პარტია «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს» ერთ–ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე ორჯერ მეტ ხმას ველოდით, მაგრამ «მადლობა» «ქართულ ოცნებას», რომ მოახერეხა «ნაციონალებთან» გარიგება, ჩვენთვის ხმები რომ წაერთმიათ. «ოცნებას» იმიტომ არ სურდა ნინო ბურჯანაძის პარტიის ხილვა ოპოზიციაში, რომ ჩვენი უმთავრესი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა, «ოცნებას» კი არ სურს სამართლიანობის აღდგენა, რადგან კარგად მოერგნენ სავარძლებს, თავის ატკივება არ უნდათ და უკვე ცხადად ჩანს, რომ ოპოზიციაში სურთ მხოლოდ ერთადერთი ძალა _ ვითომ ოპოზიციური, რეალურად კი დამნაშავე ორგანიზაცია _ «ნაციონალური მოძრაობა». ეს ძალა და «ოცნება» საკმაოდ შეხმატკბილებულად მოქმედებენ.
სისტემის ამოძირკვა სათავიდანვე უნდა დაიწყო, სხვაგვარად «ქართული ოცნება» ჰგავს დონ კიხოტს, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის. ამ ყველაფრის კეთების ნაცვლად, ივანიშვილმა პატრიარქზე შავი პიარის აგორება დაიწყო. უწმინდესს ასე შეეთამაშო, ამაზრზენია. უწმინდესი არის ერის სულიერი მოძღვარი და, როდესაც ხალხს ეუბნები, რომ პატრარქი არ უნდა გააფეტიშოო და გაფეტიშებაში უწმინდესის ყველკვირეულ ეპისტოლეებს გულისხმობ, ცდები. პირიქით _ ძალიან კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოება უწმინდესის ეპისტოლეებით იხელმძღვანელებს. რატომ არის ცუდი, რომ ჩვენს სულიერ მამას, უწმინდესს მოვუსმინოთ?! ამას ეძახის ივნიშვილი გაფეტიშებას? ივანიშვილს ვურჩევ, პატრიარქს თავი დაანებოს და მართლა ნუ აფეტიშებს ადეიშვილს, რომელსაც სკაიპით უპირებენ დაკითხვას! ასევე თავი დაანებონ მან და ზოგიერთმა მინისტრმა ადეიშვილის რეკლამირებას. არ წარმოგვიდგინეს ეს ბოროტების სიმბოლო ძალიან ჭკვიან, წარმატებულ და ორგანიზებული მენეჯერად?! აი, ეს არის გაფეტიშება! მე იმ საქართველოს რა ვუთხარი, რომელშიც ადეიშვილს კარგ კადრსა და კარგ მინისტრს უწოდებენ.
თუ «ოცნებაში» კადრების შერჩევა და მათთან მუშაობა არ იციან, მოვიდნენ და ვასწავლით. ეს ყველაფერი გულსატკენი და გამაღიზიანებელია. სწორედ ამ ყველაფერის ბრალია, საზოგადოებაში დღითიდღე რომ ეცემა «ქართული ოცნების» ავტორიტეტი. დიახ, «ქართულმა ოცნებამ» დიდი საქმე გააკეთა, ხელისუფლებას რომ ჩამოაშორა «ნაციონალები», მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ ფაქტს გადაგვაყოლონ?! თანაც «ნაცები» ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე მოცილებულნი, რადგან მილიარდები შერჩათ, რასაც ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ. ცუდია, როდესაც «ქართული ოცნების» ლიდერები ამბობენ, რომ თურმე სააკაშვილს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე საქართველოს. ჯერ რა შედარებაა, მაგრამ ამის მთქმელი მაღალინტელექტუალად და ლამის ციცერონად ითვლება.
_ ვის გულისხმობთ?
_ რესპუბლიკელებს, რომლებიც ამტკიცებენ, სააკაშვილის დაკითხვა ან დასჯა გაუმართლებელი მოქმედება იქნებაო. სწორედ რესპუბლიკელები წარამარა გაჰკრავენ ხოლმე კბილს ქართულ ეკლესიას.
