Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ თოთაძე: თუ ასე გაგრძელდა, 10-15 წელიწადში, ქართველი სანთლით საძებარი გაგვიხდება

ანზორ თოთაძე: თუ ასე გაგრძელდა, 10-15 წელიწადში, ქართველი სანთლით საძებარი გაგვიხდება

გასულ კვირას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. კერძოდ, 2014 წლის 1 იანვრის მონაცემით, მოსახლეობა 4,49 მილიონს შეადგენს, შარშან ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4,483 მილიონი იყო. «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა, რამდენად რეალურია აღნიშნული ციფრები და ასახავს თუ არა იგი ზუსტად ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ანზორ თოთაძეს შევხვდით და აზრის გამოთქმა ვთხოვეთ.


_ ბატონო ანზორ, რა აზრის ხართ იმ მონაცემებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა? საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობა გაიზარდა.

_ მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში რეალურად არ გაზრდილა, მაგრამ, სანამ ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ დემოგრაფიული ვითარება ისევ ძალიან მძიმეა. მეტიც, იმდენად მძიმეა, რომ, თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიულ კატასტროფას ვერ ავცდებით. ახლა რაც შეეხება იმ მონაცემს, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა: აქ მატება არის სულ რაღაც 7-8 ათასი. ეს არაფერი არაა. ჩვენ ამაზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, რომ ის დემოგრაფიული საფრთხეები, რომლებზეც მუდმივად გვაფრთხილებს იგივე გაეროც, თუნდაც ნაწილობრივ აღმოფხვრილია. პირიქით, ყველა მაჩვენებელი და წინაპირობა დღეს მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს მოსახლეობა…

_ გასაგებია, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდა 7-8 ათასით ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ამ უმნიშვნელო მატებაში ეთნიკურად ქართველების ხვედრითი წილი რამდენად დიდია.

_ ამის გამოანგარიშება ძალიან რთულია, იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩვენთან არ წარმოებს ეთნიკური ნიშნით დემოგრაფიული მდგომარეობის კვლევა, ანუ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ქართველი ბავშვი დაიბადა, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი ქართველი ქალი გათხოვდა უცხოელზე და ა. შ. ეს არის სავალალო რეალობა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ ამას ბოლომდე. გავა გარკვეული დრო და დავინახავთ, რომ ეს პროცესები გაცილებით სახიფათო ვითარებისკენ მიდის…

_ კერძოდ?

_ კერძოდ, ეს უკვე ასახულია ციფრებში. მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა კატასტროფულად იკლებს, რაიონები იცლება ხალხისგან. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკრეტული რაიონებიც, მაგალითად, 2013 წელს ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის ბუნებრივი კლება აღირიცხა 35 რაიონში, ანუ 59 პროცენტში. თან ეს კლება მოხდა ძირითადად ქართველებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ბაღდადის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის, აგორაულის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, წალენჯიხის, ბორჯომის, დმანისის, თეთრიწყაროსა და კასპის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ ერთეულებში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და, თუ ასე გაგრძელდა, დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ჩამოთვლილ რაიონებში ქართველები საერთოდ არ დარჩნენ.

_ თუ ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა რაიონების უმეტესობაში, საერთო ჯამში რის ხარჯზე დაფიქსირდა ის 8-ათასიანი ბუნებრივი მატება?

_ ეს მატება, ძირითადად, ხდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. რაც შეეხება სოფლებს, იქ საერთოდ ბავშვი აღარ იბადება. აი, მაგალითად, კახეთი ავიღოთ, თუ წინა ათწლეულებში ამ რეგიონში იბადებოდა 60 ათასი ბავშვი, ბოლო ათწლეულში, ანუ 2000-2009 წლებში, მხოლოდ 20 ათასი დაიბადა. ისიც იმ რაიონებში, რომლებშიც უკვე ეთნიკურად შერეული მოსახლეობაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა სურათი გვექნება, თუ ასე გაგრძელდა, 10-15 წელიწადში, ქართველი სანთლით საძებარი გაგვიხდება. ბევრს ეცინება ხოლმე ამაზე, რა შოკისმომგვრელ პროგნოზებს აკეთებთო, ეს არის რეალობა და თავს ხომ არ მოვიტყუებთ.

_ დემოგრაფები და დამოუკიდებელი ექსპერტები ხშირად არ ენდობიან ხოლმე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს იგი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყო ქცეული. დღესდღეობით რამდენად ზუსტია მათი ციფრები და ხომ არ ჩნდება კვლავინდებურად ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მონაცემებს მმართველი გუნდი საარჩევნო მიზნებისთვის, იმავე სიების «გასაბერად» იყენებს?

