Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენს იხდის «ოცნება» პოლიტიკურ ვიაგრაში?

რამდენს იხდის «ოცნება» პოლიტიკურ ვიაგრაში?

587

სააკაშვილის კრიმინალური ბანდა რომ პიარში მილიონებს ფლანგავდა და ხალხის ფულს ისე განაგებდა, თითქოს ბაბუამისის _ ტერ ნიკოლოზის დანატოვარი ყოფილიყო, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. ამის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერშიც ვწერდით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ციფრები მხოლოდ უმცირესი ნაწილია «ბელადის» მიერ სხვადასხვა ორგიაში გაწეული ხარჯებისა. მოკლედ, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ «ნაცების» განაფუჭებს მოგვიანებით დავურბუნდები. წინამდებარე წერილში კი მინდა, «ქართული ოცნების» მავნებლობაზე, კერძოდ, იმ მილიონებზე გესაუბროთ, რომელთაც ივანიშვილის პოლიტიკური შთამომავლობა დღესაც არანაკლებ გულუხვად უხდის ამერიკის წამყვან ლობისტურ კომპანიებს.


მაშ, ასე: ჯერ კიდევ 2011 წლის მიწურულს, როდესაც «რუხმა ოლიგარქმა» პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და აქტიურ წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაერთო, მისი კამპანია ოკეანის გაღმაც მყისვე ამუშავდა. კოალიციის თავკაცმა ლობისტური კომპანია BGR government Affairs LLC დაიქირავა, რომელიც, თავის მხრივ, ევროპაში მოქმედი კომპანია BGR Group-ის შვილობილია და ბებერ კონტინენტზე მილიონებს ატრიალებს. ცნობისთვის: იგივე კომპანია 2011 წლის ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტიამაც დაიქირავა, თუმცა «თავისუფალი დემოკრატებისგან» განსხვავებით ივანიშვილმა მათთან კონტრაქტი არა პირდაპირ, არამედ კომპანია BGR Gabara-ს მეშვეობით გააფორმა (ეს უკანასკნელი ასევე BGR Group-ში შემავალი ფირმაა და ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს). «ქართული ოცნებისა» და BGR Government Affairs-ის კონტრაქტი ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ფირმა მომსახურებისთვის ყოველთვიურად 25 ათას აშშ დოლარს იღებდა…

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მეორე ლობისტური ფირმა დაიქირავა. საუბარია Putton Boggs-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იურიდიული კომპანიაა შეერთებულ შტატებში. იგი ძირითადად საბანკო საქმიანობის შესწავლითა და ამ სფეროში არსებული ამა თუ იმ დავების განხილვითაა დაკავებული. ორგანიზაციაში 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური იურისტი მუშაობს. ფირმა საუკეთესო ამერიკული ფირმების ათეულში შედის (კონკრეტული ციფრი, თუ რა დაუჯდა ოლიგარქს, უფრო სწორად, სახელმწიფოს, აღნიშნული კომპანიის დაქირავება, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, მისი პრესტიჟიდან გამომდინარე, სიმბოლურ თანხაზე ნამდვილად არ იქნებოდა საუბარი). რაც შეეხება დანარჩენებს, 2012 წელს ივანიშვილმა ამერიკაში კიდევ ერთ ფირმა National Strategy-სთან გააფორმა ხელშეკრულება, ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, სხვა ფირმები: Perry, Romani და Deconcini a Symms დაიქირავა. აღნიშნულ კომპანიებს, ძირითადად, ორი ამოცანა ჰქონდათ: ერთი _ დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა და მეორე _ «ქართული ოცნების» პიარკამპანიის წარმოება ამერიკის კონგრესში; პლიუს ამას ხელშეკრულებით განისაზღვრა კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის წარმატებული პრეზენტაცია, რაც «ოცნების» პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბების შემდეგ განხორციელდა კიდეც.

ჯამში ამ ორგანიზაციების მომსახურება «მეოცნებეთა კოალიციას» კოლოსალური თანხა დაუჯდა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, 2012 წლის იანვარში ჟურნალმა Foreign policy-მ გამოაქვეყნა მასალა, თუ როგორ ცდილობდა ივანიშვილის გარემოცვა კომპანია Podesta Group-ის გადაბირებას (ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც 9 წლის მანძილზე «ნაცმოძრაობის» აქტიურ პიარს ეწეოდა). გახსოვთ, ალბათ, გამოცემა იუწყებოდა, რომ ოლიგარქის «კანტორა», «ნაცებისგან» განსხვავებით, ორჯერ მეტს სთავაზობდა ამერიკულ ფირმას. მერე «სამპროცენტიანების დედოფალი» თინა ხიდაშელი გამოვიდა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო (ბიძინა ქველმოქმედით მოჯადოებულმა ხალხმა კი ყველაფერი დაიჯერა).

