Home რუბრიკები პოლიტიკა რა აშფოთებთ სააკაშვილის უცხოელ მფარველებს _ ფული თუ ქართული დემოკრატია?

რა აშფოთებთ სააკაშვილის უცხოელ მფარველებს _ ფული თუ ქართული დემოკრატია?

548

სააკაშვილმა და «ნაცმოძრაობამ» წლების მანძილზე იმდენი ფული ჩაყარეს ლობისტურ კომპანიებში, იმდენი ევრო-ამერიკელი მაღალჩინოსანი მოქრთამეს და მოისყიდეს ოფიციალურად (ლობისტური კომპანიების მეშვეობით) თუ არაოფიციალურად, რომ საქართველოს კიდევ დიდხანს ექნება თავსატეხი და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს, «გულდამწვარი ჭირისუფლების» მოგერიება.


პროკურატურამ როგორც კი განაცხადა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეკითხვები გვაქვს, მოწმედ უნდა დავკითხოთო, «ნაცმოძრაობის» მამები, დედები, მამიდები და დეიდები მაშინვე აწრიალდნენ. ყველამ კარგად იცის, რომ პროკურატურის გამომძიებლის წინ მჯდომ სააკაშვილს სამი წინადადებიდან ორისთვის ბრალი უნდა წაუყენონ. მართალია, ვირთხის ფსიქოლოგია აქვს და ნებისმიერი სიტუაციიდან ცდილობს თავის დაძვრენას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ვერ მოახერხებდა ყველაფრის თანამზრახველებზე გადაბრალებას. ეს თანამზრახველებიც დაფეთდნენ, _ სააკაშვილის ცხოველურ ინსტინქტს კარგად იცნობენ, იციან, რომ თავის გადასარჩენად ნებისმიერს გაწირავს, ამიტომაც იქით სააკაშვილმა და აქეთ «ნაცმოძრაობის» დროებით გისოსებს გადარჩენილმა ლიდერებმა აამუშავეს გავლენიან ნაცნობ-მეგობართა წრე და HELP ME სიგნალი გაუშვეს მსოფლიოში.

პასუხმაც არ დააყოვნა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოსნებმა, მათთვის წმინდათაწმინდა «უიკენდის» მიუხედავად, საგანგებო განცხადებაც აფრინეს სტრატეგიულ საბატონოში.

«შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. არავინაა კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ითქვა, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესს მოახმაროს,» _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თუ კანონზე მაღლა არავინაა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ საქმეზე დაკითხავენ ექსპრეზიდენტს? მიზეზად ჯერ კიდევ მყიფე სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტების მოხმობას კი ჯობდა, მათი ფავორიტი სააკაშვილისთვის ეკითხათ, რატომ არის ეს ინსტიტუტები მისი 9-წლიანი მმართველობის შემდეგაც კი «ჯერ კიდევ მყიფე»? ეს ის სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტებია, რომლებითაც სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» ამაყობდნენ და საკუთარ მიღწევად ასაღებდნენ; იგივე ამერიკელები ტაშს უკრავდნენ ამ მიღწევას, ახლა კი უცებ აღმოაჩინეს, რომ ის, რაც ორი წლის წინ მტკიცე იყო, სინამდვილეში მყიფე ყოფილა.

თავი დაანებეთ სამართლიანობის დამკვიდრებას! _ ეს არის ამერიკელების მოთხოვნა და მითითებაც (როგორც ნაცდეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა). აშშ მთელ მსოფლიოში ორმაგ სტანდარტებს ამკვიდრებს და რა გასაკვირია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება.

ალბათ, ამიტომაც არის, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი შარშან «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში ირიბ მუქარასაც არ ერიდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტობას დაემშვიდობა. თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაშიო, _ ბილდტი, ალბათ, სააკაშვილისთვის ტიმოშენკოს საფირმო «კოსის» მორგებას ანდა სულაც მის ოსტეოქონდროზს არ გულისხმობდა, რომლისგანაც უკრაინელი «ტანჯულა» ამერიკის საელჩოში «სასწაულებრივად განიკურნა» და გაირონინა. თუმცა ეს ყველაფერი სულ ახლახან მოხდა, ბილდტმა კი შარშანდელი საგანგებო სტუმრობისა და 23 ოქტომბერს პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან ერთად ქვეყნის მაშინდელ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილებები ჟურნალისტს გაუზიარა:

«ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ, თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას», _ განაცხადა სააკაშვილის «მფარველმა ანგელოზმა» და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველოში არსებობს «შურისძიების პოლიტიკის» საფრთხე. «თუ არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება – წესიერ სასამართლოში, _ ეს ერთია! მაგრამ, როცა გვაქვს პოლიტიკური ასპექტები, ხალხი დაკავებული გყავს საკმაოდ დიდი ხნით, სასამართლოში საქმის განუხილველად, ამას შურისძიების პოლიტიკის სუნი უდის და ეს არ არის გამართლებული გზა», _ განაცხადა კარლ ბილდტმა «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში.

ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმოთ კარლ ბილდტს, მისგან განსხვავებული მოტივაციის მიუხედავად. შურისძიების პოლიტიკის სუნი რომ არ ასდიოდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებას, ამისთვის საჭიროა, ხელისუფლებამ უფრო მოქნილად იმუშაოს და სალაპარაკო აღარ დაუტოვოს არც ადგილობრივ გარეწრებს და არც უცხოელ წუწკებს: საჭიროა პათოლოგების დასჯა არა წვრილმანი დანაშაულისთვის, და თანაც ზედაპირულად გამოძიებული საქმეების სასამართლოში წარმართვითა და იქ გამამართლებელი განაჩენების მოსმენით, არამედ სწორედ იმ ბრალდებით, რომელთა შესახებაც ყველამ იცის და მოწმეების მონახვაც არ არის რთული. ხელისუფლება კი თითქოს, ქართველი ხალხის კი არა, ვიღაც გადამთიელების არჩეული იყოს, მხოლოდ უცხოეთიდან გამოგზავნილ გაფრთხილებებსა და მითითებებს ისმენს და ქართველი ხალხისთვის ყურიც დაიხშო და გონებაც.

ამიტომაც აღარ იყო გასაკვირი, რომ, როგორც კი დაიბარეს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პროკურატურაში, იქვე ზღაპრული ჯინივით გაჩნდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი: «როდესაც ბოლოს თბილისში ვიყავი და შევხვდი ბატონ ივანიშვილს, ჩვენ შევთანხმდით, რომ რევანშის პოლიტიკა დასრულდებოდა, რადგან ასეთი მიდგომა ძალიან საზიანოა საქართველოსთვის. რევანშის პოლიტიკას არ აქვს მომავალი ევროპაში. ასეთი ტენდენცია ძირს გამოუთხრის საქართველოს სანდოობას და მისი, როგორც წარმატებული ქვეყნის, განვითარებას».

მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილდტი, არც ერთ სხვა პოლიტიკოსს არ გაუკეთებია განცხადება, თუნდაც ოდნავ კრიტიკული მაინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ; არც ბრიტანელი, არც ფრანგი, არც გერმანელი და არც სხვა რომელიმე ქვეყნის გავლენიანი წარმომადგენელი შეშფოთებულა, რატომ უნდა დაკითხოთ სააკაშვილიო. ყველამ კარგად იცის, რომ, როცა სამართალდამცავ ორგანოში იბარებენ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, და თუ დანაშაული გამოვლინდება, პასუხიც აგოს! ასე ხდება ევროპის განვითარებულ დემოკრატიებში და არამხოლოდ იქ, მაგრამ ზოგიერთი ევროპელისთვის და განსაკუთრებით აშშ-ისთვის ჩვენ ჩამორჩენილი და ველური ქვეყანა ვართ, ჩვენთან შეიძლება 9 წელი ავტორიტარული და თანაც პათოლოგიური მმართველობა იყოს და არა უშავს, უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ თურმე.

ხელისუფლებაც თვალებში შესციცინებს «ბილდტებს» და სამართლიანობის დამკვიდრებას აჭიანურებს. ალბათ, ჰგონია, რომ საქართველოში ვინმეს დაავიწყდება ის საშინელება, რასაც «ნაციონალური» პათოლოგია ჰქვია და, თუ ასე გაგრძელდა, მერე უკვე ვეღარც ევროშეშფოთება დააოკებს იმედგადაწურულ ხალხს და ვეღარც ამერიკელების აღშფოთება _ ერთიანად წალეკავს ყოფილ და ახლანდელ მმართველებს.

მანამდე კი, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების პროცესთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ყველაზე წუწკ ევროპელად ცნობილი კარლ ბილდტი საუბრობს არა «შურისძიების პოლიტიკაზე», არამედ უკვე რევანშისტულს უწოდებს იმას, რასაც ქართველი ხალხი უკვე წელიწად-ნახევარია მოითხოვს. ალბათ, სხვებიც არიან, მაგრამ ბილდტი ყველაზე მეტად აქტიურობს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაცვიდან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის _ გიგა ბოკერიას დაცვაზე გადაერთო: «ხელისუფლების რევანშის პოლიტიკა არ შეესაბამება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს,» _ დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა «ტვიტერზე».

