Home რუბრიკები პოლიტიკა რა ვერ გაიყვეს პაციენტებმა, ანუ ბალადა ხელმოწერაზე

რა ვერ გაიყვეს პაციენტებმა, ანუ ბალადა ხელმოწერაზე

621

26 მაისს თბილისში სრული სიმშვიდე და სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის დღე ასოცირდებოდა პოლიტიკურ დაძაბულობასთან, ოპოზიციის ქუჩის აქციებთან, მილიტარისტულ ფსიქოზთან და ფსევდოპატრიოტულ აღტკინებასთან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ნერგავდა, და ბოლოს მის მიერვე მოწყობილ 2011 წლის სადისტურ დარბევასთან. 


ადრე, 26 მაისს დედაქალაქის ქუჩებში ამა თუ იმ ფორმით მკაფიოდ ფიქსირდებოდა საზოგადოებაში არსებული განხეთქილება, წელს კი მსგავსი არაფერი ყოფილა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ იდეალურთან მიახლოებულ ეროვნულ სოლიდარობას მივაღწიეთ ან რომ საქართველოში პრობლემები აღარ დარჩა, თუმცა ზოგადი ტენდენციები უდავოდ დადებითია.

ახლა კი, ალბათ, ისევ პრობლემებს უნდა დავუბრუნდეთ. ზოგმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ დისკუსია იმის თაობაზე, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ პრემიერ-მინისტრმა, მათ ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან საქმე ეხება არა ნამდვილ პოლიტიკურ კონფლიქტს, არამედ საკანონმდებლო ხარვეზებით გამოწვეულ გაუგებრობას, რომელიც ერთობ მოაგონებს ორი ბავშვის ჩხუბს ბურთის ან ველოსიპედისთვის. მაგრამ ის, რაც დღეს სასაცილოდ გამოიყურება მომავალში შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.

კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, «პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმობს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს». სხვა კანონების ციტირებამ ბევრი დრო რომ არ წაგვართვას, უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტი ვერ მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას პრემიერის კონტრასიგნაციის გარეშე და ამასთანავე არ არსებობს ნორმა, რომელიც პრემიერს ხელმოწერის შესაძლებლობას არ აძლევს. პრინციპში, ერთსაც შეუძლია მოაწეროს და მეორესაც, ორივე მხარის იურიდიული არგუმენტები, ასე თუ ისე, დამაჯერებელია, ხოლო ბუნდოვანება კანონმდებლობაში, რომელიც ტოვებს სივრცეს მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებისთვის (და სპეკულაციებისთვის) არ აღიქმება, როგორც საფრთხის შემცველი, რადგან, ფართოდ გავრცელებული ფრაზის თანახმად, ყველაფერი მაინც ისე იქნება, «როგორც ბატონი ბიძინა გადაწყვეტს». პრეზიდენტი და პრემიერი ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან, უკაცრავად, ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ და იძულებულები გახდებიან, კონსენსუსს მიაღწიონ (ამჯერად უკან მარგვველაშვილმა დაიხია; არ დაიხევდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი დეტალია).

კონსტიტუციის 73-ე მუხლის ზემოთ მოყვანილ მონაკვეთს ვენეციის კომისიამ ყურადღება ჯერ კიდევ 2010-ში, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე მიაქცია. «ნაციონალი» კანონმდებლები მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ ამით შეიზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის საკითხებში და ამ მხრივ მთავრობასთან მისი დაპრისპირების საფრთხე მოიხსნება, მაგრამ ვენეციის კომისიამ უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, პირიქით, «შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს კონფლიქტების რისკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის». ძნელი წარმოსადგენი არაა, რა აურზაური დაიწყებოდა იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი და პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იქნებოდნენ (თავთავიანთი მხარდამჭერებით პარლამენტში). 99%-იანი ალბათობით, დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი სკანდალი მძიმე ურთიერთბრალდებებით, დებატები პარლამენტში და, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში და ყოველივე ეს «ცარიელ ადგილას», რადგან ცალკე აღებული ხელმოწერა არაფერს ნიშნავს; საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს.

