ყველა ხელისუფლება და, ბუნებრივია, ჩვენიც, ცდილობს, თავისი გადაწყვეტილებების დამაჯერებლად წარმოჩენას მის ხელთ არსებული პრესა-ტელევიზიის (ძირითადად) მეშვეობით და ამაში მიუღებელი არაფერია _ ყველას მოსაწონი პოლიტიკის გატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მხოლოდ იმ სიტყვებსა და ნაბიჯებზე შევჩერდები, რომელთაც, ჩემი შეფასებით, აბსურდული (უტოპიური), ქვეყნისთვის საზიანო (დანაშაულებრივი) და უზნეო (ამორალური) ჰქვია.
გადაჭარბებულად რომ არ მოეჩვენოს ვინმეს ჩემი ეს შეფასებები, დავიწყებ იმ საკითხის განხილვით, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი სამივე: უტოპიურობა, ქვეყნისთვის საზიანო ქმედებები და ამორალურობა. ესაა ნატო, რომლის «ღია კარში» შესასვლელად ხან ასპირანტის წიგნაკს გვაძლევენ, ხანაც _ მაპზე უკეთესს, მაგრამ შესვლით ვერ შევედით და ვერც ვერასოდეს შევალთ, ვიდრე რუსეთი იარსებებს! რუსეთი კი იარსებებს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო იარსებებს, ყოველ შემთხვევაში, ისე მაინც არ დაგლახაკავდება, რომ ჩვენ ვერ წაგვიმძღვაროს წინ.
ამაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი ექსპერტები, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტებით გვარწმუნებდნენ ნატოში შესვლის მიზანშეწონილობას, თოფნაკრავივით გაურბიან ამ საკითხზე ღია მსჯელობას და ზოგადი, არაფრისმთქმელი ფრაზებით, ანუ მამალი ტყუილებით ცდილობენ, დაგვაჯერონ დაუჯერებელში – უახლოეს მომავალში ნატოს წევრობასა და ამის შედეგად მოპოვებულ უსაფრთხოებაში. ცხადია, პირველ რიგში, ისინი რუსეთის აგრესიისგან დაცულობას გულისხმობენ (აქვე მინდა განვმარტო, რომ «ხელისუფლებაში» ვგულისხმობ როგორც ახალ, ისე ძველ ხელისუფლებას, რადგანაც «ნაცებს» არანაკლები წარმომადგენლობა ჰყავთ სახელისუფლო რგოლებში და ტელეეკრანიდან ისინი უფრო ხშირად გვამუნათებენ, ვიდრე ქოცები)!
დავიწყოთ ნატოში შესვლით, ანუ უტოპიურობით. იმის მიუხედავად, რომ ყველამ, ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა ექსპერტებმაც, შესანიშნავად იციან ნატოს წესდების ორი მუხლი – ნატოში მისაღებ სახელმწიფოს ერთხმად უნდა უჭერდეს მხარს ამ ალიანსის ყველა წევრი-ქვეყანა და მას არ უნდა ჰქონდეს სასაზღვრო პრობლემები, ისინი მაინც ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ დღეს თუ არა ხვალ უეჭველად ამოვყოფთ თავს ნატოში. აი, კითხვაზე _ როგორ დავძლევთ ნატოს წესდების ამ ორ მოთხოვნას, ანუ როგორ დაგვიჭერს აბსოლუტურად ყველა(!) სახელმწიფო მხარს რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ, როცა თითქმის ყველანი რუსეთის გაზზე არიან მიბმულნი (ზოგი სანახევროდ და ზოგიც მთლიანად) ან როგორ დახუჭავს ნატო თვალს ჩვენს არათუ სასაზღვრო პრობლემებზე, არამედ გაცილებით უარესზე – საქართველოს ორ რეგიონში მდგარ რუსეთის ჯარზე, ამის განმარტებით არავინ იწუხებს თავს. რატომ? იმიტომ, რომ პრონატოელებს პასუხი, უბრალოდ, არ აქვთ. ამის ნაცვლად რიხით აცხადებენ: აჰ, ვინ ჰკითხავს რუსეთს საქართველოს მიღება-არმიღებასო, თითქოს ჩვენ გვეკავოს დედამიწის ერთი მეექვსედი და არა – რუსეთს! ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელია, რისი იმედი აქვთ ხელისუფლებაში ან ექსპერტთა კოჰორტაში, როცა ნატოში გაწევრების უტოპიურ ოცნებაზე ასეთი ოპტიმიზმით გვესაუბრებიან!