_ ეს ეჭვები სააკაშვილის დროს სამართლიანად არსებობდა და ამაზე ბევრიც დაიწერა. რაც შეეხება ციფრების სანდოობას, დასაწყისშიც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა, იმდენად უმნიშვნელოა, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს. თან რაზეა ლაპარაკი, როცა ის ყველაფერი ხდება მარტო ოთხი ქალაქის ხარჯზე და სოფლები გიცარიელდება. სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ დაიჯერო, ის 8-ათასიანი ზრდა გადაგვარჩენს. თავს ნუ დავიბრმავებთ, მოდი რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ. უბედურება ის არის, რომ სამმილიონნახევრიანი ერი მომაკვდავ ერთა სიაშია პრაქტიკულად.

_ თქვენ, ალბათ, გაეროს მონაცემებს გულისხმობთ, რომელმაც 28- პროცენტიანი კლება დაგვიპროგნოზა 2050 წლისთვის. იმ მონაცემის შემდეგ ხომ ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა დემოგრაფიის კუთხით?

_ კი, ბევრი რამ შეიცვალა და არ შეიძლება ამის არდანახვა, მაგრამ ფაქტია, დემოგრაფიული სურათი კვლავ კატასტროფულია. განსაკუთრებით მაღალია მამაკაცთა სიკვდილიანობა, თან ძირითადად შრომისუნარიან ასაკში, ანუ 20-დან 65 წლამდე. კონკრეტულ ციფრებსაც გეტყვით. მაგალითად ავიღოთ 1960 წელი, იმ წელს სულ გარდაიცვალა 8342 ადამიანი. აქედან თითქმის 58 პროცენტი იყო მამაკაცი და 42 პროცენტი _ ქალი. 1970 წელს გარდაიცვალა 10423 კაცი, აქედან 62 პროცენტი მამაკაცი, ხოლო ქალი _ 38. ახლა ბოლო შედეგები ავიღოთ _ 2012 წელს სულ გარდაიცვალა 12 338 ადამიანი, აქედან მამაკაცი იყო 8798, ანუ 71 პროცენტი, ქალი კი _ 3540, ანუ 29 პროცენტი. ხედავთ, როგორ არის? ყოველი 100 გარდაცვლილიდან 71 იყო მამაკაცი და 29 ქალი. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი, რომლებიც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სურათზე და ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე.

_ მთავარი, ალბათ, მაინც სიკვდილიანობა-შობადობაა.

_ არამარტო. ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნაადრევი ქორწინებებიც. ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა, მონაცემები რომ ნახოთ, თვალებს არ დაუჯერებთ. ხშირია შემთხვევები, როცა 13, 14, 15 წლის მოზარდები თხოვდებიან და ცოლს თხოულობენ. მერე ამას მოსდევს კიდევ სხვა პრობლემები, ეს ცალკე თემაა…

ალბათ, გაინტერესებთ, რას იწვევს ეს ყველაფერი დემოგრაფიული თვალსაზრისით: პირველი _ შობადობის შემცირებას, იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში ქალს შეიძლება დაერღვეს რეპროდუქციული ფუნქცია; მეორე _ იზრდება როგორც დედათა, ისე შვილთა სიკვდილიანობა და მესამე _ მატულობს განქორწინებათა რაოდენობა. აი, ეს პრობლემები, ერთად აღებული, გროვდება და, ბუნებრივია, ცუდად აისახება საერთო დემოგრაფიულ ვითარებაზე, ამიტომ აქ მთავარია, რა ღონისძიებებს გაატარებს სახელმწიფო და რა სტრატეგიით დაუპირისპირდება აღნიშნულ პრობლემებს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ.

_ მცირე ხნის წინ «მოქალაქეობის შესახებ კანონში» გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მიაჩნია, რომ პროცედურა გამარტივდა, ზოგს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს ყველაფერი დემოგრაფიაზე?

_ ერთ რამეს ვიტყვი: საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება კარჩაკეტილი სახელმწიფო. ეს, პირველ რიგში, ჩვენ დაგვარტყამს, მაგრამ საქართველო, რომელსაც ასევე აქვს უამრავი პრობლემა, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის დარღვევიდან, დამთავრებული დემოგრაფიით, მით უფრო არ უნდა იყოს ფართოდ გახსნილი ქვეყანა აბსოლუტურად ყველა უცხოელისთვის. სააკაშვილის ხელისუფლებამ რა გააკეთა? _ 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან შემოიღო უვიზო მიმოსვლა; და რა მოგვცა ამან? რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ქვეყანაში, სამუშაო ადგილები გაჩნდა თუ რა? _ ქალაქი გაივსო ათასი ჯურის უცხოტომელებით. მინდა, რომ ყველამ სწორად გამიგოს, ნაცისტები და შოვინისტები არ ვართ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: არ შეიძლება ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამდენი უცხოელის ჩამოყვანა. დალოცვილო, შენი ხალხი თურქეთში გარბის და იქ რომ რაღაც ორი კაპიკი იშოვოს, ნემსის ყუნწში ძვრება, თუ იმის საშუალება გვაქვს, რომ უცხოელები შევინახოთ, რაღა მაგათ ვიღებთ, ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ. ცხადია, უარყოფითად აისახება ეს ახალი კანონიც დემოგრაფიაზე, თუ ის რეალურად გაამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურას. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ყველა ის ჩინელი, არაბი თუ ვინც არიან, ყველანაირად შეეცდებიან, გამოიყენონ ეს კანონი.