მართალია, მილიარდერს «დაბოლების» შესაშური ტაქტიკა აღმოაჩნდა, მაგრამ ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვს _ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, თუ რისთვის, რამდენს და ვის ფულს ხარჯავდა რეალურად «ქვეყნის ხსნაში» მთავარი «ქოცი». დღეს უკვე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი თეთრი ივანიშვილს არც წინასაარჩევნო პიარში და არც მკვდრადშობილი «ქართული ოცნების», როგორც კოალიციის, შეკოწიწებაში საკუთარი ყულაბიდან არ დაუხარჯავს. რაც გასცა, ეს იყო მხოლოდ ინვესტიცია ძალაუფლებისთვის, ანუ იმ დიდებისთვის, რომელიც მას ელოდა ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ. ზემოხსენებული კომპანია Potton Boggs-იც ივანიშვილმა იმისთვის დაიქირავა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილის აგრესიისგან დაეცვა თავისი კაპიტალი. დამთავრდა არჩევნები და ვნახეთ, რომ დანაკარგი ერთი-ორად აინაზღაურა, ის 80 მილიონიც დაიბრუნა, მიშამ რომ წაართვა «ქართუ ბანკიდან» და სხვა დანარჩენიც.

საერთოდ, ივანიშვილს, იმ დაკარგული მილიონების გარდა, სხვა რომ არაფერი აინტერესებდა, იმთავითვე ეტყობოდა. იგი თავის გამოსვლებში მუდმივად საუბრობდა ბიზნესტერორზე და კონკრეტულად «ქართუ ბანკის» პრობლემაზე. ერთ-ერთ კონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა კიდეც: სულ რომ ქვეყანა დაინგრეს, იმ მოსამართლეებს და პროკურორებს მაინც ვუჩივლებ, 80 მილიონით რომ დამაჯარიმესო. ხბოს აღტაცებაში მყოფმა ხალხმაც შეიცოდა ოლიგარქი და «ქართუ ბანკის» სათაო ოფისთან ანაბრების გახსნის მსურველთა კილომეტრიანი რიგი დადგა. პარადოქსული სიტუაცია იყო _ ოლიგარქი ხალხის მოწყალების ამარა. ხრიკმა გაჭრა და არჩევნების შემდეგ ბიზნესმენმა ფული უდანაკარგოდ დაიბრუნა. პრინციპში, ეგ იყო ერთადერთი შესრულებული დაპირებაც.

ახლა ისევ ლობისტების თემას დავუბრუნდები. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მისაღები ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის ნაწილობრივ პარტიულსაც, სწორედ ლობისტების დახმარებით იცავს. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი აპრობირებული მეთოდია, მაგრამ საქართველო, ამ შემთხვევაში, სტანდარტებით განსახილველი ქვეყანა ნამდვილად არ არის; საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც ხელისუფლების შეცვლიდან წელიწად-ნახევრის თავზე არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და, რაც მთავარია, ასეულობით მოქალაქეს სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმისგან წართმეული ქონება დღემდე არ დაბრუნებია. ამ ყველაფრის ფონზე, სამპროცენტიანი სუბიექტებით დაკომპლექტებულ «ქართულ ოცნებას», რა თქმა უნდა, არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს, საკუთარ პიარს მილიონები მოახმაროს. მით უფრო, როდესაც ხალხის მიერ ხმათა უმრავლესობით არჩეული პრემიერი ივანიშვილი თავის დროზე წარბშეუხრელად აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს ფული არ აქვს, დაზარალებულებს წართმეული ქონება რომ დაუბრუნოსო. ისე, კაცმა რომ თქვას, ივანიშვილზე უკეთ ვინ იცის, რისი უფლება აქვს და რისი არა «ქართულ ოცნებას» მის გარეშე! ეს რომ იცის, იმიტომაც იხდის მილიონებს პიარში, თორემ რესპუბლიკელებს რომ მოსახლეობაში საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდეთ, «ნაცებივით» პოლიტიკური ვიაგრა არ დასჭირდებოდათ დასავლელი ლობისტების სახით. დიახ, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ იმ ლობისტების გარეშე მისი სახელისუფლო ნაშიერი რესპუბლიკური პარტია და კოალიციაში შემავალი დანარჩენი სუბიექტებიც «ნაცებივით» პოლიტიკური იმპოტენტები არიან. იმდენად უსაშველო იმპოტენტები, რომ, გია მაისაშვილს დავესესხები, პოლიტიკური მასტურბაციის თავიც კი აღარ აქვთ.

