Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი: რუსეთის შიშით კი არ უნდა გავჩერდეთ და დავიმალოთ, პირიქით, ჩვენი...

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთის შიშით კი არ უნდა გავჩერდეთ და დავიმალოთ, პირიქით, ჩვენი თავდაცვითი სისტემა უნდა გავაძლიეროთ

507

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ნატოს საქართველოში სამხედრო თავდაცვითი საშუალებების განთავსებისკენ მოუწოდა. რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე მეზობელ რუსეთს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ რეგიონში ნატოს გაფართოებას არ დაუშვებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საჰაერო თავდაცვითი სისტემების განთავსებას ქვეყანაში და მოსალოდნელი სიტუაციის გართულების შემთხვევაში ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, «საქართველო და მსოფლიოს» პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა.


_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახლახან განაცხადა, რომ დასავლეთმა ნატოს უნდა შესთავაზოს საქართველოში საჰაერო თავდაცვითი საშუალებების განთავსება. რა აუცილებლობას წარმოადგენს დღეს აღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის?

_ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საჭიროებიდან ამოვდივართ. აგვისტოს ომის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყანას, ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სამხედრო თავდაცვითი სისტემები სჭირდება. რაც შეეხება საკითხს, უნდა დაგვეხმაროს თუ არა ნატო, როდესაც რუსეთი გვყავს მეზობლად, ყველანაირი თავდაცვითი საშუალება, საკუთარი ძალების მობილიზებაა აუცილებელი, რათა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ პრევენციული თავშეკავება გამოიჩინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც მოწინააღმდეგემ იცის, რომ გყავს ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მას ზიანი მიაყენოს, როდესაც გაქვს შესაბამისი თავდაცვის საშუალებები და შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა, ასეთ შემთხვევაში, ის თავდასხმისგან თავს შეიკავებს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში სამხედრო თავდაცვითი საშუალებების განთავსება, პირველ რიგში, მოწინააღმდეგეებზე პრევენციული ზემოქმედებისთვის გვჭირდება, რათა ჩვენ წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელება ვერავინ განიზრახოს.

_ რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რეგიონში ნატოს გაფართოებას არ დაუშვებს. ნატოსთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის წამოჭრისას, ვხედავთ, როგორ იწევს მავთუხლართები, ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ჯავახეთში სეპარატისტული ძალები. აქვს თუ არა გაცნობიერებული ხელისუფლებას ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება საქართველოსთვის თუნდაც ამ თავდაცვითი საშუალებების განთავსებას მოჰყვეს?

_ მოდი ასე ვთქვათ: მგლის შიშით ცხვარს ვერ გავწყვეტთ. რუსეთს პირდაპირი ზეგავლენა ნატოზე არ აქვს. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და მომავალშიც იქნება, უნდა შევძლოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზება, ჩვენი ტერიტორიების დაცვა. თუ როგორ მოვახერხებთ ამას, ჩვენს დიპლომატიასა და პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

რადგან რუსეთმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოებას რეგიონში არ დაუშვებს, რუსეთის შიშით კი არ უნდა გავჩერდეთ და დავიმალოთ, პირიქით, ჩვენი თავდაცვითი სისტემა უნდა გავაძლიეროთ, რათა მოწინააღმდეგემ ჩვენზე თავდასხმა არც იფიქროს.

_ თუმცა ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეები, ალბათ, გაცნობიერებულიც უნდა ჰქონდეს. ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სიტუაციის გართულების შემთხვევაში?

_ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გათვალისწინება? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანას გაძლიერება სჭირდება; მიგვაჩნია, რომ საჭიროა თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. ასე პასუხისმგებლობით რომ არ ვუდგებოდეთ ამ საკითხს და ყველაფერს მარტივად ვუყურებდეთ, მაშინ არაფერს გავაკეთებდით. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ ჯარის მომზადებასა და გაძლიერებაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და ა. შ. ყველაზე მარტივი იქნებოდა, არაფერი გაგვეკეთებინა.

_ თუმცა ვნახეთ, რომ უკრაინა მარტო აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ. არაერთხელ ითქვა ისიც, რომ საქართველოს გამო რუსეთს არავინ დაუპირისპირდება. ვინ დაიცავს საქართველოს?

_ სწორედ ამიტომ ლოგიკურია ჩვენი მოქმედება. ის ფაქტი, რომ უკრაინამ რუსეთს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ნიშნავს, რომ უკრაინა არ იყო მზად საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა უუნარო იყო, ომი დაეწყო. შესაბამისად, რაც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ და გავაძლიეროთ.

რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თუ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების დანერგვა ერთი დღის საქმე არ არის, ეს ხანგრძლივი პროცესია და გრძელვადიანი პერსპექტივა. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში ყველაფერი გვექნება, ამას დრო და მომზადება სჭირდება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამაზე მუშაობა უკვე უნდა დავიწყოთ.

_ «საჰაერო თავდაცვითი სისტემა საქართველოში უნდა განთავსდეს, ამით რუსებს მიახვედრებთ, რომ თქვენ არ ხუმრობთ», _ განაცხადა ალასანიამ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულია, თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავსი განცხადება და რა საჭიროა ქვეყანაზე ექსპერიმენტების ჩატარება?

_ ბატონი მინისტრის რიტორიკის ანალიზს მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუ რატომ თქვა მან ასე, მაგრამ ჩვენ ვართ ნატოს პარტნიორები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული გვაქვს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მუხლიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო სფეროში თანამშრომლობასა და მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან და რადგან პარტნიორები ვართ და მომავალში ნატოს წევრებიც უნდა გავხდეთ, ბუნებრივია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მომავალში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ნატოსთვის და ევროპისთვის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას ნიშნავს.

_ როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი?

_ იცით, ეს არასერიოზულად მიმაჩნია, ყველა საკითხზე რეფერენდუმს ხომ ვერ ჩავატარებთ?! მაშინ ჯარის შეიარაღებაზე, ავტომატის ყიდვაზე თუ პოლიციის ფორმების შესყიდვაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. რატმინდა ნატო სჰე დებილო? რუსეტტან სჰერიგება ეროვნული ინტერესიააა. ტქვენისტანა ხალხია ომები რო გამოიწვია. პუი იმ საქარტველოს სჰენნაირი მინისტრები როყავს მარტო მაგიტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here