ვენეციის კომისიის იმ ძველ შეფასებებში, მონაკვეთში, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის შესაძლო დაპირისპირებას ეხება, არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც სისტემური ხასიათის პრობლემაზე მიუთითებს: «მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა მხარი, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო _ 5 წელიწადში ერთხელ». იმ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს («ნაციონალური მოძრაობა», შემდგომ კი _ «ქართული ოცნება») ამ პრობლემას მეტისმეტად აქტუალურად თითქმის არავინ ჩათვლის. მაგრამ ეს ვითარება ადრე თუ გვიან შეიცვლება და სამოქალაქო დაპირისპირების, საზოგადოების ახალი გახლეჩის საფრთხე სავსებით რეალური გახდება.

საქართველოსა და სხვა ღარიბ ქვეყანებში ძირითადი პოლიტიკური იარაღი აღვირახსნილი პოპულიზმი და დემაგოგიაა. საზოგადოების ნაწილი კვლავინდებურად დაეძებს ქარიზმულ ბელადს და, გამორიცხული არაა, რომ მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებს (სააკაშვილის მსგავსი) უპასუხისმგებლო დემაგოგი მოიგებს, რომელიც შემდეგ გამოიყენებს ამომრჩეველთა ნდობის მანდატს იმისთვის, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების გაფართოებისთვის, შემდგომ კი _ ერთპიროვნული მმართველობისთვის. საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ (ავსტრიის შემთხვევა სპეციფიკური გამონაკლისია). ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტის არჩევა პარლამენტს მივანდოთ ან შევქმნათ საგანგებო საარჩევნო კოლეგია დეპუტატებისგან და რეგიონების წარმომადგენლებისგან, როგორც ეს იტალიასა და გერმანიაში ხდება, მთავარი კი ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სრულფასოვანი საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ, პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას მთელი ერის მიერ თავი უნდა დავანებოთ. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია საპრეზიდენტო მოდელისკენაც წავიდეთ, ყველა მინუსის მიუხედავად, ეს უკეთესია, ვიდრე შუა გზაში გაჩერება იმ გაუგებარ ჰიბრიდულ მოდელთან ერთად, რომელმაც მომავალში შეიძლება სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს.

საქართველოს კონსტიტუცია ძალიან ჰგავს ძველ «ხრუშჩოკას», რომლის უპასუხისმგებლო ბინადრებმა აქა-იქ ლოჯიები მიაშენეს, საყრდენი კედლები დაანგრიეს, ხოლო როდესაც გააცნობიერეს, რომ შენობა ინგრევა, მისი გაუაზრებელი გამაგრება დაიწყეს, რომელიც არა ერთიან გეგმას, არამედ რყევებზე პანიკურ რეაგირებას ეფუძნებოდა. შედეგად ჩვენ მივიღეთ მონსტრუოზული, უცნაური კონსტრუქციებით დამძიმებული შენობა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრევა. ხარვეზების გასწორება ვერ შექმნის არათუ იდეალურ, არამედ რამდენადმე მყარ კონსტიტუციას, რადგან ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გააზრებული არ გვაქვს, როგორი უნდა იყოს სისტემა მთლიანობაში. კონსტიტუციონალისტები არ არიან მეხანძრეები, რომლებმაც სასწრაფო შესწორებებით უნდა ჩააქრონ ცეცხლი ხან 73-ე მუხლში, ხან სხვაგან. არადა, დღესდღეობით დაახლოებით ამას აკეთებენ.

დღეს კონსტიტუცია ასოცირდება კანონის დაქვემდებარებასთან პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ და მუდმივ არასრულყოფილ შესწორებებთან, რომელნიც ხსნიან ერთ პრობლემას ტაქტიკურ პერსპექტივაში, მაგრამ ამავე დროს ქმნიან რამდენიმეს სტრატეგიულში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ალბათ, აჯობებს, ძველი კონსტიტუციის შესწორების ნაცვლად, ახალი შევქნათ. საქართველოს კონსტიტუცია, ამერიკულის მსგავსად, «ერის მამებს» რომ შეექმნათ და მას ერთგვარ ძეგლად რომ აღვიქვამდეთ, ეს იდეა უადგილო იქნებოდა, თუმცა ის სულ სხვა, ერთობ ღიმილის მომგვრელ (ზოგმა ის შეიძლება სამარცხვინოდ ჩათვალოს) ვითარებაში დაიწერა.