ახლა განვიხილოთ ხელისუფლებისთვის სასურველი ვარიანტი, რომელსაც იგი, ალბათ, ახლო მომავლისთვის ელოდება. დავუშვათ, ერთი მხრივ, ევროპამ მიაგნო ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროს, ნაკლებად დამოკიდებული გახდა რუსეთზე და გადაწყვიტა, ერთხმად დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატოში მიღებას და, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამაც, ნატოში გაწევრების სანაცვლოდ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმა გადაწყვიტა. ამით მოიხსნება ზემოთ მოყვანილი ორი, თითქოსდა გადაულახავი ბარიერი და ნატოში შესვლაც რეალური გახდება, შესაძლებელია მოვლენების ამგვარად განვითარება? _ ძნელი წარმოსადგენია, რადგან ევროპა კიდევ კარგა ხანს, ახლო მომავალში მაინც, რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული (სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ). რაც შეეხება ქართველი ხალხის დაყაბულებას აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმაზე, ამას მხოლოდ მასობრივი რეპრესიების ხარჯზე თუ მიაღწევს ხელისუფლება. მაგრამ მოდი, ხალხის იძულებითი დათანხმების თუ პასიურობის შესაძლებლობაც დავუშვათ (დაშინებით, ტელეგამოჩერჩეტებით თუ ახალი გაყალბებული პლებისციტით გამოწვეული). რუსეთი, რუსეთი დაგვავიწყდა? იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ის გულარხეინად დაგვაკვირდება შორიდან და ხელსაც არ გაანძრევს, აქაოდა, ამერიკამ სანქციები არ დამიწესოსო?! ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ, როგორც კი რეალურად დადგება საქართველოს ნატოში მიღების საკითხი, იმავე წუთს, სულ რაღაც ორ საათში, საქართველოს მთელი ტერიტორია აღმოჩნდება რუსეთის სამიზნე! პუტინმა ყველას გასაგონად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ განაცხადა, რომ იგი რუსეთის საზღვრებთან (ღობესთან) ნატოს არ გააჭაჭანებს! ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მოახდენს არა მარტო საქართველოს, არამედ მოსაზღვრე ყველა იმ ქვეყნის ნეიტრალიზაციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მოცემულ ეტაპზე, და მას წინ ვერ აღუდგება ვერც ევროპა და ვერც ამერიკა თავიანთი შეშფოთებებით! არც საქართველოს და არც არავის გულისთვის დასავლეთი პლანეტის და, მაშასადამე, საკუთარი თავის დამღუპველ მესამე მსოფლიო ომს რომ არ წამოიწყებს, ამას გიჟის მეტი ყველა ხვდება.
სახელმწიფოს ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ხელისუფლების უგუნური აქტიურობითა და პროვოკაციული ნაბიჯებით იყო გამოწვეული, ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებად ითვლება ყველგან და მკაცრადაც ისჯება! მხოლოდ ჩვენთან შეფასდა მაღალი «ნაცის» მიერ ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა «ნაციონალურად» _ რა მოხდა, რაღაც 150 სოფელი დავკარგეთ და 25 ათასი ახალი ლტოლვილი დაგვემატა, ქვა და ღორღი იყო ის მიწები, რას მივტირითო! ამის მთქმელს არ უნდა ეპატიოს ჩადენილი დანაშაული და მკრეხელური სიტყვები (რა დროც უნდა გავიდეს!) და არც ხელისუფლებასაც, რომელმაც ის არ დასაჯა!
