Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ

840

პრემიერმინისტრი გამოვიდა ინიციატივით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს. რა იყო ეს _ ერთჯერადი «წინასაარჩევნო პიარი», მომავალი კრიზისის პრევენციის მცდელობა, რომლის შესაძლებლობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, თუ ელექტორატის კონსერვატიულტრადიციონალისტური ნაწილისთვის ალიანსის შემოთავაზება? ექსპრომტს ადგილი აშკარად არ ჰქონია, რადგან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ინიციატივა წინასწარ განიხილა და მოიწონა «ქართული ოცნების» პოლიტიკურმა საბჭომ. რა მოტივები დგას პრემიერმინისტრის განცხადების უკან და რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას?

 

ქალისა და მამაკაცის კავშირი

მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის განცხადება წინასწარ იყო მომზადებული, მან მაინც დაუშვა ტერმინოლოგიური შეცდომა, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი განმარტებების გაკეთება. კერძოდ, მან ისაუბრა «ოჯახზე» იქ, სადაც გაცილებით კორექტული «ქორწინების» ხსენება იქნებოდა. პირვანდელი სახით, პრემიერ-მინისტირს განცხადება ასე ჟღერდა: «გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი _ ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რომელიც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით» (ინტერპრესნიუსი).

«ოჯახის» უადგილო ხსენებამ შექმნა საბაბი ხელისუფლების ოპონენტების მრავალფეროვანი სპეკულაციებისთვის და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: «რა თქმა უნდა, პრემიერი ქორწინებას გულისხმობდა. ძალიან სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც ასე სიტყვაზე გამოეკიდები». ხიდაშელი საკმაოდ მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა _ ერთი მხრივ, მან ხელისფლების პოზიცია დაიცვა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეტექსტში ღარიბაშვილის კომპეტენტურობის ფარდობითობაზე მიუთითა და ეს, დიდი ალბათობით, სიამოვნებით გააკეთა.

ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსში უკვე არის 1106- მუხლი, რომლის თანახმად, «ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია» და ის ერთსქესიანთა ქორწინებას გამორიცხავს. თუმცა საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ კონტექსტი _ ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების პარალელურად გააკეთა. ამ კანონს, რომელმაც დისკრიმინაციის ყველა წარმოსადგენი ფორმის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს, საქართველო ევროკავშირის მოთხოვნით იღებს.

დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გამოჩნდება ერთსქესიანთა წყვილი, რომელიც ურთიერთობის დაკანონებას მოითხოვს, მაგრამ წამით დავუშვათ, რომ ასეთი წყვილი გამოჩნდა, მას, სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ხოლო მან დასახული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა გააგრძელა. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, დასრულდება განხილვით საკონსტიტუციო სასამართლოში; თემიდას სასწორზე დაიდება, ერთი მხრივ, კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად «ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანსწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენია, სქესისა…» პლუს ახალმიღებული კანონი «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ», რომელიც ამ საკონსტიტუციო ნორმის (ასე ვთქვათ) შემდგომ განვრცობას და დეტალიზაციას ახდენს; ხოლო მეორე მხრივ, _ მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1106- მუხლი. ზოგისთვის შეიძლება უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ «სუფთა იურიდიული თვალსაზრისით» ასეთ სიტუაციაში 1106- მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება.

რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ თავი დაიმშვიდონ იმით, რომ, «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, «საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე, მისი შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის აზრს», მაგრამ ამან სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას შეიძლება ხელი ვერ შეუშალოს. ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად გარანტირებულად მოჰყვება მწვავე საპროტესტო გამოსვლები, ურთიერთობის მკვეთრი დაძაბვა ხელისუფლებასა და ამომრჩევლების დიდ ნაწილს და (არც ესაა გამორცხული) ხელისუფლებასა და ევროპელ უფლებადამცველებს თუ ჩინოვნიკებს შორის. საბოლოოდ კი, კიდევ რამდენიმე დამატებითი ფაქტორის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველომ შეიძლება მიიღოს კრიზისი, რომელიც მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საკმაოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი, ღარიბაშვილის ინიციატივის საფუძველზე, კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს (სავარაუდოდ, 36-ე მუხლში) სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის გაუქმების საფრთხე მკვეთრად შემცირდება, მეტიც, ხელშესახებ პერსპექტივაში ის პრაქტიკულად ნეიტრალიზებული იქნება. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ევროკავშირის ჩინოვნიკების გაბრაზების შიშით (რამდენად საფუძვლიანია ის, სხვა საკითხია), პარლამენტარების ნაწილი შეეცდება, ეს ინიციატივა დაბლოკოს (თანაც პირველ ეტაპზე ჩუმად, პროცედურული წინაღობების შექმნით, პოზიციის ღიად დაფიქსირების გარეშე), რასაც ასევე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვეს, თუმცა დაპირისპირება ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მწვავე, როგორიც 1106- მუხლის გაუქმების ჰიპოთეტურ სიტუაციაში, ხოლო მთავრობა (თუ მოინდომებს) მიზანს მაინც მიაღწევს. მოგვარდება თუ არა პრობლემა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით? ერთი შეხედვით კი, მაგრამ ამავე დროს ამან შეიძლება «პანდორას ყუთიც» გახსნას, რაზეც ქვემოთ, ლატვიის მაგალითზე დაყდნობით ვისაუბრებთ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში ახსენა.

ერთხელ ლატვიაში

ლატვიის კონსტიტუციის 110- მუხლის თანახმად, «სახელმწიფო იცავს და მხარს უჭერს ქორწინებას _ კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის, ოჯახს, მშობლების და ბავშების უფლებებს». ბოლო დრომდე ამ ჩანაწერს ძალიან იშვიათად ახსენებდნენ და ის არც ევროჩინოვნიკების განსაკუთრებული დაინტერესების საგანი გამხადარა. ლატვიელი კომენტატორები მას თეორიული მსჯელობის დროს თუ გაიხსენებდნენ, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ, რომლის ლეგალიზება ლატვიაში პრობლემა #1 დღესდღეობით ნამდვილად არ არის. მაგრამ სულ ახლახან ეს მუხლი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა გამოიყენეს ის, როგორც ერთგვარი ტრამპლინი, რათა სასურველი მიზნისთვის მიეღწიათ.

გასული წლის დეკემბერში ლატვიურმა ორგანიზაციამ «დავიცვათ ჩვენი შვილები» კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ცვლილების ტექსტი მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: «ბავშვთა საგანმანათლებლო და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში სქესობრივი აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუციის 110- მუხლს. ბავშვთა საგანმანათლებლო და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში აკრძალულია ერთი სქესის პირებს შორის სექსუალური და ქორწინებითი ურთიერთობების რეკლამა და პოპულარიზაცია». პლუს ამას _ «აკრძალულია ბავშვების ჩართვა, როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების სახით, ისეთ ღონისძიებებში, რომელთა მიზანია ერთი სქესის პირებს შორის სექსუალური და ქორწინებითი ურთიერთობების რეკლამა და პოპულარიზაცია». ბოლო თვეებში ორგანიზაციის მოთხოვნას ხელი საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მოაწერა, რომელთა შორის არიან ლატვიური საზოგადოებისთვის ავტორიტეტული რელიგიური ლიდერებიც, მაგალითად, კარდინალი იანის პუიატსი და რაბინი მენახემ ბარკანი. თუ ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი ხელმოწერა შეგროვდება (რაც, სავარაუდოდ, უპრობლემოდ მოხერხდება), კანონმდებლები იძულებულნი გახდებიან, ეს ცვლილებები განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის იუსტიციისა და კეთილდღეობის სამინისტროებმა, აგრეთვე, ომბუდსმენის ოფისმა, ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით ნეგატიური დასკვენები მოამზადეს და, საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის _ ვლადიმერ ლინდერმანის თქმით, განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება (დელფი).