ლარი ლესიგმა, რომელიც 90-იანებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში სამართალს ასწავლიდა და აღმოსავლეთევროპული კონსტიტუციონალიზმის შესწავლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, საუნივერსიტეტო გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში (07.12.95) საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი ასე აღწერა: «1994 წლის ოქტომბერში შევარდნაძის მიერ შერჩეული 10 ქართველი, რომლებიც სხვადასხვა ფრაქციას წარმოადგენდნენ, საბოლოო პროექტის დასაწერად ჩიკაგოში ჩამოვიდა. იურიდიული ფაკულტეტის საკონფერენციო დარბაზი საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის ცენტრი გახდა. დაიდგა ორი კომპიუტერი დოკუმენტის ქართულად და ინგლისურად დასაწერად». ლესიგი და სხვა ექსპერტები 10 ქართველ დელეგატთან მუშაობდნენ. «ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რა გავაკეთოთ, _ ყვება ლესიგი, _ ჩვენ ვიმეორებდით, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის… ჩვენი საქმე იყო კონტექსტის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა და არა დოკუმენტის დაწერა».

კონსტიტუციამ, რომლის დაწერის პროცესში ძირითადი დევიზი იყო «რა გავაკეთოთ?», მოგვიანებით «გაუპატიურებული კონსტიტუციის» სახელი დაიმკვიდრა და, ალბათ, არაფერი დაშავდება იმით, თუ მის ნაცვლად ახალს შევქმნით, თუმცა საუბარი ამაზე ნაადრევი იქნება მანამ, სანამ ერი არ ჩამოყალიბდება, როგორი სახელმწიფოს ფორმირება სურს. თუმცა დღეს დისკუსია მიმდინარეობს არა ამაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომელიც, ფართოდ გავრცელებული ილუზიების მიუხედავად, ევროკავშირში ინტეგრაციის კარს არ გაგვიღებს. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ მკაფიოდ და გასაგებად თქვა: «ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ» (დაახლოებით იგივე თქვეს ბარაკ ობამამ და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსა და ნატო-ზე). სხვათა შორის, ყველამ როდი იცის, რომ 70-იან წლებში ახალგაზრდა ბაროზუ «მარქსისტ-ლენინელი სტუდენტების ფედერაციის» წევრი იყო, შემდგომ კი _ მაოისტური «პროლეტარიატის პარტიის რეორგანიზაციის მოძრაობის» წევრი (ამჟამად «პორტუგალიის მშრომელთა კომუნისტური პარტია»), თუმცა ეს ისე, სხვათა შორის. ცხრა პარტიაზე გადამხტარი ქართველი პოლიტიკოსების ფონზე, ჟოზე მანუელ ბაროზუ სავსებით ღირსეულად გამოიყურება.

ესენი კი ჩხუბობენ იმაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომლის შინაარსზე საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენა არ აქვს. გამორიცხული არაა, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რათა დაანახონ დასავლელ პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მას, თუმცა, ალბათ, გაცილებით კონსტრუქციული და პატიოსანი იქნებოდა, ამომრჩევლებისთვის აეხსნათ, თუ რას მოუტანს (მაგალითად) ქართულ საწარმოებს ევროპული რეგულაციების დანერგვა (თორემ მოგვიანებით ხალხი შეიძლება ძლიერ გაღიზიანდეს იმ სავარაუდო ნეგატიური შედეგების გამო, რომელთა შესახებ ხელისუფლებამ ბანალურად არ გააფრთხილა).

თუ ქვეყნის მდგომარეობას რამდენიმე მოკლე ფრაზით აღვწერთ, ალბათ, დაახლოებით ასეთ შედეგს მივიღებთ: კონსტიტუცია არასრულყოფილია, სააკაშვილის რეჟიმმა კანონმდებლობაში უამრავი «შენელებული მოქმედების ნაღმი» დატოვა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უაღრესად მძიმეა. ქვეყანას უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ გააჩნია. სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა. რა შეიძლება იყოს უფრო უადგილო, უფრო იდიოტური ასეთ სიტუაციაში, ვიდრე დავა იმაზე, ვინ მოაწერს ხელს ამა თუ იმ ხელშეკრულებას? ხელისუფლებაა თუ პალატა #5, უკაცრავად, პალატა #41?! ისე, რა მნიშვნელობა აქვს ნომერს, პალატა მაინც პალატაა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here