საქართველოს ყველა კუთხეს ძალიან რომ უჭირს, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ყველაზე მიტოვებული და განუკითხავი რატომღაც სამეგრელო აღმოჩნდა. ძალიანაც რომ არ უნდოდეთ, ადგილობრივები იძულებულნი არიან, აღიარონ, რომ ზუგდიდს მიშა სწყალობდა _ მან განმუხურსა და ანაკლიას ახალი ელფერი შესძინა, თუმცა უხარისხოდ, მაგრამ მაინც… ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამეგრელო კვლავ ჩაკვდა. ერთი პირობა ისიც იფიქრა ხალხმა, მთავრობას იმიტომ დავავიწყდით, ირაკლი ალასანიამ არჩევნები რომ წააგოო, მაგრამ მათი იმედგაცრუება პრემიერმა ღარიბაშვილმა გააქარწყლა, როდესაც ზუგდიდიში ჩავიდა და დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობის მცირე ნაწილს შეხვდა. ღარიბაშვილმა მაშინ ზუგდიდელებს სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა, რომ ანაკლიაში ყველაზე ღრმაწყლიანი პორტი აშენდებოდა. პრემიერის ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირის თავზე მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილების ყოფილმა გამგემ ჯუნა მხეიძემ «საქართველო და მსოფლიოს» სენსაციური ინფორმაცია მოაწოდა _ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ იგეგმებაო.
_ რა ვითარებაა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით? პრემიერმა ზუგდიდელები დააიმედა, რომ პორტის მშენებლობა ძალიან მალე დაიწყებოდა.
_ ზუგდიდში გაკეთებული განცხადების შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტი აშენდება.
ამ ამბის შეტყობის შემდეგ ჩვენ, რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და ეკონომიკის მინისტრს უკრაინიდან ჩამოსული ინვესტორის სახელით წერილები მივწერეთ, რომ მზად არის, ანაკლიის პორტი ააშენოს.
_ ვინ არის ეს ინვესტორი?
_ ეს არის ფირმა «ოლტა». მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ უკრაინაში მცხოვრები ქართველი, ხოლო ფირმის ხელმძღვანელია ებრაელი ბიზნესმენი. სწორედ ისაა დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობით. ეს ადამიანი, წლებია, წარმატებით მუშაობს უკრაინაში და სურს, გრანდიოზული პროექტები საქართველოშიც განახორციელოს.
_ რა თანხაზეა საუბარი?
_ ამ ინვესტორის ლიმიტი რამდენიმე ათეული მილიარდია. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში ზუსტად ამ მიზნით ქართველი ებრაელი ჩამოვიდა, მაშინ ედუარდ შევარდნაძემ თითქმის უკვე დაწყებული საქმე გააფუჭა _ გადაწყვეტილება შეცვალა და ანაკლიის ნაცვლად პორტი ყულევში გააკეთა. ყველამ ვიცით, რომ ყულევს, გარდა კონტრაბანდის გადაზიდვისა, სხვა დანიშნულება არ ჰქონია. წლები რომ გავიდა და ხელისუფლება შეიცვალა, ებრაელი ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ ანაკლიის პორტით. მათ საქართველოში ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობები აქვთ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან და ძალიან კარგად იციან ანაკლიის პორტის მშენებლობა. ერთადერთი უმთავრესი გზაა ქვეყნის გადარჩენის, აფხაზების შემორიგებისა და ხალხის კეთილდღეობის. «თი-ბი-სი» ბანკის მმართველი მამუკა ხაზარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, დღესაც ხელს უშლის ანაკლიის პორტის მშენებლობას, მაშინაც მხარში ედგა შევარდნაძეს.
_ რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს? ეს სერიოზული ბრალდებაა.
