Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელები «ფინურ ვარიანტს» გვთავაზობენ?

ამერიკელები «ფინურ ვარიანტს» გვთავაზობენ?

746

«ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველი რეალური ფაქტების გაცნობიერებაა», _ ეს ფრაზა, რომელიც ამოტვიფრულია ფინეთის პრეზიდენტის (1946-1956) იუხო პაასიკივის ძეგლის კვარცხლბეკზე დღევანდელი საქართველოსთვის, ალბათ, საკმაოდ აქტუალურია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, აშშის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა» და ამით, უნებლიეთ, პროდასავლურ ძალებს საქართველოში მათი არსებობის მანძილზე ერთერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა.

 

შოკი მოკლე და, შესაძლოა, ყველაზე ზუსტი დახასიათებაა იმ რეაქციისა, რომელიც საქართველოში ობამას განცხადებამ გამოიწვია. ქართველი პოლიტიკოსები წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ხსენებულ «გზაზე» გასავლელი სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა და ნატოს «ღია კარში» შევაღწევთ. «ცოტაც, სულ ცოტაც მოვითმინოთ», _ გვეუბნებოდნენ ისინი 2008 წლის კატასტროფამდე და მის შემდეგაც, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის კვალობაზე და საერთოდ, ყველა იმ უბედურების კომენტირებისას, რომლებიც საქართველოში ხდებოდა. ახლა კი ნატოს #1 წევრი სახელმწიფოს ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ საქართველო ამ გზაზე საერთოდ არ დგას. დღეს ნებისმიერმა მსურველმა მიიღო შესაძლებლობა, თავში ურტყას ქართულ პოლიტიკურ ელიტას ობამას ციტატა სევდიანი შეძახილით: «ხომ გეუბნებოდით!», მაგრამ ახლა ამის დრო არ არის; უფრო სასარგებლო სიმშვიდის შენარჩუნება და ახალი რეალისტური პოლიტიკის ფორმირება ჩანს.

გამოჩენილმა ამერიკელმა ექსპერტმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ყირიმის კრიზისის ფონზე უკრაინას შესთავაზა XXI საუკუნის ფინეთად გადაიქცეს და «შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი რუსეთთან და ევროკავშირთან, მაგრამ ამავე დროს არ გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ალიანსში, რომელსაც მოსკოვი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულად ჩათვლის». მალევე ობამამ ეს იდეა დიპლომატიურად მოქნილი ფომულირების ჩარჩოში მოაქცია: «ვიცი, რუსეთმა მიანიშნა, რომ ერთერთი მიზეზი, რატომაც არიან შეშფოთებულები უკრაინის გამო, არის უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება. მეორე მხრივ, ერთერთი მიზეზი, რატომაც უკრაინას  ოფიციალურად არ მოუმართავს ნატოს წევრობისთვის, არის მისი რთული ურთიერთობა რუსეთთან და არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში შეიცვლება». ამით აშშის პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, აღიარა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების არსებობა და მათი გათვალისწინების აუცილებლობა, რომელზეც ვაშინგტონი წლების განმავლობაში უარს ამბობდა. როგორც ჩანს, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ სათანადოდ აღიქვა სიგნალები ვაშინგტონიდან, ისევე, როგორც ამ დროისთვის შექმნილი სიტუაციის სიმძიმე: «უკრაინის ერთიანობის შენარჩუნებისთვის, ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას», _ განაცხადა პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

ბჟეზინსკის განცხადების შემდეგ «საქართველო და მსოფლიომ» ივარაუდა: «თუ დასავლეთის ლიდერები ამ მოსაზრებებს გაიზიარებენ, გამორიცხული არაა, რომ იდეა უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პროეცირებული იქნება საქართველოზეც» და რამდენიმე დღეში ბარაკ ობამამ მართლაც ახსენა საქართველო იქ, სადაც მისი ხსენება, ერთი შეხედვით, საჭირო არ იყო და თქვა, რომ ის ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგას, ხოლო ნატოს დაუყონებლივი გაფართოების გეგმა არ არსებობს. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა და საქართველო მალე ნატოს წევრები გახდებიან და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა? დიდი ალბათობით, ეს გახდებოდა დამატებითი სტიმული კრემლისთვის, რათა უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე (და შემდგომ საქართველოში) ემოქმედა ისევე ხისტად, როგორც ყირიმში. უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვლადიმერ პუტინისთვის «წითელ ხაზს» მიღმა მდებარეობს და ამას რუსეთისთვის სასიკვდილო საფრთხედ განიხილავს.