ახლა კიდევ ერთი, თითქოსდა, რთული რამ _ ხელისუფლების უზნეობა-ამორალურობა დაგვრჩა დასამტკიცებელი. ზემოთქმული _ ხალხის მოტყუება და ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა _ უზნეობის კატეგორიაში გადის, მაგრამ გაცილებით მძიმე ხარისხის ამორალურობაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ნატოში გაწევრებას აუცილებლად მოჰყვება.
დავუშვათ, იდეალური ვარიანტი: ამა თუ იმ გზით, ნატოს წესდების მუხლებიც დაიძლია და რუსეთშიც ისეთი ხელისუფლება მოვიდა პუტინის შემდეგ, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოც დაგვიბრუნა, ჯარებიც გაიყვანა და ნატოში შესვლაზეც მწვანე შუქი აგვინთო! ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო კაცმა, მაგრამ მაინც ვიკითხოთ: ავშენდებით თუ დავიღუპებით ნატოში შესვლით?
დღეს ყველანი მოწმენი ვართ, როგორ ითვისებს ქართულ მიწებს თურქეთი, განსაკუთრებით _ აჭარაში და ამის ასალაგმად ხელისუფლება ზომებს არ იღებს. ხვალ, ანუ ნატოში შესვლის შემდეგ, თურქების გავლენა საქართველოში (სამხედრო ძალის შემოსვლაც, ნატოს ეგიდით) უდავოდ მოიმატებს და ხელისუფლება, სურვილის შემთხვევაშიც კი, წინ ვერ აღუდგება ნატოს წევრ ჩვენს მეზობელს, რომელიც დიდ თურქეთზე ოცნებობს და აჭარაზე პრეტენზიაც ბევრჯერ გამოხატა საჯაროდ. დანარჩენ საქართველოზეც რომ უჭირავს თვალი, არც ეს არის საიდუმლო. თურქეთში სამუშაოდ ჩასულ ქართველებს ისე რომ ეპყრობიან, როგორც მონებს, დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ თბილისშიც არანაკლებს ბედავენ – დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გახსნილ კაფეებში ქართველებს არ უშვებენ, თურქი ინვესტორები ქართველ ექიმებს გინებას არ აკლებენ და პატრიარქის სურათის ჩამოხევასაც კი ცდილობენ! თურქების თავხედობის უფრო შორს წასვლა სწორედ ჩვენი ნატოში გაწევრების შემდეგ მოხდება. ჩვენი უსუსური ხელისუფლების მოღალატეობრივი უგუნურებაც მაშინ გახდება კიდევ უფრო თვალში საცემი, მაგრამ უკვე გვიანი იქნება! ადვილი მისახვედრია, რა მოგველის ახლო მომავალში ნატოს წყალობით _ 10 წელიწადში ასე დაგვაჯდნენ თავზე «ნაცების» შემოყვანილი თურქები და ნატოს სახელით შემოჯლიგინებულები ხომ სულ გაგვათურქებენ _ დიდი ალბათობით, ორი-სამი თაობის შემდეგ ენასაც დავკარგავთ, რწმენასაც და მამულსაც!
როდესაც შენი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, წინდაუხედავი თუ გამიზნული ნაბიჯებით ერი მეთოდურად მიგყავს გადაშენება-გადაგვარების გზით, სწორედ ამას ეწოდება დანაშაული და ამორალურობა. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ყველა (პირველ რიგში, ცხადია, ხელისუფლება), ვინც ნატო-ნატოს გაიძახის, ვისაც სჯერა ნატოში გაწევრებისა და მისი იმედი აქვს, არის უცოდინარი და ბრიყვი, ხოლო ვინც იცის, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გაუაზრებელ მხოლოდ ლტოლვასაც კი და, მით უფრო, ნატოში შესვლას, საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის (რუსეთის სამიზნედ გადაქცევა ან გათურქება «ისტორიული მეგობრისგან»), ის ქართველობაზე, მართლმადიდებლობაზე ხელაღებული, უკვე გადაგვარებული, ვერცხლზე გაყიდული არსებაა!
