Home რუბრიკები პოლიტიკა ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ექსპრეზიდენტს _ გრძელი ენა

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ექსპრეზიდენტს _ გრძელი ენა

1237

ვერ გეტყვით, პროკურატურაში დაბარების შიშითა თუ სხვა შიშის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას თავს არიდებს. მან ისიც თქვა, მინდა, ქართველი ხალხი ჩემი პერსონისგან დავასვენოო და ქართულ მედიასაც არ ანებივრებს ინტერვიუებით. სამაგიეროდ, სააკაშვილი უცხოელი ჟურნალისტებისთვის არის ხელმისაწვდომი და ისინიც არცთუ იშვიათად სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუს სთხოვენ.


შემდეგ ამ ინტერვიუს ჩვენ, მისი ყოფილი ქვეშევრდომნი ვნახულობთ და შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი ნააზრევი კი არა, ჩვეულებრივი აღსარებაა. აღსარება, რომელიც ქართველ ერს შოკში აგდებს და კიდევ ერთხელ ანახებს იმას, როგორ ჰქონდა დახვეწილი წინა ხელისუფლებას ტყუილის ტექნოლოგია და, ქაღალდზე დახაზული ქალაქებისა თუ სხვადასხვა პროექტების გარდა, როგორ ცდილობდა, ერს ილუზიაში ეცხოვრა.

ამ დღეებში სააკაშვილი უკრაინულ ტელევიზიაში გამოჩნდა. ჟურნალისტმა ჯერ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის პრეზიდენტად სააკაშვილის ხილვა სურს (ამის გაგონებაზე მიშამ ტუჩები მოილოკა), შემდეგ კი ექსპრეზიდენტს უკრაინაში არსებული სიტუაციის შეფასება სთხოვა. როგორც ჩანს, სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტიც იყო და ისე გაუტია, ამ ინტერვიუს ჩანაწერს თუ ნახავდა, მკლავებზე ძარღვები უნდა დაბერვოდა (აბა, შუბლზე აღარ აქვს და!).

«თქვენ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ნატოს კარი უკრაინისთვის მიხურულია და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთს ოკუპირებული ექნება ყირიმი. თავადაც იცით, რომ ნატოში არავინ მიგიღებთ, თუ სადავო ტერიტორია გაქვთ და, პრაქტიკულად, ომის ზღვარზე იმყოფებით. საქართველოსთვისაც სწორედ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენ ვცდილობდით ნატოს კარის შეღებას და ამ მიზანთან ახლოსაც ვიყავით, მაგრამ 2008 წელს რუსეთმა ახალი ტერიტორიები მიითვისა და ეს ოცნებაც დასრულდა», _ განაცხადა სააკაშვილმა.

ეს ინტერვიუ ინტერნეტით გავრცელდა და, სიმართლე გითხრათ, რამდენიმეჯერ გადავახვიე, კარგად რომ მომესმინა, რას ღაღადებდა ნაპრეზიდენტალი. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ეს ჩვენი (რაღა ჩვენი, საქართველოში პროკურატურასაც ვერ ჩამოჰყავს) სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად წლების განმავლობაში ისე გვატყუებდა, რომ ზუსტად იცოდა, ცრუობდა. თუ უკრაინას ტერიტორიული პრობლემების გამო ნატოში არ მიიღებენ, საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამო უფრო დიდი პრობლემა უნდა შექმნოდა, ანუ ჩვენ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თეორიული შანსიც არ გვქონდა, მაგრამ სააკაშვილი და მისი გუნდი ერთხმად გვიმტკიცებდა საპირისპიროს. სააკაშვილს ვინ ჩივის ნატოს მაღალჩინოსნებიც ხან მაპზე უკეთესს გვაძლევდნენ, ხან ცხვირს გვაყოფინებდნენ ნატოს სამზარეულოში, იქაური სურნელით რომ დავმტკბარიყავით, და ხან კიდევ ანდრეს ფოგი (რასმუსენი რა) გვტუქსავდა, კარგად ვერ აკაკუნებთ, თორემ ჩვენი კარი ღიააო.

უფრო საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილის გუნდის წევრები, ახლა რომ ხმამაღლა გვესაუბრებიან, მიშას ამ ინტერვიუს შემდეგ თავჩაქინდრული არ დადიან. პირიქით _ ამაყობენ, რომ მათ ლიდერსა და ხორციელ მამას (მოდი, ნაციონალებს როცა ვახსენებთ სულზე ნუ ვისაუბრებთ), უკრაინის პრეზიდენტობას ეაჯებიან და მათი ლიდერი უცხოურ არხებზე ვარსკვლავობს. ჯერ ერთი, უკრაინის პრეზიდენტობას მიშიკო ვერ შეძლებს და ვერ შეძლებს იმიტომ, რომ ამდენი უკრაინელი მდედრის გადამკიდეს, როგორც კახელები იტყვიან, ერთ დღეს «სული ფლოსტივით გასძვრება» და მეორეც _ იანუკოვიჩს არც ქუჩაში დაუხვრეტია ხალხი, არც ციხეებში უწამებია იმ მეთოდებით, რომლებიც «ნაციონალებმა» დააპატენტეს, არც ქვეყნის ბიუჯეტზე ყოფილა ჩამოკიდებული საკუთარ ბანდასთან ერთად წურბელასავით, მაგრამ მაიდანი მაინც მოუწყვეს. შესაბამისად, მიშას მაიდანი კი არა, მუამარ კადაფის ბედი არ ასცდება. ამიტომ სჯობს, ისევ საქართველოს ექსპრეზიდენტად დარჩეს, ისევ სხვადასხვა ტელევიზიაში გამოჩენით დაიკმაყოფილოს ამბიციები; ჩვენ კი ყურადღებით მოვუსმენთ და გავიგებთ, კიდევ რომელ შეგნებულ ტყუილს გვეუბნებოდა მთელი ცხრა წლის განმავლობაში და რომელ ტყუილზე ებერებოდა მკლავზე ძარღვები.

დავით მინდიაშვილი

P.S. ამას წინათ სკოლაში მასწავლებელმა ბავშვებს თავისუფალი თემა მისცა «მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო» და ერთ-ერთმა მეშვიდეკლასელმა დაწერა, არ მინდა პრეზიდენტობა, ხალხი მაგინებსო…

როცა 19 წლის მაიკ ტაისონი კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მისი ინტელექტი მეშვიდე კლასის მოსწავლის ინტელექტის დონის იყო. საბოლოოდ ტაისონმა ბრწყინვალედ დაწყებული კარიერა მის ამერიკის გაუპატიურებითა და ციხით დაასრულა… სააკაშვილს ერის გაუპატიურების მცდელობა უკვე ჰქონდა და რა დარჩა?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here