_ ყველაფერს მოგიყვებით. ერთი კვირის წინ გამოვნახეთ გზები საიმისოდ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შევხვედროდით. მართლაც, ზუგდიდში ერთ-ერთ კაფეში მას ინვესტორთან ერთად შევხვდით. შეხვედრისთანავე გამოუცხადა ინვესტორს, გთხოვთ, ანაკლიის პორტზე ნუ ვისაუბრებთო. სტუმარმა უთხრა, რომ მხოლოდ ამ საქმით არის დაინტერესებული და სხვა მიზანი არ ამოძრავებს. შონიამ უპასუხა, რომ ანაკლიაში პორტს არ ააშეენებს და რომ ის დაინეტერესებულია სოფლის მეურნეობის განვითარებით. წარმოგიდგენიათ? პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე კვირაში სამეგრელოს გუბერნატორი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდება. ინვესტორი გაოგნებული უყურებდა და უთხრა, რომ ავაშენებთ ფოთის პორტს და შემდეგ მივხედავთ ლებარდეს, სქურს და მუხურს, სადაც წყლის საამქროებს გავაკეთებთ და ბაზარზეც გავიტანთო.
ინვესტორები მზად არიან, მილიარდ 200 ათასი დოლარი ჩადონ პორტის მშენებლობაში; მზად არიან, გააკეთონ არხიც, რომ ენგურს მიმართულება შეეცვალოს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე უბედურება მოხდება.
_ რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს ინფორმაცია მოისმინეთ?
_ კინაღამ გადავირიეთ. პირადად მე მზად ვიყავი, ხელიც კი დამერტყა. მოკლედ, ვერაფერზე რომ ვერ შევთანხმდით, მერე გუბერნატორმა ინვესტორს ასეთი რამ უთხრა, _ ამიშენეთ პორტი სუფსაში თხევადი გაზის ტერმინალით, რათა გაზი ევროპაში გავიტანოთო.
სუფსის პორტში გაზის ტერმინალის გაკეთება ამერიკელებს უნდათ. ამის თაობაზე მათ პრემიერ ღარიბაშვილს ამერიკაში უთხრეს. შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი საქართველოში დაპატიჟა და დღემდე კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ. მათთან ერთად იმყოფებოდა მამუკა ხაზარაძეც, სწორედ ამიტომაც გვაქვს ეჭვი, უფრო ზუსტად, დადასტურებული ინფორმაცია, რომ ხაზარაძე ისევ ამ საქმეებშია ჩარეული და არა მარტო ის, საქმეში კვლავ შევარდნაძის კლანი ფიგურირებს. მამუკა ხაზარაძე სუფსაში პორტის აშენებას უხელმძღვანელებს. შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, რაღა დროს შევარდნაძეაო, მაგრამ ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძე ისევ ზენიტშია და საქმესაც სათავისოდ აკეთებს.
_ კი, მაგრამ გუბერნატორს რატომ არ ჰკითხეთ _ პრემიერი ერთ განცხადებას აკეთებს, თქვენ კი სხვას და რით აიხსნება ესო?
_ პრემიერისა და გუბერნატორის ნალაპარაკევს შორის ცდომილება რატომ არის, ვერ გავიგეთ, მაგრამ ლევან შონიამ გარკვევით გვითხრა, რომ ანაკლიაში პორტი არ აშენდება, რადგან საჭირო არ არისო. ვფიქრობთ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ხალხის თვალის ასახვევად იტყუება.
ახალ ხელისუფლებას, ისევე, როგორც მის წინამორბედს, არ აინტერესებს მეცნიერების აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ანაკლიის პორტის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტური ადამიანებისგან მოისმენდნენ.
_ ინვესტორი მთავრობის მეთაურთან შეხვედრას არ შეეცადა? იქნებ მას სულ სხვა მოსაზრება აქვს?