ახლა ნატოსავით აკვიატებულ და არანაკლები საფრთხის შემცველ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე და ხელისუფლების სხვა უზნეობებზეც მოგახსენებთ:
ევროკავშირთან ასოცირებაც რომ დამღუპველია, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების – ბულგარეთისა და რუმინეთის _ და, გნებავთ, ჩვენსავით პოსტსაბჭოთა ლატვიის მაგალითზე, საიდანაც ხუთ წელიწადში მოსახლეობის მეხუთედმა(!) დატოვა ქვეყანა და სამუშაოს საძებნელად ევროპას მოედო.
ამერიკელებს აქვთ გამოთქმა (შიგა მოხმარებისთვის განკუთვნილი და არა – განვითარებადი სახელმწიფოების მოსახლეობისთვის, ცხადია): «ერთხელ მომატყუე? _ შენი სირცხვილი; ორჯერ? _ ჩემი სირცხვილი!». ჩვენ რამდენჯერ მოგვატყუეს, ამას თვლა აქვს? მხოლოდ მოგვატყუეს? რამდენჯერ გაგვითელეს ღირსება და აგვყარეს პატივი და საერთოდ, გვაგდებს ვინმე ძაღლად, გვეკითხება რამეს? ხალხს ხომ იმის არჩევის უფლებასაც არ აძლევენ, სად, რომელ კავშირში სურს გაწევრება _ ნატოში, ევროკავშირში, ევრაზიულ კავშირში თუ არც ერთში! როცა ხელისუფლება გვეუბნება: საგარეო კურსის არჩევის უფლება არ გაქვთ, ასეთ საკითხებზე რეფერენდუმი არ ტარდება, კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს, ეს ჩვენი გადასაწყვეტიაო და, ამასთანავე, თავს ხალხის ნების აღმსრულებელ, ხალხის სამსახურში მყოფ დაქირავებულ ხელისუფლებას უწოდებს, იგი ერთდროულად გვატყუებს და დაგვცინის კიდეც!
არადა, თავისუფალ არჩევნებთან ერთად სწორედ რეფერენდუმი არის ხალხის მმართველობის, ანუ დემოკრატიის უშუალო და პირდაპირი გამოხატულება, ამ გზით მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობენ სახელმწიფოსთვის და, მაშასადამე, თითოეული მათგანისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში! და ამ დროს გვიცხადებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა-არმოწერა რეფერენდუმით არ წყდებაო. ნატოში შესვლა-არშესვლაზეც, წესით, რეფერენდუმი უნდა იმართებოდეს, მაგრამ ჩვენ პლებისციტს(?!) გვიტარებენ; არადა, პლებისციტი მხოლოდ ლოკალური(!) მნიშვნელობის საკითხებზე ხალხის გამოკითხვაა და მეტი არაფერი, რეფერენდუმი კი ხალხის ნების გამოხატვაა, რის წინააღმდეგაც ხელისუფლება ვერ წავა! თანაც, ჩვენ ზუსტად ექვსი წლის წინათ (2008 წლის იანვარში) პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად და არანაკლები გაყალბებით ჩატარებული პლებისციტით გვკვებავენ დღესაც – ახალი, «პატიოსანი» ხელისუფლების პირობებშიც. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ არც ნატოში და არც ევროკავშირში თავის შეყოფა (ნატოს ომებში მონაწილეობა და თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა) არ არის მეათეხარისხოვანი საკითხი და, რომ ასეთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე აუცილებლად რეფერენდუმი უნდა იმართებოდეს, და არა – იურიდიული ძალის არმქონე პლებისციტი, რომლის ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებს სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვა.
