როგორ არის დაცული საქართველოში პაციენტის უფლება და როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ექიმს დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტისადმი? _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დავით გაგუას სახელობის კლინიკის წამყვანი ქირურგი ნიკოლაოს მუხსიადისი.
_ ბატონო ნიკოლაოს, როგორ უნდა მიაწოდოს ექიმმა პაციენტს ინფორმაცია მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში?
_ ჩემი აზრით, მკურნალ ექიმს, ჩემს შემთხვევაში ქირურგს, აკისრია ვალდებულება, მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, გააცნოს ყველა შესაძლო რისკი და ფსიქოლოგიურად მოამზადოს პაციენტი შესაძლო არასასურველი შედეგისთვის.
_ საქართველოში დაცული თუ არის პაციენტის უფლებები?
_ პაციენტის უსაფრთხოების პრინციპების დაცვით, ჩვენ არამარტო ვიცავთ მათ ჯანმრთელობას, არამედ ვაუმჯობესებთ მისი ცხოვრების ხარისხს გართულებების მინიმუმამდე შემცირებით, ანუ, როდესაც პაციენტი ინფორმირებულია, ის ფსიქოლოგიურადაც მზად არის პროცესის ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის, რაც აძლევს მკურნალ ექიმს საშუალებას, გამოიყენოს მკურნალობის ყველა შესაძლებლობა, დაწყებული ლაბორატორიული გამოკვლევებიდან, დამთავრებული უშუალოდ ინსტრუმენტალური მკურნალობით.
_ თუ გაქვთ შემუშავებული ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციფიკური მეთოდი პაციენტის ფსიქოლოგიურად მოსამზადებლად, ვიდრე მძიმე დიაგნოზის შესახებ ამცნობთ?
_ სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც ეს პროცედურა სავალდებულო იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური მომზადება, რომელიც მკურნალი ექიმის მხრიდან გულწრფელი დამოკიდებულებით უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია, პაციენტს ინფორმაცია მივაწოდოთ ზუსტად, ფაქიზად და ვამცნოთ მოსალოდნელი რისკფაქტორებისა და შედეგების თაობაზე.