ძალოვანი უწყებების ვეტერანები «საქართველო და მსოფლიოს» დაუკავშირდნენ. ეს ის პერიოდი იყო, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვითი იარაღის განთავსება რომ სთხოვა. ვიფიქრეთ, ძალოვანები ამაზე იყვნენ გაბრაზებულნი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ისინი გაბრაზებულები ნამდვილად არიან, მაგრამ მიზეზი ხელისუფლების უყურადღებობაა.
ზაზა ჩაჩუა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების პოლიციის პოლკოვნიკი:
_ საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა დავაფუძნეთ და არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, რადგან წლებია, ჩვენთვის ვერავინ მოიცალა. ოცი წელია, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები ყველა მთავრობისგან მიტოვებულნი ვართ.
_ უკვე პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ხართ, ამიტომ გკითხავთ: მოგწონთ საქართველოს თავდაცვის მინისტრი?
_ ქალი ხომ არ არის, რომ მოვიწონო? მის საქმეებში ჩახედული არ ვარ, ამიტომ ვერ გეტყვით, მისი პლუსი რა არის და ვერც მინუსებზე ვილაპარაკებ.
_ ალასანიას განცხადება ნატოს ანტისარაკეტო დანადგარების საქართველოში განლაგების შესახებ თუ მოგეწონათ?
_ ეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადება აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ყველასთან, ვისაც ქვეყნის ბედი აბარია, ასეთი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება ასე ნაუცბათევად არ ხდება. აუცილებელია, ჯერ რუსეთთან მოვაგვაროთ ურთიერთობა. არ შეიძლება, მეზობელს პატივი არ ვცეთ და მხოლოდ ერთ მხარეს ვიყურებოდეთ. თანაც შედეგებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რა მოგვიტანა ამდენმა წელიწადმა?! ასეთმა შეცდომებმა და გადაწყვეტილებებმა ტერიტორიები დაგვაკარგვინა.
გოდერძი ხუჯაძე, იუსტიციის გენერალი, პოლიციის პოლკოვნიკი:
_ ირაკლი ალასანიას ის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.
_ იქნებ დადგა ის მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება სწრაფად და შეუთანხმებლად უნდა მიიღო იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება?
_ ეს ალასანიას უნდა ჰკითხოთ, რისთვის დასჭირდა ამ განცხადების გაკეთება.
_ დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, თანაც ნატოსთან ინტეგრაციის პროცესებმა თქვენ თვალწინ გაიარა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრება რეალურია?
_ ამის არავის სჯერა. ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა აქვს დარღვეული, ნატოს წევრი ვერ გახდება.
_ რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში ჩართვა?
_ წლებია, ყურადღებას ვითხოვთ. სად, რომელ ქვეყანაში აქვთ ძალოვან ვეტერანებს პენსია 22 ლარი? გვეუბნებიან, ბიუჯეტს უჭირსო, არადა, ვეტერანებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გადადეს, სამშობლოს ჯანმრთელობა შესწირეს.
ჩვენ გვინდა აქტიურად ჩავერთოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
არის საკითხები, რომლებსაც ვაპროტესტებთ, მაგალითად, არ მოგვწონს, რომ ქალი პენსიას 60 წლის ასაკიდან იღებს, ხოლო მამაკაცი _ 65-დან. ეს მიხეილ სააკაშვილმა დააკანონა და მას შემდეგ არც ერთი პოლიტიკური ძალა ამ საკითხს, როგორც პრობლემას, არ განიხილავს.
_ ცოტა საშიში მგონია ძალოვანების პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება.
_ ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ. გვინდა, ყველა მოქალაქის უფლება დავიცვათ. «პაგონებიანი» ადამიანი არ შეიძლება საშიში იყოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის! რაც მთავარია, სისულელეს არ ჩავიდენთ, დამნაშავე კი, ვინც უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს.
თუ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შექმენით პარტიები და იბრძოლეთ, როგორც შეგიძლიათო; ჰოდა, ჩვენც ავდექით და პოლიტიკური მოძრაობა ჩამოვაყალიბეთ…
ეკა ნასყიდაშვილი