ჯერჯერობით უცნობია, რით დასრულდება ეს ისტორია; იმის ალბათობა, რომ ლატვიელი დეპუტატები საბოლოოდ შესაბამის კანონპროექტს დაბლოკავენ, საკმაოდ დიდია, მაგრამ აქ მთავარია სულ სხვა რამ. თუ საქართველოს კონსტიტუციის 36- მუხლში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები შევა და ის დაახლოებით ისეთ სახეს მიიღებს, როგორც ლატვიის კონსტიტუციის 110- მუხლი, ის, სავარაუდოდ, ზუსტად ისევე გადაიქცევა «საკანონმდებლო ტრამპლინად» როგორც ეს ლატვიაში მოხდა და მასზე დაყრდნობით კონსერვატიულტრადიციონალისტური ჯგუფების მიერ მალევე შეიქმნება კანონპროექტი «ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ» (ან რაიმე მსგავსი). ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიცია, სავარაუდოდ, გაცილებით ხისტი გახდება, ვიდრე კონსტიტუციის 36-ე მუხლის რედაქტირების შემთხვევაში და კრიზისი, დიდი ალბათობით, მაინც არ აგვცდება. ასე რომ, პრემიერმინისტრის წინადადება ყველა შესაძლო გართულების პრევენციას როდი ახდენს, უბრალოდ, ხდება მათი გადავადება და არცთუ შორეულ მომავალში სხვა (მომიჯნავე) პრობლემებთან დაკავშირება.

დაუშვებელი და აკრძალული

ერთი შეხედვით, ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეებს თავი ქუდში აქვთ, მათ მძიმე ბრძოლის გარეშე მიიღეს პრემიერმინისტრისგან ის, რაც სურდათ, თუმცა აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა მივაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის განცხადების და მთავრობის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების სინქრონულობას. ამ კონტექსტში, ღარიბაშვილის ინიციატივა ზოგს შეიძლება მცირე დათმობად, ერთგვარ სატყუარად მოეჩვენოს.

ცხადია, დისკრიმინაცია ამაზრზენი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი რამ არის, მაგრამ განხილულ კანონპროექტში არის რამდენიმე ფორმულირება, რომელმაც მომავალში შეიძლება იურიდიული «ნაღმის» როლი შეასრულოს. ავიღოთ ერთი პასაჟი: «დაუშვებელია დისკრიმინაციის გამართლება როგორც კულტურულ, ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობებზე, ასევე «დომინანტურ კულტურაზე» აპელირებით» (ციტატა უსინათლოთა კავშირის საიტზე გამოქვეყნებული კანონპროექტიდან; საბოლოო ვერსია შეიძლება განსხვავებული იყოს). აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხომ არ მოხდება დროთა განმავლობაში ამ «დაუშვებელის» ტრანსფორმაცია «აკრძალულად» სხვა კანონებში შესაბამისი სანქციების დაფიქსირებით? კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას _ ერთსქესიანთა წყვილს, რომელმაც ქორწინების რეგისტრაცია მოისურვა და ჰიპოთეტურ განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში, სამოქალაქო კოდექსის 1106- მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. მას, ბუნებრივია, მოჰყვება ხმაურიანი პოლემიკა, რომლის დროს ლგბტაქტივისტები ისაუბრებენ თანასწორობის ევროპულ იდეალებზე, ხოლო მათი ოპონენტები _ ქართულ ტრადიციებზე. თუ სასამართლო 1106- მუხლს ანტიკონსტიტუციურად და დისკრიმინაციულად ცნობს (და ამის გამორიცხვა არ შეიძლება), ერთერთი მხარის (ტრადიციონალისტების) რიტორიკა, იურიდიული თვალსაზრისით, მყისიერად გადაიქცევა «დაუშვებლად», თუ არა «დანაშაულებრივად» (თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამ ნაწილის მიღებას სხვა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვება). ეს კი დღის წესრიგში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას დააყენებს. ასეთ სიტუაციაში ფრაზა (მაგალითად) «ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა დაკანონდეს, რადგან ქართველ მართლმადიდებელთა ტრადიციებს ეწინააღმდეგება» გახდება «დაუშვებელი» ან სულაც კრიმინალური; მსგავსი რამ ახლო წარსულში ევროპის არაერთ ქვეყანაში მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონში იმის ჩაწერა, რომ «დაუშვებელიააპელირება» ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს კრიზისამდე, რომელიც არა იმდენად დისკრიმინაციის, რამდენადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის გამო შეიქმნება.

ქართველმა კონსერვატორ-ტრადიციონალისტებმა, ალბათ, მადლობა უნდა უთხრან ირაკლი ღარიბაშვილს ინიციატივისთვის და გააკონტროლონ მისი საკონსტიტუციო ნორმად გადაქცევის პროცესი. მაგრამ მათთვის ასევე და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი პარლამენტში შეტანილი ახალი კანონპროექტის ზოგიერთი ფორმულირების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის დაფიქსირება ჩანს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here