Home რუბრიკები საზოგადოება გლობალიზაციამ ტრადიციულ სკოლას საფუძველი გამოაცალა

გლობალიზაციამ ტრადიციულ სკოლას საფუძველი გამოაცალა

ათ წელზე მეტია, საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმა მიმდინარეობს. ქვეყანაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ დაამტკიცა რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი _ «ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები», რომელსაც სახელმწიფო დონეზე უნდა განესაზღვრა, თუ რას ემსახურება განათლება, კონკრეტულად კი _ სკოლა.


ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დაკვეთა განათლებაზე ასეთია: «ქვეყანაში განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პი-როვნების ჩამოყალიბებისთვის». ეს არის და ეს. არაფერს ამბობს პროცესზე, როგორ აწარმოო პროდუქტი, რა ხერხებით, მეთოდებითა და მექანიზმებით მიიღწევა შედეგი.

ისიც ცნობილია, რომ ცვლილებების გარეშე მაღალი ხარისხის განათლება ვერ მიიღწევა. განათლების შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია დიაგნოსტიკური ხასიათის კვლევების, პროცესის რეგულარული მონიტორინგის გარეშე, რაც ქმნის საშიშროებას, მხედველობიდან გამოგვრჩეს წარუმატებლობა სისტემაში ან მის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაში, მათ შორის, _ აღზრდაში.

მასშტაბური რეფორმა მოითხოვდა რეფორმის ინდიკატორების განსაზღვრას და პროცესის რეგულარულ მონიტორინგს წარუმატებლობისგან თავის დასაზღვევად. რაც არ განხორციელებულა და, რომ არა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, წარმოდგენაც კი არ გვექნებოდა სწავლების შედეგებზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ 2006-2011 წლების კვლევის შედეგების მიხედვით, 45 ქვეყნას შორის საქართველო 37-ე ადგილზეა და, სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ცუდი შედეგი გვაქვს. ჩვენ შემდეგ მოდიან: სამხრეთი აფრიკა, ქუვეითი და ყატარი.

ახლა კი მინდა, მივუბრუნდე აღზრდის საკითხებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეცვალა სკოლის მისია, მაგრამ ამის თაობაზე ბევრი არაფერი იცის პედაგოგიურმა საზოგადოებამ, რაც განათლების სისტემის ხელმძღვანელ მუშაკთა არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული.

არავინ სვამს კითხვას _ რას ნიშნავს აღზრდა ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის პროცესში? უნდა წარიმართოს თუ არა 21-ე საუკუნეში განათლება საერთაშორისო მოქალაქის აღზრდის გლობალური ასპექტების გათვალისწინებით, ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს თუ არა აღზრდაში ანალოგიური ღირებულებები, რომლებიც არსებობდა აქამდე, თუ დადგა დრო, რომ საზოგადოება შეთანხმდეს ახალზე. ამ საკითხებზე კამათი საზოგადოებაში განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს. საჭიროა შეთანხმება _ სკოლაში აღზრდა ეროვნულ საწყისებზე უნდა განხორციელდეს თუ გასცდეს ეროვნულ ჩარჩოებს.

გლობალიზაციამ ტრადიციულ სკოლას საფუძველი გამოაცალა და დადგა აუცილებლობა, განათლების ერთ-ერთი მიმართულება საერთაშორისო მოქალაქის აღზრდას ემსახურებოდეს. ასე რომ, სიტუაცია პრობლემურია, პოზიცია _ რთული, ამიტომაც რეფორმის მამები დუმილს ამჯობინებენ და თითქმის არ არსებობს ღირებულებებსა და მათ დეფინიციაზე კამათი არათუ საზოგადოებაში, არამედ სისტემაშიც კი.

არადა, ფაქტია: საზოგადოებისთვის გამოცანად რჩება, ვინ უნდა «გამოუშვას» ამ რეფორმით მომუშავვე ქართულმა სკოლამ. არ ჩანს თანამედროვე იდეალებისა და ეროვნულობის კონკრეტული თემები. ასევე, არ არის განსაზღვრული სკოლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია _ აღზრდა და მისი პრიორიტეტები.

