Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: სწრაფვამ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მალე, შესაძლოა, პრობლემური გახადოს ურთიერთობა სომხეთთანაც

ვასილ ჭიჭინაძე: სწრაფვამ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მალე, შესაძლოა, პრობლემური გახადოს ურთიერთობა სომხეთთანაც

532

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივასა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

 

_ ბატონო ვასილ, წინა კვირას ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, არც საქართველო და არც უკრაინა ახლა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე არ დგანანო, ჩვენი საზოგადოება ერთობ შეაშფოთა. ბევრს ჰგონია, რომ ვაშინგტონმა უკან დაიხია და მათგან ღია მხარდაჭერას აღარ უნდა ველოდოთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება?

_ არ ვიცი, ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ბარაკ ობამას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საღად მოაზროვნე ადამიანს ისედაც არ უნდა სცოდნოდა. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ძალიან ბევრჯერ და ახლაც იმავეს ვიტყვი, რომ გამორიცხულია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი 20-25 წელიწადი ეს არ მოხდება და მერე რა იქნება, არავინ იცის. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ: ობამამ თქვა ის მწარე სიმართლე, რომელსაც, არ ვიცი, ბუში ან გვიმალავდა და იმედს გვაძლევდა, ან, უბრალოდ, გვატყუებდა და ამით დრო გაჰყავდა

სხვათა შორის, ამასწინანდელ გამოსვლაში ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა ის სიმართლე, რომელზეც ობამამ ისაუბრა, მაგრამ რად გინდა! გამოვიდნენ მერე ეს ჩვენი ბედოვლათი მინისტრები და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ვერანაირ კონტექსტში და ლოგიკაში რომ ვერ ჯდებოდა.

_ რომელ განცხადებებს გულისხმობთ?

_ მაგალითად, ერთმა მინისტრმა თქვა ასეთი რამ: ჩვენ ახლა არც გვქონდა იმედი, რომ ალიანსში მიგვიღებდნენ, მაგრამ, აი, მომავალში აუცილებლად წავიწევთ წინ… მეორემ კიდევ უფრო დიდი «სიბრძნე» დაახეთქა: ამ სამიტზე აუცილებლად დაგვიფასებენ სწრაფვას ნატოსკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. რით დაგვიფასებენ, ერთი გამაგებინეთ! იმით, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებიან ავღანეთში, ერაყში და ახლა კიდევ აფრიკაში?! ვის რაში სჭირდება ეს სისულელე, ეს გულისამრევი სიცრუე და ყალბი რიტორიკა, რომელიც ყელში აქვს უკვე ყველას ამოსული?! გარდა ამისა, მთავრობაში შეთანხმებულნი არ უნდა იყვნენ, რას ამბობენ?! პრემიერი აცხადებს ერთს, მინისტრები გაიძახიან მეორეს. ასეთი რამ ნორმალურ სახელმწიფოში წარმოგიდგენიათ?!

ხშირად მესმის ხოლმე ე. წ. ექსპერტებისგან შეფასებები, რომ თურმე რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ წინააღმდეგ ბერკეტები არ გააჩნია და ვერ დაგვაბრკოლებს. ეს სასაცილოა და რატომ: პირველი. რაც კი სტრატეგიული ობიექტებია საქართველოში, უმეტესობა რუსებისაა. მათ ხელშია პრაქტიკულად ყველაფერი, დაწყებული ენერგორესურსებით, დამთავრებული იმ წილებით, რომლებიც საბანკო სისტემაში გააჩნიათ. გარდა ამისა, არის ერთი მომენტი, რომელიც ჩემთვის პირადად გაუგებარია: იმ ფონზე, რომ ტერიტორიების ოცი პროცენტი დაკარგული გვაქვს, ვამბობთ, მოსკოვს ბერკეტები არ გააჩნიაო, ეს რას ნიშნავს? მზად ვართ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთ ევროკავშირში ან ნატოში?!

ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება საქართველოსთვის არა მხოლოდ მოსკოვისგან შეიცავს საფრთხეს, არამედ ამან შეიძლება პრობლემური გახადოს ურთიერთობა სომხეთთანაც. დღეს რატომღაც არავინ საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ, ალბათ, ნახეთ, რა განცხადება გააკეთა სულ მცირე ხნის წინ სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა თოროსიანმა: თუ საქართველო ნატოში შევა, ჯავახეთში თურქეთის ბაზები განთავსდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთო. ანუ «რუსეთი, რუსეთიო» რომ გაიძახიან ეს ვაიექსპერტები და პოლიტიკოსები, აგერ შუაგულში ნაღმი გაქვს. რას აკეთებენ ამ მიმართულებით, ვინმე დაინტერესდა, რა ხდება?! ეს თოროსიანი ვიღაც რიგითი მოქალაქე ხომ არაა, დეპუტატია და, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს, ხელისუფლებას ჰქონდა რამე რეაქცია?!

_ ჯავახეთის პრობლემა, ამ შემთხვევაში, რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებობს თუ ესეც კრემლის ერთერთ ბერკეტად უნდა განვიხილოთ?

_ რუსეთი რა შუაშია აქ, კრემლს არც კი დასჭირდება ჩარევა, ისე აგიფეთქდება ჯავახეთი, თუ კი ნატოში შეხვალ; სომხებსა და თურქებს შორის რამხელა ისტორიული მტრობა და სიძულვილია, ხომ ვიცით, ეს უკვე საკმარისი მიზეზი იქნება სეპარატისტული ძალებისთვის, რომ აგიჯანყოს მოსახლეობა. ახლა ცალკე საკითხია აჭარაც. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თურქეთს თვალი უჭირავს ამ რეგიონზე. თან გაიხსენეთ, რა გააკეთა სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში _ სულ უფრო მეტ თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. დღესდღეობით 100 ათასზე მეტი ასეთი ე. წ. მოქალაქეა რეგისტრირებული და წარმოიდგინეთ ახლა, ყველა რომ შემოვიდეს, აქ რა იქნება. კიდევ ვიმეორებ: აჭარის რეგიონი, ფაქტობრივად, უკვე არის ამოქმედებული ნაღმი და, თუ ხელისუფლება გონივრულად არ მიუდგება ამ საკითხს, იქ შეიძლება დაიწყოს სერიოზული დაპირისპირება აღმსარებლობის ნიადაგზე.

პირველი: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, უბრალოდ, საჭირო კი არა, აუცილებელი და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლა გინდა, აგინე ვლადიმერ პუტინის და გინდა, ოკუპანტი უძახე, ამით მას არაფერი დააკლდება. ფაქტია, რომ იქ მოვიდა კაცი, რომელიც ძალიან ნიჭიერია და თავის ქვეყანაზე ფიქრობს. ასეთი მმართველი რუსეთს, დიდი ხანია, არ ჰყოლია; მეტიც, ვფიქრობ, რომ სტალინის შემდეგ ასეთი მმართველი არ მჯდარა კრემლში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here