ბილდტს სრული საფუძველი აქვს შეშფოთებისთვის, რადგან ბოკერიას პროკურატურაში კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს. ერთ-ერთი ყველაზე მსუყედ დაფინანსებული ლობისტი კი სწორედ ბილდტია. ბოკერია პირადად აგვარებდა ლობისტების დაფინანსების საკითხებს _ ბევრი მათგანისთვის «უცია პატივი», ათეულობით მილიონი დოლარის ნაკადებს სწორედ უშიშროების საბჭოს მდივანი აძლევდა მიმართულებას. ბოკერიას, ისევე, როგორც სააკაშვილის ალაპარაკებამ რა შეიძლება გამოიწვიოს ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც, სულაც არ არის ძნელი წარმოსადგენი. სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» რომ ყოველწლიურად ათეულობით მილიონს ხარჯავდა საკუთარ პიარზე, ეს ყველამ იცის. ბილდტის ყოფილ კომპანიასთან გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტი კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 40 მილიონი დაუჯდა. ბუნებრივია, ბილდტი და მისი კომპანია დაიცავენ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს (ამ თანამზრახველებს შორის არიან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია _ გიგა მანდელად მონათლული მისივე მანდელოსანი «კნეინას» მიერ, რომელიც ჯოჯოხეთის მოწყობით დაგვემუქრა (მეტი რაღა, შენი სულისა, მეტი რაღა! ეს ჯოჯოხეთი უკვე ვნახეთ!) და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა _ იგივე გიგი ჰაველი!) მით უმეტეს, რომ არც უარყოფენ, რომ სწორედ ეს კომპანია იყო ნაცპათოლოგების «დამატებითი ხელი» ევროსტრუქტურებში. წარმოიდგინეთ, რა თანხები იხარჯებოდა მხოლოდ იმაში, რომ ავტორიტარი მმართველები «გაეპრავებინათ» და ის, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროსტრუქტურებისთვის შელამაზებულ-შეფერადებული მიეწოდებინათ მედიის საშუალებით.

ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ასეთია თამაშის წესები _ ევროჩინოსნები საიდანღაც მოდიან, ეს «საიდანღაც» კი ხშირად სწორედ ლობისტური კომპანიებია. ისინი ერთმანეთის კლიენტების ბინძურ უკანალებს თვალს არიდებენ და ამისთვის მილიონები ილექება მათი კომპანიების ანგარიშებზე. ჩვენ კი გვგონია, რომ დიდი გულშემატკივრები გვყავს ამერიკასა და ევროპაში! და თუ ასე არ არის, რა რჯის კარლ ბილდტს, რა საქართველოს სიყვარული აუტყდა, წელიწადში ორჯერ ჩამოსვლა და სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ეზარებოდა?! ახლა რაღა აწუხებს, ასე გულდათუთქული რომ იცავს პათოლოგს მართლმსაჯულებისგან? იქნებ შვედეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან ანდა სულაც ისტორიული მეგობრები?

ყველაფერი ყარს, საშინლად ყარს ფულის სუნით! იმ ფულის, რომელსაც სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ქართველი ხალხის სისხლში ალბობდნენ!

ასევე შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი _ ჯონ ბეინერი, რომელმაც განცხადება გაავრცელა გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. ბეინერმა ბოკერიას პროკურატურაში დაბარება საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნად და მათზე ზეწოლად შეაფასა.

ალბათ, ბევრს აღარ ახსოვს ბეინერის 2012 წლის 6 ოქტომბრის განცხადება, რომელითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ეხმიანებოდა. «ვულოცავ ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ სააკაშვილს იმ როლისთვის, რომელიც მან ითამაშა საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით. გამოვხატავ პატივისცემას პრეზიდენტ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის მიმართ, რომლებიც ახლა თავიანთ პოზიციებს ტოვებენ, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი. ასევე მათ მიმართ, ვინც ამ პოსტებს დაიკავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე, როგორც სხვაგან, საერთაშორისო საზოგადოებაში, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლადაა აღიარებული მისი შესანიშნავი მიღწევების გამო საქართველოში. მე მინდა, საუკეთესო ვუსურვო მას, მათ, ვინც მასთან ერთად ემსახურებოდა საქართველოს. ასევე, მათ, ვინც მომავალში მოემსახურება», _ წერდა ბეინერი.

ახლა იმის გარკვევაღა გვრჩება, რომელ ლობისტურ კომპანიაში აქვს ინტერესები სპიკერ ბეინერს, და ყველაფერი ცხადი გახდება. ასე რომ არ იყოს, აბა, სად გაგონილა, ვის სმენია მისი მეგობრის, სააკაშვილის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა?! ანდა რა დემოკრატიის ხელშეწყობაზე საუბრობს, რა შესანიშნავი მიღწევები ჰქონდა _ ცოცხის არადანიშნულებისამებრ გამოყენება თუ დიდი მიღწევაა, იქ ჰყავთ და მიებარონ, მასტერკლასებს ჩაუტარებს!

ბონდო მძინარაშვილი

 

 

1 COMMENT

  1. ჟურნალისტიკა ნამდვილად არ მეგონა ისეთი რამ რაც შეურაცყოფის მიყენებას ასწავლის ადამიანზე, თქვენ ინფორმაცია მოგვაწოდოთ უნდა ისიც უნდა გაწმინდოთ და ისე

  2. ევროპა ა.შუ.შუ.-ს სულ ცალ პეხზე კიდია საქართველო,მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ!

  3. რა გახდა 10-15 Bობოლა ნაც Fაშისტების დაჭერა?

    Yველა დანარჩენი ჩაჩუმდება.

    Eსენი კიდევ მორატორიუმს უცხადებენ,კოჰაბიტაცია მოსწყინდათ როგორც სჩანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here