რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს უკვე შეუძლებელია იმის გააზრება, ელემენტარულ ცხოვრებისეულ სიკეთესა და ადამიანურ უფლებებს დახარბებული ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გასულ საუკუნეში დაიბადნენ და აღიზარდნენ, რას ნიშნავდა ეს მაგიური სიტყვა _ «სუხიშვილები»; სიტყვა, რომელმაც საბჭოეთის წყვდიადი გაარღვია და საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა…
როცა ვსაუბრობთ, რომ «სუხიშვილებმა» მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს სინამდვილეში, სწორედ ეს ისტორიული მისია იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, და არა თუნდაც ტრიუმფალური გასტროლები რომელიმე ანსამბლის, თეატრისა და ა. შ.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად ფიზიკურად და სულიერად დაოსებულმა ჩვენმა ხალხმა ნამდვილ ღვთის წყალობად მიიღო ეს სხივი და შვებით ამოისუნთქა, თითქოს ერმაც გამოიღვიძა და იმედის თვალით შეხედა თავის სწორუპოვარ დესპანებს სხვა ხალხებთან ურთიერთობაში.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღვთივმიმადლებული დესპანია «სუხიშვილების» გამორჩეული წევრი, შეუდარებელი ნინო რამიშვილის მრავალი წლის პარტნიორი, ბატონი თენგიზ უთმელიძე, რომელიც ახლაც ისევე გვანებივრებს ნიჭიერებით, როგორც ათეულობით წლის წინათ, როდესაც გამოდიოდა სცენაზე და ქმნიდა ქართველი რაინდის უებრო სახეს. სწორედ მასზე და მის კოლეგებზე წერდა აღტაცებული გრიგოლ რობაქიძე: «…კვრივი, ნაკვთიერი. ყოველ ნაკვთში _ მზის ჭავლი ხალასი. ასხეპილი ვით ასკილი. დახვეწილი, დაწმენდილი, ალესილი. შმაგი, ხანდახან შლეგი, ძალააყრილი, აცეცხლებული… როკვა: (რიტმული დენის ელვარი. ცქაფი წამახულ ფერხთა. წარმოუსახვი ითქმის: ზებუნებრივი, ამავე დროს მთელი ტანი თითქოს უძრავი… მოშვილდული ყოველი სხლეტი (რა ბიჭებია! დაილოცოს ჩვენი მამული!)…»
ახლაც ძველებურად გვანებივრებს-მეთქი, იმიტომ მოგახსენეთ, რომ ლეგენდარული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის აღზრდილ-დაფრთიანებული თენგიზ უთმელიძე, უკვე საქართველოს სახალხო არტისტის რანგში, კვლავაც განაგრძობს თავის უაღრესად მრავალმხრივსა და საინტერესო მოღვაწეობას; ამჟამად, _ როგორც ფოტოხელოვანი, ჟურნალისტი და ეროვნული ქორეოგრაფიის გულმხურვალე პროპაგანდისტი. ამის უტყუარი ნიმუშია მისი წიგნი: «სუხიშვილები» _ რომანტიკული ფოტომატიანე», რომელიც თბილისის მერიამ გამოსცა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეს უნიკალური, ასე ვიტყოდი, ჭეშმარიტი ისტორიული დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახადა მკითხველთა ფართო წრისთვის. ამ მართლაც რომანტიკულსა და ერთობ შთამბეჭდავ ფოტომატიანეზე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ და ამას ვაკეთებთ კიდეც მის ავტორთან _ ჩვენს სახელოვან თანამემამულე თენგიზ უთმელიძესთან ერთად…
ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობაც რომ არ მაკავშირებდეს ჩვენს ძვირფას თენგიზ უთმელიძესთან, რაკი საქმე «სუხიშვილების» ანსამბლს ეხება და, რაც მთავარია, ქართულ წიგნს, უფლებას ვერ მივცემ თავს, არ გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან გამოცემას აკლია… რედაქტორის ხელი.
