Home რუბრიკები პოლიტიკა დაკვერცხილები, ანუ რა უნდოდა პრეზიდენტს რიყეზე?

დაკვერცხილები, ანუ რა უნდოდა პრეზიდენტს რიყეზე?

680

ახლა ის პერიოდია, ქათმები მოკრუხებას რომ იწყებენ და კარგი კვერცხი ძნელი საშოვნელია. თუმცა მიზეზი იმისა, რომ კვერცხი დაფასდა, მხოლოდ ეს არ გახლავთ. თანაც, ახლა ისეთი დრო დაგვიდგა, წიწილებს შუა ზაფხულში დაითვლიან და ვიღაცებს საშემოდგომო გამოჰყვებათ.

ის სიმღერა ხომ გახსოვთ, «გარეთ, თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად, ლაყე კვერცხი ცვიოდა»… მოკლედ, «ნაციონალებმა» სადაც კი გაიფაჩუნეს, ყველგან კვერცხების წვიმა დაატყდათ თავს და ლაყეც შემთხვევით არ მიხსენებია, ამბობენ, გაბრაზებული ხალხი კვერცხის გალაყებას და ისე სროლას აპირებს, ნაციონალთა მგრძნობიარე ცხვირები რომ შეწუხდნენო და ვეჭვობ, მალე ისეთი სუნი დადგება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ «ნაციონალების» ოფისში რომ იდგა.

«ნაციონალური მოძრაობის» წევრები ხელს «ქართული ოცნებისკენ» იშვერენ, აქაოდა, ყველაფერს მმართველი გუნდი აკეთებსო. პოლიცია აქტიურობს და კვერცხის მსროლელები დააკავა კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლა და ეჭვი გვაქვს, დაკავების შიშით ეს აქციები არ შეჩერდება. «ნაციონალებმა» იფიქრეს და «არა კოლაბორაციონიზმს» მოიფიქრეს. კვერცხზე გამახსენდა: ამ აქციის სარეკლამო კლიპში გუგულის კვერცხებივით შემოგვაპარეს «ნაციონალთა» სახეები და საბოლოოდ ამ ყველაფერს იმ აქციის სახე უნდა მისცემოდა, მომავალში მაიდნად რომ უნდა გადააქციოს საპარლამენტო ოპოზიციამ, თუმცა ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოვა, რადგან ნათლად გამოჩნდა, რომ შესაძლოა, «არა კოლაბორაციონიზმს» ბევრი უჭერს მხარს, მაგრამ «ნაციონალებთან» ერთად დგომა ისევ «გრეხია». ქართველი საზოგადოების მოკლე პოლიტიკური მეხსიერების მიეხედავად, წელიწად-ნახევარში აშკარად ვერ მოხერხდა იმ 9-წლიანი ჯოჯოხეთის დავიწყება, «ნაციონალებმა» რომ მოუწყვეს საკუთარ მოსახლეობას და, თუ ოდესმე დავივიწყებთ, რაც დაგვემართება, იმაზე მეტის ღირსი ვიქნებით.

სამაგიეროდ, პრეზიდენტს მიეცა ხალხში გასვლის საბაბი და იმ კონცერტზე მივიდა, რომლის ორგანიზებაც ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ითავა. მარგველაშვილმა ამაყად განაცხადა: ევროპა ჩვენ კი არა, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიესო და კარგა ხანს ვფიქრობდი, რას გულისხმობდა. სიმართლე გითხრათ, ლუდოვიკო მეთოთხმეტეს კარზე ამაოდ მომლოდინე სულხან-საბასა და გეორგიევსკის ტრაქტატის მეტი ბევრი ვერაფერი გავიხსენე, რაც წინაპართა ევროპულ გზას დამანახვებდა და, თუ ვინმე ბათუმიდან საფრანგეთში გაქცეულ მთავრობას გამახსენებს, მასე, თქვე კაი ხალხო, ავსტრიაში ბადრი ბიწაძეც გაიქცა, მაგრამ რა ეტყობა ახლა მაგას, ევროპა რომ უნდა?! ისე, მარგველაშვილის გამოჩენამ სცენაზე და დაბლა «ნაციონალთა» ლიდერების მომღიმარმა სახეებმა პრეზიდენტის მიერ დაპირებული კოჰაბიტაციის დასასრულის დაპირება გამახსენა. ამ «ვასვასს» დასასრულის არაფერი ეტყობა და ისე შესციცინებდნენ ბავშვობის მეგობრები _ ბოკერია და მარგველაშვილი ერთმანეთს, ეჭვი მაქვს, კოჰაბიტაცია მართლა დაასრულეს და სიმბიოზში გადავიდნენ.

სიმბიოზის შესახებ ვკითხულობთ: «სიმბიოზი _ ერთად ცხოვრება. ორი სახეობის თანაცხოვრების, ეკოსისტემაში ორგანიზმთა ურთიერთობის ფორმა, რომელიც სასარგებლოა ერთ-ერთისთვის ან ორივესთვის. მაგალითად, ცხოველების ნაწლავებში ბინადარი ბაქტერიები საკვებს ნაწლავებიდან იღებენ, სამაგიეროდ, ისინი ცხოველებს საკვების მონელებაში ეხმარებიან»…

ახლა რომელია ბაქტერია და რომელი _ ნაწლავი, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტია, რომ, ორივესთვის თუ არა, ეს ურთიერთობა ერთ-ერთისთვის ყველა ვარიანტში სასარგებლოა…

მეორე მხრივ, მიმდინარე პროცესები «ნაციონალებს» აშკარად ხელს აძლევთ. დევნილი თუ შევიწროებული ოპოზიციის მანტია ისე მოირგეს ყოფილმა ხელისუფლებმა, რომ, თუ შემოახევ ტანზე, თორემ საკუთარი ნებით არ გაიხდიან. საწუწუნოდ ახლა ის აქვთ, რომ წუგზარმენ წიკლაურის, იმავე ჯეკი ჩანას დასიებული თავ-პირი ევროპარლამენტარების მსჯელობის საგანი არ გახდა. ევროპელებს შემოუთვლიათ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და «რვა კაცის ნაცემი» ჯეკი ჩანა ევროპაში ვერ ჩავიდა. სავარაუდოდ, მისი კიდევ ერთხელ მიჯირყვნა იგეგმება, ოღონდ ისე, ჩალურჯებული თვალები და გაბუშტული ცხვირი ევროპამდე რომ ჩაჰყვეს და იქ რომ იტიროს, ხედავთ, რა დღეში ვარო.

მოკლედ, თაქთაქიშვილი მაიდნით გვემუქრება, ჩერგოლეიშვილი _ ჯოჯოხეთის მოწყობით, უგულავამ ნიუ იორკის ბანდები დააანონსა და ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თავის დროზე ნიუ იორკში ბიუჯეტის ფულით იგრიალა და ლას ვეგასის კაზინოებში იმხელა თანხა წააგო, ბევრ ქართველს სიზმრადაც რომ არ უნახავს.

ასეა თუ ისე, უახლოეს თვეებში სანახაობა არ მოგვაკლდება და ეგებ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს პური შემოაშველონ.

და ბოლოს, ან მარგველაშვილს რა უნდოდა რიყეზე დაკვერცხილების აქციაძე, ან ამ ხელისუფლებამ რით ვერ დაასრულა «ნაცების» გრიალი, ვინმე გამცემს პასუხს?!

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ოდესმე თუ გვეღირსება ქართველებს ისეთი ლიდერი,რომელსაც ქვეყნის და ხალხის ბედს იმედიანად მივანდობთ ??

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here