Home რუბრიკები საზოგადოება ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, სადა ხართ?

ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, სადა ხართ?

ექსპერტი პაატა შეშელიძე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აფასებს:


_ 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, რაც  იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში, მის ორგანიზებასა და სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. მიმდინარე წლის პირველი მონაკვეთის ეკონომკური ზრდა თითქოს უფრო მაღალია, მაგრამ მაღალია სხვა მაჩვენებლებიც: ინფლაცია, ლარის გაუფასურება, თუმცა ამ საკითხზე მარეგულირებელი სამსახურის მაჩვენებლები არ ასახავს რეალობას. მისი მაჩვენებლები ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე არარეალურია. შარშან ბიუჯეტმა ვერ შეძლო ვალდებულებების გასტუმრება. იყო მნიშვნელოვანი დეფიციტი, რაც შემდგომ აისახა ინფლაციაზე;  ანუ მიმოქცევაში შემოიტანეს დამატებით ლარი, დააფინანსეს აღებული ვალდებულებები, რომელმაც გამოიწვია ლარის დევალვაცია და შემდგომ ეროვნული ბანკი იძულებული შეიქნა, ეს პროცესი შეეჩერებინა. ამისთვის  კი სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დახარჯა, რომელიც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხაა. მოკლედ, მთავრობა აფართოებდა თავისი ჩარევის ასპარეზს ეკონომიკაში, ზღუდავდა კერძო სექტორს, რის გამოც ძალიან შემცირდა კერძო სექტორის აქტივობა და ადგილობრივი ინვესტიციები. მაგალითად, აჭარაში ბოლო წლის განმავლობაში არაფერი გაუყიდიათ, ორი წლის განმავლობაში პრივატიზება არ მომხდარა. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინათ აჭარიდან მომაწოდეს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც,  სადაც ამ მიმართულებით აქტივობა არ შეინიშნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აღსანიშნავი: საქართველოში ფართომასშტაბიანი სახელმწიფო ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა სექტორში. დაფინანსდა სექტორები, რომელთა პროდუქციაზეც მოთხოვნა არ არის. ამის შედეგი, ადრე თუ გვიან, იქნება ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომლებიც ახლა თითქოს აქტივობის პროცესშია, არ დასრულდება წარმატებით და ძალიან ბევრს მოუწევს გაკოტრების რეჟიმში მუშაობა. ძალიან ბევრი პროექტი ჩავარდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს წახალისებულია. ეს წახალისებაც დროებითია. ფინანსური საპნის ბუშტების გაბერვა რომ შველოდეს ეკონომიკას, ეს დიდი ხნის აპრობირებული ტექნიკაა და შედეგიც ექნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

_ ამ საფრთხეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერ ხედავს?

_ რომ ხედავდეს, სხვანაირად მოიქცეოდა. ეკონომიკის სამინიტროს პირველი პირები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, სხვანაირად აფასებენ მიმდინარე პროცესებს და გეგმაზომიერად აწარმოებენ მცდარ პოლიტიკას, რაც, მათი აზრით, არ არის მცდარი. რაც მთავარია, პერმანენტული არასწორი მესიჯები, რომლებიც მოწოდებულია მთავრობის მხრიდან, კიდევ უფრო საჭოჭმანო მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას. მაგალითად, უკვე მერამდენედ წამოაყენეს ინიციატივა საპარტნიორო ფონდის შესახებ, რომელიც დაეხმარება ქვეყანას. ზუსტად ორი წელია, რაც ამ საკითხზე მიდის წყლის ნაყვა. დავფიქრდეთ ელემენტარულ საკითხზე _ თუ ვინმეს სერიოზული ინვესტიციის ჩადება უნდოდა, ვინ უშლიდა ხელს? გარდა ამისა, როდესაც ასეთი ფონდის გახსნას აანონსებენ, კერძო ინვესტორს უჩნდება შეკითხვა _ თუ მართლა შეიქმნება ფონდი, რომლიდანაც შეღავათიან ფასებში შევძლებ იაფი კრედიტის გამოტანას, რაღა დღეს ავიღო ბანკიდან დიდ პროცენტში სესხი? ამიტომ ზის და ელოდება ამ ფონდის ჩამოყალიბებას;  ანუ ის პროექტები, რომლებიც შეიძლებოდა 2 წლის წინ დაწყებულიყო და განხორციელებულიყო, გადაიდო, რადგან ეს ბიზნესმენები მოლოდინის რეჟიმში არიან და იმედი აქვთ შეღავათიანი დაფინანსების, თანაინვესტირების და ..  აქედან გამომდინარე, მთავრობის ეს დაპირებაც არასწორი იყო, რადგან, თუ რამეს ჰპირდები, მყისიერად უნდა გააკეთო. ადამიანს ორი წლის განმავლობაში დაპირებებით კვებავდე და ათასნაირად ატყუებდე, არ შეიძლება. მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაულს სჩადის ქვეყნის წინაშე, ასევე არ აქვს წარმოდგენა, რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს, ერთადერთი, რაც მათი მუშაობიდან ჩანს, არის ის, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, რაც აუცილებლად კრახით დასრულდება. სხვაგვარად შეუძლებელია.