ბარაკ ობამა და მითუმეტეს ზბიგნევ ბჟეზინსკი პუტინის რუსეთის გულშემატკივრების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, შექმნილ სიტუაციაში ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ განრისხებული დათვის დამშვიდებას ალტერნატივა არ აქვს. აშშის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ (მეტწილად სიმბოლური) სანქციების შემოღებაარშემოღება, რადგან ის სტრატეგიულ პერსპექტივას ეხება და დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვაშინგტონს არ სურს, რომ რუსეთს ჩინეთთან მჭიდრო ალიანსის შექმნისკენ უბიძგოს და ეს, სავარაუდოდ, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამა თუ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტატუსი მომავალ ათწლეულებში.

ჩვენ ვნახეთ, როგორ აღიქვა შექმნილი სიტუაცია უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, მაგრამ, ვიდრე ოფიციალური თბილისის რეაქციაზე გადავალთ, ალბათ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, უკრაინისგან განსხვავებით, სადაც ნატოში გაწევრიანების თემა ყოველთვის ექვემდებარებოდა ასე თუ ისე მშვიდ განხილვას, საქართველოში ის ნამდვილი კვაზირელიგიური მოძღვრების ქვაკუთხედად იქცა და ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, რაზე უნდა ილაპარაკოს და რა უნდა გააკეთოს ნატოში გაწევრიანების თემაზე დემაგოგიის გარეშე. ზოგიერთ მათგანს, კლასიკური შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი აღტკინებით, ურჩევნია, რეალობა უარყოს, ვიდრე ბარაკ ობამას განცხადება ცივი გონებით გაანალიზოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოსკენ მიმავალ გზაზე (ინტერპრესნიუსი). იმისთვის, რომ ამ რეპლიკის ადეკვატურობა შევაფასოთ, საკვანძო ციტატა, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა მოვიყვანოთ. ბარაკ ობამა: «არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან». ეს, ალბათ, კარგი საბაბია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსვათ მარტივი კითხვა: რა უნდა მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე? თავი დავანებოთ მუდმივ ბრალდებებს მის აშკარა არაპროფესიონალიზმთან დაკავშირებით, საქმე ისაა, რომ შავის თეთრად, ხოლო თქმულის ართქმულად წარმოჩენა ასეთ სტილში, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლების ცინიკური შეურაცხყოფა.

ამ ფონზე პრემიერმინისტრის კომენტარი გაცილებით კეთილგონივრულად გამოიყურება: «ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იყო იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას და ჩვენ გვსურს მათ რეალობა შევთავაზოთ», _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საერთოდ, ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებში, პირდაპირ ან ქვეტექსტში, ხშირად ფიქსირდება მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ობამას განცხადება და მასზე დაფუძნებული სავარაუდო გადაწყვეტილებები დროებითია, ეხება მხოლოდ ნატოს წლევანდელ სამიტს ან მოკლევადიან პერსპექტივას, თუმცა არავის უთქვამს, წლებზე ვსაუბრობთ თუ ათწლეულებზე, ან ვინ და როგორ დაიცავს საქართველოს, თუ მის რომელიმე (ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ) რეგიონში დაიწყება იგივე პროცესები, როგორიც ყირიმში, ან რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარანტირებული დაბლოკვისთვის სხვა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

რა გვინდა საერთოდ: ნატოში გაწევრიანება თუ უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიღება? ეს არ არის ერთი და იგივე, მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალების» პროპაგანდის გადამკიდე, საზოგადოების ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. ზოგადად, ნატო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უსერიოზულესი მექანიზმია, მაგრამ, ვინაიდან მისი «ძველევროპელი» წევრები (უპირველესად, გერმანია) და ახლა, ობამას განცხადების შემდეგ, უკვე აშშ, ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას ძალზე სკეპტიკურად უყურებენ, საქართველო იძულებული ხდება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყოს, რათა მეზობლები არ მოეპყრონ ისე, როგორც ნადავლს. კიდევ რამდენ რეგიონზე უნდა დავკარგოთ კონტროლი და რამდენი სამხედრო თუ მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ ამ პრობლემის აქტუალურობა გავაცნობიეროთ? თუ დისკუსიას ამ თემაზე დაუყოვნებლივ არ დავიწყებთ, ცხოვრება ამის გაკეთებას მალე გვაიძულებს.

ფინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული და სტაბილური სახელმწიფოა. «ცივი ომის» პერიოდში ის, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის პრივილეგირებულ ეკონომიკურ პარტნიორად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ, შემდგომ კი რუსეთი არაფერს ერჩოდა ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს დასავლეთის სასარგებლოდ, არც მის კაპიტალისტურ წყობას, ის დაკმაყოფილდა იმით, რომ ფინეთმა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ალიანსების (კერძოდ კი ნატოს) წევრობაზე უარი თქვა. ზოგიერთი ქართველი კომენტატორი მიიჩნევს, რომ «ფინური ვარიანტის» გამეორებისთვის საკმარისი არაა ნეიტრალიტეტის დეკლარირება და საჭიროა მთელი რიგი წინაპირობების თანხვედრა, გლობალური ძალების კონსენსუსთან ერთად. მაგრამ, შესაძლოა, ახლა სწორედ ასეთი მომენტია; ობამა (და ოდნავ ადრე ბჟეზინსკი) კიევს, ფაქტობრივად, ჰელსინკის გზით წასვლას სთავაზობს და ამავე განცხადებაში (ერთი შეხედვით, უადგილოდ) საქართველოს ახსენებს. პრინციპში, სხვა რა უნდა ქნას სიტუაციაში, როდესაც აშშ-ს, უბრალოდ, არ ძალუძს ან არ სურს, შესთავაზოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უსაფრთხოების იგივე გარანტიები, როგორც ნატოს წევრებს, რაც ცხინვალის რეგიონშიც და ყირიმშიც დადასტურდა. ნეიტრალიტეტის ამერიკული გარანტია (რომელსაც, სავარაუდოდ, შეურთდება ევროპა) შესაძლებელს ხდის კონსენსუსს რუსეთთან, რომელმაც არაერთგზის მიანიშნა, რომ ამ ვარიანტს დათანხმდება, თუ დარწმუნდება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არ გახდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი ქვეყანა დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ფინეთი ომის შემდეგ, რადგან მათ არავინ აიძულებს, აღიარონ ტერიტორიული ცვლილებები და, ამ თვალსაზრისით, არსებობს სივრცე შუალედური სამშვიდობო გადაწყვეტილებებისთვის.

გახდებიან თუ არა მარგველაშვილი და ღარიბაშვილი ქართველი პაასიკივი და კეკონენი? საუბარი ამაზე დღევანდელი «ნატო-ისტერიის» ფონზე ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს, მაგრამ სტრატეგიული მანევრის შესაძლებლობა, როგორც ჩანს, ნამდვილად გაჩნდა. ასე რომ, ურიგო არ იქნება, ემოციები გვერდზე გადავდოთ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავიკითხოთ ბარაკ ობამას განცხადება და გავიხსენოთ იუხო პაასიკივის საყვარელი ფრაზა «ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველი რეალური ფაქტების გაცნობიერებაა».

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. პუტინმა ობამა დააცჰმორაა უტხრა დააყენეოოო. ბაზები გაუკეტა

  2. ობამამ თავის აზრი კი არ გამოხატა – ობამამ გამოხატა ამერიკისა და ნატოს აზრი ! ეს არის ჩვენი დიპლომატიის უდიდესი დამარცხება. განა ჩვენ არ მჭირდებით , მაგრამ -როგორც მდებარეობა – როგორც მათხოვრები და ზარბაზნის იაფ ფასიანი ხორცი.

  3. უკრაინის ფედერალიზაციაზე დათანხმება იქნება ტესტი, მართლა ჰელსინკის გზას თავაზობს აშშ თუ მსგავსი განცხადებები უბრალოდ დროის მოგების მცდელობაა. უნიტარული უკრაინა პოტენციურად მაინც ანტირუსულ პროექტად დარჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here