ბატონებო, როგორც ჩანს, თქვენ ბევრი რამ არ იცით ან ამ ყველაფერს გამიზნულად აკეთებთ, რაც ძალიან აღიზიანებს ისედაც გამწარებულ საზოგადოებას.
ფსიქოლოგიაში საკმაოდ კარგად ვერკვევი. ერთ რამეს დავაკვირდი… ფსიქიკა ადამიანისა, რომელსაც 7 მილიარდი აქვს და რომელიც არის უღარიბესი ქვეყნის შვილი, სხვანაირია. ამიტომ რთულია, განსაზღვრო მისი მომდევნო ნაბიჯები. საზოგადოება ივანიშვილის იმედად იყო დარჩენილი, ის კი წავიდა და მგონია, რომ წასვლა იჩქარა. ხელისუფლებიდან მისმა ოფიციალურად წასვლამ ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ის ხელისუფლებიდან რეალუარად არ წასულა. პრეზიდენტით დაწყებული, მერის კანდიდატურის შერჩევით დამთავრებული _ ყველაფერი ივანიშვილთან შეთანხმებით წყდება. მადლობა მას, რომ 9-წლიანი ძებნის შედეგ მომეხსნა ძებნილის სტატუსი და დავბრუნდი საქართველოში, თუმცა, რაც უცხოეთში ვინერვიულე ამ 9 წლის განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებულს ათჯერ მეტი სანერვიულო დამხვდა და ლამის გული გამისკდეს. უბრალოდ, ვერ ვეგუები იმას, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სულის ჩამდგმელისა და ჩამომყალიბებლის იმპიჩმენტის საკითხი არ დააყენა. მან ეს ვერ გაბედა. ეს რომ გაეკეთებინა, სააკაშვილი დღეს წინ და უკან ვერ გაბედავდა სირბილს და არ გაასულელებდა ვიღაცებს თუნდაც ურაინაში. სწორედ ივანიშვილის ბრალია, რომ ეს სისხლიანი სააკაშვილი ვიღაცებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებელი ჰგონიათ და ჭკუას ეკითხებიან. ეს ხომ ცოცხალი ანეკდოტია?
«ქართული ოცნების» ადგილზე რომ ვიყოთ, პირველ რიგში «ნაციონალური მოძრაობას» გამოვაცხადებდით დანაშაულებრივ რეჟიმად. ამას პირადი ხუშტურის კი არა, კანონის ძალით გავაკეთებდით. შემდგომ მათ, ვინც ჩაიდინა დანაშაული ან ხელი შეუწყო დანაშაულებრივი მანქანის ჩამოყალიბებას, კანონის ძალით პასუხს მოვთხოვდით.
_ დემოკრატიის მეორე კლასში რომ ჩამოინაცვლებდით?
_ (იღიმის) არ ვიცი, ეს კლასი ვინ შექმნა და რას ლაპარაკობენ, საერთოდ. ამათ დემოკრატია დროშის ფრიალი ჰგონიათ. სჯობდა, დროშის ფრიალის ნაცვლად ავტომატი ეტრიალებინათ, საჯდომში წიხლებს რომ ირტყავდნენ და ომიდან ისე გამორბოდნენ. ამათ ევროპული დემოკრატიის არაფერი იციან. თუმცა დემოკრატიას სათავისოდ და ჯიბის გასასქელებლად კარგად იყენებენ. ამათ დემოკრატია და თავისუფლება სინდისისგან, ზნეობისგან, პატრიოტიზმისგან და მორალისგან გასათავისუფლებლად სჭირდებათ. ნამდვილი დემოკრატია რომ სდომებოდა «ქართულ ოცნებას», ანუ ისეთი, როგორსაც გვპირდებოდა, პირველ რიგში, საარჩევნი სიებს შეცვლიდა. წელიწად–ნახევრის შემდეგ იძულებულნი ვართ, იმ სიებით ვიყაროთ კენჭი, რომლებიც «ნაცმოძაობამ» შექმნა.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ. დემოკრატიის საფუძვლები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ქალაქ-სახელმწიფო ათენში, პერიკლეს დროს ჩამოყალიბდა და პირველი, რაც გააკეთეს, იყო ის, რომ არჩევნები ჩაატარეს. პერიკლემ ათენისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა აღწერა და ზუსტი სიები შეადგინა. წარმოიდგინეთ, ეს ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში მოხდა. ესენი კი 21-ე საუკუნეში ჯიპებით დასრიალებენ და აღარ იციან, დრო როგორ ატარონ, მაგრამ ელემენტარული საკითხი ვერ მოაგვარეს _ საარჩევნო სიები ვერ შეადგინეს და ზღაპრებს ყვებიან. არ გვაქვს ბერკეტები, თორემ ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, «ნაციონალებს» ერთ კვირაში დავუმთავრებდით ყველაფერს.
_ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს…
_ არ ვიცი, ესენი რას მოიმოქმედებენ, მაგრამ, მათ ადგილზე რომ ვიყო, სააკაშვილი დიდი ხნის დაპატიმრებული მეყოლებოდა… ეს შეკითხვები ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა დაესვა სააკაშვილისთვის და არა წელიწად–ნახევრის პარპაშის შემდეგ. ასე რომ მომხდარიყო, სააკაშვილი ვეღარ იტანტალებდა მსოფლიოში, როგორც დიდი დემოკრატი. არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში უმძიმესი მუხლი, რომელიც არ შეესაბამება ამ ადამიანის მოქმედებას. სააკაშვილი არის პოლიტიკური მაწანწალა, ავანტიურისტი, რომლის ადგილი ან ციხეშია ან ფსიქიატრიულში. ამიტომ, ბევრს რომ ლაპარაკობენ «ნაციონალები», სააკაშვლის დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური დაკვეთააო, ცრუობენ. სააკაშვილის დაპატიმრება არის მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის.
_ ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში დაკითხვაზე?
_ რა თქმა უნდა, არ ჩამოვა. რისი ჩამომსვლელია ეგ გარეწარი, გაპარულია ქვეყნიდან, ვერ ხედავთ?!
_ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ?
_ საერთოდ, დაუშვებლად მიმაჩნია უკრაინის გახლეჩა, მაგრამ, სიმართლე თუ გინდათ, ისტორიულად ყირიმს არანაირი კავშირი არ ჰქონია უკრაინასთან. 1954 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა რუსეთის ტერიტორია საბჭოთა უკრაინას აჩუქა. გარდა ამისა, ყირიმში რუსი მოსახლეობა ცხოვრობს და, სააკაშვილს რომ სურს, უკრაინაში სირბილით თავისი მიქარული ჩამოირეცხოს, არ გამოუვა. შევახსენებ მაკკეინის გამოსვლას ტელეკომპანია «ფოქსნიუსის» სატელევიზიო ეთერში. როდესაც მაკკეინს ჰკითხეს _ 2008 წელს საქართველო და ახლა უკრაინა ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე თუ დგასო, მაკკეინმა უპასუხა: არა, ამ ორ სიტუაციას შორის ბევრი განსხვავებაა, თუნდაც ის, რომ 2008 წელს პროვოკაცია სააკაშვილმა დაიწყოო. ამას ამბობს მაკკეინი, რაც ყველამ მიაჩუმათა. ამიტომ მიშას შევახსენებ, თავის ცოდვებს უკრაინით ნუ ჩამოიწერს. ისე, დასავლეთი ისე რომ ამოსდგომოდა საქართველოს მხარში, როგორც ახლა უდგას უკრაინას, შესაძლოა, საქართველოსაც შველებოდა და არც უკრაინა აღმოჩნდებოდა ამ მდგომარეობაში. დღეს საქართველო არ არის სახელმწიფო. დღეს ჩვენს ქვეყანას განაგებს არა ხელისუფლება ან ხალხი, არამედ საზღვარაგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოეთის ოფიციალური წრეები.
ესაუბრა
ნინო მაისურაძე