_ იქნებ ამ ყველაფერს ხელოვნურად აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო?

_ არა. ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირებს ჰგონიათ, რომ სწორად იქცევიან, მაგრამ მათი ლოგიკა მცდარია, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი ამას შეუგნებლად აკეთებენ. არ იციან, ვერ ხვდებიან, რისი მომტანია მათ მიერ არჩეული გზა _ სწამთ ის, რაც არ არის სწორი. არადა, ამ ადამიანებთან დიალოგი შეუძლებელია _ თეთრზე ამტკიცებენ, რომ შავია.

_ როგორ უნდა მოვიზიდოთ ქვეყანაში ინვესტიციები?

_ პირველ რიგში, ინვესტორს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას აკონტროლებენ. არადა, ინვესტორების კოტროლი დღევანდელი მთავრობის გამოკვეთილი პოლიტიკაა. მთავრობის მიდგომა ასეთია: ინვესტიცია კარგია, თუ ესა თუ ის საინვესტიციო პროექტი ჩვენთან ერთად ხორციელდება. არადა, ინვესტიცია არის კერძო სექტორის საქმე და მთავრობა ამ ყველაფერში ხელს არ უნდა აფათურებდეს. დღეს საქართველოში არიან ინვესტორები, მაგრამ არა სასურველი რაოდენობის, რაც არა მხოლოდ ამ მთავრობის, არამედ მისი წინამორბედის დამსახურებაცაა. საქართველოს ყველა მთავრობას სურდა და ახლაც სურს, რომ  ქვეყანაში შემოსულ ყოველ თეთრს აკონტროლებდეს, რაც არათუ ინვესტორს, რიგით მოქალაქესაც არ მოსწონს. და თუ ვინმეს ეს მოსწონს, გაუმჭვირვალე  ბიზნესით არის დაკავებული და მთავრობასთან თანამშრომლობა მხოლოდ იმიტომ სურს,  რომ სერიოზული პრობლემები აქვს და მთავრობის სახით ე.წ. სახურავს იქმნის.   

_ პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ფეხზე დასადგომად?

_ პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ ეროვნულ ბანკზე, უნდა გვქონდეს ოქროს ლარი, როგორც საუკეთესო გამოსავალი, ანუ ლარი უნდა იყოს მიბმული დოლარზე ან ევროზე და პარალელურად ოქროს მიმოქცევაც უნდა ხდებოდეს. უნდა შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომლებიც მთავრობამ დაიკისრა. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს გადასახადების შემცირება, რომელიც დაგეგმილი იყო და რომელიც შეწყდა; სასწრაფოდ უნდა დასრულდეს პრივატიზების პროცესი და შეწყდეს ახალი რეგულირებების შემოღება და გადაიხედოს ძველიც, გამარტივებული რომ იქნას, რადგან დღესაც კი კერძო ინვესტიციები უამრავ ბაზარზეა შეზღუდული, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებაში, ტელეკომუნიკაციიის სფეროში და ა. შ.

_ როგორ შეაფასებთ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მუშაობას?

_ ნოდარ ხადური თავდაჯერებულია და ჰგონია, რომ წარმატებით მუშაობს, მაგრამ, თუ არ შეცვლის  მართვის პოლიტიკას, ძალიან დააზარალებს ქვეყანას.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here