Home რუბრიკები პოლიტიკა მინისტრობა ქართულად, ანუ რა ღირს საქართველოს სამხედრო საიდუმლო

მინისტრობა ქართულად, ანუ რა ღირს საქართველოს სამხედრო საიდუმლო

535

ქართველებს, ბევრ სხვა «სიკეთესთან» ერთად, ისიც გვჭირს, რომ ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით და ამას ისე ვაკეთებთ, თითქოს ვერც ვამჩნევთ. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა რომელიმე თემას სკანდალი და ამომრჩეველთა უკმაყოფილება მოჰყვება ხოლმე. ასე მოხდა, როცა ციხის კადრების შემდეგ უკიდურესად საშინელ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ისე მიუშვეს, რომ დაბადების დღეებს მეგობრებს სკაიპით ულოცავდნენ და ბოლო მოდელის მობილური ტელეფონებით სოციალურ ქსელებში სელფშოტებს აქვეყნებდნენ. მერე იყო ნოდარ ხადურისა და მისი რაციონის განხილვა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამით შეშინებულმა მაია ფანჯიკიძემ საფრანგეთის პრეზიდენტს ისეთი სუფრა გაუშალა, ფრანსუა ოლანდს თავი ფარულ კამერაში (ან, უბრალოდ, კამერაში) ეგონა.


ახლა კი იმ ხელფას-პრემიებზე უნდა ვთქვა, რომელიც სიმსუყეს არც ადრე უჩიოდა და არც ახლა უჩივის. საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ მთელი ეს აურზაური ნატოს გარშემო და პიარი საქართველოს ჯარის გამართულობის თუ უძლეველობის შესახებ საპნის ბუშტივით სკდება.

მინისტრების პრემიების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე მეტი, ანუ 83076 ლარი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დაერიცხა. ალასანიას უწყებამ მყისიერი რეაქცია გამოავლინა და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ პრემია და ალასანია სახელფასო, ჩინის, სტაჟისა და საიდუმლოს შენახვის დანამატს იღებს. ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს ბოლო პუნქტია. როგორ გგონიათ, რამდენად უფასდება სამხედრო საიდუმლოს შენახვა თავდაცვის მინისტრს ყოველთვიურად? თურმე ეს თანხა 531 ლარია.

რა გამოდის? ქართული ჯარისა და თავდაცვის საიდუმლო თვეში 531 ლარად, ანუ წელიწადში 6 372 ლარად არის შეფასებული. ორი ვარიანტია _ ან ეს თანხა ალასანიას ტყუილად ერიცხება (6 372 ლარად საიდუმლოს ყიდვა ნებისმიერ სპეცსამსახურს შეუძლია), ან, არადა, გასასაიდუმლოებელი არც არაფერი გვაქვს და, უბრალოდ, თავს ვიტყუებთ. მე მეორე ვარიანტი უფრო მგონია, თორემ სხვაგვარად ან თანხას აწევდნენ, ან ამ გრაფას საერთოდ ამოიღებდნენ. აბა, რას ნიშნავს 531-ლარიანი დუმილი თვის განმავლობაში? ეს, სულ ცოტა, დაცინვაა, ყველაზე დიდი კი _ აბსურდი. ჩვენი თავდაცვის უწყება რომ აბსურდის თეატრს დაემსგავსა, ესეც ფაქტია.

ვღანურ მისიაზე რომ არაფერი ვთქვათ, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის დასაცავად დაღვრიან სისხლს ჩვენი გენოფონდის წარმომადგენლები; მერე რა, თუ იმ ქვეყანაში ისევ კანიბალიზმია და ადამიანის ხორცი დელიკატესად ითვლება?! ახლა არ მითხრათ, ეს საიდუმლო ინფორმაციაა და არ უნდა დაგეწერაო, მთელი თავდაცვის საიდუმლოება მინისტრს თვეში 531 ლარად შეუფასეს და რაც მე ვთქვი, ლარ-ნახევარი თუ ეღირება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე უნდა ვითამაშოთ ომობანა, როდემდე უნდა გადავიტყავოთ ხელები ნატოს კარზე კაკუნით და როდემდე უნდა გვატყუონ ალიანსის წევრებმა, წელს თუ არა, გაისად მაპს მოგცემთ, მერე კი ნატოსკენ სავალი გზა 15-20 წელზე მეტი ხნით არ გაიწელებაო?! როდემდე უნდა ევაჭროს ნატო რუსეთს, _ თუ ჭკუით არ მოიქცევი, საქართველოში რაკეტებს განვალაგებო, და ამით გაგულისებულმა ჩრდილოელმა მეზობელმა როდემდე უნდა გადმოსწიოს ის საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს, შიდა ქართლში ვირტუალურ საზღვართან ახლოს მცხოვრებმა ქართველებმა ერთ დილით, შესაძლოა, მავთულხლართს მიღმა გაიღვიძონ, როდემდე?!

რაც შეეხება დანარჩენი მინისტრების პრემიებს, ისე ჩანს, ამ ყველაფერს კომპიუტერული პროგრამა თვლის. სხვაგვარად შეუძლებელია ხათუნა გოგალაძეს, სოზარ სუბარს, დავით ნარმანიას, დავით დარახველიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და ლევან ყიფიანს ერთდროულად თავში მოსვლოდათ აზრად და პრემიის სახით თავიანთი თავისთვის ზუსტად 47 685 ლარი გამოეწერათ. გასაკვირი ის არის, კომპიუტერი მოსახლეობისთვის რატომ არ თვლის არაფერს და იმ 9 მილიონი ლარიდან (პრემიებს პლუს სახელფასო დანამატი), რომელიც მინისტრებმა შარშან გაინაწილეს, ხალხს რატომ არაფერი ერგო?!

თუ დაუკვირდებით, ქართული ჯარის საიდუმლო საარსებო მინიმუმზე მაღალია და ეს არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი. ეჭვი მაქვს, ქართველი ამომრჩეველი საიდუმლოსა და საარსებო მინიმუმის გათანაბრებას მოითხოვს. მართალია, რიგითი ადამიანები საიდუმლოს არ ინახავენ, მაგრამ ამ მთავრობის შენახვა უფრო ძნელი რომ არის, ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან.

ჰოდა, ერთ დღესაც ამის გაკეთება თუ აღარ მოისურვეს, მერე ნახეთ, რა მოხდება. პრინციპში, რაღა მერე, ერთხელ უკვე ნანახი გაქვთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არც 2016 წლამდე დარჩა დიდი დრო.

დავით მინდიაშვილი

P. S. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტი ხელფასების გაზრდას და ავტოპარკის განახლებას გეგმავს. თანხა გამოიყოფა მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან, რომელიც 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, რაც წლევანდელზე 2 მილიონ 604 ათასი ლარით მეტია. საკანონმდებლო ორგანოში მომუშავეთა რაოდენობა კი 840 ადამიანით განისაზღვრება.

P.P.S. ჭამე ნოდარი… ირაკლი… კახა… თეა… დავით… პაატა…ალექსი… ხათუნა… ნოდარ… მაია… ლევან… შალვა… თამარ…

ჩვენც გვაჭამეთ (პატივისცემით, ქართველი ერი)!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here