რატომღაც ბევრს ავიწყდება, რომ წიგნის, როგორც პოლიგრაფიული ერთეულის, ავტორია რედაქტორი და არა იდეისა თუ ძირითადი ტექსტის შემოქმედი. ამ დიდებულ გამოცემას კი აწერია, როგორც იტყვიან, თავის ადგილზე, რედაქტორის სახელიცა და გვარიც (ნოდარ გურაბანიძე), მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი. თუ თქვენი ნება იქნება, ჩვენო ძვირფასო ქალბატონო ნეკა (მივმართავ ქ. თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნ. სებისკვერაძეს), შემიძლია დაწვრილებითი ანალიზი (გვერდების მიხედვით) წარმოგიდგინოთ იმისა, რომ ბატონ ნოდარ გურაბანიძისთვის, რომელსაც ყველანი ვიცნობთ და პატივს ვცემთ, როგორც უაღრესად ნიჭიერსა და ერუდირებულ თეატრთმცოდნეს (ხუმრობა ხომ არ არის, იგი რუსთაველის პრემიის ლაურეატიც გახლავთ და სრულიად დამსახურებულად), სამწუხაროდ, რედაქტორობის ნიჭი უფალს არ მიუცია, რის შესახებაც არაერთხელ მითქვამს და პრესაშიც განმიცხადებია _ იხ. თუნდაც «ცისკარში» (#10, 2011) ჯერ კიდევ სამი წლის წინათ გამოქვეყნებული ჩემი სტატია _ «გლახა ჭრიაშვილის არღანი, ანუ ვინ ამოაგდო გრ. რობაქიძის პირველივე პიესები («ლონდა», «მალშტრემ») რუსთაველის თეატრის რეპერტუარიდან?» თუ ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი მთელი სერიალი (ვთქვათ, 13 მარტისა და 19 მარტის ნომრები და ა. შ.), სადაც, რომ იტყვიან, დოკუმენტურად აღნუსხულია, რომ ბატონი ნ. გურაბანიძე, ვიმეორებ, სამწუხაროდ, ისევე უდიერად ეპყრობა, როგორც თავის, ისე სხვის წიგნებს და, რაღა შორს წავიდეთ, ბატონი თ. უთმელიძის ეს შესანიშნავი «რომანტიკული ფოტომატიანეც» მოხვდა ამ «შავ სიაში», ცხადია, მხოლოდ რედაქტირების თვალსაზრისით.
სანამ ქალბატონი ნეკა სებისკვერაძე გადაწყვეტს, ღირს თუ არა ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრა და მსჯელობა, ორიოდე სიტყვით უნდა მიგანიშნოთ, რა შენიშვნები მაქვს, ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ მეგობრული და მომავალში გასათვალისწინებელი, ამ გამოცემასთან.
წიგნის რედაქცია-რედაქტირება ნიშნავს ხელნაწერი ტექსტის გასწორებას, ლიტერატურულ დამუშავებას და დასაბეჭდად მომზადებას. რა ხდება ამ მხრივ ბატონი თენგიზ უთმელიძის წიგნთან დაკავშირებით? პასუხი კატეგორიულია _ წიგნი არ არის რედაქტირებული, ანუ არ არის მომზადებული გამოსაქვეყნებლად. მხოლოდ რამდენიმე ამონაწერს გავაკეთებ და თავად განსაჯოს მკითხველმა, ამ წიგნს, აწყობის შემდეგ, ვინმემ გადახედა თუ არა.
ჯერ თავად რედაქტორის ორგვერდიან (3-4) წინასიტყვაობას გავეცნოთ: «მითუმეტეს» კი არა _ «მით უმეტეს», ე. ი. ცალ-ცალკე იწერება და არა ერთად. ასევე ცალ-ცალკე იწერება _ «ერთსა და იმავე» და არა ერთად («ერთსადაიმავე»); «მოცინარე» კი არა – «მოცინარი»; და არც «კოსმოგენიური» («კოსმოგონიური») _ ვერ იქნა და ვერ გავაგებინე ჩემს ძვირფას კოლეგას, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა ბრძანა, სულაც არის საჭირო, მუდამ «მერანი» და «რაში» ვიძახოთ, ზოგჯერ ვთქვათ – «ცხენი»…
ახლა ცალკეული გამოთქმები: «დაჯილდოვებული» და «დაუჯილდოვებია» კი არა – «დაჯილდოებული» და «დაუჯილდოებია»; «შემოქმედათ» კი არა _ «შემოქმედად»; არც «სისხლში და კუნთებში» ითქმის («სისხლსა და კუნთებში»), არც «არტისტიზმით და ცხოვრებისეული ეპიზოდებით» («არტისტიზმითა…») და არც «შიმშილით და მუდმივი სიდუხჭირით» («შიმშილითა…»). «ანასამბლი», ცხადია, ე. წ. კორექტურაა, მაგრამ ესეც ხომ ითხოვს ყურადღებას, ისევე როგორც წერტილიცა და მძიმეც ექვემდებარება გარკვეულ წესს.