არ არსებობს თეორიები სწავლებისა და აღზრდის თეორიები, რომლებიც ყველა ეპოქაში ვარგისი იქნებოდა. მოგეხსენებათ, აღზრდის სისტემის პირველი რგოლი ოჯახია, მაგრამ დღეს მისი ავტონომიურობა და ტრადიციები დაარღვია მიმდინარე პროცესებმა, რომლებიც მხოლოდ ხელისშემშლელი აღმოჩნდა, აღსაზრდელის ზნეობრივი და ეროვნული ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.

ჩვენი საზოგადოება სიტყვა «ღირებულებების» აღქმის საკითხში ძალიან არაერთგვაროვანია. ნაკლებად ჩანს რამე თანხმობა, ღირებულებათა რა სისტემა ვაღიაროთ, როგორც ჩვენი იდენტობის საყრდენი, მომავალი თაობის ზნეობრივ ორიენტირად _ ლგბტ საზოგადოებისა და სხვა უმცირესობათა ინტერესების დაცვა თუ მათთან ბრძოლა?

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული აცდენები და დისონანსები ღირებულებების დეფინიციისა, თუმცა არის საკითხები: ოჯახური ტრადიციები; პატრიოტიზმი (სიტყვა, რომელიც ნახსენები არ არის «ზოგადი განათლების» შესახებ კანონში); ეროვნული კულტურა, რომელთა მიწოდება მოსწავლეთათვის ხდება პედაგოგების მიერ და რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახება. ეს ღირებულებებიც ბეწვის ხიდზე გადის და უნდა ვეცადოთ, ისინი მომავალი თაობების ცხოვრების განმსაზღვრელ ფასეულობებად დარჩეს და იდეოლოგიურ იარაღად არ იქცეს.

ქვეყანაში აღზრდის კონცეფცია არ არსებობს და ამიტომ სკოლას მინიმალური როლი ენიჭება მოზარდის ღირებულებათა სისტემის შექმნაში _ ასეთ შემთხვევაში სკოლა ხომ სისტემის ფუნქციააყრილ ინსტიტუტად რჩება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა აღზრდა?! პარადოქსია!

უბედურებას ისიც ემატება, რომ არის მცდელობა, დავივიწყოთ დედაენა, მამული, სარწმუნოება, სამშობლო, სულიერება, ეროვნულობა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დემოკრატიასა და მის ოპონენტთა შორის გამართული საშინელი კონფლიქტების ეპოქაა. ქართულმა სკოლამ ამ კატაკლიზმებს თავი ვერ გაართვა და 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცის გარეთ აღმოჩნდა.

მოსწავლეებში იმატა აგრესიამ, ხშირია კონფლიქტები, აღვირახსნილობა, ნარკომანია. ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია, რომლის აღმოფხვრისთვის საკმარისი არ არის ის ღონისძიებები, რომლებიც დღევანდელ განათლების სისტემაში ტარდება.

ასეთ ვითარებაში საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მცდელობა, შექმნას რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, კონკრეტულად დანაშაულის პრევენციას, პედაგოგიური ანალიზის საფუძველზე აუცილებელი და გადაუდებელი საკითხია.

აკადემია საფუძველს უყრის ახალ მიმართულებას განათლების სისტემაში _ იურიდიულ პედაგოგიკას, რაც, ჩვენი აზრით, მეტად მიგნებული მექანიზმი აღმოჩნდება მოსწავლეთა დანაშაულის პრევენციის საქმეში.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თუ ნამდვილ სახელს დავარქმევთ, შეიძლება გაგვიჭირდეს მართვის ორიენტირის მიგნება. გამოსავალი ერთადერთია: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს განათლებაში მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში. აუცილებელია, მოხდეს საკანონმდებლო ბაზის სერიოზული რევიზია და ამის შემდეგ აღზრდაში ჩაიდოს კანონის დაცვისა და მისი პატივისცემის უნარ-ჩვევა, მით უმეტეს მაშინ, როცა ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას.

მშენებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ხელისუფლებები დროებითია, მუდმივია ისტორიული მეხსიერება, რომელიც არ დაივიწყებს იმას, რომ წინა ხელისუფლებამ დააბინძურა გარემო, არა მხოლოდ სამართლებლივად, არამედ ზნეობრივადაც _ სამორინეებით, ღამისა და სტრიპტიზბარებით, ტოტალიზატორებით. ნათელია, რომ ძალადობრივ, უხამს გადაცემებსა და ფილმებზე აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და რომ ამ გარემოში ძალიან გაუჭირდება ქართულ სკოლას, აღზარდოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სრულფასოვანი მოქალაქე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებს. ამაზე პასუხი უნდა აგოს ვიღაცამ და არა მხოლოდ სკოლამ. ისიც უნდა ითქვას, რომ გარემო და ელექტრონული მედია ხშირად გადაცდომების მიზეზი ხდება.

ნაცვლად იმისა, ვაღიაროთ, რომ ჩვენ, როგორც სისტემა, განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციების მქონე ქვეყანაში დღეს ვერ უზრუნველვყოფთ სწავლებასა და აღზრდას, ვამბობთ, რომ მოსწავლეებმა დაკარგეს სწავლისადმი ინტერესი.

«სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქე სულიერი აგრესიისგან, _ ბრძანებს პატრიარქი, _ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ სახეს იღებს; მათი ძირგამომთხრელი საქმიანობა კი არ იზღუდება, არამედ კიდევ უფრო მეტად აკანონებენ მათ უფლებებს და მათ წინააღმდეგ მიმართულ აქციებს კრძალავენ. არის სექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოებას და საერთოდ ქვეყანას». არავინ იცის, რამდენი მოსწავლე და ახალგაზრდაა გაერთიანებული დღეს ამ სექტებში. ამ საკითხის სრულყოფილი ანალიზი ვრცელ გამოკვლევას მოითხოვს, მაგრამ კანონი უმცირესობათა შესახებ ამას კრძალავს, არადა, გარდა სულიერი გადაგვარებისა, სექტების წევრები ხშირად სისხლის სამართლის დონის დანაშაულის ჩამდენები ხდებიან ფანატიზმის ზემოქმედებით.

ქვეყანაში, სადაც გარემო გაჯერებულია პიარტექნოლოგიებით, სადაც კარგადაა აპრობირებული ახალი ტიპის ოკუპაცია ინტერნეტისა და საინფორმაციო საშუალებებით, ცხადია, ადვილი არ არის გზის გაკვლევა.

საინფორმაციო რევოლუციამ, ტელე და კომპიუტერულმა კავშირებმა ძირეულად შეცვალა ჩვენი ყოფა. გლობალიზაციის პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი არსებობაც კი. ასეთ პირობებში მარტივი არ არის ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება. ის, რაც დღეს ხდება აღზრდის სფეროში, ცუდი საწყისია ერის მომავლისთვის.

ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ამ სირთულეების მოგვარება შეეძლო მანდატურის სამსახურს ან მომავალში შეძლებს. ადამიანის აღზრდას საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული პედაგოგიური გამოცდილება, განათლება, ჰუმანურობა და ბუნებით ნაბოძები ნიჭი სჭირდება, რომელსაც სამთვიანი, თუ გნებავთ, მეტხნიანი კურსების დამთავრება ვერ განაპირობებს. აღმზრდელი კარგად უნდა იცნობდეს აღსაზრდელს და იმ მეცნიერებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა შეძლოს მოზარდის უნარებისა და მიდრეკილებების გამომჟღავნება, ხელშეწყობა, რომ მართოს საკუთარი ინსტიქტები, შეძლოს განერიდოს კონფლიქტებს და კიდევ მრავალი რამ, რაც ძალისმიერი მეთოდებით არ იმართება. აღზრდის საფუძველი სიყვარულია, ვერ შეიყვარებ იმას, ვისიც გეშინია, ამიტომაც ძალადობა და სტრესი აღზრდაში მიუღებელია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: განსხვავებით პოლიციური სამსახურებისგან, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობები ეყრდნობა პრინციპებს _ მასწავლებელი აღიარებს მოსწავლეს და პირიქით _ მოსწავლე აღიარებს მასწავლებლის ხელმძღვანელ როლს მისი სწავლებისა და აღზრდის საქმეში. პედაგოგია ის, ვინც ყოველდღიურად, ყოველ გაკვეთილზე, მოსწავლის აღზრდით წყვეტს საზოგადოების აღზრდისა და გარდაქმნის პრობლემას.

სკოლა ის ორგანიზმია, რომელშიც გამოკვეთილად ჩანს ის ინდივიდები, რომელთა ქცევაშიც არის მიუღებელი ქმედებები, არასახარბიელო მიდრეკილებები დაუდევრობის, ზოგჯერ დაუმორჩილებლობის სახით. და თუ ეს ყველაფერი რეაგირებისა და ყურადღების მიღმა დარჩა, შედეგად შეიძლება მძიმე დანაშაულიც კი მოჰყვეს. ასე რომ არ მოხდეს, ამისათვის საკმარისი არ არის უსაფრთხო სკოლის დებულება ან მანდატურის სამსახური, სამეთვალყურეო და პროფილაქტიკური საბჭოებისა და კომიტეტების შექმნით ასეთი მდგომარეობის პროფილაქტიკა ხშირად შეუძლებელია.

აუცილებელია, სკოლაში არსებობდეს ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც იქნება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რათა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში დისციპლინის ამაღლებას, რაც მაღალი აკადემიური მოსწრების საწინდარია.

დადგა დრო, რომ აღზრდას დავუბრუნოთ ეროვნული განათლების სულიერი ფუნქცია, რომლის არარსებობამაც დღეს საქმე იქამდე მიიყვანა, რომ სასულიერო პირები პარლამენტისა და მთავრობისგან გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას ითხოვენ, რათა «დავიცვათ ჩვენი შვილები ნებისმიერი მავნე ზეგავლენისგან და აღვზარდოთ ისინი ჩვენი ტრადიციების, ზნეობისა და რელიგიური მრწამსის შესაბამისად».

სიტუაცია ისეა გამწვავებული, რომ პატრიარქიც ხმას იმაღლებს და ბრძანებს: «ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასობრივად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა, ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო».

«…იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე!» _ წერია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. პატრიარქი ამ ეპისტოლეთი გვაწვდის აღზრდის ღირებულებათა მთელ სისტემას, რომლის მიხედვითაც სამართლებლივი კანონებით დაცულ სინდისს სინდისით დაცული კანონი ჯობია.

«მასწავლებლის სიტყვა ყველანაირ იარაღზე ძლიერია!» _ ბრძანებს ბრძენთა ბრძენი სოკრატე, მაგრამ სიტუაციას ართულებს ის, რომ ძნელია დღევანდელობის შეცნობა. თუმცა აქ უკვე უნდა ვიმოქმედოთ ჰომეროსის მიხედვით, რომელიც ამბობს: «ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისი დროის დაპატრონება!». ეს ადამიანი კი ჩვენ გვერდითაა, ეს გახლავთ საქართველოს პატრიარქი ილია II, რომელიც «დროს დაუფლებული» გვმოძღვრავს:

«საკუთარ თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად».

გავუფრთხილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, თუ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი! _ ამბობდნენ დიდი ქართველები. ჩვენც მივყვეთ ისტორიულად ნაცად ამ გზას.

ინეზა იამანიძე,

საქართველოს განათლების მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here