Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკა ლობიოობა არ არის, ანუ გვინდა თუ არა ქართული საგარეო პოლიტიკა?!

პოლიტიკა ლობიოობა არ არის, ანუ გვინდა თუ არა ქართული საგარეო პოლიტიკა?!

592

პოლიტიკური ინფანტილიზმი დამყნობილი ქართველის გეოცენტრისტულ წარმოდგენაზე _ აი, აზროვნების წესი, რომლითაც ვცხოვრობთ. ესაა არამარტო ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის, არამედ ზოგადად, მთლიანად, საზოგადოების კოლექტიური აზროვნების სტილი. ერთ დროს რომის იმპერია იყო უძლეველი, მაგრამ იმ პერიოდშიც ბევრი რამისთვის უწევდა ანგარიშის გაწევა და ჩინეთის ან ირანის დასაპყრობად არ მიდიოდა. უძლეველი არმია ჰყავდა ჩინგის ხანსაც, მაგრამ ისიც შეაჩერეს ვენასთან.


ამერიკა, რასაკვირველია, არის ყველაზე დიდი მსოფლიო გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ისიც ვერ ალაგებს ისე, როგორც მხოლოდ თვითონ აწყობს და გარკვეულ კომპრომისებზეც უხდება წასვლა.

პოპულარული გამოთქმაა: რუსეთმა უგულვებელყო საერთაშორისო სამართალიო… კი, ბატონებო, მაგრამ ეს რუსეთს რომ პირველს არ გაუკეთებია?!

ყირიმამდე იყო კოსოვო.

იყო დრო, როდესაც ამერიკა 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში საერთაშორისო არენაზე, პრაქტიკულად, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. გასდიოდა ყველაფერი, ზუსტად რუსული ფორმულით «სილა ესტ, უმა ნე ნადო» და ჩვენში ეს სასიხარულო ექსტაზს იწვევდა. ზოგიერთი წინდახედული ექსპერტი მაშინაც სვამდა კითხვას: ჩვენ რატომ გვიხარია ეს?

ეს ხომ ზუსტად ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის იყო კატასტროფის ტოლფასი. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ერთადერთი თავდაცვა ხომ მხოლოდ თამაშის მიღებული წესების ხელშეუხებლობა არის და არა ის, რომ «ვინც ძლიერია, ის მართალიცაა».

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნელ-ნელა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო თამაშის წესები დაირღვა. დაირღვა ის წესი, როდესაც პატარა და დიდი ქვეყანა, ასე ვთქვათ, დაახლოებით ერთნაირად იყვნენ დაცული იურიდიულად. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ძლიერი არ ჩაგრავდა სუსტს. ეს ყოველთვის იყო და ამის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. აქ ლაპარაკია უფრო საშიშ ტენდენციაზე. პოსტსაბჭოთა პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც, ძლიერმა რომ დაჩაგრა სუსტი, ეს იურიდიულად გააფორმეს, როგორც ლეგიტიმური, კანონის ჩარჩოში მოქცეული შემთხვევა. გლეხურად რომ ვთქვათ, «გააპრავეს» და ბეჭედიც დაარტყეს: არ დაუჩაგრავსო!

ეგრეაო, რადგან ჩვენ ეგრე ვამბობთო. მოკლედ, «გაპრავდა»!!!

და აი, ამ დროს გამოუშვეს ჯინი ბოთლიდან. ჯინი, სახელად კოსოვო.

ხოლო როდესაც ჯინის გამოშვება ხდება, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ ჯინი მხოლოდ შენს სურვილებს შეასრულებს.

ახლა ყოველივე ამას შევხედოთ არა რიგითი სტატისტიკური ქართველის პოზიციიდან, რომლის აზროვნების სტანდარტული კლიშე, სამწუხაროდ, ვერ სცილდება გამონათქვამს: სოჩას როდის გვიბრუნებენ?! და რომელიც რატომღაც დარწმუნებულია, რომ დილას, როდესაც ობამა და მერკელი იღვიძებენ, პირველ რიგში კომპიუტერს რთავენ და თბილისის ამინდს ეცნობიან. შევეცადოთ, მოვლენებს შევხედოთ არასუბიექტური თვალით.

დასავლეთის ინტერესის სფეროში, რასაკვირველია, შედის სუსტი რუსეთი, მაგრამ არანაირად არ შედის რუსეთის დაშლა. ამერიკისთვის, ეკონომიკური მოწინააღმდეგე პერსპექტივაში რუსეთი კი არაა, არამედ ჩინეთი, ხოლო რუსეთის დეზინტეგრაციის შემთხვევაში, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა მოხდება კავკასიაში, რა მოხდება ატომური და ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღის, თუნდაც რაკეტსაწინააღმდეგო ჩვეულებრივი იარაღის გავრცელების შემთხვევაში და ა. შ. მთავარი საკითხის სახით წამოიწევა ის, თუ ვის დარჩება ციმბირი თავისი კოლოსალური ხელუხლებელი ნედლეულით. ეს საკითხი ამერიკისთვის ნათელია.

ეს არ აძლევს ხელს ამერიკას!

არ შედის მის გრძელვადიან ინტერესში.

თან რუსეთის დეზინტეგრაციის შემთხვევაში, გაურკვეველი ვადით ჩამოიშლება ევროპის სათბობით მომარაგების მექანიზმები.

ჰოდა, ახლა დავსვათ კითხვა: რატომ უნდა დაანგრიოს დასავლეთმა რუსეთის სახელმწიფო? ამის თუნდაც ერთი მიზეზი რა არის, მსოფლიო გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე? თან მაშინ, როდესაც პუტინთან მოლაპარაკება შეიძლება დასავლეთის გეოპოლიტიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

როგორც ზემოთ ვწერდი, შეთანხმების პირობებს პირველი არღვევდა არა რუსეთი, არამედ დასავლეთი. ფაქტია ეს! თანაცხოვრების წესები დაირღვა. გაეროს უშიშროების საბჭოს როლი იგნორირებული იქნა. ამან დაანგრია ბევრი რამ.

ჩვენ რა გვაძლევს ხელს, ეს ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება.

«სოჩას როდის გვიბრუნებენ» პოლიტიკური იდიოტიზმია და ასეთი მიდგომით ვერ ვიცხოვრებთ.

ამერიკამ 100%-ით იცის, რომ რუსეთი არ შევა ბალტიისპირეთში, არ შევა პოლონეთში. დავანებოთ თავი იმას, რომ ისინი ნატოს წევრები არიან. სხვანაირად დავსვათ კითხვა: რატომ უნდა შევიდეს? სარგებელი რა ექნება? თუ შევა, მერე რა უნდა გააკეთოს? საოკუპაციო რეჟიმი დაამყაროს?

ამას პოლიტიკური დილეტანტი თუ იტყვის.

რუსეთს ამის არც ფული აქვს და არც შესაბამისი იდეოლოგია.

ყირიმში თუნდაც 70% ყირიმელი თათრები რომ ცხოვრობდნენ, არც ახლა შევიდოდა ყირიმში. ელემენტარულია ეს და ყველამ იცის, ჩვენ გარდა. რუსეთი შევა მხოლოდ იქ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის დამყარება არ მოუწევს. ეს არის აქსიომა.

ამიტომ დღევანდელ ამბებსაც სხვა თვალით უყურებს დასავლეთი და სხვა თვალით ვუყურებთ ჩვენც. რუსეთმა მოიჭრა ის ტერიტორია, რომლის მოჭრაც ადგილობრივ მოსახლეობას უნდოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდი სხვა იყო. იქ დომინანტი იყო იდეოლოგია, ინტერნაციონალური, კომუნისტური იდეოლოგია. ახლა სხვა მსოფლიოა, სხვა მიდგომები.

ბუნებრივი პროცესია რუსეთის რეაქციებიც იმაზე, რომ, როდესაც ცხვირწინ ჩაგირჭობენ რაკეტას, რეაქცია გექნება. ამას რუსეთის დასაცავად არ ვამბობ. როდესაც საბჭოთა კავშირმა თურქეთში ამერიკის ბირთვული რაკეტების საპირწონედ კუბაში რაკეტები შეიტანა, ამერიკის მხრიდან ამას ლამის მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. მაშ, რატომ არ უნდა ჰქონდეს რუსეთს იმაზე რეაქცია, როდესაც პოლონეთში რაკეტები შეაქვთ, ხოლო ხმამაღლა ამბობენ… ირანისგან ვიცავთ თავსო? თქვენ თუ გეღიმებათ ამ არგუმენტზე, რატომ გგონიათ, რომ რუსეთი ამას მიიღებს?

ზემოთქმული მხოლოდ ერთი რამისთვის დაიწერა: სწორი ანალიზი გავაკეთოთ მომავალ გამოწვევებზე და ილუზიებში არ ვიყოთ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს ნაკლებად გაიგონებთ ძველ ნაც-ენჯეოშნიკურ არგუმენტს: ნატოში ისედაც მიგვიღებენ, როგორებიც ვართო…. უბრალოდ, აფხაზეთ-ცხინვალს დროებით დააკონსერვებენო. ამ კლიშეს საზოგადოებაში პოლიტიკური იდიოტიზმის ელფერი უკვე მოედო, განიცადა ევოლუცია და ახლა სხვა პოსტულატზე გადაერთვნენ: ჩამოვიხსნათ გირები (აფხაზეთ-სამაჩაბლო) და გადავარჩინოთ არაოკუპირებული საქართველოს დარჩენილი 80%, ხოლო მერე, რომ ავყვავდებით, იმ დანარჩენ 20%-საც მივხედავთო. ტყუილია, ბატონებო, ეს, მტკნარი ტყუილი, სამწუხაროდ.

დავხედოთ რუკას, თუ სად აქვს რუსეთს სამხედრო ბაზები განთავსებული. აფხაზეთი, ცხინვალი და გიუმრი (სომხეთი). ჰოდა, სულ რომ დამოუკიდებლობა ვაჩუქოთ აფხაზეთ-ცხინვალს, მაინც არ ჩადგამს ამ «სამკუთხედის შუაში» ბაზას ნატო. არ ჩადგამს! ვინც ამის საწინააღმდეგოს ტირაჟირებს, ან პოლიტიკა არ ესმის, ან, ბანალურად, პურს ჭამს ამის ტირაჟირებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ წარიმართება საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისა და დასავლეთის პოლიტიკა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა. აქ ვცდილობდი განმეხილა ის, თუ რა მოხდა და რა ხდება ჩვენ გარშემო, ილუზიების გარეშე.

სიტუაცია მძიმეა, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ოღონდ სხვადასხვა მოცემულობით ანგაჟირებული ხალხი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებებს, ქართველებმა უნდა ვაკეთოთ ქართული პოლიტიკა.

მამუკა ჩხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here