ახლა ეს მითხარით, რედაქტორი რომ ასე წერს, სხვებს რას ჩაუსწორებს? ჰოდა, სავსეა წიგნიც ასეთი «მარგალიტებით»: «ლირიული» (გვ. 58) – უნდა იყოს: «ლირიკული»; «დინამიური» (75, 201, 214) _ «დინამიკური»; «მაშტაბური» (200) _ «მასშტაბური»; «ლაკონური» (223) _ «ლაკონიური»; «კინოს ვარსკვლავები» (208) _ «კინოვარსკვლავები»; «მადლითცხებული» (208) _ «მადლცხებული»; «ქებათა-ქება» (224) _ იწერება ერთად: «ქებათაქება»; ასევე ერთად: იწერება «კინოდოკუმენტალისტი» თუ «ციხესიმაგრე» და არა დეფისით: «კინო-დოკუმენტალისტი» (149) და «ციხე-სიმაგრე» (214). დეფისით კი იწერება: «თვალ-მარგალიტი» და არა ცალ-ცალკე: «თვალ მარგალიტი» (235); ცალ-ცალკე იწერება: «წლიდან წლამდე», რომელიც აქ (190) დეფისითაა წარმოდგენილი («წლიდან-წლამდე»).
არ არის სწორი – «უნებლიედ» (226, 236) _ უნდა იყოს: «უნებლიეთ»; არც «ნომრებათ» არის სწორი (200) _ უნდა იყოს: «ნომრებად»; «მთელს» კი არა (189, 232), არამედ «მთელ»; ასევე: «არავისზედ» (227) კი არა _ «არავისზე»; ხოლო «ამის გარეშე» (191) ქართულად იქნება: «უამისოდ» და ა. შ. და ა. შ. ხან რომ «ლა-სკალა» წერია (92), ხან კი «ლა სკალა» (231); ხან «სან-პაულო» (242), ხანაც, მომდევნო გვერდზევე, «სან პაულო»; რაც შეეხება დეფისისა და ტირის ერთმანეთში არევას, ამ მხრივ აქ ისეთი ქაოსია, რომ ყოვლად მოუთმენელია მკითხველის ასე აგდება. ისეთ წარმოუდგენელ შემთხვევასაც კი ვხვდებით, როცა აბზაცი იწყება დეფისით (240), ან მთლად უარესი, გადატანილი სიტყვის წინაც დეფისი წერია (214, თანაც ორჯერ).
მოუწესრიგებელია პრესის მონაცემებზე ქალაქისა და წლის მითითება: (პარიზი, 1965 წ) _ გვ. 28 და იქვე, იმავე გვერდზე: (ბრიუსელი. 1963 წ.) ანუ პირველ შემთხვევაში ქალაქის შემდეგ მძიმეა, მეორეში – წერტილი; პირველ შემთხვევაში «წ»-ს შემდეგ არაა წერტილი, მეორეში _ არის. ასე არეულ-დარეულია სხვაგანაც. ნუთუ არ შეიძლებოდა ყოველივე ამის მოწესრიგება?! ან როდის იყო, რომ ამ ჩვენს სახელოვან ანსამბლს ერქვა _ «ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი» (96) და ა. შ.
ყველაზე საგანგაშო კი მაინც ისაა, თუ რა უდიერადაა გადატანილი ინგლისურ ენაზე ქართული სახელები და გვარები. ნუთუ ასე ძნელია, ინგლისურად დავწეროთ, ვთქვათ, «რამიშვილი», «ჯუმბერი», «ჯემალი», «ნიჟარაძე», «ფოჩიანი», «ჯეირანი», «ხაჟომია»… რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ან გვარი რომ დიდი ასოთი უნდა დაიწეროს ინგლისურად, ამას რა დიდი განსწავლულობა უნდა?! ყოველივე ამის ამოწერა, რომ იტყვიან, მართლაც ააჭრელებდა გაზეთს, ამიტომაც მოვერიდები და, თუ ქალბატონი ნეკა მიიღებს ჩემს წინადადებას, წეღან რომ შევთავაზე, მაშინ ჩამოვუწერ დაწვრილებით, თუ არა და, ალბათ, თავად უკეთ იციან თავიანთი საქმისა, რომლის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად ვთავაზობ ჩემს უანგარო და მეგობრულ სამსახურს.
ეგებ, აქვე, იმის შეხსენებაც არ იყოს ურიგო, რომ ამ მშვენიერ გამოცემას ძალიან დააკლდა ტრადიციული საძიებლები, მით უმეტეს, რომ აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო გეოგრაფიულ სახელთა საძიებელიც…
დასასრულ, სათაურშივე დასმული საკითხი _ ქართულ ცეკვას სხვა რატომ ვერავინ იცეკვებს? ეს კითხვა თავის დროზე დასვა ჩვენმა სასიქადულო მწერალმა და მოაზროვნემ – გრიგოლ რობაქიძემ და თავადვე უპასუხა: იმიტომ, რომ «რასსა არ ეყოფა…»
გოგი დოლიძე