გარდა ამისა, ლობისტებს კიდევ სხვა სარგებლობა მოაქვთ, «პოტენციის» ამაღლებასთან ერთად ისინი «მწვანე შუქსაც» უბადლოდ ანთებენ; მაგალითად, ისე, როგორც ჯონ ბასმა აუნთო სააკაშვილს 2011 წლის 26 მაისს, ან იგივე ნავარო რომ «აპრავებდა» ყველაფერს თავისი ყბადაღებული მონაცემებით. ამით, ცხადია, იმის თქმა არ მსურს, რომ ხვალ და ზეგ «ოცნებაც» 26 მაისს ან თუნდაც 7 ნოემბერს მოგვიწყობს, მაგრამ არჩევანი დიდია, აგერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ახლოვდება, «ისტორიულ არჩევანს» რომ ვეზიარებით, «დემოკრატიული რეფორმები» უსათუოდ გასატარებელი იქნება?!.. დარწმუნებული ვარ, დრო მოვა და ფულეები, ნავაროები, ჰამერბერგები თუ სხვა უცხოელი დიპლომატები კვლავინდებურად წარბშეუხრელად განაცხადებენ: პოლიციამ ადექვატურად იმოქმედა, როცა გეიაღლუმის მოწინააღმდეგე «წვერებიანი ხულიგნები» სასტიკად დაარბიაო. ივანიშვილსაც ეგ უნდა. მისთვის, ისევე, როგორც სააკაშვილისთვის, ერთი დიმიტროვი ან ბრაიზა ბევრად უფრო წონადია, ვიდრე ქართველი ხალხი. პრემიერობის ჟამს მას ეს აშკარად ეტყობოდა და ვერც მალავდა (გახსოვთ, ალბათ, ლამის ყოველ მეორე სიტყვაში ერთსა და იმავეს იმეორებდა: ჯერ კონსულტაციებს გავივლით დასავლელ პარტნიორებთან, უცხოელ მეგობრებს ვკითხავთ და გეტყვითო.). საერთოდ ივანიშვილს, როგორც ჩანს, მობეზრდა საქართველო და ქართველები. შეიძლება იმიტომ, რომ ამ ქვეყანას, როგორც ბიზნესპროექტს, მის ინტერესებში ადგილი არ აქვს. ის, ალბათ, ახლა წასვლაზეც ფიქრობს და სულ არ აინტერესებს, როგორ განვითარდება აქ შემგდომში პროცესები, ანუ ხალხი, რომელიც უკიდურესად იმედგაცრუებულია, კვლავ ქუჩაში გამოვა თუ ორ-სამ წელიწადში ისევ სააკაშვილის «ნაცხროვა» დაბრუნდება ხელისუფლებაში…

აი, ესაა, რაც წელიწად-ნახევრის თავზე ჩვენი ოცნებებიდან დარჩა: სათავეში _ «რესპები», ოპოზიციურ ავანგარდში _ «ნაცმოძრაობა» და რეალობაში _ ხახამშრალი ხალხი. ისე, მეტის მოლოდინი ვის რატომ ჰქონდა ან რატომ უნდა ჰქონოდა, გაუგებარია. პრინციპში, აქ ყველაფერი ლოგიკურად მოხდა…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვერ დაგეთანხმებით ჯაბა!ივანიშვილი რომ არ შემოსულიყო პოლიტიკაში დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ცოცხალი აღარ იქნებოდა.რაც შეეხება 80 მილიონს ,ბიძინამ ,აუტკივარი თავი აიტკია.ეს ფული კახეთს გადასცა ,სტიქიით დაზარალებულებს,კარგად გამოიკითხე ეგ საქმე და გაიგებ .დანარჩენი რასაც’რას გვიშვება ეს მთავრობა",ამას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება სჭირდება და მარტო წუწუნით არაფერი გამოვა.ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here