ეკონომიკის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ჩამორჩენილი საქართველო, რომლის ხელისუფლებასაც შინ ვერ მოუგვარებია ვერც ერთი პრობლემა (ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური), რომელსაც უზარმაზარი საგარეო ვალი აქვს და რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გადმორიცხული თანხების იმედზეა, რომელიც ვერც ერთ მეზობელ ქვეყანას ვერ გაუმკლავდება სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, სხვას უმყარებს წესრიგს და დემოკრატიას და რიხით აცხადებს: მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეგვაქვს ჩვენი წვლილიო!
სხვისი შვილების ომში გაწირვა და საკუთარზე კრუხივით გადაფოფრა რომ დიდზე დიდი უზნეობაა ხელისუფლების მხრიდან, ამას ვინმეს დასტური სჭირდება?!
ახლა ისიც ვიკითხოთ, რა იურიდიული და, რაც მთავარია, რა მორალური უფლება გვაქვს, ცხრა მთას იქით ვიღაცებს წესრიგი დავუმყაროთ, თანაც, ცეცხლითა და მახვილით! გვთხოვეს კი მათ _ ხელისუფლებამ ან ხალხმა _ დახმარება? თუკი სხვის საქმეებში, თუნდაც შიდა არეულობაში ჩარევა სამართლიანია, მაშინ 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენთან ატეხილ სამოქალაქო ომში უცხო ქვეყნები (აფრიკიდანაც) რომ ჩარეულიყვნენ იმავე გაეროს ან ნატოს მანდატით და მშვიდობის აღდგენის მომიზეზებით (საკუთარი სამშობლოს დაცვის და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით!) გვარიანადაც გავეჟუჟეთ, გამოდის, მისასალმებელი იქნებოდა!
ხელისუფლება დაგვცინის, როცა «გვამშვიდებს»: ხომ ხედავთ, სამართლის აღდგენას ვიწყებთ, ათ(!) საქმეზე ვიბარებთ სააკაშვილს მოწმედ, მაგრამ, რადგან არ ჩამოდის და გამოუცხადებლობის გამო მოწმეზე ძებნაც არ ცხადდება, თქვენ ნუ ინერვიულებთ, ყურებით თუ არა, სკაიპით მაინც «დავიჭერთ» და ჩვენებას მოვაცემინებთო. თუ მართლა მისი ჩამოყვანა და გასამართლება სურს «ქართულ ოცნებას», რაღა მოწმის სახით იბარებს, სისხლის სამართლის დანაშაული არაფერი აქვს ჩადენილი ამ ვაჟბატონს?! მარტო აფრასიძეების ჩახოცვის თაობაზე მის მიერ საჯაროდ გაცხადებული აღიარება და დოკუმენტურად(!) დადასტურებული დიდი ოდენობით სახელმწიფო ფულის საკუთარი მიზნებისთვის ხარჯვა, როცა მუცლის ამოყორვას და მრუშობას გადაყოლილი 40 წლის(!) «მამაკაცი» ბოტოქსების ინექციაში, მასაჟებსა და ღიპის დასაგდებად ათეულობით ათასს ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საკუთარი შვილის სწავლის საფასურს იხდიდა, საკმარისზე მეტი სამხილი არ არის სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად და მის ყურით ჩამოსათრევად?!
მასხრად აგდებაზე მეტია, როცა ამერიკიდან თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას _ «ბილწებთან ზავით შეკვრას», ურცხვად გვაბრალებს «ქართული ოცნება», თითქოს ეს იყო ქართველი ხალხის მოთხოვნა და არა _ «ნაცხროვის» გასამართლება!
ასეთ უტიფრობას შესატყვისი სახელიც არ მოეძებნება, შეურაცხყოფილ, გამწარებულ და «ქართული ოცნებისგანაც»(!) გაბითურებულ კაცს, ასეთ დროს, მხოლოდ ერთი გავრცელებული გამოთქმა მოადგება პირზე: «მაშ, მტყუნის…»
იაკობ ლეჟავა