_ კი, მათ ღარიბაშვილს დეტალურად გააცნეს საკუთარი გეგმები: რომ ააშენებდნენ პორტს, ასევე, უანგაროდ გააკეთებდნენ დამცავ არხს, რომელიც პორტს არ ეხება, კურორტებზე ააგებდნენ წყლის საამქროებს და დააგებდნენ გზებსაც, მაგრამ ღარიბაშვილმა მათი წინადადება უპასუხოდ დატოვა.
ათასი ჰექტარი მიწა ზღვას უკვე წაღებული აქვს. გეგმა ასეთი იყო: წელს «მოლები» ჩადგმულიყო, რომლითაც შესაძლებლობა გვექნებოდა, ზღვიდან მოტანილი ქვიშა და ღორღი ჩვენთან შეგროვებულიყო. ამ ხერხით 1 500 ჰექტარი მიწა უკან დაგვიბრუნდებოდა, ამით ფოთსაც ვუშველიდით. ანაკლიაში დაწყებული მშენებლობა სამუშაოს აფხაზეთის მცხოვრებლებსაც მისცემდა.
დღეს ანაკლიაში ასეთი ვითარებაა: ჩამოყვანილი ჰყავთ იაპონელი მკვლევარები და მათ დასკვნას ელოდებიან. საქართველოს მთავრობა ამ კვლევისთვის იაპონელებს 5 მილიონ დოლარს უხდის და, ბუნებრივია, ისინი ზუსტად იმ დასკვნას დადებენ, რომელიც მთავრობას აძლევს ხელს. არადა, ქართველი მეცნიერები სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. პროფესორი და მკვლევარი არჩილ კიკნაძე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერია, რომლის მტკიცებითაც, ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია.
_ როგორც ვიცი, თქვენ ეკონომიკის სამინისტროშიც გქონდათ შეხვედრა.
_ 21 აპრილს ინვესტორისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის _ ქეთევან ბოჭორიშვილის შეხვედრა შედგა. შეხვედრას პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა: _ არ ვიცი, რა არის პორტი, მაგრამ თქვენი ინვესტორი ჩვენ რაში გვჭირდება, ჩვენ 6 ინვესტორი გვყავსო.
ასეთ განცხადებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მაშინ, როდესაც რეგიონის გუბერნატორი ინვესტორს ეხვეწება, _ სუფსა ამიშენე ან სოფლის მეურნეობა ამიღორძინეო. საუბარს შელაპარაკება მოჰყვა და მან თქვა, რომ მინისტრთან დარეკავდა, აიღო ტელეფონი და სადღაც მართლაც დარეკა, ვიღაცას ელაპარაკა, მაგრამ მინისტრს ნამდვილად არა, რადგან მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მან წასვლა დააპირა, საათზე იყურებოდა. მაშინ პროფესორმა გოგა ლომინაძემ უთხრა, შეგვახვედრეთ იაპონელებს, რომლებიც ანაკლიაში კვლევებს ატარებენ, რადგან აუცილებელია, ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთო. ქუმსიაშვილი გაგვეცალა, დარჩა ქეთევან ბოჭორიშვილი, რომელსაც ძალიან საინტერესო ფრაზა წამოსცდა _ ანაკლიის პორტის მშენებლობა პოლიტიკურად გამართლებული არ არისო. მივუტრიალდით და გაოცებულებმა ვკითხეთ: _ ეს რას ნიშნავს? აფხაზეთი დავკარგეთ? და მაშინ მივხვდით, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას არც გეგმავს იმის შიშით, რუსეთმა მერე აშენებული რომ არ წაართვას.
«საქართველო და მსოფლიო» ინფორმაციის გადასამოწმებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას დაუკავშირდა.
_ ბატონო ლევან, რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით? სამშენებლო სამუშაოები დაიწყო?
_ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ჯერ კვლევები მიმდინარეობს.
ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა გუბერნატორი. საუბრის დასაწყისში (თუ ამას საუბარი ერქვა _ ე. ნ.) მას მკაფიოდ წამოსცდა: «ეტო სეკრეტნო».
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი