Home რუბრიკები საზოგადოება «მაპზე უკეთესის» მომლოდინე საქართველოს სოფლის მეურნეობა სავალალო მდგომარეობაშია

«მაპზე უკეთესის» მომლოდინე საქართველოს სოფლის მეურნეობა სავალალო მდგომარეობაშია

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, გაჩნდა მოლოდინი, რომ სოფელი აღორძინდებოდა და დოვლათი შეიქმნებოდა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა «ქართულმა ოცნებამაც» გადაწყვიტა, გლეხებისთვის ვაუჩერები დაერიგებინა, მათ მიწის დამუშავება რომ გაადვილებოდათ, თუმცა ჩასაფრებული «ნაცები» მაშინვე ახმაურდნენ, _ სოფელი რომ მნიშვნელოვანია, სტალინმა ჩაგვაგონა, რადგან მას საქართველოს სხვა კუთხით განვითარება არ უნდოდაო. სოფლის მეურნეობის განვითარების საწინააღმდეგო პროპაგანდას წარმატებით ეწევა ტელევიზია «ტაბულა», კერძოდ კი, მისი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი… ჩვენ მოვიპოვეთ საბჭოთა საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი მონაცემები და შევეცადეთ, ისინი დღეს უკვე «საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის» მქონე და «მაპზე უკეთესის» მომლოდინე საქართველოს სოფლის მეურნეობის მონაცემებისთვის შეგვედარებინა.


სოციალისტურ საქართველოში 800 ათასი ჰექტარი მიწა მუშავდებოდა.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობების დასანერგად. სწორედ ამ პერიოდში გატარდა სახელმწიფოს პროტექციონისტური და რეგულირების პოლიტიკა, რომელიც გამოიხატებოდა სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად და მის სამრეწველო საფუძველზე გადასაყვანად ცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებების გამოყოფაში. წლების განმავლობაში მაღალრენტაბელური დარგებიდან შეკრებილი ანარიცხების ხარჯზე იქმნებოდა ეკონომიკურად სუსტი მეურნეობების დახმარების ფონდი, რომლის საშუალო წლიური მოცულობა 55-60 მილიონი მანეთი იყო.

გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, პირველ რიგში, მრავალწლიანი კულტურების პროდუქციაზე აისახა.

1988 წელს, 1950 წელთან შედარებით, ყველა კატეგორიის ჩაის ხარისხოვანი ფოთლის წარმოება გაიზარდა 3,5-ჯერ, ყურძნის _ 3,9-ჯერ, თესლოვანი და კურკოვანი ხილის – 4,3-ჯერ. შესაბამისად იზრდებოდა დასახელებული პროდუქციის სახელმწიფოსთვის მიყიდვის მაჩვენებლები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სტრუქტურამ საკავშირო მნიშვნელობის პროდუქციის წარმოებაზე აშკარად გამოხატული ორიენტაცია შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის მთლიან პროდუქციაში მაპროფილებელი კულტურების ხვედრითი წილის ზრდა ხდებოდა თითქმის ყველა სახის პროდუქციის წარმოების ზრდის ფონზე. მაგალითად, 1988 წელს, 1950 წელთან შედარებით, ყველა კატეგორიის მეურნეობაში ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა 7,6-ჯერ, კარტოფილის _ 2,4-ჯერ, ხორცის – 3-ჯერ, რძის – 2,6-ჯერ.

ქვეყნის აგროსასურსათო სექტორი წარმოდგენილი იყო მძლავრი გადამამუშავებელი საწარმოებით, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით. 1988 წელს საქართველოში წარმოებული იყო 114,2 ათასი ტონა ჩაის პროდუქცია, 2,2 მილიონი დეკალიტრი კონიაკი, 24,4 მილიონი ბოთლი შამპანური, 12,5 მილიარდი ღერი სიგარეტი, 497,7 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი, 766,2 მილიონი პირობითი ქილა ხილბოსტნეულის კონსერვი. აგროსასურსათო სექტორში ფუნქციონირებდა 104 ღვინის პირველადი და მეორადი ქარხანა, რომლებშიც 690 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეიძლებოდა. ჩაის ფოთლის გადამუშავებას, მზა პოდუქციის მიღებასა და დაფასოებას ემსახურებოდა 184 ფაბრიკა, შესაბამისად – 728 და 120 ათასი ტონის წარმადობით. ხილბოსტნეულს ამუშავებდა 44 ქარხანა 100 ათასი ტონა ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრით. რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა ლუდის _ 17, ხორცისა და ხორცპროდუქტების _ 29, რძის _ 40, უალკოჰოლო სასმელების _ 17, მცენარეული ზეთისა და ეთერზეთების 28 ქარხანა. საკონდიტრო ნაწარმის გამოშვებას ემსახურებოდა 4 ქარხანა.

საქართველოში იყო მილიონ ხუთასი ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 2 მილიონ ორასი ათასი ცხვარი, მილიონი ღორი.

რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოებისა და პურის ცხობის ფართო ქსელი. ფქვილის წარმოება თითქმის 1 მილიონ ტონას შეადგენდა. პურისა და პურფუნთუშეულის წარმოება _ 800 ათას ტონას, ხოლო კომბინირებული საკვების ყოველწლიური გამოშვება 1 მილიონ ტონას აღემატებოდა. საქართველოში იწარმოებოდა თითქმის ყველა სასურსათო პროდუქცია.

საქართველოს სოფლის მეურნეობა ყოველწლიურად დიდი რაოდენობით იღებდა საბჭოთა წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. შედეგად, 1988 წლისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მეურნეობებს ერიცხებოდა 1576 ერთეული მარცვლის ამღები კომბაინი, 26 806 _ ტრაქტორი, 10343 _ სატრაქტორო გუთანი, 5 320 _ კულტივატორი, 4 337 _ სათესი და 20 182 _ სატვირთო ავტომანქანა. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ყველა სახის მინერალური სასუქის ოდენობა 450 ათას ტონას აღემატებოდა.

მთლიანობაში აგროსასურსათო სექტორი წარმოადგენდა ინდუსტრიულ საფუძველზე გადაყვანილ წარმოებას, რომელიც ეკონომიკაში ლიდერის როლს ასრულებდა. მასზე მოდიოდა ქვეყანაში შექმნილი მთლიანი პროდუქტის 55%-ზე მეტი.

მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე მოდიოდა სახელმწიფოს მიერ შესყიდული ციტრუსების, ხილის, ყურძნისა და ხორცის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, 1988 წელს მან შეადგინა ციტრუსების 79,2%, ხილის _ 20,8%, ყურძნის _ 20,1%, ხორცის _ 38%.

მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებზე მოდიოდა ქვეყნის ხეხილის ნარგავების 54,2%, ვაზის _ 33,6%, ციტრუსების _ 42,1%. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის _ 59%, ღორის სულადობის _ 54%, ცხვრისა და თხის _ 47,3%.

საკარმიდამო მეურნეობებში იქმნებოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 45%.

აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ საწარმოო და არასაწარმოო მომსახურების გაძლიერების პირობებში საკარმიდამო მეურნეობებს შეეძლოთ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემდგომი ზრდის საქმეში.

2003-2009 წლებში საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი შემცირდა 29%-ით, რაც მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობა თითქმის ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით ვითარდებოდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფაო) მონაცემებით, 2003-2005 წლებთან შედარებით, 2007-2009 წლებში მარცვლეულის წარმოება სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 10 და 16%-ით გაიზარდა, საქართველოში კი თითქმის 40%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში უფრო გაუარესდა. კერძოდ, თუ საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2003 წელს 28,9% იყო, 2009 წლისთვის 6,7%-მდე შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობაა სასოფლო-სამეურნეო კულტურებშიც, ეს კი პირდაპირი შედეგია, პრაქტიკულად, ყველანაირი ნათესი ფართობისა და მოსავლიანობის შემცირებისა.

მიწათმოქმედებასთან ერთად უარესდება მდგომარეობა მეცხოველეობაშიც. ბოლო რვა წლის განმავლობაში შემცირდა როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა.

2008 წელს ქვეყანაში ნათესი ფართობები, 2000 წელთან შედარებით, შემცირდა 1,9-ჯერ. მათ შორის, მარცვლოვან-პარკოსნებისა _ 1,6-ჯერ, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა _ 1,7-ჯერ; შემცირდა, აგრეთვე, ვაზის, ხეხილისა და მრავალწლოვანი ნარგავების ფართობებიც. დღეს ამ მიმართულებით მდგომარეობა უფრო დამძიმებულია.

1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ნეგატიური გავლენა იქონია კვების მრეწველობის განვითარებაზეც. ამ პერიოდიდან იწყება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება, გასაღების ბაზრის დაკარგვა, შექმნილი სამრეწველო პოტენციალის განადგურება.

შევეცადეთ, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებიც მოგვეძიებინა და დახმარებისთვის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს მივმართეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ხოლო ოპერატიული მონაცემებით დღეისთვის დამუშავებულია 400 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

სოფლის მეურნეობის მთლიანი შიგა პროდუქტი კი 2007 წლიდან ასეთი იყო: 2007 წ. – 10,7, 2008 წ. – 9,4, 2009 წ. – 9,4, 2010 წ. – 8,4, 2011 წ. – 8,8, 2012 წ. – 8,6, 2013 წ. – 9,3.

როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ეს მწვავე პრობლემაა. ეკონომისტი იოსებ არჩვაძე წერს: «პოლიტიკა მეტად სერიოზული რამაა იმისთვის, რომ იგი «ჰეგელისეულად», ციფრების იგნორირებით, საერთოდ უსტატისტიკოდ განახორციელო. ამ შემთხვევაში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ციფრებს, არამედ ყველას, ვისი საქმიანი თუ საზოგადოებრივი ინტერესები ციფრების წარმოებასა და გამოყენებაზე გადის. სტატისტიკა საქართველოში დაფინანსების მხრივ ყოველთვის გერის როლში იყო».

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here