_ არ მინდა, საუბრის თემას გადავუხვიოთ, მაგრამ, თუ კი საქართველო სავიზო-საემიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებს, ამან შეიძლება ჩვენს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს. კანონის ლიბერალიცაზია ხომ ევროკავშირის დირექტივაა?

_ ვერავინ ვერანაირ დირექტივას ვერ დაგიყენებს, თუ შენ ხარ შენი ქვეყნის პატრიოტი, მაგრამ ამათ რა პატრიოტიზმი უნდა მოსთხოვო, როცა 9 წელი ფაქტობრივად ერის გენოციდს ახორციელებდნენ. ჯერ მარტო ამათი საინფორმაციო საშუალებები რას აკეთებდნენ, პირდაპირ ტვინის გამორეცხვით იყვნენ დაკავებულნი. სხვათა შორის, აქვე მინდა ამას ხაზი გავუსვა და გთხოვთ ეს სიტყვა-სიტყვით დაწეროთ: არავის ისეთი დანაშაული არ მიუძღვის თავისი ერის წინაშე, როგორც «რუსთავი 2»-ს, რომელმაც სულიერად გააღატაკა ქართველი ხალხი.

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს?

_ ვერ ხედავთ, რა პროპაგანდის ნიაღვარი მოედინება ამ ტელევიზიიდან? როგორ დასცინიან და აქილიკებენ ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მენტალიტეტს და ღირებულებებს?! მერე გამოდის მათი ხელმძღვანელობა და ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ვართო. რაშია მათი რეიტინგი? იმაში, რომ აჩვენებენ, როგორ თხოვდება ქართველი გოგო ზანგზე, აფრო-ამერიკელზე და სხვაზე?! კი, ბატონო, გათხოვდეს და გაჰყვეს, ვისაც უნდა, მაგრამ როდესაც ხდება ამის პროპაგანდა და აფიშირება, _ შეხედეთ, რა კარგიაო, ეს უკვე სახიფათოა. აი, ამ სახიფათო პროპაგანდას ეწევა «რუსთავი 2» და ამიტომ ვამბობ, ეს არის პირდაპირ ანტიეროვნულ იდეოლოგიაზე დაგეშილი ტელევიზია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაჩლუნგდეს საზოგადოება, ხალხს დაებინდოს ცნობიერება და აზრზე ვერ მოვიდეს, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენ გარშემო.

_ როგორ ფიქრობთ, მოქმედებს ეს პროპაგანდა ხალხზე?

_ რა თქმა უნდა. ეს თბილისია პოლიტიკურად აქტიური, თორემ რეგიონში, სოფელში რომ ადამიანი ცხოვრობს, მას გაცილებით ცოტა ინფორმაცია აქვს. ზუსტად ამ სეგმენტზეა ეს ბინძური პროპაგანდა გათვლილი. ამას ბოლო თუ არ მოეღო, ესენი გარყვნიან ყველაფერს, ამიტომ ნინია კაკაბაძისნაირებს არ უნდა ავყვეთ.

_ ფაქტია, რომ მათ ვერ უპირისპირდება სხვა პროპაგანდა, ვინაიდან საინფორმაციო ველი მონოპოლიზებული აქვთ.

_ ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, საბოლოოდ ისევ საზოგადოების ბრალეულობამდე მივალთ. ჩვენ _ ხალხი ვართ ყველაფერში დამნაშავე, ვინაიდან ჩვენ მივეცით მათ ეს სადავეები. ახლა რა გასაკვირია, რომ თავიანთ გეგმებს ასრულებენ?! ვინმეს სხვა მოლოდინი ჰქონდა?! ვერ ხედავთ, სადამდე დავიდა მათი პროპაგანდა? თურმე ყველაფერზე მთავარი ყოფილა ორი რამ _ ჭამა და სექსი. სხვათა შორის, უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე ამბობდა, სექსი არისო გაბრუება. აი, ეს უნდოდათ «ნაციონალებს» _ გათიშული და გაბრუებული საზოგადოება, მაგრამ ასე არ არის საქმე, ჩვენ ადამიანები ვართ პირველ რიგში და სულიერება მოგვეთხოვება. დანარჩენი მერე _ ჭამაც კარგია და ხორციელი სიამოვნებაც, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, სულიერად არ გარყვნის და გააღატაკებს ადამიანს.

_ თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლება აგრძელებს თუ არა წინამორბედის პროპაგანდისტულ ტრადიციას?

_ ახალი ხელისუფლება ახალი ცოცხივითაა, თავიდან ყოველთვის პოზიტივით იწყებს. მერე უკვე ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული: მოუჭერ? _ ვერ გაბედავს განზე გადახვევას; მიუშვებ და «ნაციონალები» შეიძლება მონაგონი აღმოჩნდნენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here