სისტემის შექმნა და ა. შ.

კრემლი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პროცესების დროში გაწელვას, ფარულად მხარს დაუჭერს «ნოვოროსიის» პროექტს და, ამავე დროს, იზრუნებს უკრაინული ელიტის ნაწილთან შეხების წერტილების მოძებნაზე, დაელოდება, ვიდრე ევროპა უკრაინული პრობლემებისგან საფუძვლიანად დაიღლება და მხოლოდ ამის შემდეგ (ყირიმის შეერთების მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე) შეეცდება, გავლენის სფეროში მთელი უკრაინა მოაქციოს. ვაშინგტონისთვის კი, სავარაუდოდ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება უკრაინაში კონკრეტულად, მთავარია, რომ ყოველივე (რაც მალე, მით უკეთესი) რუსეთისა და ევროკავშირის ხმაურიანი და საბოლოო «განქორწინებით» დასრულდეს. რა თქმა უნდა, თეთრი სახლი უარს არ იტყვის იმაზე, რომ უკრაინაში დაახლოებით ისეთ გავლენას მიაღწიოს, როგორც, მაგალითად, პოლონეთში, თუმცა პირდაპირ კონფრონტაციას მოერიდება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ საუბრობენ დღეს ვაშინგტონში უკრაინის ნეიტრალიტეტზე, ხოლო ნატო-ში მისი გაწევრიანების იდეას უარყოფენ. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, უკრაინის კრიზისსა და თამაშში, რომელიც მის გარშემო მიმდინარეობს, საკუთრივ უკრაინა მთავარი პრიზი არ არის.

თუ პოროშენკოს ადგილას სააკაშვილი იქნებოდა, ის, დიდი ალბათობით, უკვე ათჯერ დაბომბავდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ქალაქებს ყველა საარტილერიო დანადგარიდან. რას გააკეთებს პეტრე პოროშენკო? თუ ის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, უკრაინას, რომელმაც დაკარგა კონტროლი ყირიმზე (მის დაბრუნებაზე დასავლეთში დღეს პრაქტიკულად აღარ საუბრობენ, ისე, თითქოს მომხდარს შეგუებულნი არიან), შეიძლება ეროვნული კატასტროფის საფრთხე დაემუქროს. წავა თუ არა ესკალაციაზე ახალი პრეზიდენტი თუ მშვიდობიანი მეთოდების გამოყენებას შეეცდება? ალბათ, ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ამ კოშმარის დასრულება ვუსურვოთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here